ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2013


* * *

* * *



ხეებმაც კი იციან ზამთრის
დღეებს
თუ როგორ უნდა გაუძლონ;
იცვენენ ფოთლებს.

მე არ აღმოვჩნდი პრაქტიკული ადამიანი.

ამ მარტოობის სიცივეში,
ჩაუმდგარ ქარში,
დავიტოვე გული და ვკვებავ
ძველი ცხოვრების მცირე ნარჩენით...

და, როგორც ზამთრის ხეები - მიწას,
მეც ისე, ჩემი შორი ფესვებით,
ვბღუჯავ სიყვარულს.



* * *


სადაც მითხრეს, -
რომ ერთი ნაბიჯით
დავაგვიანე,
სადაც მაჩვენეს ის ადგილი,
სუსტი მხრების და
გაშლილი თმის მკრთალი ჩრდილი რომ
მიირწეოდა, -
ყველგან დაგეძებ.



* * *


ერთხელ, როდესაც ვერაფერს დავწერ
სიყვარულზე,
დარდზე,
იმედზე, -
მკვდარი კი არ ვიქნები მაშინ;

მხოლოდ ჩემი ცივი ხელები
ვინმე ძვირფასი ადამიანის
ხელს იქნებიან ჩაჭიდებულნი

და მე, უბრალოდ,
ვიგრძნობ სიყვარულს,
დარდს გადასული დღეებისა
და იმის იმედს,
რომ აღარასდროს მომეცემა
ლექსების წერის
შესაძლებლობა.



* * *



ვჭრი ჩემს ცხოვრებას
და ყველას მხოლოდ
ნაფოტები - ლექსები უკვირს.

ერთიც არავინ ახედავს ამ
მუდამ ფოთლოვან,
მოშრიალე,
ცამდე ასულ ხეს

და წალდს ხელიდან
არ გამომართმევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები