ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2013


მამულში ნაპოვნი სამი ლექსი

          ... დღეს პარხალი მეჩეთია, ნახევარი საუკუნის წინ იშხანიც მეჩეთად გამოიყენებოდა, დღეს ის მიტოვებულია...…
     
                ...
ტაო... სიზმრებს გამოვყევი დოლისყანა...
მომენატრა ართვინი და ბანა...…
გამეტირე, ბერიკაცო,…გამეტირე
საქართველო ჭოროხს წაჰყვა... ნანა...
როგორ არი უგალავნო ბალავარი
შელეწილი ბასტიონის სვეტი...
მომიკითხე იმერხევი ქვაალალი
პარხალს რომ არ დაავიწყდეს ღმერთი...
შენ არა ხარ სამეჩეთო კლარჯთა მდელო
ოთხთა ხატებს ხელს ნუ ახლებ ილხან...
შენ არა ხარ მგლოვიარე, საქართველო
შენ არასდროს მიატოვებ იშხანს...

                    ***
            წყალწრფელზე აივლიან კალმახები
                                    საძმო
         
ჯაჭვის ხმა ისმოდა დაწყვეტილ კრწანისთან...
ხელში აიტაცა ურდომ ცხრა გოდოლი...
რამდენი პერანგი დახია ყაისმა...
მუხლის ძვლით გაავსეს თერთმეტი გოდორი...
და მოყოლებული მშვიდად ბეთლემიდან
ათასჯერ აიმღვრა ძმებო საწყალწრფელო
ერთი კალმახური ჩქერზე შეთლა მინდა
ლოცვავ, სულკალმახო ჩემო საქართველო...

                ***
                      “ მე ვარ მისანი ხარი წიქარა...”
                                 
პაპის ხანჯლებში გადამალულნო
ვერც ვიხორასნე...  ვერც ვიხირიმე...
მეც ხნულში ვდგევარ... ღმერთო... მამულო...
გუთნისდედურად თქვენი ჭირიმე...
სიტყვის სახნისი მიმაქვს ბელტებში-
-მაჯადახსნილი ლოცვა ქრისტესი...
სისხლის თქრიალი უასკეტესი
უღარიბესი და უმდიდრესი...
მე დავაჩოქე რითმის მუხლები
დავალოცვინე თქვენი ხატება...
სულში ყივიან შაბარდუხები
სინამდვილეა თუ მოლანდება...
გაყიდული ვარ ორპირ ბურუსში
წყევლას წააგავს ყველა ეს ლექსი
დღეს ჯვარზე ადის დაჭრილი ქუსლში
ჩემი სტრიქონი ვით აქილევსი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები