ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2013


საღამო.სოფელი.ღმერთი

მე და შენ ერთხელაც გავყვებით ამ შარას,
ამ ხეებს და მერე ამ ბოლო შესახვევს
გავცდებით. ნიავმა მიწიდან აშალა
ფიქრები საერთოდ არაფრის შესახებ.

მერე კი ხავსმა და სიყვითლემ წალეკოს
ქოხები - მიწაზე ჩრდილგადაწელილნი,
გზები და ნახევრად მოშლილი სამრეკლო
ზეცას რომ შეუდგეს ფუტურო ძელივით.

მერე კი ყოველი საღამოს მიწურულს
სუნი რომ დადგება წვიმის და ქუხილის,
ჭინჭრით და ჩრდილებით დაფარულ მიწურებს
ფრთების ქვეშ შერეკავს სიბნელე კრუხივით.

და ასე, დღეების ჩამონაღვენთიდან
ამოჰკრეფ წუთებს და ამოჰკრეფ საათებს.
კიბეზე გამოვა მოხუცი ღმერთი და
უძილო ღმერთი და სველ დილას აანთებს.

მერე კი სიჩუმე, სიჩუმე და ციდან
არ მოვა წვიმა და არ მოვა პასუხი,
რომ ღამით ჩვეულზე ზედმეტად დასცილდა
ზედმეტად დასცილდა მომავალს წარსული.

დილით კი ერთ მხარეს ცა ჩამოიშალა
და რაღა აზრი აქვს, წლები თუ წამები...
გამოვა ღმერთი და გაჰყვება იმ შარას,
რომლითაც ოდესღაც მე და შენ წავედით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები