ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
23 იანვარი, 2013


ჩემი ორეული?

ის–ის იყო ბურანში წავედი, რომ მობილური ამღერდა. „უჰ, რა უნდა ამ შუაღამისას ნეტავ? სულ ახლახან არ ვმესიჯობდით „ოდნოებში?“ გავიფიქრე, მაგრამ ტელეფონი გაჩერებას არ აპირებდა. იძულებული გავხდი მეპასუხა.
– რა იყო ქრისტი? რა გეტაკა ამ შუაღამისას ?– ავბუზღუნდი ეგრევე.
– ნია, წევხარ?
– აწი მაინც არ დავწვე გოგო? უკვე ორი დაიწყო.
– ხო, ვიცი , მაგრამ...ისეთი რამ ვნახე „ოდნოებში“...
– რა ნახე ასეთი?
– ნია, ვიღაც აფხაზს შენი სურათი უყენია თავის გვერდზე...
– კარგი რა..– გამეცინა მე.
– დედას გეფიცები!  შენი სურათია, ალბათ გადაიწერა და...
თუმც ძალზე მეზარებოდა ადგომა და კომპიუტერის ჩართვა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია.
– ქრის, ახლავე ავდგები . როგორ ვიპოვო?
– ძებნაში ჩაწერე „ ასიდა აგრბა“.
– კარგი. მერე შეგეხმიანები.
ინტერნეტში შევედი და ძებნაში ჩავწერე ის სახელი და გვარი. მოუთმენლად ველოდი გვერდის გახსნას და... სუნთქვა შემეკრა. იმ გვერდიდან ჩემმა სახემ შემომღიმა.
გაბრაზებულმა უცნობს ეგრევე მივწერე : „ ეს რა თავხედობაა? როგორ გაბედეთ ჩემი სურათის თქვენს გვერდზე დაყენება. სასწრაფოდ წაშალეთ, თორემ ადმინისტრაციას მივწერ!!!“
მობილური ისევ ამღერდა.
– ნახე?
– ვნახე. თავხედი!
– ისე, შენი ტოლია ნიაკო. 93–ის 29 სექტემბერსაა დაბადებული.
– უჰ, არც დავკვირვებივარ. რაში მაინტერესებს? მოშალოს ჩემი სურათი და...
ვნახოთ, რას მომწერს... შენ როგორ იპოვე?
– არ მეძინებოდა, საიტზეც არავინ იყო ისეთი მემესიჯა და საიტზე მყოფთა გვერდზე შევედი. მეორე გვერდზე პირველივე იყო. სანამ შენ დაგირეკე, გავიდა საიტიდან.  ისე, ახალ დარეგისტრირებულია, მეტი სურათი არც უდევს.
– ხოო... ეგ მეც ვნახე.
– კარგი ნია. ძილი ნებისა.
– ძილი ნებისა.
ის ღამე ძლივს გათენდა. რამდენჯერმე გამეღვიძა, ძილშიც სულ კოშმარში ვიყავი. ადგომისთანავე კომპიუტერი ჩავრთე, მაგრამ უშედეგოდ. სხვა რა გზა იყო, მოთმინებით უნდა აღვჭურვილიყავი, ან ამ საღამოს , ან ხვალ ღამე მაინც შემოვა ალბათ საიტზე, ნახავს წერილს და ვიმედოვნებ, პასუხსაც მომწერს.
საღამოს ვერ მოვითმინე და ადრევე შევედი ინტერნეტში, უშედეგოდ. ხან რომელ საიტს ვესტუმრე, ხან რომელ კლიპს ვუყურე, რომ დრო როგორმე გამეყვანა, წერილი კი არ ჩანდა. მოგვიანებით ჩემს კლასელ ნატოს შევეხმიანე სკაიპით. ნატო ინგლისში სწავლობს. მომიყვა იქაურ ამბებს. ინგლისელთა ჩვეულებებს, ისე გავერთეთ, რომ არც კი შემიმჩნევია წერილის მოსვლა. სასწრაფოდ გავხსენი. წერილი რუსულ ენაზე აღმოჩნდა.
“გამარჯობა ნია. გაოცებული ვარ შენი წერილის მიღებით. სამწუხაროდ, არ ვიცი რას მწერ. დედამ კი იცის ქართული, მაგრამ ვერ კითხულობს ქართულად. ამიტომ არც მითქვამს. ჩემს წრეში ვერავინ ვიპოვე ქართული წერა–კითხვის მცოდნე, იმედია, რუსული იცი, ან მომწერე ქართულად(დედა მითარგმნის), ოღონდ რუსული ან ინგლისური ასოებით. მიხარია, რომ მიპოვე. შენ ჩემი ორეული ხარ.” მერე კი ღიმილის და კოცნის სმაილიკები.
ჩემს თავზე გავბრაზდი. ჩვეულებისამებრ ქართული შრიფტი მეყენა, მაგრამ რატომ ვერ მივხვდი, რომ ვიღაც აფხაზ, თვრამეტი წლის გოგოს ქართული არ ეცოდინებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ რუსულის კარგად ცოდნით ვერ დავიკვეხნი, ვერც ქრისტი და ვერ ჩემი სხვა მეგობარი, ჩვენ ინგლისურზე ვართ გადართულები. დედა სულ მეუბნება, რომ რუსული ენის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ...ახლა კი ვინანე, რომ არ შევისმინე დედის რჩევა. აუცილებლად მივხედავ რუსულსაც, მაგრამ ახლა? სამარცხვინოდ, მართლა ქართულად ხომ არ ვუპასუხებ(ინგლისური ასოებით)? სხვა გზა არ მაქვს, დედა უნდა დავიხმარო. მით უფრო, როგორც ჩანს , ჩვენ მართლა ორეულები ვართ, ალბათ ტყუპისცალი თუ დამემსგავსებოდა ასე.
- დედა!– გავძახე სამზარეულოში.
– რა იყო ნია?
– მოდი რა, ერთი წუთით. რუსულად მჭირდება წერილის მიწერა.
– აა, დაგჭირდა რუსული? – ნიშნისმოგებით მიპასუხა დედამ – ახლავე, ნამცხვარს შევდებ და მოვალ.
– აბა, რა ხდება?
– დე, აი ნახე,  ჩემი ორეული ვიპოვე, მაგრამ აფხაზია და რუსულად უნდა მივწერო.
– ეს...ეს...
გაოცებულმა მოვიხედე. დედას ფერი დაკარგვოდა, ხელი მკერდზე იტაცა და სკამზე მოწყვეტით დაეხეთქა.
– დედა, დედა ! – შევყვირე შეშინებულმა.
დედამ შემომხედა, ნაძალადევად გამღიმა:
– არაფერია, არაფერი. გამიარა უკვე. ვინაა ეს გოგო, ნია?
– არ ვიცი დე. ქრისტის უპოვია და დამირეკა, შენი სურათი უყენიაო. მე, გაბრაზებულმა ეგრევე მოშლა ვთხოვე, მაგრამ ვერ გავითვალისწინე, რომ აფხაზი გოგო ქართულს ვერ წაიკითხავდა. აი , რა მომწერა– დედას წავუკითხე ასიდას პასუხი.
– მაჩვენე მისი სურათი.
დედამ კარგა ხანს უყურა სურათს, მერე ისე ამოიხვნეშა, თითქოს გულიც ამოატანაო.  ეს შენი სურათი არაა, ნია.
შეცბუნებული სურათს დავაკვირდი. ასეთი სპორტული კოსტუმი მეც მაქვს,  მაგრამ შიგა მაისური ჩემი ლურჯია, საყურეც, მაგრამ ჩემში ფირუზის თვალი ზის, აქ კი, ეტყობა ლალია. ე.ი. მართლა ორეულია?
– მივწეროთ ნია. ვკითხოთ, ვისი შვილია, ჰყავს თუ არა და–ძმა, სად ცხოვრობს, დედის სურათის დადება ვთხოვოთ...
– კარგი რა, დე. ბიოგრაფია რაში მაინტერესებს? უბრალოდ, ვკითხოთ, მართლა მისი
სურათი უყენია თუ არა და თუ მართლა ასე მგავს...
დედამ წერა დაიწყო. მკითხა რაც მინდოდა, მაგრამ ისიც მისწერა, რაც მას უნდოდა. კარგი, გავიგოთ, ზედმეტი არ იქნება, გავიფიქრე და სმს გავგზავნე. ადრესატი უკვე გასულიყო საიტიდან.
– როდის გიპასუხებს?
– აბა რა ვიცი... – მხრები ავიჩეჩე მე ,– წერილი წუხელ მივწერე, პასუხი კი ახლახან მივიღე. რატომ გაინტერესებს ასე?
– მერე აგიხსნი – მითხრა დედამ, სურათს ისევ დააკვირდა, ისევ ამოიხვნეშა და სამზარეულოში გავიდა.
                                                                                          ( გაგრძელება იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს