ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
28 ოქტომბერი, 2012


ტამბა (დასასრული)

         

მივდივართ ასე, თან რაღაცეები მახსენდება, უფრო ცუდი. ანუ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, ცუდ რაღაცეებს იხსენებ. მახსენდება  რომ დედამ მიმატოვა, მერე დასუსტებული რომ დავლასლასებდი...  მერე ბზიკმა რომ მიკბინა... ალბერტი მეუბნებოდა ის არსებობს ვისაც ახსოვს და ვინც ახსოვთო.  ანუ ალბერტს რომ ჰკითხო, დედაჩემი ახლა ჩემს გვერდითაა და არსებობს, რადგან მახსოვს. მზეს ავხედე. დედააა,… მიშველე... 
ერთხელ სეირნობისას ქვას გადავაწყდით, ოღონდ ჩვეულებრივს არა.  ქვაზე წარწერა იყო, ალბერტმა წაიკითხა, სულაც არ გამიკვირდა რომ კითხულობდა, დათვლა თუ იცის, კითხვაც ხო ეცოდინებოდა. ხო ქვაზე ასე ეწრა: გამვლელო, ეს კაცი ყველას უყვარდა, ლომებსაც კი. მეორე ხაზზე კი ეწერა:  შენი შვილები (გარდა ალფრედისა, რომელიც ანდერძში არ მოიხსენიე). მე გამიკვირდა, ეს რა არის-მეთქი. ეს ეპიტაფიაა,  ცაში წასული ადამიანი მიწაზე რომ ახსოვდეთ ასეთ რაღაცეებს უკეთებენო... აქ რა უნდა-მეთქი, ეტყობა ეს კაცი აქ ლომებმა შეჭამესო... ალფრედი ვინღაა-მეთქი, ეს შვილია, რომელიც ეტყობა არაფერს არ უგონებდა, არადა ქვას მისი სახელიღაA შერჩაო... – იცინოდა.
დედაჩემს მე ყველაფერს გავუგონებდი, ჩემთან რომ ყოფილიყო. ეჰ, იმის დროც კი არ მქონდა, რამე არ გამეგონა, ისე მალე დამტოვა. ხო ვამბობდი, ცუდი რაღაცეები მახსენდება-მეთქი... უცებ წარმოვიდგინე, რომ მეც აღარა ვარ მიწაზე და ცაში გავფრინდი... ალბათ  მეც გამიკეთებენ  ეპიტაფიას ქვაზე: გამვლელო, გახსოვდეს ტამბა,  ყველაზე ღირსეული სპლიყვი.   
ნეტა გული თუ დასწყდება ნიას. არადა როგორ გაუხარდა დღეს ჩემი დანახვა. თუმცა ახლა ხო გაბრაზებულია,  მაგრამ მე ხო მისი გაბრაზება არ მინდოდა.
უცებ წარმოვიდგინე, რომ ავად ვარ და  ცრემლებს როგორ აღვარღვარებენ  ალბერტი და მილენა.  საწყლები. ნუთუ მართლა ასე ვუყვარვარ.  უცებ წარმოვიდგინე, რომ  მოვკვდები, როგორ დასწყდებათ გული. ალბათ მერე ჩემ ქვასთანაც მოვლენ და გაიხსენებენ როგორ დავრბოდით აკაციების ტყეში, იქ სადაც პატარა ტბა არის. 
არა, სანამ მეც ცაში გავფრინდები, ალბათ ალბერტი გაიქცევა და ნიას შეატყობინებს, რომ ცუდად ვარ.
ვაიმე, მგონი მართლა ცუდად ვარ... უცებ თვალი დამიბნელდა და ცხელ ქვიშაზე გავიშოტე... თუმცა გონებას არ ვკარგავ, მაგრამ  წყვდიადია ირგვლივ.  სულ ცოტა ხნის წინ  კაშკაშა მზე ანათებდა,  ის ერთ პაწაწკინტელა თეთრ წერტილად გადაქცეულა. თითქოს ღრმა, უძირო ჭაში ვარ ჩავარდნილი და იქედან ვხედავ ამ წერტილს. უსასრულოდ შორიდან მესმის მილენას და ალბერტის ხმები... ეტყობა შენიშნეს, რომ წავიქეცი და უკან მობრუნდნენ, მაგრამ მათ ვერ ვხედავ. 
- ტამბა, რა გჭირს... თქვი რამე... – ყვირის ალბერტი და ვგრძნობ რქებით უნდა წამომაყენოს, – ჰეი, ადამიანებო, მოგვხედეთ...
მე რაღაცის თქმა მინდა, პირი დავაღე კიდევაც, მაგრამ არაფერსაც არ ვამბობ, იმიტომ რომ ვფიქრობ იმ ჭის ფსკერიდან, სადაც ახლა ვარ მაინც ვერ ავაწვდენ ალბერტს და მილენას ხმას.
- მგონი ნიაო, თქვა! ალბერტ, ნია ხო არ მოვიყვანო?
ამასობაში კი ის მნათი წერტილი უცებ გაიზარდა, გაიზარდა  და  ვხედავ დედაჩემი. ტამბა, ჩემთან წამოდიო,  მეუბნება -  მანდ რა გინდა, დედამიწაზე იმდენი მტვერია და საშინელი ცხელი ქარები, აქ კი სადაც მე ვარ,  არაფერი არ შეგაწუხებსო...
- ტამბა, რა გჭირს, ტამბა... –
ეს ხო ნიას ხმაა. ძალა მოვიკრიბე … თვალს ვახელ, მართლაც ნია.  ასე უცებ როგორ მოვიდა... ალბათ შორს არ იყო. მილენამ თუ მოიყვანა.  ის ხო ძალიან გაბრაზებული იყო? ვხედავ სამივენი ცრემლები სცვივათ, მართლაც ისე ტირიან, მე რომ  წარმომედგინა,  ნუთუ თვალში რაიმე ჩაუვარდათ,  მაგრამ სამივეს ერთად?  ნუთუ შემირიგდა ნია.  არადა,  როგორ მინდოდა მოსულიყო.  ისე მინდა, როგორც მზის ამოსვლა, არა უფრო მეტად,  ისე მინდოდა, როგორც წყლის დალევა, როცა ძალიან მწყურია, ან როგორც ბანანი, როცა ძალიან მშია.  არა, უფრო მეტად. ისე მინდა როგორც... არა, ვერაფერი მოვიფიქრე...
ის წერტილი, წეღან რომ ვხედავდი, დედად  გადაქცეულა, და ციდან მიცქერის ისეთი თბილი თვალებით, როგორიც მხოლოდ დედჩემს აქვს და  კვლავ მეუბნება: ტამბა, ჩემთან წამოდიო.  რომ წამოვიდე  ალბერტს, მილენას და ნიას ვნახავ-მეთქი, - ვეკითხები.  არა,  მათ ვერ ნახავ, ისინი ხო ჭუჭყიან დედამიწაზე დარჩებიან,  შეიძლება დიდი ხნის შემდეგ კი ნახო,  როცა ისინი წამოვლენ, ოღონდ ახლა არაო, - მითხრა. დედა, ნახე საწყლები როგორ ტირიან,  როგორ დავტოვო-მეთქი. შენ მათთან გირჩევნიაო, - მკითხა...  დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა. მართლაც მინდოდა დარჩენა, მაგრამ დედას არ ვაწყენინო-მეთქი. კარგი, დარჩიო,  - თქვა დედამ და ისევ მზედ გადაიქცა.
... სამივენი ისევ ისე ტიროდნენ, აზრზე არ იყო არცერთი, რომ მათთან დავრჩი...   

  დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები