ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2013


ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის ომი

სოხუმში არასდროს ვყოფილვარ, ჩემი პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.14-15
წლის ვიყავი და ზღვა არ მენახა. ქუთაისში ზღვა არაა და თბილისის ზღვა მე არ
მაკმაყოფილებდა.  ნამდვილი,  შავი ზღვა,  კი ნანახი არ მქონდა.

ჩემი მეგობარია ,  ქეთო .მშობლების სახლი ჰქონდა  აფხაზეთში. ამიტომ შემოთავაზება
დამთავრებული არ ჰქონდა,მე და მაია უკვე თანახმა ვიყავით,მასთან ერთად გვეჭყუმპალა 
და დაგვესვენა ზაფხულში და ჩანთების ჩალაგებამდე ვისხედით მატარებელში...ჩანთების 
ჩალაგებამდე, ძალიან არაზუსტი ნათქვამია...4 ჩანთიდან სამი ტანსაცმლით გავავსეთ და
ერთი ტკბილეულით და რამერუმეებით და მატარებელში მოვკალათდით..

ერთმანეთს ორი წელია ვიცნობდით...ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ფორმულებსაც
ერთად ვიტენიდით თავში...ხოდა, ახლა განტვირთვა და დასვენება გვჭირდებოდა.
ნამდვილად ვიმსახურებდით ამას.
სამი თავქარიანი გოგონა მარტო მივდიოდით (იმ იმედით რომ ქეთის მშობლები
დაგვხვდებოდნენ ) და რა გასაკვირია,  რომ მატარებელი ავიკელით...მთელი ღამე არც
ჩვენ დაგვიძინია და არც ჩვენ კუპელ ნასტიას.ისიც სოხუმში მიდიოდა
ბიძაშვილებთან. გზაში ყავის მადუღარა  მოვიმარჯვეთ და ყავასთან ერთად ნასტიას
კონიაკი ვწრუპეთ....(ჩვენ არასრულწლოვანები ვიყავით და სასმელს ვინ
გაგვატანდა).ვმღეროდით,ვიცინოდით.ტელეფონის  ნომრები გავცვალეთ...ერთმანეთს
სოხუმში შეხვედრა დავუთქვით, ვისიყვარულეთ და
ვიხალისეთ...სასმელმა ლაპარაკის საღერღელი აუშალა ნასტიას და  ერთმანეთი
რატომ უნდა გვძულდესო,  აიჩემა....მე არავინაც არ მძულდა..მით უმეტეს ლამაზი
ნასტია რატომ უნდა შემძულებოდა, აზრზე არ ვიყავი...ის კი თავისას
გაიძახოდა....რაღასაც გვარიგებდა. გულზე პატარა ,საქართველოს დროშები გვქონდა
დაბნეული.ყურადღებას ამაზე ამახვილებდა და გვირჩევდა,    სოხუმში არ
გაგვეკეთებინა და საერთოდაც, არავინ გაგვეღიზიანებინა .  ეროვნული მოძრაობის 
ხსენებისგანაც  თავი შეგვეკავებინა...1989 წელი იდგა....

  ჩვენი მასპინძელი ოჩამჩირეში ცხოვრობდა.სოფელს კინდღა ერქვა.ამ სოფლის
სახელზე ახლაც მეღიმება....
დილით ჩავედით,ქეთოს დედა და ბიძაშვილი დაგვხვდა სადგურზე და სახლში
წაგვიყვანა.იმ დღეს ზღვაზე არც გავსულვართ და არ გვიბანავია.ღამენათევი ვიყავით
და მთელი დღე გვეძინა.
  მეორე დღე გათენდა და საწოლში მომინდა ნებივრობა,  მაგრამ ვინ გაცდის? მასპინძლის
უზარმაზარი ძაღლი საწოლში არ შემომიხტა? მეშინია ძაღლის და ვიკივლე
შიშისგან.  ქეთია კი ამართლებს:
---აბა გოგო, არ უნდა გაიცნოს ვინაა ოჯახში შემოსული სტუმრადო?
ბევრი ვიყვირე, მაგრამ სანამ ბუხტარა არ დააბეს,საწოლიდან ვერ ავდექი.
  ავლაგდით და საბანაოდ წავედით,მეზობლის გოგონაც წამოგვყვა,ადგილობრივია
და ყველაფერი იცისო...სანტორიუმშიც გავიარეთ...ავიყოლიეთ ნაცნობი და უცნობი
გოგონები და მთელი დღე ზღვაზე გავატარეთ.
საღამოს ქეთოს ძმას, გიას მუცელი ატკივდა. მაშინვე თბილისში წამოიყვანეს,რადგან
აპენდიციტს ვარაუდობდნენ...ჩვენ?  მარტო დავრჩით..მეზობლების ამარა...გაგონებაც
არ გვინდოდა ,რომ დასვენება შეგვეწყვიტა და მე, ქეთო და მაია სოფელში მარტო
დავრჩით.
ისე ვატარებდით დროს,როგორც გვინდოდა...საბანაოდაც დავდიოდით და
მეგობრებშიც,რომლებიც იქვე შევიძინეთ.წვიმიანი დღეები დაიჭირა და კარტის
თამაშითაც ვერთობოდით.საჭმლის მარაგი როცა გამოგველია,ბაზარიც „მოვიმარჯვეთ „
და მაღაზიაც.მეზობლის გოგო სანატორიუმში მუშაობდა ,სადაც აფხაზებიც ისევე
ისვენებდნენ,როგორც ქართველი ბავშვები.სოხუმში წასვლას თავი ვერანაირად ვერ
მოვაბით,  ამიტომ იმ დრომდე გადავდეთ,სანამ ოპერაციის მერე გია და უფროსები არ
დაბრუნდებოდნენ.
ტელევიზორი არ გვქონდა,მგონი გაფუჭებული იყო და სრულ საინფორმაციო
ვაკუუმში ვიყავით...არ ვიცოდით სოხუმში რა ხდებოდა.15 წლის გოგონებს არც
გვაინტერესებდა .ერთ დღეს კი მეზობლის  სტუდენტი გოგონა ისეთი აღელვებული
მოვიდა სოხუმიდან, ყველაფერი ნათელი გახდა.უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის
შეხლა -შემოხლას , აქციის დროს,ტრაგედია მოყვა და უნივერსიტეტის ლექტორი,ვოვა
ვეკუა მოკლესო....მე არ ვიცი მაშინ რა ხდებოდა სოხუმში,სამაგიეროდ ზუსტად ვიცი
რა მოხდა კინდღაში.შუადღისთვის ,სოფელში აფხაზი ოჯახი ტანკით შემოვიდა და
სანატორიუმიდან, მის შვილთან ერთად ,ყველა აფხაზი ბავშვი წაიყვანა...ეს ისეთ
შეურაცხყოფად მიიღეს ადგილობრივებმა,ყველანი სახტად დავრჩით...
ამის შემდეგ მთელი სოფელი ,ვისაც რა იარაღი მოეპოვებოდა,შეიარაღდა და სოფლის
შემოსასვლელი გზები ჩაიკეტა.ჩვენ დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ და მარტო არ
გვტოვებდნენ,ხშირად გვაკითხავდნენ....მეზობლებიც და მთელი
სოფელი....თუმცა დიდი იმედი ჩვენ ძაღლზე,ბუხტარაზე ,უფრო გვქონდა,რადგან
ეზოში არავის უშვებდა.მეზობელი იყო,ერთი ,გიორგი ბაბუა ,ხან პურს
მოგვიტანდა,ხან ყველს და ხან ხილს.მერე გვეტყოდა:
----წამოდით ბაბუა ჩემთან,ხილი ჭამეთ, თხილი ჭამეთ----
ამაზე აუცილებლად სიცილი აგვივარდებოდა....მიუხედავად იმისა რომ ირგვლივ
ომი იყო,შეიარაღებული კაცები ყველგან იდგნენ და მთელი ღამე არ გვეძინა,რადგან
დრანდის აეროდრომიდან თვითმფრინავების ხმა არ წყდებოდა, მაინც ვერაფერს
აღვიქვამდით სერიოზულად და ამ სიტყვებზე გვეცინებოდა....
  მალე საჭმელი შემოგვაკლდა....პურზე საათობით ვიდექით რიგში.ჩვენ რა დიდი
ჭამა გვინდოდა,მაგრამ ძაღლი? მას ერთი პური არ ჰყოფნიდა...ბაზარი და მაღაზია
დაიკეტა..ფული ჯერ კიდევ გვქონდა.
  ჩვენი მშობლების აფორიაქების  წარმოდგენა ძნელი არ იყო. ყოველდღე სამი
დეპეშა მოგვდიოდა,  სამივე ოჯახიდან , რას შვებით და როგორ ხართო..სხვანაირად ვერაფერს ახერხებდნენ.ტელეფონით
დარეკვა  შეუძლებელი იყო.ყოველდღე  ერთი და იგივე ტექსტით ვპასუხობდით:
----კარგად ვართ,არაფერი გვიჭირს.
არცერთი ამ დეპეშის პასუხი მათ არ მიუღიათ.თურმე  უკან პასუხები არ ბრუნდებოდა

ათი დღე გავიდა.მდგომარეობა მეტისმეტად დაიძაბა,ჩვენ არც ზღვაზე გავდიოდით
და უკვე აღარც  ვერთობოდით....თუ ვინმე შემოგვივლიდა,კიდევ
გავხალისდებოდით,თუ არადა და ვიყავით მოწყენილები.ნანატრი ზღვა უკვე აღარ
გვაინტერესებდა.მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ ვიბანავეთ ...არც ამინდები იყო
შესაფერისი და არც განწყობა...


  რამდენი უფიქრია ჩემ ძმას წამოსვლაზე, არ ვიცი...ამაზე არ
გვილაპარაკია,მაგრამ ერთ დილით უკვე მყარად  მიუღია  გადაწყვეტილება  ,რომ
უნდა წამოსულიყო და სახლში დავებრუნებინეთ....ვერ ვიტყვი,რომ არ
შეეშინდებოდა,რადგან ყველგან ,ყოველ კილომეტრში ბლოგპოსტები ჰქონდათ რუს
ჯარისკაცებს გამართული და აფხაზეთში არავის უშვებდნენ.ავტოქარხანაში,ჩემ
ძმასთან ერთად ,აფხაზი ბიჭი მუშაობდა,გვარი არ მახსოვს,ოჩამჩირელი
იყო.მოკლედ, მასთან შეთანხმებულა,რადგან დიდი ალბათობით,მას თავისუფლად
გაატარებდნენ  ,მოძღვარისგან გზის დასალოცად მისულა და დილით გზას
დადგომიან.
რამდენჯერაც ავტომატიანი ჯარისკაცი წინ გადაგვიდგებოდა,პირველად აფხაზის
პასპორტს ვაწვდიდით და მერე ჩემსაც,რომელშიც ოცდახუთმანეთიანი მქონდაო
წინასწარ ჩადებული...ფულის დანახვისთანავე ავტომატებს ჩამოწევდნენ და გზაც
გვითავისუფლებდნენო....ასეთი დავიდარაბით მოაღწიეს კინღამდე,ჩვენ სოფლამდე.
შუადღე იყო,საჭმლისმაგვარს ვჭამდით,როცა წითელმა ჯიგულმა ჭიშკართან
დაამუხრუჭა..გავიხედეთ,ჩემი ძმაა...ღმერთო,ამას ვინ ელოდა....სიხარულით
  ავჟრიამულდით....როგორ გაგვეხარდა...
----აბა,ჩქარა,ახლავე ჩაალაგეთ ბარგიო---გვითხრა.
-----აუ.ჯერ არა,რა....ჩვენ „ზაგარიც“ არ მიგვიღია---უაზროდ წამოვიძახე მე....
-----გოგო,გაგიჟდით,თუ რა გჭირთ? ახლავე ჩაბარგდით.
არ მახსოვს,რას ვაკეთებდით,რამდენ ხანში ჩავლაგდით.მე მგონი ძალიან
მალე...მთელი ნარჩენები ბუხტარს დავუტოვეთ და ჯაჭვი ავხსენით,თავისუფლად
რომ ევლო,იქნებ როგორმე გადარჩენილიყო.
მთელი სოფელი გვაცილებდა.დღემდე მახსოვს მათი სახეები.კმაყოფილები
იყვნენ,რომ პატრონი გამოგვიჩნდა.ალბათ ჩვენზე როგორ ნერვიულობდნენ...
უკან დაბრუნებისას არავის გავუჩერებივართ....ქუთაისში მშვიდობიანად
დავბრუნდით.
  დიდი აქცია დაგვხდა ქუთაისში , ახალგაზრდები შიმშილობდნენ.მახსოვს,ჩვენი
სახელებიც გამოაცხადეს,ეს ესაა აფხაზეთიდან დაბრუნდნენო.
ბედნიერი ვიქნებოდი,მხოლოდ ამით რომ დამთავრებულიყო ჩემი შეხება აფზახეთთან.
სამი  წლის შემდეგ ჩემი ძმა აფხაზეთის ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა.მისი საფლავიც კი არ ვიცით .

მე..... სოხუმი არასდროს მინახავს.ჩემი ერთადერთი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები