ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2012


წუხელის ქარი...

წუხელის ქარი...
"წუხელის ღამით ქარი დაქროდა",
წუხელის დიდხანს დაქროდა ქარი.
სანოემბერო ამბავს ჰყვებოდა
თან მიჰყვებოდა ფოთოლთა ჯარი.
წუხელის ქართან ცეკვავდა ქალი
თითებს ითბობდა, სიცივით დამზრალს...
თვალებს, უსაზღვრო სინაზით დაღლილს
აღარაფრობა სერავდა ხანჯლად.

წუხელის ქალი...
წუხელის კაცი...
წუხელის დიდხანს დაქროდა ქარი.

წუხელის ქალის ოთახში ქარი
და სარკმელს აქეთ უღმერთო ტანჯვა...
ლაბირინთებში კარგავდა შავი
თვალის ჩინივით მინავლულ ლამპას...

წუხელის კაცი...
წუხელის ქალი...
წუხელის დიდხანს დაქროდა ქარი...

წუხელის მხრებში მოხრილი კაცი
მიაბიჯებდა, არ ჰგავდა არვის...
რიტმას აყოლილ ბგერათა მსგავსი
უიმედობა სერავდა ხვალის.
კაცი... და ქარი ზღაპარს ყვებოდა...
ქარი და ქალი... ქარი და ქალი...
"წუხელის ღამით ქარი დაქროდა"
წუხელის დიდხანს დაქროდა ქარი.

წუხელის ქარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები