ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
9 ნოემბერი, 2012


ჭინკა

_ სამი დღე მთაშია, სამი- ბარში და სამიც- წყალში. ახლა ზუსტად ის დღეებია, ბარში რომაა და ფრთხილად იყავით, ღამით გარეთ მარტო ნუ გახვალთ, ნურც სახელს ახსენებთ მისას და არც იფიქროთ მაგაზე, თვარა უფრო იცის მოძალებაო-  მერამდენედ გვაფრთხილებს ვენერა მამიდა.
-ნუ დაზაფრე, ვენერა,  ბავშვები, თუ არ უნდა ეფიქრათ, რას უყვებოდი საერთოდ? ჭინკა არა, ოჩოპინტრე!- ყასიდად უჯავრდება მამაჩემი.
-ნუ გიყვარს, ჯემალა, შენ ყველაფრის მასხრად აგდება!- ბავშვივით ტუქსავს  ორმოცდაათ წელს მიტანებულ ნაბოლარა ძმას მამიდა.
შუა ნოემბერია. ავად სტვენს ცივი ქარი, ცრის.
შეშის ღუმელი კი საამოდ ღუღუნებს, სითბოს და სიმყუდროვეს აფრქვევს.
_გრიშაიეს მუნჯი ეთერე ხო გახსოვთ? მაგი სულ მუნჯი კი არ იყო. კაი შეღერებული გოგო ყოფილა, ეს ამბავი რო დამართნია. გაღმა სოფელში სტუმრობდა თურმე დეიდას. სახლში რომ ბრუნდებოდა, შემოღამებია გზაზე. გუბისწყლის ხიდზე რო გადმოსულა, მაშინ გაუგონია პირველად- ეთერაო. უკანმოუხედავად გამოქცეულა. დეიდასგან ყვითელი სიმინდის ფქვილი მოჰქონდა, საფელამუშედ, პატარა ტომსიკით. სირბილში ტომსიკას თავი მოხსნია და იბნეოდა ფქვილი გზაში.
-ეთერა, გინდ მიკოტე, გინდ გიკოტებო!- მოსძახოდა თურმე ავსული და ბოროტად ხითხითებდა. გარბოდა ეთერა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. თავისი ეზოს ჭიშკარი რომ შეუღია, სამშვიდობოს დაუგულებია თურმე თავი და უფიქრია, ვნახავ ერთი, როგორია ეს ჭინკაო, შემობრუნებულა, ერთი შემზარავად დაუკივლია და იმის შემდეგ ეთერას ხმა აღარ გაუგია არავის.  დილას, მეზობლებს  ქუჩაში დაბნეულ ყვითელი ფქვილში უცნაური ნაკვალევიც უნახავთ, არცერთი ცხოველისას არ ჰგავდა თურმე.
- კი მარა, მუნჯმა ეთერამ ეგ ამბავი როგორ მოგიყვათ?- ამას ჩემს მეტი ვინ იკითხავდა.
-გოგო, ეთერა მუნჯი იყო, ყრუ კი არა, წერაც იცოდა. ვეკითხებოდით ჩვენ და გვიწერდა ის, ან თავს გვიქნევდა.
_ „გინდ მიკოტე, გინდ გიკოტე“ რას ნიშნავს?
-არ უნდა გამოელაპარაკო ჭინკას, არაფრისდიდებით, მარა ის ცდილობს აგალაპარაკოს და გეძახის და გეძახის ამ სიტყვებს. თუ ვერ მოითმენ  და გამოეპასუხები, ან მოგიკოტებს და ვინ იცის, სად წაგათრევს, ან თვითონ მოგეკოტება და ძვლებში დაგამტვრევს მთლად.
-მამიდა, შენ გინახავს ჭინკა?- ეკითხება ჩემი ძმა.
-კი გადავეყარე ერთხელ მეც. ახლად აქალიშვილებული ვიყავი მაშინ. სოფლის კლუბში „ბაში აჩუკი“ მოიტანეს.  შენც ხო გახსოვს ,ჯემა, ის დღე?
- რა დამავიწყებს?!  რამდენი გეხვეწე, მეც წამიყვანე-თქო. მეორე დღეს, ჩემს კლასში მხოლოდ მე არ მქონდა ნანახი „ბაში აჩუკი.“- უმალ გაახსენდა ძველი წყენა მამას.
-ნოემბერში ისედაც ადრე ღამდება, ფილმის ჩვენებაც დიდხანს გაგრძელდა და თითქმის შუაღამე იყო, სახლში რომ ვბრუნდებოდით. მხიარულად მოვბაასობდით უბნის ახალგაზრდები და არაფრად ვაგდებდით უმთვარო ღამეს, არც ტანში გამჯდარ ზამთრისპირის სუსხს  და არც ტალახიან, ოღრო-ჩოღრო გზას. წისქვილამდე მოვედით  ასე  ჟრიამულით, მერე მე ჩვენს ქუჩაზე გადმოვუხვიე და მარტო გამოვუყევი  სახლამდე დარჩენილ ორასიოდე მეტრს .
დათიის ეზოს რომ გავუსწორდი, ნაბიჯების ხმა მომესმა უკნიდან და ამ დროს დამიძახა კიდეც- ვენერაო. იმწუთშივე მივხვდი, ჭინკა რო იქნებოდა. ჭინკები ჭინკობისთვეში დაბადებულებს მისდევენ უფრო და მეც ნოემბრის არ ვარ?
ავუჩქარე ნაბიჯს, იმანაც აუჩქარა, გამოვიქეცი-გამოიქცა და მეძახდა - ვენერა, მომიცადე,  გინდ მიკოტე, გინდ გიკოტებო. ამასობაში ჩვენი ეზოც გამოჩნდა, გადარეულივით შევვარდი სახლში. ასე გადავურჩი ჭინკას. - დაასრულა თხრობა ვენერამ და ჩვენც ამოვისუნთქეთ.
-ისე, მთლად ჯემალის ხმა კი ჰქონდა იმ შეჩვენებულსო-  თითქოს ხმამაღლა ამოიფიქრა მამიდამ.
უცებ გავხედე მამას -  ჭინკასავით ეღიმებოდა ულვაშებში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები