ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2013


ჩემი ორეული? ( დასასრული )

კომპიუტერს კარგა ხანს შემოვრჩი. დედამ რამდენჯერმე შემოიხედა.
– არ უპასუხნია დე .
დავფიქრდი:“ რატომ დაინტერესდა დედიკო ასე? რატომ დაკარგა ფერი იმ გოგოს სურათის დანახვისას? რაში სჭირდება ვიღაც აფხაზის დედის სახელი? ხომ არ ჰგონია, იმ გოგოს დედა მისი ორეულია??“  ფიქრები ფუტკრებივით აზუზუნდნენ თავში. არ ვიცოდი, როგორ მეპასუხა, რა მეფიქრა. „ხვალამდე მოვითმენ, მიპასუხებს ალბათ ასიდა და მერე დედაც მომიყვება რა აწუხებს“, დავიმშვიდე თავი და ისევ ნატოს დავურეკე სკაიპით.
გვიან დავწექი, მაგრამ კარგა ხანს ვერ დავიძინე. ვიცოდი, რომ არა ერთ ადამიანს ჰყავს ორეული, მაგრამ მაინც უცნაურად მეჩვენებოდა ასეთი მსგავსება და უფრო, დედიკოს რეაქცია ასიდას სურათზე.
ათასნაირი ვარიანტი დავატრიალე გონებაში, მაგრამ საბოლოოდ ვერც ერთი შევარჩიე.
როგორც იქნა დადგა საღამო. მე უკვე კარგა ხანია კომპიუტერს ვუზივარ, მაგრამ ასიდას პაუხი არ ჩანს.
როგორც იქნა, მოვიდა წერილი. სულმოუთქმელად გავხსენი. წერილი საკმაო მოცულობის აღმოჩნდა.
„გამარჯობა ნია. ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია შენი აღმოჩენა. ალბათ დავმეგობრდებით. იმედია, დადგება დრო, როცა ერთმანეთ შევხვდებით კიდეც. მე, როგორც იცი, თვრამეტი წლის ვარ. ვსწავლობ აფხზეთის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გერმანული ენისა და ლიტერატურის განხრით და ვმუშაობ გიდად.  ვარ დედის ერთა. გაგრიდან. დედა მედდაა იქაურ სავადმყოფოში, ნელი ლაკობა. ადრე სოხუმში მუშაობდა თურმე. იქნებ, იქ შეხვედრიან ჩვენი დედები ერთმანეთს? თუ ასეა, მოხარული ვიქნები. დედისთვის ჯერ არ მიკითხავს არაფერი. უბრალოდ ის იცის, რომ ქართველ გოგონას ვემესიჯები და უხარია. მიუხედავად ყველაფრისა, დედას არ სძულს ქართველები, პირიქით, მუდამ სითბოთი ლაპარაკობს მათზე, ამიტომ, მეც მიყვარს თქვენი ერი. სურათებს დავდებ ამ დღეებში. შენი დედიკო ალბათ ისაა, ჩახუტებული რომ ყავხარ პატარა, მამა კი, ეტყობა აღარ გყავს, რადგან შავ ჩარჩოშია მისი სურათი. როგორ ჰგავხარ მამას...მე კი შენ  გგავარ. საოცარია, ვგავარ  ქართველ გოგონას და არა ჩემს მშობლებს.
მომწერე, რას საქმიანობ, შენც დედის ერთა ხარ? მიხარია შენი სმს-ის მიღება.“ წერილი ღიმილისა და კოცნის სმაილიკებით მთავრდებოდა.
- დედა! - გავძახე, როგორც ყოველთვის, სამზარეულოში მოფუსფუსე დედას - მოვიდა ასიდას პასუხი.
დედამ სულმოუთქმელად წაიკითხა წერილი, ერთჯერ, მეორედ...
- ნელი, ნელი ლაკობა... -ჩაილაპარაკა მან - ნელი...ალბათ ისაა.. - ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა დედამ. შევხედე და გავვოცდი, თვალები ცრემლით ავსებოდა, ნიკაპი აკანკალებოდა და საცაა ატირდებოდა კიდეც.
- დედა, დე! - ჩავეხუტე მას და უსიტყვოდ ავხედე.
- ახლა ნურაფერს მკითხავ ნია, მაცალე და ყველაფერს მოგიყვები - ცრემლნარევი, მოგუდული ხმით მითხრა მან და თავის ოთახში გავიდა.
არ ვიცოდი რა მექნა, რა მეფიქრა, რა მიმეწერა ასიდასთვის, რომელიც ალბათ სულმოუთქმელად ელოდა ჩემს პასუხს. არა, ვერაფერს მივწერ, სანამ არ გავარკვევ, რა ხდება, რას მიმალავს დედა. წამოვდექი, რათა დედას დავლაპარაკებოდი. კარის შეღებამდე ქვითინის ხმა მომესმა.  ღრიჭოდან შევიხედე. დედა მამიკოს სურათთან დამხობილიყო და ქვითინებდა.
- დედა, დედიკო! - შეშინებული შევვარდი ოთახში.
            დედამ თავი ასწია, ცრემლები წკანწკარით მოედინებოდნენ ლოყებზე. იგი ერთიანად კანკალებდა.
- დე, რა იყო, რა ხდება? - მეც მომერია ცრემლები.
- ის...ის... შენი დაა...- ამოიქვითინა დედამ.
ახლა ჩემი გაოგნების დრო დადგა. ენა ვერ დავძარი, აზრი ვერ მოვიკრიბე.
- შენი ტყუპისცასლია ნიაკო, ტყუპისცალი, რომელიც დაღუპული მეგონა.
- რროგორ? ჩეთვის არასდროს გითქვამს, რომ ტყუპისცალი მყავდა, რა უნდა აფხაზეთში? აფხაზური გვარით? ის ხომ რამდენიმე დღით ჩემზე უმცროსია?
- ეჰ... -დედამ ისე ამოიოხრა, თითქოს გულიც თან ამოატანა -ალბათ, ეს ბედის ირონიაა, ღმერთმა ბოლომდე არ გამწირა, შეისმინა ჩემი ლოცვა-მუდარა და ის გადაარჩინა.
დედას ლაპარაკი უჭირდა, ხმა უწყდებოდა, ქვითინს ვერ იკავებდა. მე თითქოს ბურანში ვიყავი, ფიქრები დამესივნენ, ზუზუნებდნენ, ფუთფუთებდნენ ჩემს თავში.
- დედა! დე! ამიხსენი, რა? როგორ? საიდან? თორემ ალბათ გავგიჟდები.
            დედა შეეცადა ქვითინი ჩაეხშო, თვალები ხელისგულებით ამოიწმინდა და დაიწყო:
- იმ ზაფხულს ძალზე დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში. მამაშენს უნდოდა, ნათესავებთან წავსულიყავი სამეგრელოში, მაგრამ მარტო წასვლა არ მინდოდა, მეშინოდა უიმისოდ. თან მე ხომ დედობისთვის ვემზადებოდი. ვიცოდი, რომ ტყუპები უნდა შემძენოდა. ყოველ საღამოს ახალ-ახალ სახელებს ვარჩევდით, მე გოგონებისას, მამაშენი კი - ბიჭებისას. ვერა და ვერ ვრიგდებოდით. მერე შევთანხმდით, რომ ერთი გოგონა იქნებოდა და სახელს  მე შევურჩევდი, მეორე ვაჟი და ის დაარმევდა მისი ბაბუას სახელს, დავითს. - დედამ ნაღვლიანად გაიღიმა - ახალგაზრდები ვიყავით, გვეგონა, მთელი ქვეყანა ჩვენი იყო. გაიარა დაძაბულმა ივლისმა, აგვისტომ. თითქოს ყველაფერი მოგვარდა, ჩაწყნარდა. სოხუმში ხალხი დაუბრუნდა საკუთარ სახლ-კარს. ცხრა სექტემბერს, გამთენიისას შეტევები დამეწყო. ნიკომ ჩვენი მანქანით სამშობიაროში გამაქანა. დრო მიდიოდა, მე კი ისევ და ისევ ახალ-ახალი შეტევებისგან ძალ-ღონე მეცლებოდა. მხოლოდ ღამის თერთმეტ საათზე დაიბადე შენ, ნია, მეორე კი, არა და არ ჩანდა. მე უკვე იმდენად დავსუსტდი, თვალის გახელის თავიც არ მქონდა. მთელი განყოფილება ფეხზე დადგა, ნემსები გამიკეთეს, სისტემა დამიდგეს... არ ვიცი რა დრო გავიდა, ჩემთვის ალბათ საუკუნე, რომ მედდამ ჩამჩურჩულა, მეორეც გოგონააო. არც სიხარული მიგრძვნია და არც სინანული. თვალები მელულებოდა. „არ დააძინოთ!“ მესმოდა ექიმის მკაცრი ხმა და მედდაც ხან შემანჯღრევდა, ხან სახეზე სველ ხელს მომისვამდა ხოლმე.
სამი დღე ჩემთვის ბავშვები არ მოუყვანიათ. ალბათ ვერც შევძლებდი. მეოთხე დღეს კი შენ მოგიყვანეს ნია, დაგხედე და თვალწინ მამაშენი წარმომიდგა. თავიდანვე ძალიან ჰგავდი მას. მეორე? - შიშით ვიკითხე.
-    გოგონა ძალზე სუსტია, თან თავის პრობლემებიც აქვს. მინიმუმ ათი დღე მისი განძრევა არ შეიძლება, მოღონიერდება და მოგიყვანთ თქვენს პრინცესას - დამაიმედა ძიძამ. ნიკო ყოველ დღე ხილს და ყვავილებს მიგზავნიდა. საავადმყოფოში ჩურჩულებდნენ, რომ სიტუაცია დღითი-დღე იძაბებოდა და ომი გარდაუვალი იყო. ნინო, ასე დავარქვით შენს დაიკოს, ჯერ კიდევ რეანიმაციაში ყავდათ. მამაშენს ეშინოდა, რომ ომი დაიწყებოდა და ჩვენი წაყვანა ადრევე მოინდომა. ექიმმა ნინოს წაყვანაზე სასტიკი უარი გვითხრა: „ ბავშვი დაიღუპება, მისი განძრევაც კი დიდი რისკია, თქვენ კი მისი წაყვანა წებელდაში გინდათ? იყოს აქ, მომჯობინდება, წონას შეივსებს, მერ კი, სადაც გინდა წაიყვანეთო“. რას ვიზამდით, ნინო იქაურ მედდებს ჩავაბარეთ, ნიკომ ყველას დამატებით ფულიც კი აჩუქა, რათა ბავშვისთვის არაფერი დაეკლოთ. მე ცრემლებით ვევედრებოდი თითოეულს, რომ ჩემი პატარა უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ. ისინი მაიმედებდნენ, რომ ნინოს არაფერს დააკლებდნენ, ერთი  მათგანი, ნელი, გვარი არ ვიცოდი, დამპირდა, რომ საკუთარი შვილივით მოუვლიდა. მე და შენ მამაშენმა წამოგვიყვანა. შემდეგ დღეებში დღეში ხუთჯერ მაინც ვრეკავდი საავადმყოფოში, რათა გამეგო ნინო როგორ იყო. სულ მალე სიტუაცია საშინლად დაიძაბა. აფხაზები სოხუმისკენ მოიწევდნენ. ოცდასამში ნიკო მანქანით მოვარდა სახლში:“ სასწრაფოდ უნდა წაგიყვანოთ, თორემ მერე გვიანი იქნება, გაემზადეო.“ ვტიროდი, უარზე ვიყავი, მაგრამ დამპირდა, რომ ნინოს წამოსაყვანად თვითონ დაბრუნდებოდა. „ სამის გაყვანა უფრო ძნელია, ვიდრე ერთის. თქვენ რომ სამშვიდობოზე გაგიყვანთ, მშვიდად დავბრუნდები და ნინოსაც წამოვიყვანო.“
დედა ისევ ატირდა. ჩემდა უნებურად, თურმე მეც ვტიროდი. ჩავეხუტე დედას და ორივე  გულამოსკვნილად ავტირდით. მე ვიცოდი, რომ მამამ წალენჯიხაში, თანაკურსელის სახლში დაგვაბინავა, თვითონ ოცდაოთხში დაბრუნდა სოხუმში და ოცდაშვიდში, სოხუმის დაცემის დღეს დაიღუპა.
- რომ არა მაყვალა და ომარი, ალბათ დავიღუპებოდით. მათ ღვიძლ დასავით მიპატრონეს. შენს გაზრდაში დამეხმარნენ. რა არ ვიღონეთ, ვის არ მივმართეთ, წითელი ჯვარიც კი ჩავრიეთ ნინოს ძებნაში, მაგრამ...უშედეგოდ. შენ რომ ორის გახდი, თბილისში წამოვედი. ისინი შემდეგაც არ მაკლებდნენ ყურადღებას, შენი ნათლიები გახდნენ. ნინო... ეს იყო ჩემი მოუშუშებელი იარა ნიკოსთან ერთად. ერთხელ, წალენჯიხაში მოვდიოდით, რომ მატარებელში შემთხვევით ის ქალი ვნახე, რომელიც მაშინ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა. მან მითხრა, რომ რეანიმაციაში მყოფი ბავშვი დაიღუპაო... მაშინ გამოვიტირე ნინო და ჩემი უბედობა. ახლა ვხვდები, რომ იმ ქალმა მომატყუა...ან იქნებ, სხვა ბავშვი დაიღუპა, მე კი ნინო მეგონა. ეტყობა, ნელიმ მართლა უპატრონა, იშვილა, გაზარდა. დაბადების თარიღი, სახელი, გვარი შეუცვალა, რადგან ქართველ ბავშვს აფხაზები არ მიიღებდნენ... მე ვერ მივაწვდინე მათ ხმა და ის... რად მოინდომებდა ჩემს მოძებნას, მით უფრო, შვილი არ ჰყოლია... ახლა? ახლა რა ვქნა, ნია? რა ვქნათ, როგორ ავუხსნათ ნინოს, რომ ის ქართველია, რომ ჩემი შვილია...ოჰ,...ნიკო... ჩვენი გოგონა ცოცხალია, გესმის? ნიკო, ცოცხალია ნინო... შესტირა დედამ მამიკოს სურათს და ისევ მაგიდაზე დაემხო.
მე, მოსმენილისგან გაოგნებული, დაზაფრულიც და გახარებულიც ცრემლით სავსე თვალებით შევყურებდი მამიკოს სურათს, მოქვითინე დედას და გონებაში კი, ჩემს დაიკოსთან, ნინოსთან შეხვედრის სურათი მეშლებოდა....
                                                                                                                                      2012 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები