ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
21 დეკემბერი, 2012


ჩვენი ცხოვრების ოთხი ეპიზოდი (ეპიზოდი ერთი)

ცხოვრება გზაა, რომელსაც აქვს დასაწყისიც და დასასრულიც.  გზის დასაწყისი-დაბადებაა, დასასრული კი, შეიძლება ყოველთვის არ იყოს სიკვდილი.

ეპიზოდი ერთი


„რა მახინჯია ღმერთო ეს ქალი,
ღმერთო ეს ქალი რა მახინჯია...“,
  დაახლოებით ამდაგვარ აბდაუბდას ვისმენდი გაზაფხულის ერთ საღამოს. მე ერთ-ერთ ლიტერატურულ სალონში, რომელიღაც საქვეყნოდ სახელგანთქმულ პოეტის საღამოზე შემთხვევით მოვხვდი. არა, არ იფიქროთ რომ  პოეზია არ მიყვარს, პირიქით. სწორედ ამიტომ გავყევი მეგობარს, ვინც თავის მხრივ ჩემი აზრით საკმაოდ რიგიან ლექსებსაც კი წერდა, მაგრამ იმ საქვეყნოდ ცნობილ პოეტთან  შედარებით თითზე ჩამოსათვლელი გულშემატკივრებით თუ დაიკვეხნიდა. თავადაც თვალებ გაბრწყინებული უსმენდა იმ, ე.წ. ლექსს და ეჭვი მაქვს ოცნებობდა კიდეც, ნეტავ ასეთი შედევრი მეც დამაწერინაო. 
დავუბრუნდეთ დარბაზში გამეფებულ სიტუაციას. ეს იყო კომფორტულად მოწყობილი მოზრდილი ოთახი, დაახლოებით ორმოცდაათამდე სკამით და  წინ პატარა ამაღლებით, სადაც იდგა კიდეც პოეტი და შთაგონებული, ზემგრძნობიარე სახით კითხულობდა ლექსს.  აუდიტორია დარბაზში ფეხზეც კი იდგა, ბუზის გაფრენის ხმასაც კი ვერ გაიგონებდით. ლექსი სულ ორიოდე სტროფი გახლდათ, პოეტი უკვე ბოლო სტრიქონებს კითხულობდა და მსმენელთა სახეებზე აღბეჭდილი აღფრთოვანება მიგვანიშნებდა მოსალოდნელ ფურორს.
  და აი დაამთავრა პოეტმა კთხვა და...
მაგრამ მოიცათ, მოდი ორიოდე სიტყვა ვთქვათ თავად პოეტზე: ეს იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი, 25-26 წლის ყმაწვილი, მოკლედ შეჭრილი თმით და გრძელი, ხშირი ბაკენბარდებით, ულვაშის ღინღლი ძლივს შესამჩნევი გახლდათ საულვაშეზე, მწვანეში გადასული, ცისფერი მეტყველი თვალები ქონდა, ეცვა ამერიკული წარმოების ძვირადღირებული ტყავის ფეხსაცმელი, დახეული, გახეხილი ჯინსის შარვალი, მწვანე, წითელ და ყავისფერ ფერებში გადაწყვეტილი ზედა და წითელ წინწკლებიანი ყვითელი ჰალსტუხი ეკეთა. კისერზე გარდიგარდმო გადაეგდო შავი, უბრალო კაშნე და მთელ მის ჩაცმულობას აგვირგვინებდა თავზე კოხტად დაკოსებული შავი ქუდი.
    ...იგრიალა ტაშმა. პატარა დარბაზი ოვაციებისგან ქუხდა. წინა რიგებიდან მოხდენილი ქალიშვილი წამოდგა, პოეტს გადაეხვია და მხურვალე კოცნა უძღვნა. პოეტმა უხერხულად მოიშორა გოგონა, ტუჩებს იკვნეტდა, თითქოს უნდოდა ქალიშვილისგან დატოვებული პომადის კვალი მოეშორებინაო, დარბაზისკენ შემოტრიალდა და ცოტა ხნით დაეთხოვა მსმენელს.  გულისსწორს ხელი მაგრად ჩაკიდა და წყვილი ვერანდაზე გავიდა სიგარეტის გასაბოლებლად.
-ჩვენც მოვწიოთ-მითხრა მეგობარმა-თან ამ ლექსსაც გემრიელად გავარჩევთ. მე მხრები ავიჩეჩე. რა იყო გასარჩევი ვერ გამეგო. მეგობარი კი ხმამაღლა მოლაპარაკე ახალგაზრდების ჯგუფში გაერია და აღტაცებული ჩაება პოლემიკაში. ლექსში ნახსენებ სიტყვა „ღმერთს“, სიმბოლური დატვირთვა მიანიჭეს, ეს იყო გენიალური მიგნება მახინჯი ქალის ფონზე, ქალისა,რომელიც სინამდვილეში სულაც არ უნდა ყოფილიყო მახინჯი, პირიქით, პოეტს ყველა სიტყვა დაეშიფრა და მსმენელს სიტყვების უკან თავად უნდა დაენახა რას გულისხმობდა ავტორი. ჯგუფი ერთხმად თანხმდებოდა იმაზე, რომ ლექსი კიდევ ერთხელ უნდა მოესმინათ და უკეთ გაეგოთ. მოკლედ თავი, რომ არ შეგაწყინოთ და გამოგიტყდებით მეც ძალიან მოვიწყინე, გადავწყვიტე გავცლოდი ამ საზოგადოებას. დერეფანი, რომელზეც ზემოთ ნახსენები დაბაზის კარები გამოდიოდა საკმაოდ გრძელი გახლდათ. მივუყვებოდი რა ამ დერეფანს ღრმა ფიქრებში წასული, ჩემდა უნებურად ვუახლოვდებოდი ეპიზოდი ერთის მთავარ მომენტს. მკითხველი ალბათ იფიქრებს ნეტა რა მომენტია ასეთიო, მე კი ალბათ რა ბანალური აღმოვჩნდები თუ ვეტყვი მას, რომ დერეფნის ბოლოში იდგა თვრამეტიოდე წლის გოგონა. გოგონა, ვინც დარჩენილ სამ ეპიზოდშიც მთავარი მოქმედი გმირი იქნება.
  როგორც გითხარით გაზაფხულის საღამო იდგა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები