ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2013


აპატიეს კი?!

გულის კანკალით ელოდა ნუცა იმ დღეს, როცა მისი პირმშო მოევლინებოდა ამ ქვეყნიერებას. შიშნარევი მოლოდნი ყველა ორსულისთვისაა დამახაიათებელი, მაგრამ ნუცას შიშს სულ სხვა საფუძველი ჰქონდა. რვა წელი ელოდნენ ნანატრ ორსულობას ოჯახში. მისი უნაყოფობა (ასე თვლიდნენ მეუღლეც და მისიანებიც), უკვე უდიდეს პრობლემად იყო ქცეული და ლამისაა გაყრის საბაბადაც კი იქცა, რომ ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოხედა. ოცდათხუთმეტი წლის ქალს მოშორების საშიშროება შეექმნა. შვიდი თვე თითქმის საავადმყოფოში გაატრა, მაგრამ ექიმები სრულ გარანტიას მაინც ვერ იძლეოდნენ. ნაყოფი ძლივს მატულობდა და გულისცემაც ძალზე სუსტად ესმოდათ, არა და, ეს ბავშვი იყო მისი ერთადერთი იმედი ოჯახის შენარჩუნებისა.
ყოველ დღე ესმოდა მშობიარეთა ხმები, ახალშობილთა ტირილი, ხედავდა ბედნიერებით გაბრწყინებულ სახეებს და შიში უფრო და უფრო ეუფლებოდა. პალატის ნაცნობები აიმედებდნენ, ამშვიდებდნენ, მაგრამ ამ განცდას ისე ღრმად გაედგა ფესვები, რომ უცნაური შინაგანი თრთოლვა მოსვენებას არ აძლევდა.
ტკივილები გვიან ღამით დაეწყო. მორიგე ექიმმა განყოფილების გამგეც გამოიძახა. ის იყო, სამშობიარო ბლოკში გადაიყვანეს, რომ დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა და ბლოკში მეორე მშობიარეც შემოიყვანეს. ახალგაზრდა, ფერდკარგული გოგონა განწირული ხმით კიოდა და შველას ითხოვდა.
ნუცამ ადვილად იმშობიარა. მისი ბიჭუნა უღონოდ, მაგრამ მაინც ტიროდა და დედის გულს იმედით ავსებდა.
მეორე მშობიარეს  მდგომარეობა კი გართულდა. სავალდებულო ორი საათის შემდეგ ნუცა ახალშობილთა განყოფილების გვერდით მდებარე პალატაში გადაიყვანეს. დერეფანში ხმაურმა იმატა. ნუცას გვერდით მწოლიარე ქალს გაეღვიძა. ნუცას თხოვნით გარეთ გავიდა ამბის გასაგებად, შემობრუნებულმა უთხრა, რომ ბოლოს მოყვანილ მშობიარეს ბიჭი შესძენია, ბავშვი კარგადაა, მაგრამ დედას დენა აუტყდა, მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და გადასარჩენად მთელი გენოკოლოგიურ-ქირურგიული განყოფილება ფეხზე დგასო.
აფორიაქებულ ნუცას არ დაეძინა. დერეფანში აჩქარებით მიმოდიოდნენ. როდის-როდის ხმაური მიწყნარდა. მხოლოდ ახალშობილთა ტირილი ისმოდა. მალე ისინიც გაჩუმდნენ, მხოლოდ ერთი პატარა მიკნავლებულად, გაბმულად ღნაოდა. “ალბათ ჩემია”- გაიფიქრა ნუცამ. ყურებზე ხელი აიფარა, რომ არ გაეგონა ეს საცოდავი ხმა, მაგრამ ის ხმა თითქოს სულში უძვრებოდა, მოსვენებას არ აძლევდა. წამოიწია, პალატაში ყველას ეძინა. ადგა, ჩუმი ნაბიჯებით კარამდე მილასასდა, გამოაღო. დერეფანში არავინ ჩანდა. ახალშობილთა განყოფილებაში შეიპარა. ახალგაზრდა, მორიგე მედდა მაგიდაზე დამხობილიყო და ღრმად ეძინა. მეორე კი არსად ჩანდა. პატარას ხმა მოგუდულად ისმოდა. საწოლს მიუახლოვდა. არ შემცდარა, მისი ბიჭი ტიროდა ასე უმწეოდ. გვერდით მეორე ახალშობილი იწვა. პუტკუნა, წითელ სახეზე არც წამწამები ეტყობოდა და არც წარბები.  მშვიდად ეძინა. მისი, ამ ბიჭუნას ფონზე გალეული, უფერო, მოცუცქნული ჩანდა. ნუცას თავში საშინელი აზრები დატრიალდა: “რომ დაიღუპოს? მეც ვიღუპები მაშინ... ეს... ალბათ იმ გოგონასია. რა ძლიერი ჩანს...რა იქნება რომ... არა!... ღმერთო!... ის გოგო თუ გადარჩა, ახალგაზრდაა და კიდევ გააჩენს, მე კი...” მიიხედ-მოიხედა. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მედდას გაუნძრევლად ეძინა. სწრაფად გახსნა ორივე ბავშვი, ხელზე შებმული სამაჯურები შეუცვალა, საჩქაროდ შეახვია, ხელის კანკალით შეკრა გარეთა წარწერიანი შესაკრავებიც, რომ ფეხის ხმა გაისმა. ოთახში უფროსი მედდა შემოვიდა.
- ნუცა? შენ აქ რა გინდა? – მის მკაცრ ხმაზე ახალგაზრდა მედდასაც გამოეღვიძა და დამნაშავედ ააფაფხულა შეღებილი წამწამები.
- მე... მე...ერთი პატარა განუწყვეტლივ ტიროდა და ჩემი მეგონა...
- აბა, ჩქარა პალატაში. არ გეშინია დენა დაგეწყოს? როგორმე უშენოდაც მივხედავთ პატარებს. წადი, დაწექი. თეა, გააცილე ნუცა. მე აქ დასაძინებლად არ დამიტოვებიხარ!
- ნინო, ის გოგო როგორა?
- ჯერ-ჯერობით კიდევ საფრთხეშია. სისხლს უსხამენ კიდევ. იმედია, გადარჩება. ჯერ მხოლოდ ოცი წლისა ყოფილა. შენ როგორ გაბედე ადგომა? ღვთის წყალობით, გართულების გარეშე იმშობიარე. – პატარებს დახედა – აი, როგორი ბიჭუნა გყავს. შენი ქმარი, დედ-მამა, დედამთილ-მამამთილი მეცხრე ცაზე იქნებიან სიხარულით. წადი, წადი, ძლივს დგახარ. გაყევი თეა.
თეამ ხელი გამოსდო აკანკალებულ, ფერდაკარგულ ნუცას და პალატისკენ წაიყვანა.
როგორც იქნა მიაღწიეს საწოლამდე.
- მადლობა, თეა – უღონოდ გაუღიმა გოგოს და საწოლზე დაეშვა.
ყველაფერი უკანკალებდა, ყურები უწიოდა. თავზე თითქოს უროს ურტყამდნენ. თეა დაწოლაში დაეხმარა და გავიდა. როდის-როდის დაწყნარდა. აზროვნების უნარი დაუბრუნდა:
“ ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რომ გამიგონ? მაშინ რა ვქნა? ამას არასდროს მაპატიებს ვახტანგი. არა, არა! ვერ გაიგებენ. თეას ეძინა, ნინოს არაფერი დაუნახავს, ისეთი აფორიქებულნი იყვნენ ყველანი, გაახსენდებათ რომელი იყო ჩემი? “
პალატაში თეამ შემოიხედა:
- როგორ გრძნობ თავს? ნინომ შენს გამო ისე მისაყვედურა... ღმერთმა ნუ ქნას, რამე გაგირთულდეს., თორემ...
- კარგად ვარ, გენაცვა. მაპატიე, ჩემს გამო რომ გაწყენინეს. ნინოსაც ბოდიში გადაეცი ჩემგან.
  დერეფანში ფეხის ხმის გაგონებაზე გული შეუხტებოდა ხოლმე.  როგორც იქნა ჩაეძინა. ღამემ მშვიდად ჩაიარა. გაღვიძებისთანავე ის გოგონა მოიკითხა.
- გადაარჩინეს, უკვე პალატაშია, სუტად კია, მაგრამ არაუშავს, გამოვა მდგომარეობიდან, ბავშვი კი ძალზე სუსტია და ეშინიათ – აცნობა თეამ.
თავს შეუძლოდ გრძნობდა, თან დანაშაულის გრძნობა გულს უღრნიდა. გაორებულივით იყო.
მომლოდინე დედებს პატარები ჩამოურიგეს. ნუცა დიდხანს აკვირდებოდა “თავის” პაწაწას. მრგვალი პირისახე, გაბუშტული ლოყები, მსუქანი ტუჩები, თავზე ოდნავ შესამჩნევი ქერა ბუსუსები ჰქონდა, უწარბ-უწამწამო იყო. ბიჭი შეიშმუშნა, თვალები გაახილა.
“ ღმერთო, რა საყვარელია... ეტყობა ქერა, ლურჯთვალა იქნება. თუმც, ამბობენ , თვალის ფერი იცვლებაო, მაგრამ ამას აშკარად ეტყობა, ლურჯი თვალები ექნება. რა უნდა ვთქვა? ვის ჰგავს-მეთქი? მე თაფლისფერი თვალები და წაბლისფერი თმები მაქვს, ვახტანგი ბოშასავით შავგვრემანია. ჰო, თუმცა, ბებიაჩემი იყო ქერა და ლურჯთვალა, რატომ არ შეიძლებოდა ბადიში დამსგავსებოდა?”
პატარამ ტუჩების ცმაცუნი დაიწყო, ხან აქეთ მოატრიალა თავი, ხან იქით და ვერაფერი რომ ვერ იპოვა, ტირილი დაიწყო.
ნუცა მოჯადოებულივით დასცქეროდა, ცრემლები კი თავისთავად მოგორავდნენ, ნიკაპთან ერთდებოდნენ და პატარას თავზე ეწვეთებოდნენ.
- ნუცა, ნუცა, რა მოგდის? – დაუძახა გვერდით საწოლზე მწოლმა ქეთინომ – ყველაფერი კარგადაა, რა გატირებს? მიეცი ძუძუ, ცოდვაა.
ნუცამ უღონოდ გაიღიმა და... თვალი რომ გაახილა, ირგვლივ შეშფოთებული სახეები დაინახა.
                                                       
( გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები