 | ავტორი: სოფრომა ჟანრი: პროზა 24 იანვარი, 2013 |
როგორც ყველაფერს, ქვასაც სხვადასხვა ფერი, ფორმა და მოცულობა აქვს. თითოეული ჩვენგანისთვის იგი სხვადასხვაგვარად აღიქმება. ყველას გვიგროვებია ზღვის სანაპიროზე ფერად-ფერადი კენჭები, რომელთაც ცოტა ხნით გულმოდგინედ ვინახავდით, მერე კი ვყრიდით, როგორც ვიცით ხოლმე ყოველთვის: რაც გვახალისებს, მერე ვიწყენთ და ვიშორებთ. ასაკის მატებასთან ერთად პატარა ქვებს ვეღარ ვამჩნევთ და მისგან გამოთლილ ქანდაკებებს შევცქერით აღტაცებით, რადგან შეუცნობლად მათ ცხოვრებისგან საჩვენოდ მიღებულ სიურპრიზებს ვადარებთ და მცირე-მცირე კენჭები რახანია აღარც გვახსოვს. ვერიდებით ქვაღორღიან ადგილებს მაშინ, როცა ფეხით მივუყვებით გზას და მაშინაც, როცა მანქანით ვმგზავრობთ. რადგან ეს უკვე სიძნელედ გვეჩვენება და მარტივ ცხოვრებას მიჩვეულებს ერთი წუთით შეჩერებაც აღარ გვსურს. ქვა მაინც ქვად რჩება, შევამჩნევთ თუ არა მას. ჩვენზე დიდხანსაც ცოცხლობს და ხანდახან ჩვენზე საჭირონიც ხდებიან სხვათათვის. ჩვენი არ იყოს, ხან დიდებულ ქვებად რჩებიან და ხან მის არსებობასაც ვერავინ ამჩნევს. როცა ის შემოქმედებად რჩება, ჩვენსავით სტკივა ჩამოთლილი ნაწილები, საკუთარ თავს ყოველთვის შორიდან და გულგრილად უცქერს და უკვე მერამდენედ აწუხებს არარსებობის შიში.
. . .
ის დროა, როცა ზღვა და ცა ერთმანეთში ირევა და ერთი ფერი აქვს. - მოდი, ვითამაშოთ, დე, დედიკო, მზე ხომ უკვე ჩავიდა, ახლა მე მეთამაშე რა... დრო სჭირდება, იცის, მზე რომ დიდი ხანია, ჩავიდა, ძალიან დიდი ხანიც კი. თამაში აღარ უყვარს, უკვე იმდენჯერ ითამაშეს თვითონაც და სხვებმაც მის ცხოვრებაში, აღარ სურს. მაგრამ ბავშვმა ჯერ არ იცის, რომ დიდები ცუდად თამაშობენ. წელიწადის თორმეტ თვეს ათი დღე მოჰპარა შვილთან გასატარებლად, ამიტომ ახლა უნდა ითამაშოს, ითამაშოს არადიდურად. დედას თვალებში გულგრილობა ლღვება, შვილმა იცის, ახლა ყველაზე ადვილი შესაძლებელია იტიროს, მაგრამ დედამ მხიარულების თამაშიც ისწავლა უკვე. - ვითამაშოთ, დედიკო? გინდა, გულახდილობანა ვითამაშოთ? - ისეთი აღტაცებულია, ვერ ამჩნევს დედას გაოცებულ თვალებს. დედა ახლა არ თამაშობს, მისი თითებიდან, თვალებიდან გაფიქრებული სიტყვები მოდის. - გულახდილობანა? როგორ ვითამაშოთ გულახდილობანა? - ნახე, მე ლამაზი ქვები ვიპოვე, შენთვის მოვაგროვე. ყველა ქვას თავისი შეკითხვა აქვს, მე მათ სხვა ქვებთან დავყრი, თუ გულახდილად უპასუხებ, ადვილად იპოვი და შენი იქნება. დე, ხომ გაგიხარდება? ჩემი მოგროვებული ქვებია... ქალს სიხარული დაეუფლა, გულახდილობანა არასოდეს უთამაშია და ახლა ამასაც ისწავლის. - დედა, რად უმალავ მამიკოს სურვილებს? - მამიკო, რად ჩუქნი სხვის დედას ღიმილებს? - ბებო, როცა დედიკო არ არის და როცა დედიკოზე მოღუშული ლაპარაკობ, პაპა რომ ჯერ გაჩუმებს და მერე თვითონაც ლაპარაკობს ხოლმე, დედა რომ მოდის, რაღად შეცბებით ხოლმე? . . .დედამ ბევრი ეძება ქვები, მაგრამ ვეღარ იპოვა. არადიდური თამაში ყველაზე ძნელი თამაში ყოფილა თურმე.
. . . სად წავიდა ქვა, რომელიც მოისროლეს? რა იცის ქვამ ისეთი, რომ ლოდივით გვაწევს გულზე? რას გვეუბნება, როცა ფეხს ვადგამთ, იქნებ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ კი გზას ვაგრძელებთ და ხიფათსაც გადავეყრებით ხოლმე?..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გმადლობთ, მანანა და მუხა, წაკითხვისა და გულახდილობისთვის... ბავშვი იყო 10 წლის, მუხა... ახლა დიდი "გოგოა", თუმცა ბავშვობიდანვე ერთმანეთისგან სწორად ასხვავებდა ღიმილებს... გმადლობთ, მანანა და მუხა, წაკითხვისა და გულახდილობისთვის... ბავშვი იყო 10 წლის, მუხა... ახლა დიდი "გოგოა", თუმცა ბავშვობიდანვე ერთმანეთისგან სწორად ასხვავებდა ღიმილებს...
2. დამაფიქრებელია... ძნელია"გულახდილობანას" თამაში, ძნელი. დამაფიქრებელია... ძნელია"გულახდილობანას" თამაში, ძნელი.
1. რა ვთქვა არ ვიცი, პირველი ნაწილი კარგია, ველოდი სხვანაირ გაგრძელებას, თუმცა კითხვა ჭეკითხვა შენი ნაწერიდან გამომდინარე. რა ასაკისაა ბავშვი, რომელმავ აღიქვა:
-მამიკო, რად ჩუქნი სხვის დედას ღიმილებს? ეგება მამიკო " ზრდილობის გულისთვინა " ჩუქნის ?! ღიმილს!
რა ვთქვა არ ვიცი, პირველი ნაწილი კარგია, ველოდი სხვანაირ გაგრძელებას, თუმცა კითხვა ჭეკითხვა შენი ნაწერიდან გამომდინარე. რა ასაკისაა ბავშვი, რომელმავ აღიქვა:
-მამიკო, რად ჩუქნი სხვის დედას ღიმილებს? ეგება მამიკო " ზრდილობის გულისთვინა " ჩუქნის ?! ღიმილს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|