 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 22 იანვარი, 2013 |
მთელ ზაფხულს დედულში ვატარებდი,იმერეთის ერთ ლამაზ სოფელში.თუმცა რა სოფელში. ჩვენთვის სიქთარვა მხოლოდ ბებიაჩემის მაღალი ტრიფოლიატის ღობით შემოსაზღვრული ვეებერთელა ეზო და კარმიდამო იყო,ორსართულიანი ხის სახლით და უზარმაზარი მუხის ხის ჩრდილით. სახლი კი მართლაც დიდი გვქონდა, ორსაუკუნეს მიღწეული,ყველა ოთახში ბუხრითა და გუგულიანი საათით.თუმცა, მაგ ბუხარში დანთებული ცეცხლი იშვიათად მინახავს,რადგან ძირითადად ზაფხულში ვსტუმრობდით აქაურობას. იშვიათად , შობას, როცა ღორს დაკლავდნენ ხოლმე, გაახურებდნენ ბუხრებს და შიგ მწვადებს ააშიშხინებდნენ.
არდადეგები დაიწყებოდა თუ არა მშობლები მაშინვე სოფლისაკენ გაგვაქანებდნენ. დედაჩემი სამსახურით დაკავებული იყო და ჩვენთვის არ ეცალა.თან უფრო საიმედო აგარაკს ვერავინ ინატრებდა.თუ ბიძაშვილებიც იქ დაგვხვდებოდნენ, ხომ ნამდვილი საგიჯეთი გახდებოდა, გვიანამდე სირბილით და გრძელ მაისურებში აფოფრილი მოჩვენებებით....
დედას მასზე ხუთიოდე წლით უფროსი ძმა ჰყავდა,დათუნა ბიძია. მისი შვილები ჩემზე უფროსები იყვნენ. ამ "ბანდაში" ერთადერთი გოგონა ვიყავი და ვერაფერი მოსაწონი საქციელი იყო,მაგრამ მეტისმეტად ვცელქობდი.გოგონასათვის შეუფერებელ თავგადასავლებზე უარს არ ვამბობდი და მუხლისთავებიც მეტისმეტად ხშირად მქონდა გადაყვლეფილი,თუმცა ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებდი.ისევ და ისევ დავძრებოდი ღობეებზე და ხეებზე.
დედას და დათუნა ბიძიას მშობლები ადრე ჰყავდათ გარდაცვლილი და მათი გამზრდელი მარიამ ბებია იყო.მისი იმედით დავდიოდით ჩვენც სოფელში.მარიამი დედაჩემის ბებია და ჩემთვის დიდი ბებია იყო.
განსაკუთრებული ქალი იყო მარო ბებია. ხიდირბეგიშვილის ქალი გახლდათ და ამაყობდა თავისი წარმომავლობით .თვითონ ხომ თავადური წარმოშობა ჰქონდა და იაშვილის ოჯახში გათხოვებითაც არანაკლებ ამაყობდა. ლამაზიო,ვერ იტყოდი, მაგრამ ეს თხელი და სიფრიფანა ქალი ისეთი იერით დადიოდა, წელში გამართული, 80 წლის ასაკში რომ იშვიათობაა და ყველას, მის შვილსაც და შვილიშვილსაც დიდად გვიყვარდა და გვეამაყებოდა .თავზე მუდამ თეთრი თავსაფარი ეხურა.ისეთი სისუფთავის მოყვარული იყო ,მჭადი ფეხით რომ მოეზილა,შეჭმა არ დაგეზარებოდა.....
დამხმარე ქალი ყავდა,ხაშურელი ვარა,უთვისტომო და ობოლი გოგო.ბებიას ახალგაზრდობაშივე წამოუყვანია ბავშვთა სახლიდან და ახლა საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.თავზე ვარას მუდამ გახამებული თეთრი ქუდი და წელზე ასევე თეთრი წინსაფარი ეკეთა.მისი საქმიანობა მხოლოდ ოჯახში სისუფთავე და სადილის გაკეთება იყო.ბებია და ვარა საყანე მიწას არ ამუშავებდნენ და მაინცადამაინც ქალისათვის შეუფერებელ , დიდ ჯაფაში არ იყვნენ. აი, როცა ზაფხული დადგებოდა,მაშინ კი თავის მოსაფხანად არ ეცალათ,რადგან ოთხი გადარეული და ცელქი ბავშვი მათი მოსავლელი და საპატრონო ხდებოდა. ფაქტიურად იქ ვიზრდებოდით.
ბებია თავადის ქალი იყო და ცდილობდა, ყველაფერი ძველებურად ჰქონოდა.მეზობელს უპატივცემულოდ არასდროს გაუშვებდა და ჩაის მიართმევდა ხოლმე. ასეთი დროისთვის სულ ჰქონდა ჩურჩხელა , ხილი და შაქარყინული.. ამ დროით ჩვენც მოგებული ვიყავით, რადგან ჭამას არავის ვაცდიდით და სხვებზე მეტსაც ვჭამდით.
თუმც მკაცრი ქალი არ იყო, ოჯახში განსაკუთრებული წესრიგი ჰქონდა .შუადღეს, ორი საათისთვის გვასადილებდა და ნასადილევს აუცილებლად დასვენებას მოგვთხოვდა ხოლმე.ყველაზე მეტად ხელების დაბანა და ეს "მკვდარი საათი" მეჯავრებოდა.ხელების დაბანა იმიტომ,რომ ამას გარკვეული რიტუალით გვასრულებინებდა.არც მგონია ქირურგი იმდენ ხანს იბანდეს ხელს ოპერაციის წინ,როგორც ჩვენ გვთხოვდა. დასვენება ხომ საერთოდ...რა დასვენება მინდოდა ენერგიით სავსე 8-10 წლის ბავშვს. კვირაში რამდენჯერმე კი დაბანა- გატყავება გარდაუვალი იყო .მე გრძელი თმა მქონდა, რაც დიდი პობლემა იყო, ამიტომ თან ლამაზთმებიანი ასულის ამბავს მიყვებოდა , რომ არ მეკივლა და თან აყალოსმაგვარ მიწას თმებში მიზელდა, ასე უფრო ლამაზი და მბზინვარე თმები გექნებაო.არ მჯეროდა,მაგრამ სანამ მერეოდა და მარტოს არ შემეძლო,კი ვემორჩილებოდი,რა მექნა.
მარო ბებიას სასტუმრო ოთახში,კედელზე გენეალოგიის ხე ჰქონდა დახატული,მასზე ყველა მისი წინაპრის და ახლობლის სახელი იყო მითითებული. თუ რომელიმეს გარდაცვალების ამბავს შეიტყობდა,ჯერ დასაფლავებაზე წასვლით დააფასებდა და მერე, სახლში დაბრუნებული წითელი ფანქრით მის სახელს ჯვრით გადაშლიდა,ხოლო თუ შვილი ან ვინმე ჰყავდა გვარის გამგრძელებელი დარჩენილი, ახალ ტოტს გააკეთებდა და მის სახელს მიაწერდა. კედელზე დაკიდებისა და მზის სხივისაგან რამდენჯერმე გადახუნებულა ეს ხე.....ჩემს მახსოვრობაში ორჯერ გადაახატინა ჩემ ძმას და გააახლა. ჩემი გათხოვების მერე , როცა მოვინახულე, ჩემი შვილებიც ჰქონდა დამატებული და ვიცოდი,როგორ ეხალისებოდა ჩემი შვილები და უფრო მეტად კი წყვილი ვაჟი.
როცა აღარ შეეძლო,ხან ჩვენთან იყო ქუთაისში და ხან ბიძაჩემთან ,წყალტუბოში. ვარა კი საკმაოდ მოწიფულ ასაკში გაათხოვა.მას თავისიანები გამოუჩნდა და ოჯახით რუსეთში წავიდა.
ვერ ვიტყვი,რომ ბედნიერი ქალი იყო.მეუღლის გარდაცვალებაც ქონდა გადატანილი , ობლობაში გაზრდილი შვილიც და მალე მისი მეუღლეც ,საყვარელი რძალიც თვითონ მას ჰყავდა დამარხული.მერე კი ობლად დარჩენილი შვილიშვილებიც , დედაჩემი და ბიძაჩემი, მარტომ გაზარდა.
ცხოვრებაზე გულდაწყვეტილი თუ კმაყოფილი, თითქმის ასი წლის ასაკში გარდაიცვალა.ბოლო ორი წელი ჩაწოლილი იყო და ვერ მოძრაობდა,თუმცა საღ გონებაზე იყო და მის სიბრძნესა და გონებას პატივისცემით ეპყრობოდნენ ბიძაცა და ბიცოლაც.დასაფლავებაც და ქელეხიც ჩვეული,იმერული წესით გაიმართა.მეორმოცე დღეს კიდევ შევიკრიბეთ შთამომავლები და სტუმრების წასვლის მერე ბიცოლამ გვერდზე გამიხმო: ----მარი,ბიცო,რაღაც მინდა გითხრაო---წამოიწყო უცნაური ხმით. -----რა იყო, ბიცო, მეთქი----გაკვირვებული ვკითხე მეც. – ----ბებიაშენის ნივთებს,რომლებიც მის ჩემოდანში არისო, რას მირჩევ , რა ვუყოო? შენ გეკუთვნის მაინცო,ჯერ მისი მოსახელე და ისედაც, მისი საყვარელი შვილიშვილი ხარ და ძალიან გავხარო. აი, თურმე რა ყოფილა. იაშვილების საგვარეულო ბეჭედი,ზურმუხტისთვლებიანი , გათხოვებისთანავე მაჩუქა ბებიამ .ახლა კიდევ ეს. მე წავიღებ მეთქი---არცდავფიქრდი. მომცრო ჩემოდანი,ცოტა შელახული იყო, მაგრამ მაინც პეწიანად გამოიყურებოდა.მხოლოდ გასაღები ჰქონდა ჩაჯანგებული.თავი ავხადე და ბებიაჩემის ნაქონი,თითქმის უხმარი, ძვირფასი მაქმანებიანი ბატისტის საღამოს პერანგები,ცხვირსახოცები , ერთი წყვილი , მძივებიანი , ნაქარგი ქოში და ძველი გაზეთის ქაღალდში ტკბილიკვერივით გადახვეული რაღაც იდო. არც დავფიქრებულვარ , წამოვიღე და მანქანის საბარგულში ჩავდე. ჩემმა ქმარმა იხუმრა, მეორედ გამზითვებენო? პასუხი არ გამიცია, მანქანაში დავჯექით და სახლისაკენ,ბათუმში წავედით.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რა თბილად ყვები.... ყოჩაღ. რა თბილად ყვები.... ყოჩაღ.
5. რა კარგი რამე დაუწერია ამ გოგოს.+++++ მალე გააგრძელე. რა კარგი რამე დაუწერია ამ გოგოს.+++++ მალე გააგრძელე.
4. კომენტარების მიხედვით, არაჩვეულებრივი ნაწერი უნდა იყოს და გაგრძელებასთან ერთად წავიკითხავ :)) ვერ ვიტან ლოდინს, მირჩევნია ერთდროულად დავეწაფო შენს ულამაზეს ჩანახატებს :)) კომენტარების მიხედვით, არაჩვეულებრივი ნაწერი უნდა იყოს და გაგრძელებასთან ერთად წავიკითხავ :)) ვერ ვიტან ლოდინს, მირჩევნია ერთდროულად დავეწაფო შენს ულამაზეს ჩანახატებს :))
3. მშვენიერი დასაწყისია, გავაგრძელებ კითხვას. მშვენიერი დასაწყისია, გავაგრძელებ კითხვას.
2. დაველოდები გაგრძელებას ინტერესით:) დაველოდები გაგრძელებას ინტერესით:)
1. ზუსტად მუღამში რომ შევედი, მაშინ არ შეწყვიტე თხრობა? სამი დღე რა მოითმენს... ჯერ არ შეგიფასებ ზუსტად მუღამში რომ შევედი, მაშინ არ შეწყვიტე თხრობა? სამი დღე რა მოითმენს... ჯერ არ შეგიფასებ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|