ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2012


* * *

* * *


ძველ მეგობარს რომ ვნახავთ შემთხვევით
და ვგრძნობთ, სულ მალე უნდა გავშორდეთ,
იმ დროს ცხოვრება გვიხმობს თავისკენ;
ქუჩებიდან, ოჯახებიდან,
სამსახურების,
თუ პირადი საქმეებიდან.
ალბათ, ამიტომ გვახსენდება მაშინ ბავშვობაც...
და შეზღუდვები მშობლებისაგან,
იმით მაინც უკეთესი, რომ ჩვენი მშობლები
მეგობართან ერთად დარჩენის
კიდევ ორ-სამ წუთს გვაპატიებდნენ.




* * *


ფანჯრებთან დიდხანს,
ძალიან დიდხანს რომ დგახარ და
ქუჩას უყურებ,
ის დარდი შენი...
და არა მისი,
ვინც იმ გზაზე მხრებშიმოხრილი,
გადაღლილი ჩაივლის ხოლმე,
ამოხედავს შენს სახეს, თვალებს
და დაიჯერებს,
რომ ზოგი სახლშიც უსახლკაროა,
რომ ზოგს თავის თბილ ოთახშიც სცივა.



* * *


კაცივით იდგა შემოდგომა სოფელში შარშან;
სახლიდან - შორს გზავნიდა ჩიტებს,
ქარს კი დარდივით არ იშორებდა.
ბოლოს, როდესაც ყველაფერი გამოიარა,
როცა ფოთლებიც მიულაგა თავის ცხოვრებას,
შეუბრუნა სიბერეს სახე,
გაკვალა თოვლი
და, ხელებში - მთის ყვავილებით,
წავიდა ვრცელი მინდვრებისაკენ.




* * *


უფალო ჩემო,
კრავი მწყემსს რომ მოგისაკლისებ,
მეც დავტოვებ ოთხმოცდაცხრამეტ
დანარჩენს ერთად...
და წამოვალ მინდვრიდან - შენკენ,
თითქოს ვიცოდე, სად ხარ, თითქოს
მჯეროდეს კიდეც,
ორივეს - ჩვენგან;
მწყემსსაც და კრავსაც
ეკალ-ბარდი გვიზიდავს მხოლოდ.



* * *


როგორც მთის ვიწრო ხეობაში
მდინარის ბნელ გზებს
სავსე მთვარე გადმოადგება,
ისე ამოდის გული ყელში,
სიყვარულისას,
და ანათებს სისხლს შენს ძარღვებში.



* * *


ყველას გვყავს თითო ადამიანი, -
ისეთი, როგორც საკუთარი გარდაცვალება;
ახლობელი, ძვირფასი, ცხადი, -
რომ შეგვხვდება,
გადაგვეხვევა
და თვალებსაც დაგვახუჭინებს.



* * *


ბოლოს ძნელი არც უნდა იყოს,
შენ თვითონ მაინც ვერ შეესწრები.
რთული ისაა,
როცა მკვდარი ხარ
და ვერაფრით აჯერებ ცოცხლებს,
რომ საქმეს უკვე ვერ გააკეთებ,
სამსახურში,
ან მეგობრებთან ვეღარ შეივლი,
დაგავიწყდა იმედი, დარდი...
და სხეულიდან გამოსვლა დაგრჩა,
რომ ამ საკუთარ უკვდავებას
აღარ დაესწრო.



* * *


მე მინახავს მიტოვებული სხეულები.
ვიღაც რომ გყავს უძვირფასესი;
მისი ცხოვრებით ცხოვრობ, 
განიცდი,
მისი დღეები მიგყვებიან სიბერისაკენ,
მაშინ ხდება, რომ გავიწყდება,
მცირე ხნით მაინც,
დაბრუნდე და
შენს თავს დახედო.



* * *


რამდენჯერ მოვრჩი სიყვარულსაც,
იმ ბილიკივით,
რომ გაივლი,
ვერაფერს ნახავ
და ისევ უკან შემობრუნდები.



* * *

/ბეთლემი/

არსებობს სულის ურბანისტიკა;
შეგიძლია, რომ გააშენო მეგაპოლისი
და იცხოვრო მილიონობით უცხოსთან ერთად,
შეიძლება სოფელი შექმნა,
დაასახლო შენიანები,
ან, უბრალოდ, გქონდეს ქალაქი,
სახლებს შორის, ვიწრო ქუჩებით
და საქონელთა სადგომებით,
სადაც ბავშვი დაიბადება,
ვარსკვლავი კი თვითონ მოგძებნის.




* * *


სულ ყველაფერს იზიდავს მიწა
ვერტიკალურად...
და მხოლოდ გული,
გული გადის თავის ჰორიზონტს -
ვიღაცისაკენ,
ბოლოს კი ისიც ჩაგწყდება ხოლმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები