ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
8 თებერვალი, 2013


აპატიე კი?! ( დასასრული )

- რა იყო, შე ქალო, ძლივს ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და ახლა ისევ ახალ პრობლემებს გვიჩენ? – უსაყვედურა დავით ექიმმა.
- მაპატიეთ, არ მინდოდა –ჩაილაპარაკა უღონოდ – არ ვიცი, რა მომივიდა.
- ახლა მაინც ყველაფერი რიგზეა, ნახეთ, რა ვაჟკაცი გყავთ. – დავითმა ქეთინოს ლოგინიდან აიყვანა პატარა და გვერდზე მიუწვინა. ბიჭი გატრუნული იყო, ეტყობა ქეთინომ დაანაყრა.
ნუცამ ბედნიერი თვალებით შეხედა ექიმს, მედდებს, პალატის მეზობლებს და გულიანად გაიღიმა.
ერთ კვირაში გაეწერა ნუცა და სახლში საოცრად ამაყი და ბედნიერი დაბრუნდა. წამოსვლის წინ ისევ შეიპარა პატარების ოთახში. მისი ნამდვილი ბიჭუნა ცალკე ეწვინათ, სხვებისგან მოშორებით. იმდენად უსუსური იყო, ჯერ ადგილზე, საწოვარათი  აძლევდნენ რძეს.
“მაპატიე, შვილო, მაპატიე. ღმერთმა გაგზარდოს და გაბედნიეროს” – წასჩურჩულა და ცრემლიანი თვალები მოარიდა.
სანდრიკო თვეობით კი არა, ზღაპრის გმირივით, დღითი-დღე იზრდებოდა. ჩაფსკვნილი, ბუთხუზა, ჯანმრთელი ბიჭი იყო.
-რაღა შენს ბებიას დაემსგავსა? – უკვირდა ვახტანგს – რა იქნებოდა ჩვენ დაგვმსგავსებოდა?
-ღმერთმა გვაჩუქა და შენ იწუნებ? – შეუტევდა ნუცა.
-არა, რას ამბობ, ვინ იწუნებს, ოღონდ ჩვენს ფონზე ძაან თეთრია – თავს იმართლებდა ქმარი.
დრო შეუმჩნევლად მიქროდა. ნუცას მეტი შვილი აღარ შესძენია. სანდრიკო იყო მათი ოჯახის მანათობელი შუქურა. ჭკვიანი, თბილი, მოსიყვარულე ბიჭი ეზრდებოდათ.
ნუცას გულს უღრნიდა, მოვენებას არ აძლევდა საკუთარ შვილზე ფიქრი. იცოდა, რომ ბიჭი გადრჩა, რომ იმ გოგოს მერე სამი შვილი შეეძინა და რომ უფროსი ბიჭი აშკარად განსხვავდებოდა Dდა-ძმებისგან.
ვერ ამოიგდო ფიქრი თავიდან და ერთ დღეს იმ სოფლის სკოლაში მივიდა, სადაც ბიჭი სწავლობდა. იმდენ ბავშვში უკითხავად ამოიცნო შვილი. ბიჭი საოცრად ჰგავდა მას. ცრემლიანი თვალებით შორიდან კარგა ხანს უყურებდა მოთამაშე შვილს.
განადგურებული დაბრუნდა სახლში. სანდროს მოფერებამ ცოტათი მოაბრუნა, მაგრამ იმ ღამეს ისე ცუდად გახდა, რომ სასწრაფოთი კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს.
მთელი თვე გაატრა იქ. მერეც სულ წამლებით მიჰქონდა დრო. თავზე ევლებოდა მეუღლე, მაქსიმალურად ეხმარებოდა დედამთილი, მაგრამ ნუცას გულის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა.
გავიდა ერთი წელი. სანდრო და ზურიკო უკვე სკოლას ამთავრებდნენ.

მაისის დასაწყისში კიდევ ერთი, სერიოზული შეტევა გადაიტანა ნუცამ და მის მერე ლოგინიდან ვეღარ წამოდგა.
სკოლიდან დაბრუნებული სანდრო ჯერ დედა მიაშურებდა, მოეფერებოდა, სკოლის ამბებს მოუყვებოდა, გაამხნევებდა. მერე ისადილებდა და გაკვეთილებს ჩაუჯდებოდა. დასაძინებლად დაწოლის წინაც საწოლთან დაუჯდებოდა, ხან რას მოუყვებოდა, ხან რას. ცდილობდა, გაეხალისებინა საყვარელი დედიკო.
ნუცა ატყობდა, რომ მისი გაწამებული გული მორიგ ძლიერ შეტევას ვეღარ გაუძლებდა, არ უნდოდა საფლავში ჩაეტანა ის საშინელი საიდუმლო, მაგრამ იმისაც ეშინოდა, სანდროს და ზურიკოს არ შეეძულებინათ, არ შეეჩვენებინათ იგი.
გვიან ღამით ცუდად იგრძნო თავი. ვახტანგი გააღვიძა. წამლები მოატანინა, დალია და სანდროს მოყვანა თხოვა ქმარს.
შეშინებული მოვარდა სანდრო, მოეფერა დედას. ნუცამ ორივე წინ დაისვა.
- მე მალე მოვკვდები – ხმის კანკალით დაიწყო მან.
- დედა! – ცრემლნარევი ხმით წამოიძახა სანდრომ.
- ნუცა, ნუ... – ცუდად დაფარული შიშით მიმართა ვახტანგმა.
- ნუ შემაწყვეტინებთ, იქნებ, ამ ამბის მერე ... არც კი შემომხედოთ...
ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ძლივს გასაგებად მოჰყვა გულით ნატარებ, საშინელ საიდუმლოს.
ვახტანგი და სანდრო გაოგნებულები, თავზარდაცემულები გაუნძრევლად ისხდნენ.
ნუცას რაღაცნაირმა ამოოხვრამ გამოაფხიზლა ორივე. ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
- დედა, დედა! – ცრემლები ახრჩობდა სანდროს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოუსწროთ. როგორც იქნა მოიყვანეს გონზე. ნაცნობმა ექიმმა ვახტანგი გაიხმო და სინანულით უთხრა: “ სამწუხაროდ, მისი გული ძაფზე ჰკიდია, მას არ უნდა საავადმყოფოში წასვლა და... აზრიც არ აქვს, ვერც დავაძალებ...”
ნუცამ ხელი უღონოდ ასწია და სანდრო მიიხმო. ცრემლიანი, სიყვარულითა და შეძრწუნებით სავსე თვალებით შესცქეროდა ბიჭს.
სანდრო უხმოდ მიუახლოვდა.
- შვილო... მაპატიე... – წამოიკვნესა.
ბიჭმა ჩაიჩოქა და გულში ჩაეკრა მას.
- სანდრო, ზურიკო... ზურიკო მაჩვენეთ... –წასჩურჩულა და ათრთოლებული ხელებით ჩაიხუტა ბიჭი.
სენსაციად იქცა ვახტანგისა და სანდროს გამოჩენა ჭელაიების ოჯახში, მაგრამ არავინ დაეჭვებულა მონაყოლის სისწორეში, რადგან სანდრო გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ნამდვილ მამას, ხოლო ზურიკოს სხეში აშკარად ჩანდა ნუცას ნაკვთები.
ორივე ჭაბუკი საოცრად დაბნეული იყო.
ნუცა მოუთმენლად ელოდა მათ დაბრუნებას. ოთახში ჯერ სანდრო შევიდა, მერე ზურიკო, ვახტანგი, ზურიკოს დედ-მამა, მაგრამ ნუცა მხოლოდ ზურიკოს ხედავდა.
ბიჭი შეძრა უცხო და ამავე დროს საოცრად ახლობელი ქალის თვალებმა. მისდაუნებურად მიუახლოვდა მის საწოლს და დაიჩოქა. სანდრც მიიდა და ზურიკოს გვერდით ჩაიმუხლა.
- შვილო...- გამშრალი ტუჩებით ძლივს დაიჩურჩულა ნუცამ.
- შვილებო... მაპატიეთ... აკანკალებული ხელები ორივეს მოხვია, უნდოდა წამოწეულიყო, რაღაც ეთქვა, მაგრამ....

ნუცას დასაფლავებაზე ორივე ბიჭი იდგა სასახლესთან. სანდრო გულით დასტიროდა საყვარელ დედას, ზურიკოც საოცრად განიცდიდა მშობელი დედის სიკვდილს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ ნახა იგი.
ჭაბუკებმა ნამდვილი ძმებივით გააგრძელეს ცხოვრება, მხოლოდ თავიანთ გამზრდელებთან. სცადეს ნამდვილ მშობლებთან დაბრუნება, მაგრმ ერთი კვირაც ვერ გაძლეს იქ.
ერთად დაამთავრეს უნივერსიტეტი. სანდრომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და ზურა მისი მარჯვენა ხელი გახდა. ხშირად ერთად აკითხავენ ნუცა დედის საფლავს. უხმოდ დგანან და დღესაც არ იციან, შეძლეს თუ არა მისი ბოლომდე პატიება.
                                                              2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები