ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
19 იანვარი, 2013


საკალანდო სკანდალი



გურიის ულამაზესი სოფელია ჯუმათი. უძველესი ჯუმათის მონასტერი გადმოყურებს სოფელს მაღალი მთიდან და მფარველობს მას. გამრჯე, მუყაითი და კეთილი ხალხი ცხოვრობს ჯუმათში. სტუმართმოყვარე და ტრადიციის მიმდევარი, მოკეთის სიკეთით და მტრის მტრულად დამხვედრი. ეს საახალწლო ამბავი სწორედ ამ სოფელში მოხდა. 
ენვერი  ჩხარტიშვილის ოჯახი სიხარულით ხვდებოდა ახალ წელს. ღვთის შეწევნით  ამ წელს თხილის მოსავალიც კარგი იყო, სიმინდისაც. მანდარინს და ლიმონსაც არა უშავდა.  `ოჯახში შემოსავალი რა გაქვსო~ - გურულს რო ჰკითხო, - `ჭიშკარიო~, - გიპასუხებს. ამ წელს ჭიშკარიც ახალი დადგა ენვერიმ. მასიური, რკინის ლამაზი ჭიშკარი, ლამაზი ფიგურებით დამშვენებული. ასე რომ ჭიშკარიც მშვენიერი ჰქონდა და შემოსავალსაც ვერ დაემდურებოდა და ელოდა ოჯახი ახალ წელს, გურულ კალანდას, ყველაზე  ლამაზ დღესასწაულს, სავსე სუფრით და გატენილი თოფით, ჭინკები რომ დაეფრთხოთ და ახალი წლის მოსვლა აღენიშნათ.
საკალანდო  ღორი,  ურომლისოდაც  გურულების  საახალწლო  სუფრა წარმოუდგენელია,  ჯერ  კიდევ  ნაშუადღევს  დაკლეს. ენვერი  ხშირ-ხშირად შეახსენებდა  მეუღლეს:
- ქალო, სუფრაზე მოხარშული ღორის თავი უნდა იყოს, ხო იცი, სიუხვისა და ბარაქის ნიშანია!
-  კაი, კაი, არ დეიღალე ყოველ წელს ერთი და იგივეს ძახილით,  რამდენჯერ უნდა მითხრა! -  ჯავრობდა ნაირა და სამზადში  ტრიალებდა. აქეთ კეცზე აკრავდა  ხაჭაპურებს და ზემოდან ნაკვერჩხლებს აყრიდა, იქეთ ღომს ურევდა `არ შებრუნდესო~, იქეთ კიდევ შუაცეცხლზე შემოდგმულ დიდ ქვაბში ღორის თავი იხარშებოდა.
ენვერი ეზოში საქმიანობდა. გამრჯე გლეხკაცს აბა საქმეს რა გამოულევს. ლიმონს უკრავდა თავებს, საზამთროდ ამზადებდა. ამ დროს მეზობელმა გამოირა, კამანდო დობორჯგინიძემ. კამანდო ეტყობოდა ოზურგეთის ბაზრობიდან მოდიოდა. მხარზე დიდი ტომრით სიმინდი მოჰქონდა. წელს მოსავალი ადიდებულმა სუფსამ გაუჩანაგა და იძულებული იყო სიმინდი ეყიდა.
-    სად ყოფილხარ კამანდო? – მიესალმა ენვერი.
-    ოზურგეთში ვიყავი ბაზრობაზე. მე რომ გევიტანე სიმინდი  გასაყიდად მაშინ დეეცა ფასი და მომაქვს აგერ უკან! – იცრუა კამანდომ. ითაკილა გლეხმა იმის გამჟღავნება, რომ სიმინდის ყიდვა უწევდა, ენვერიმ იცოდა მეზობლის ამბავი, მაგრამ არ შეიმჩნია.
-    ჩამო კამანდო, პაწა ხანს, მუხლი შეასვენე, დევილოცოთ, ახალი წელი დავლოცოთ! – გულით მოიპატიჟა.
-    ეხლა რომ შენთან დევილოცო ძამა, მომავალ წლამდე ვერ მივალ შინN და მიფსებ ოჯახს? – იხუმრა კამანდომ. მადლობა უთხრა მეზობელს და გააგრძელა გზა.
    ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. ნაირა ოდაში, სასტუმრო ოთახში, ბუხართან  შლიდა სუფრას. ყველაფერი დაალაგა. რა არ ამშვენებდა მაგიდას. ცხელ-ცხელი ხაჭაპურები, საცივი, ღომი, მრგვალადD მოხარშული დედალი... ახლა ღორის თავისთვის ჩავიდა სამზადში, სადაც გასაგრილებლად იდგა უკვე მოხარშული წლის ბარაქა და სიუხვე. კარი  ღია დახვდა. ქვაბი სახურავ მოხდილი იყო  და იქვე ნახარში წვენიც იყო დაქცეული. აიღო დიდი ხის კოვზი, თეფშზე გადმოვიღებო.  ეძებს ქვაბში ღორის თავს, მაგრამ რას ნახავ, რაც არ არის.  ახლაღაA შეამჩნია ძაღლის ნაკვალევი ქვაბთან. დაუბნელდა თვალები საწყალ ნაირას. სადაა ჯეკა? გამოვარდა `ჯეკა, ჯეკას~ ძახილით სამზადიდან. გამოდის  ჯეკა მანდარინებიდან.  აშკარად კმაყოფილია. ეტყობა, რომ გემრიელად უსადილია.  თვალები უციმციმებს, კუდს აქიცინებს, ტუჩებს ილოკავს,  ნაირა კი ჯოხს ეძებს, მის დამღუპველს წელზე რომ გადაატეხოს. იგრძნო ჯეკამ საფრთხე და შევარდა ისევ მანდარინებში. 
არ არის ღორის თავი. არა და მალე ახალი წელი შემოაბიჯებს და საახალწლო სუფრას უნდა შემოუსხდეს ოჯახი. ჭერი დალოცონ, ფუძე დალოცონ, ახალი წელი დალოცონ. მაგრამ სუფრის ძირითადი ატრიბუტი მიირთვა უკვე ჯეკამ. გაიქცა ნაირა კარის მეზობელთან, ავთოს ოჯახში. იცოდა იმათაც დაკლული ჰყავდათ საკალანდო ღორი. მივარდა ავთოს მეუღლესთან.
-    მეიწი აქეთ ნონა!
-    რა გჭირს ცა!
-  ნონა, შენი ჭირიმე,  გადამარჩინო უნდა, მათხოვე ღორის თავი და შენი მონა გავხდები. სამი Dდღე თხილში შეგეხირები, სამი დღე მანდარინში, ოღონდ ახლა გადამარჩინე. არაფერს არ მოვაკლებ ღორის თავს, ჩემი დიმაიეს თავს გეფიცები.
- რას ჩივი ქალო, გამაგებიე, ხო არ გააფრინე შენ! რა ღორის თავის თხოვება აგიტყდა?
    -  წეიღო ჩვენი ჯეკაიამ, მაგ მომსპარმა. გაგიჟდება ენვერიე, მომკლავს ღორის თავს რომ ვერ დეინახავს სუფრაზე.
-  ქალო, ავთოს რა ვუთხრა? ნაირას ვათხოვე ჩვენი ღორის თავი-თქო. ორის საათი რუჯავდა, გადაყვა იმის მომზადებას. ხო გამომაგდო კარში. არ იცი მისი ამბავი? თან ნასვამია ახლა, ცეცხლი დალია მაგისმა პირმა.
-  რა მეშველება აბა აწი მე!
  -  ე გოგო, გელასთან გადადი! დღეს დაკლეს მაგენმაც. დააქცია Dდღეს მაგათმა ღორმა კივილით ცაი და ქვეყანა. არ გეტყვის უარს. თან ხო იცი, გელას ცუდი სიმთვრალე არ აქვს.
    წავიდა ნაირა ახლა გელას ოჯახში.A მარიტა, გელას მეუღლე, ჭიშკართან იყო, საქონელს უშვებდა დასაბინავებლად.
-  მიშველე მარიტა! – გამარჯობაც არ უთქვამს, პირდაპირ საქმეზე  გადავიდა.
-  რა გჭირს ცა! – შეწუხდა მარიტა.
- რა მჭირს და უშველებელი მჭირს, ჭირი და სიკვდილი მჭირს.  ღორის თავი  მინდა ნახევარი საათით!
-    გაგიჟდი თუ რავაა შენი საქმე!? – შეიცხადა მარიტამ.
  -  ნეტა მართლა გავგიჟებულიყავი და ღორის თავი არ შეეჭამა იმ სასიკვდილე ჯეკაიას. ქუხნიდან ამაცალა მაგ შეჩვენებულმა. გაგიჟდება ჩემი ქმარი, რომ გეიგოს. მათხოვე მარიტა ღორის თავი და რაც გინდა მთხოვე. 
  -  იცნობს ენვერიე ჩემს ღორს. მაგან წააცალა ყურები, ავად რომ იყო ერთხელ. 
-    დევიღუპე აბა,  მარიტა!?
-    ე ცა, ჟინველის სთხოვე, ვალიკომაც დაკლა Dდღეს!
-    წავალ აბა ჟინვერისთან, სახლშია ნეტა?
-    აბა სა იქნება!
მიადგა ნაირა ახლა ვალიკო ჩხარტიშვილის ოჯახს.
-    ჟინვერი, უუ!
-    რომელი ხარ?
-    რომელი ვარ და ახალი წელი! გამოი ერწამა გარეთ!
-    უი ნაირა, შენ ხარ გო? ხო მშვიდობაა? ვალიკოს ხო არ გეიგე რამე?
-    რაი უნდა  გემეგო?
-    დღეს გოვუშვი ბაღნებთან  ოზურგეთში. ღორი გავატანე.  გზაზე თუ არ შეემთხვა რამე თქო.
-      თავი გაატანე, ჟინვერი?
-    თავი გავატანე, აბა უთავო ღორს ხო არ გავატანდი? შემოი ცა, რა შორიდან იძახი! 
-      ხვალ შემოვალ ჟინვერი, ხვალ, დღეს თუ არ მომკლა ენვერიმ.
-      რა გჭირს ცა?
-      ღორის თავი ამართვა ჯეკაიამ ჩახანიდან.
-      უი ცა, აი რა დაგმართია!
-      მომკლავს ვითომ ღორის თავის გულიზა?
-      კაი ბეჩა, რავა მოგკლავს, მიგეგზავნები თუ გინდა!
-      არ მინდა ჟინვერი, თუ ვიკივლე გადმოი მაშინ.
-      უი შენE დეიღუპე საცხა, კაი ქალო რამ დაგზაფრა.
    ...  დაბრუნდა ნაირა ასე ხელცარილი. ენვერი ნარდს ეთამაშებოდა უფროს ბიჭს, დიმიკოს.  ნასვამი ჩანდა. `მოუსწრია უკვე~ - გაიფიქრა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
-    სად ხარ ქალო მოვიდა ახალი წელი.
-    ჟინვერის ველაპარაკებოდი, ვალიკო ოზურგეთში ყოფილა ბადიშებთან და გადმოი თქვა ვეხვეწე.
    უცებ სახლში შუქი ჩაქრა. ნაირამ ლამპები აანთო, მაგრამ ძალიან არ აუწევია. ასე არასდროს არ გახარებია შუქის ჩაქრობა. იფიქრა, ლამპის შუქზე იქნებ ვერ შენიშნოს ენვერიმ, რომ ღორის თავი არ არის და გადავრჩეო. გაუხმა ხელი შენს გამომრთობსო -  ერთი კი დაიწყევლა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ თავიდან  რომ არ აენთოთ შუქი. ხელგამხმარი ხომ ვერ ჩართავდა ისევ დენს.
    თოფის ხმა გაისმა ამ დროს სოფელში. ჯერ კანტიკუნტად. აქა იქ მაშხალებმაც გაანათეს ცა.  დიმიკომაც მოკიდა ორლულიან თოფს ხელი და ცოტა ხანში ისეთი ბათქა-ბუთქი ატყდა მთელ ჯუმათში, გეგონებოდა მტერი შემოესია სოფელსო.
    დალოცა ენვერიმ ახალი წლის შემობრძანება. დაილოცა მთელმა ოჯახმა. იმ ღამეს ღორის თავი არავის გახსენებია. ის კი არა და ნაირასაც გადაავიწყდა.
გათენდა მეორე დილა. მოიყარა ოჯახმა ისევ სუფრასთან თავი. ისევ გაახსენდა სატკივარი ნაირას.
-  აბა დღეს ახლა ოჯახში ჩხუბი არ შეიძლება, თუ არა მთელი წელი ჩხუბი  დეგვებედება. – დაიწყო შესავალი.
-  ქალო რა გადაიქეცი ქადაგად, გამოიტანე ღორის თავი თუ არა წეიღო  კატამ! -  გაახსენდა ღორის თავი ენვერის.
-    კატამ არა მაგრამ ჯეკაიამ კი წეიღო! -  ვერ მოითმინა რძალმა.
-    სადაა ქალო ღორის თავი! -  მიუბრუნდა ცოლს ენვერი.
-      კაი ახლა ენვერი, არ შეიძლება დღეს ჩხუბი ოჯახში, ახალი წელია დღეს! – ფერი ეცვალა ნაირას.
-    არ შეიძლება ხო!
-    არ შეიძლება!
-    კაი, მაცალე მაშინ, გათენდება ხვალე...
  ... მიილია ახალი წლის დღეები.  შვლის გარბენასავით სწრაფად გაირბინა დრომ და მოვიდა ისევ ახალი წელი. ისევ დაკლეს საკალანდო ღორი. ისევ დაიწყო ნაირამ საახალწლო სუფრის სამზადისი. იმ დღეს შინაპატიმრობა გამოეცხადა ჯეკას. მაგრად მიაბა ნაირამ ხუხულასთან. სანამ სუფრას გააწყობდა, მაინც გულდაგულ გადარაზა სამზადის კარი. დააწყო ყველაფერი სუფრაზე და წავიდა  ღორის თავის ამოსატანად. მოხადა ქვაბს თავი. დიდი ხის კოვზით მოურია.
ვაი შენს ნაირას, ცარიელია ქვაბი. ახლა დიმიკო გახუმრებოდა დედამისს, წინასწარ გადაენახა ღორის თავი, მაგრამ ეს რა იცის ნაირამ. ერთი იკივლა და წაუვიდა გული. შემოცვივდა მთელი ოჯახი სამზადში. ძლივს მოასულიერეს. თვალი რომ გაახილა და დიმიკო დაინახა თეფშზე დადებული ღორის თავით, კიდევ ერთხელ გახდა მოსაბრუნებელი... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები