ნაწარმოებები



ავტორი: აზგო
ჟანრი: პროზა
11 ნოემბერი, 2012


ბესთსელერი


ლაჟვარდოვნად გასხივოსნებულ წალკოტის ხეივანში ოთხი მოღუშულ სახიანი კაცი მოაბიჯებდა. ცუდ განწყობას მათ ვერც სამოთხის ჩიტების გალობა უქარვებდათ და ვერც ყოველ მხარეს უსასრულოდ გადაჭიმული თვალწარმტაცი ბაღნარის ხედები.
ამას ისიც დაერთო, რომ ამ უდროო დროს ნაცნობ ახმახს - სიტყვამრავალ ინჟინერ-ოსტატს გადაეყარნენ.
- რაშია საქმე, რაღაც უჟმური სახეები გაქვთ? - გაკვირვებით შეეკითხა იგი, - პატრონი გაგიწყრათ?
შეკითხვას მოყოლილი პაუზა ამჯერად ედემის ბაღიდან მოდინებულმა ზეციური ქნარის ჰანგებმა შეავსო.
- ჰო, - როგორც იქნა ცალყბად უპასუხა მას ოთხეულიდან ერთ-ერთმა, ჩასკვნილმა, დაბალ-დაბალმა, გრძელ ულვაშებიანმა კაცმა.
- ვერ მოასწარით დამთავრება თუ რატომ ჯავრობს? – უმალვე ახალი კითხვა გაუჩნდა ოსტატს.
- მოვასწარით, - უხალისოდ და ნაძალადევად უპასუხა ულვაშებიანმა, - დიდი ხანია!
- დიდი ხანია? - კიდევ უფრო გაკვირდა ინჟინერი, - მაშ რა ხდება, ვერ ივარგა თქვენმა წიგნებმა? აკი დაგპირდათ, ბესთსელერობა არ ასცდებათო?
ამჯერად იმან, ვინაც აქამდე ელაპარაკებოდა ოსტატს, პასუხის მაგიერ გვერდზე გაიხედა და ერთი მწარედ ამოიხვნეშა.
ოსტატმა ფარ-ხმალი ასე იოლად არ დაყარა და ახლა სხვა, კიკინა წვერიან, სუსტი აღნაგობის მწერალს მიუბრუნდა:
- ვაა! ესე იგი შეცდა პატრონი?! არ გამოდგა თქვენი წიგნები ბესთსელერებად? ვერ მოიპოვეს აღიარება?
- არა, მაგაში პატრონი არ შემცდარა. წიგნები ბესთსელერებია და ისეთი აღიარებაც ჰპოვეს, სხვა თხზულებებს რომ არც დასიზმრიათ! - წვერებიანის ნაცვლად, მესამემ - საშუალო ტანის, შავტუხა, თავგადაპარსულმა კაცმა დააკმაყოფილა თანამოსაუბრის ცნობისმოყვარეობა.
თუმცა, როგორც შემდგომ წამს გაირკვა, დაკმაყოფილების მაგიერ ამ პასუხით მწერალს კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინა ოსტატის საღერღელი.
- მოიცათ კაცო! - უმალვე აქაქანდა ის, - გამოდის თქვენც კარგად ქენით საქმე, და პატრონსაც დანაპირები აუსრულებია! მაშინ ან თქვენ რით ხართ უკმაყოფილო, ან ის რამ გადარია?
ოდნავი პაუზის შემდეგ, მან ისევ გააგრძელა თავისი გაოგნებული მონოლოგი:
- ხოდა აღარ იტყვით ბოლო-ბოლო, ვის რა არ მოგწონთ?
- ჩვენ კი მოგვწონს, - უსიხარულოდ უპასუხა ულვაშებიანმა, - ისაა უკმაყოფილო!
- რატომ კი მარა?
- იმიტომ რომ იმ... იმ... მკითხველებმა, ჩვენი წიგნების გამო დაჭამეს ერთამანეთი! არა ეს ჯობია არა ესო!
- მერე მაგაზე უკეთესი რაა მწერლისთვის, როცა ასეთი თავგამოდებული მკითხველები ჰყავს?! - ჯერ-ჯერობით რაც კი თქვეს მწერლებმა, ყველაფერმა გააკვირვა ინჟინერი.
- არ ყოფილა მთლად მასე, - ამოიოხრა თავგადაპარსულმა.
- აბა როგორ ყოფილა თუ კაცი ხარ?! რა ამბავია ამდენი გამოცანები? მითხარით წესიერად, თუ მეუბნებით! - უკვე ცოტა გაღიზიანებაც კი დაეტყო ბრგე ინჟინერს.
- მერედა არ გეუბნებით? - შემრიგებლური ტონით ალაპარაკდა წვერებიანი, - იმ უტვინოებმა ჩვენი წიგნები ისე ახლოს მიიტანეს გულთან, რომ არავის პატიობენ მათზე ცუდის თქმას!
მან გამწარებით შემოჰკრა ხელი ხელს და განაგრძნო:
- მაგას დაანებე თავი, ვინმემ თუ თქვა: - არ მინდა, საერთოდ არ ვკითხულობ წიგნს, არ მიყვარს კითხვაო, იმასაც შავ დღეში აგდებენ! მოკლედ, არავის ინდობენ!
- რას ქვია არ ინდობენ? - წარბები აქაჩა და თვალები გადმოკარკლა  ოსტატმა.
- რას ქვია და ზუსტად იმას, რასაც ვამბობ - კლავენ!
- რაო?! - ახლა მთლად განცვიფრდა ხელოვნებასთან არც თუ ისე გაშინაურებული მუშაკი.
- ახრჩობენ, ძარცვავენ, თავებს აჭრიან, კიდურებს აჩეხენ, სახლებს უწვავენ, ცხენებით ხლეჩენ, სარზე სვამენ, აუპატიურებენ, კოცონში აგდებენ, მდუღარე ფისს ასხამენ პირში... მოკლედ, ყველანაირ უბედურებას სჩადიან! - სასოწარკვეთით და უკიდურესი იმედგაცრუებით ჩამოთვალა კიკინა წვერებიანმა.
- ბიჭოს, გადამრიეთ მე თქვენ! ეს რა გავიგონე! კი მაგრამ, რა დაწერეთ ასეთი მაგ წიგნებში?
- რა და მხოლოდ ის, რაც იმან შეგვიკვეთა! - ამრეზით გაიშვირა ცერა თითი უკან, უფროსის ოფისისკენ, თავგადაპარსულმა, - მოექეცით ხალხო ერთმანეთს კარგად და სიკეთე თესეთო! მეტი არაფერი!
- აუჰ! ყველამ თუ ეგ დაწერეთ, მაშ რას ვერ იყოფენ მკითხველები? - ოსტატი ვერა და ვერ ჩასწვდა გამოცანას.
ისევ ულვაშებიანი შეეცადა მისთვის საქმის ვითარების ახსნას:
- ჩვენ-ჩვენს ტექსტში ყველამ ერთიდაიგივე კი დავწერეთ, მაგრამ ოთხივემ სხვადასხვანაირად!
ოსტატმა ისევ დააღო პირი შემდეგი კითხვისთვის, მაგრამ იმწამსვე გადაიფიქრა. მერე თავი მიაბრუნა და ერთხანს იქვე გადაფურჩქნულ ხასხასა ყვავილნარს მიაჩერდა გაშტერებით.
ის იყო მწერლებმა იფიქრეს ამასობაში გავეპარებითო, რომ ინჟინერმა დააყენა საშველი და გამოერკვა თავისი ფიქრებიდან:
- მერე გააუქმოს უფროსმა მაგ წიგნების გაყიდვა, აკრძალოს საერთოდ!
- ვუთხარით და გვიანიაო! ის ხომ უკვე დაიმახსოვრეს რაც წაიკითხეს, და აწი ტვინიდან როგორღა ამოვუშლიო? - გაღიზიანებით განუმარტა თავგადაპარსულმა.
- ხოო, ეგ მართალია...
- და შენ სად მიდიხარ? - როგორც იქნა, აქეთ შეეკითხა წვერებიანი ოსტატს.
- სადა? ჰმ, ე მაგან, თქვენ რომ გლანძღავთ, დამავალა ახალი შურფი გაბურღეო! - უპასუხა მას ინჟინერმა და მყისიერი დაფიქრების შემდეგ, თითქოს რაღაცა მოისაზრაო, ოდნავ დამცინავი ღიმილით, მრავალმნიშვნელოვნად გადახედა მწერლებს.
- ვაა! - გაუკვირდა კიკინა წვერებიანს, - ნუთუ მართლა აღარა აქვს ამათი იმედი?
- რა ვიცი, ჯერ გაბურღეო... კაი წავედი, აბა კარგად! - დამშვიდობებისას ისევ დაფიქრებით გააქნია თავი ოსტატმა.
- კარგად! - ჩაილაპარაკა ულვაშამ, ხოლო დანარჩენები უხმოდ, თავის დაკვრით გამოემშვიდობნენ ოსტატს.
- ჰო მართლა, რა სათაურები აქვთ თქვენს ბესთსელერებს? - ბოლო წამს გაახსენდა ინჟინერს.
- „მაჰაბჰარატა“, - უპასუხა გძელულვაშიანმა.
- „ბიბლია“, - შეეხმიანა კიკინა წვერიანი.
- „ყურანი“, - უხალისოდ ამოილაპარაკა თავგადაპარსულმა.
ოსტატი მეოთხეს მიუბრუნდა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ დასცდენია.
ამ ახალგაზრდა კაცს იგი არც ისე კარგად იცნობდა და მისი იერის გამო ცოტა უცნაურ პიროვნებადაც მიიჩნევდა. აბა როგორ უნდა მიეჩნია, როცა ამ ახალგაზრდას სწორი, ორად გაყოფილი თმა მხრებამდე ჩამოზრდოდა, ხოლო ტანზე სულაც სახელოებიანი აგურისფერი ტომარა ეცვა!
ამ უცნაურმა კაცმა სევდიანი თვალები გაუსწორა ოსტატს და უღიმღამოდ ამოილაპარაკა:
- მე კიდე იმ ბიბლიის გაგრძელება დამაწერინა. „სახარება“ დაარქვა.
მწერლები მოლოდინავსებული თვალებით მიაჩერდნენ თანამოსაუბრეს.
- რა ვიცი, მაგ გაუგებარი სათაურების მიხედვით აბა რა უნდა გითხრათ? - ხელები გაშალა ოსტატმა.
მერე ერთი კიდევ შეათვალიერა ოთხეული და მათ დამშვიდებას შეეცადა:
- რას იზამ, ვის არ ჩავარდნია პროექტი?
- ხო, - უხალისოდ დაეთანხმა მას წვერებიანი, - შეცდომაა ამნაირი წიგნები, სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს. ეჰ!
ამ სიტყვების გამგონე, ინჟინერი მოიქუფრა და ერთხანს უფროსის კაბინეტისკენ იცქირა დაფიქრებით. ამ ხნის განმავლობაში მის, ჩვეულებრივ უღიმღამო თვალებში, ფოლადის სიმტკიცე აისახა, ხოლო აქამდე მოდუნებული სახის ნაკვთები ახლა თითქოს ქვად ექცნენ.
ბოლოს იგი, როგორც იქნა, დაბალი, ხრინწშერეული ხმით ალაპარაკდა:
- ეტყობა მართლა შეცდომის გამოსწორება უნდა პატრონს, იმიტომ დამავალა ახალი დიდი აფეთქება...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები