ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2013


ოზიმანდია

My name is Ozymandias, King of Kings:
Look on my works, ye mighty, and despair!'
Nothing beside remains
პერსი ბიში შელი

აღსდექით, აღსდექით ქვიშიდან თუ ჩემი
ხმა გესმით, ქალაქნო! ქალაქნო, გამოჩნდით!
უდაბნოს ქარებით მევსება ტუჩები,
თვალები, ფილტვები და ყველა ნაოჭი.
მლოღნიდა ძაღლივით, ჩასუნთქვას მიშლიდა,
ყელამდე მფარავდა ყვითელი მანტია,
ახლა კი დრო არის, აღსდექით ქვიშიდან,
მე მეფეთ-მეფე ვარ, მე, ოზიმანდია,
რომელმაც დაიპყრო ცეცხლით და ოქროთი,
რომელმაც სამყარო დააპატარავა,
აღსდექით ქალაქნო! ჯარებო, მოგროვდით
სულ ერთი წამით, რომ ვიცოდე-არა ვარ
უბრალო მუმიის დათვილი ასაკი,
ფურცელს რომ აყვითლებს კანივით და რაც ხდის
მეუფეს მეფობის თარიღად, ახლა კი
ცოდო ვარ, ცოდო ვარ, ქვიშასთან დავმარცხდი...
ეძებენ სახელთა ნამსხვრევებს, რაღად ღირს,
რაღად ღირს ასეთი დიდება, თუ ქარმა
ჩაყლაპა სიტყვები უაზრო ღაღადის,
ასე რომ მოჰგავდა უსუსურ მუქარას.
რომელ ცას ავძახო, ან რა მზეს შევჩივო,
როდესაც საკუთარ ჩრდილსაც კი ვერ ვხედავ,
მოვა, ვით სიკვდილი, ქარებით შეშლილი,
მომაგლეჯს სახეს და დამიგდებს ფეხებთან!
მე მეფეთ მეფე ვარ, ბზარებს და იარებს
მივსებენ ქარები, თვალები მიშრება.
აღსდექით,აღსდექით! გიჟივით ვღრიალებ,
სიჩუმე...
სიჩუმე...
ქვიშები...
ქვიშები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები