ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2013


ქაძუმი იოშიდას გრძელი გზა

შორი მთის იქით
დაჭიმულ ცაზე უკრავს მედოლე
ღამით იწვიმებს

ღამით ქარი ამოვარდა და ფანჯარა ააზანზარა.
ქაძუმი სამჯერ ადგა ცოლის ძილის შესამოწმებლად. იურიკო მძიმედ სუნთქავდა, გმინავდა დროდადრო.
„ ხვალ რძეს ამოვიტან “
გაიფიქრა ქაძუმიმ. ხიდზე მატარებელმა გაიარა. ქაძუმიმ ფანჯრიდან დაინახა მოელვარე შუქი, რომელიც ტყემ შთანთქა.
სადგურის სინათლეზე ჩანდა, როგორ იწყებოდა წვიმა.
წვრილი წვეთები ქარის დაძალებით ასკდებოდნენ ფანჯარას.
კიდევ შეუტია ქარმა ქაძუმის სახლს.
იურიკომ გმინვა დაიწყო. ქმარი მიუახლოვდა. ეს გმინვა აშინებდა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ საერთოდ არაფრით შეეძლო შეჩერება.
–წყალი გინდა?
–არა.
ძალიან ჩუმად თქვა იურიკომ.
ეს ბოლო კვირა ღამ–ღამობით თითქმის ვერ იძინებდა ტკივილების გამო. ვერც ლოგინიდან დგებოდა.
ქაძუმის კი არაფრით შეეძლო შველა.
იურიკო მალევე დაწყნარდა. მოხუცი ქმარი დიდ ხანს იდგა მის საწოლთან. მერე კი თავისისკენ გაეშურა.
„ ხვალ, როგორც კი გათენდება, რძეს ამოვიტან “.
–როგორ ბრძანდებით , იოშიდა–სან?
ეს სადგურის მეთვალყურე იყო.
–ჯანმრთელად ვარ, ტანაკა–სან. თქვენ?
–მეც კარგად! ქალბატონი იოშიდა როგორ არის?
–ისიც ჯანმრთელადაა. აი, რძე მიმაქვს! ასწია ქაძუმიმ ჩანთა.
ტანაკამ თავი დაუქნია.
–კარგია!
–ტანაკა–სან! მატარებელი ხომ არ ჩანს, რომ გადავიდე?
–ჯერ რა დროსია!
უპასუხა მეთვალყურემ, მაგრამ ლიანდაგს მაინც გახედა. ქაძუმი აქეთა მხარეს გადმოვიდა და გზას გაჰყვა. ყოველთვის ეშინოდა სახლში დაბრუნების, როცა იურიკო ცუდად იყო. ეშინოდა, როცა ცოლს დიდხანს ეძინა. ხოლმე განზრახ ცდილობდა რამის დახმაურებას, ოდნავ მაინც რომ გამოძრავებულიყო. მაგრამ ავადმყოფობის დღეებში იურიკოს თითქმის მთელი დღე ეძინა. ქაძუმი კი აივანზე იჯდა ტორისთან ერთად. ტორი ტანაკას ჰყავდა სადგურზე. მერე კი ქაძუმის გაატანა. მოხუცს არასდროს ჰყოლია არც ცხოველი და არც ფრინველი, მაგრამ ახლა უამისოდ ვერ გაძლებდა. სახლში სრული სიჩუმე იქნებოდა, ბეღურა რომ არა.
„ აგე, ლურჯი მთა რომაა, ხომ ხედავ? “
უყვებოდა ქაძუმი ტორის.
„ მანდ ცხოვრობს კამი “
ქაძუმიმ ასე იცოდა. არავის უთქვამს ამის შესახებ. არც არასდროს გასჩენია აზრი, რომ ღმერთი ცაში იყო ან მზეში ან კიდე სადმე. ღმერთი ლურჯ მთაზე ცხოვრობდა. ბავშვობიდანვე დარწმუნებული იყო. როცა სახლზე ფიქრობდა, ეს მთა პირველი ახსენდებოდა. შეიძლება იმიტომ, მამამისიც, პაპამისიც და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი წინაპარი სწორედ ამ მთას უყურებდა მთელი ცხოვრების მანძილზე.
„ შარშანწინ კიოტოშიც კი ვიყავით ოჰანამიზე მე და იურიკო. ყველაზე კარგი წელი იყო . არც კი გაციებულა. “
ტორი არაფრით გამოირჩეოდა სხვა ბეღურებისგან . გალიაში დახტოდა და ნისკარტს უკაკუნებდა ძირს.
„ ძალიან ბევრი ალუბალი იყო და ხალხიც ბევრი “ აგრძელებდა ქაძუმი .“ მთელი კვირა ვიყავით, ასეთი სილამაზე ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. შენც არ გექნება ნანახი, ალბათ. მისმენ, ტორი–ჩან ?“.
შიგნიდან იურიკოს ხმა გაისმა. ქაძუმი შევიდა.
–რძე ამოვიტანე, სასარგებლოა, უნდა დალიო.
–წყალი მომაწოდე.
–კარგი, მაგრამ მერე რძეს დალევ.
ქაძუმიმ იურიკოს თავი აუწია ცოტათი და წყალი დაალევინა.
–არ მინდა რძე. თქვა ქალმა და ისევ ბალიშზე დაესვენა.
–არა, უნდა დალიო, უკეთ გახდები!
იურიკომ ამოიგმინა.
–მე ვთქვი, არ მინდა რძე!
ჭირვეულობას იწყებდა.
–ღამით უარესად გახდები!
–მაინც არ დავლევ.
ქაძუმის ტირილი მოუნდა. ალიონზე სოფლამდე ჩავიდა, რიგში იდგა, რძე ამოიტანა, იურიკო კი უარს ამბობდა.
-კარგი, საღამოთი დალევ.
–ფანჯარა გახსენი.
ქაძუმიმ შეაღო ცოტათი. ოთახში ნელ–ნელა გაზაფხულის სიგრილე შემოვიდა. ქაძუმი საწოლზე ჩამოჯდა. იურიკო მეტისმეტად დაიღალა ამ მოკლე საუბრისგან. შუბლზე და ცხვირზე ოფლის პატარა წინწკლები გამოუჩნდა. ქაძუმიმ სახე მოუწმინდა.
–კარგად გეძინა?
იურიკომ შეხედა. ქაძუმი მიხვდა. ბოლო დროს ქალი ყველაფერზე ღიზიანდებოდა. ღიზიანდებოდა, როცა ქმარი ოთახში შემოდიოდა, ღიზიანდებოდა, როცა არ შემოდიოდა, როცა რძე მოჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებით, როცა ზრუნვას ამჟღავნებდა.
ქაძუმიმ ბულიონი ჩაასხა ჯამში.
–დღეს ტანაკა–სან ვნახე.
–ვიცი.
–ხო. მოგიკითხა.
–მერე შენ რა უთხარი?
–უკეთაა–მეთქი.
იურიკომ გაიცინა, როგორც შეეძლო, მერე კი ხველება აუტყდა.
ქალი განსაკუთრებით ფერმკრთალი ჩანდა დღეს, თუ შუქი ადგებოდა ასე, ქაძუმი ვერ მიხვდა.
–აი, ბულიონი. გუშინ გავაკეთე.
ძნელად ყლაპავდა. ყოველი კოვზის მერე ისვენებდა და ყვითელ ჭერს უყურებდა.
–კარგია?
ქაძუმის არ სწყინდა, როცა ცოლი არ პასუხობდა. „ ცუდად არის და უჭირს ლაპარაკი “ ამბობდა გულში ქაძუმი, მაგრამ შესანიშნავად ესმოდა, რომ მთავარი მიზეზი სისუსტე არ იყო.
ძალიან ბევრს იხსენებდა. იჯდა აივანზე და იხსენებდა. ცდილობდა დაწვრილებით აღედგინა მათი საერთო ცხოვრების ყველა მომენტი. მაშინ კიდევ იურიკო მღეროდა. მღეროდა სიმღერას წითელ ჭრიჭინაზე და გამოსდიოდა ყველაზე ლამაზად. ეს უნივერსიტეტის თეატრში იყო, მაგრამ ქაძუმის რატომღაც ბაღი ახსოვდა. წითელი ჭრიჭინებით სავსე უნივერსიტეტის ბაღი. მაშინ ცხრამეტი წლის იყო და ცხოვრებაში მეორედ ჩავიდა კიოტოში. ბიძაშვილმა წაიყვანა წარმოდგენაზე და ბიძაშვილმავე გააცნო იურიკო. არავის შეეძლო წარმოდგენა, რომ იურიკოს, რომელსაც ყველა ერთხმად გეოლოგის ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდა, შეუყვარდებოდა თავისზე ორი წლით უმცროსი სოფლელი ქაძუმი.
ასე დაიწყეს ერთად ცხოვრება სახლში, მატარებლის სადგურის ახლოს. დილაობითა და ღამ–ღამობით კიოტოს მატარებელი გადიოდა ხოლმე. ლიანდაგის გასწვრივ ხეებიდან ჩიტებს აფრთხობდა და თხუთმეტი წუთით ჩერდებოდა. ხალხი ჩამოდიოდა მატარებლიდან, მერე კი სოფლისკენ მიდიოდა. ამ დროს იურიკო აივანზე გამოდიოდა, ან ფანჯრიდან უყურებდა, როგორ იწყებდა ლოკომოტივი ქშენას და მერე ნელ–ნელა ტყეში იკარგებოდა. ქაძუმის კი არ უყვარდა მატარებელი. ეს ზედმეტად წყნარი ადგილი იყო და, როგორც ამბობდა, ტანაკა–სან რომ არა, არავითარი სარგებელი ამ ხმაურისგან არ იქნებოდა. მხოლოდ ჩიტების დაშინება და მეტი არაფერი.
ქაძუმიმ წერაც კი დაქორწინების მერე ისწავლა და ისიც ბოლომდე ვერა. სამაგიეროდ, შესანიშნავად შეეძლო სხვა უამრავი საქმე. ხეზეც თლიდა და კალათებსაც წნავდა.
შვილები კი არ ჰყავდათ.
საღამოობით ისხდნენ ერთად და რადიოს უსმენდნენ. იურიკოს დენ მარტინი უყვარდა ძალიან, რომელსაც არც ისე ხშირად უშვებდნენ რადიოსადგურები. ეს სტუდენტობას ახსენებდა, ხმაურიან კიოტოს. ქაძუმის კი არ ჰქონდა საყვარელი სიმღერა, გარდა წითელი ჭრიჭინისა, რა თქმა უნდა.
ასე ცხოვრობდნენ.
საღამოთი ტანაკა ამოვიდა და ღვინო ამოუტანა. „ შვილიშვილმა გამომიგზავნა, ესპანური ღვინოა “ ამბობდა ტანაკა. „ ქალბატონი იოშიდასთვის სასარგებლო იქნება “ . ქაძუმიმ დიდი მადლობა გადაუხადა და შეიპატიჟა კიდეც, მაგრამ ტანაკას ეჩქარებოდა. ერთი ტორის მიუკაკუნა გალიაზე „ როგორ ხარ, ტორი–ჩან “ და წავიდა ისევ.
იურიკო კი ადრე პიანინოზეც უკრავდა. ქაძუმი ოცნებობდა პიანინოს ყიდვაზე. ფული არ ჰქონდა საკმარისი. გულს უკლავდა იმისი გააზრება, რომ იურიკომ ამ ყველაფერს მის გამო დაანება თავი. უფრო სწორად კი იმისი გაფიქრება, რომ იურიკო ნანობდა ამას, თუმცა არასოდეს უთქვამს.
–არა უშავს, აი ნახავ, ნახავ, ტორი–ჩან!
იურიკომ ისევ დაახველა. ქაძუმიმ შეიხედა. ეძინა.
აცივდა ცოტათი.
ქაძუმი გარეთ გამოვიდა. საოცრად წყნარი საღამო იყო. მხოლოდ ლურჯი მთიდან წამოსული ქარი დასრიალებდა სარეველაში. რაღაც უცნაური ფერი ჰქონდა საღამოს. ქაძუმი იდგა და აკვირდებოდა, როგორ გადადიოდა სილურჯე სიშავეში და სანამ მთა საბოლოოდ შთანთქა სიბნელემ, ქაძუმიმ ჩურჩულით თქვა:
„ კამი–სამა...
უშველე ჩემს ცოლს “.
ეს იყო მისი პირველი ლოცვა.

ნათურის შუქზე
ჩემს მაგიდაზე ახტა კალია
ღამის სტუმარი

იურიკომ შუა დღისით გაიღვიძა. ღამით კარგად ეძინა, ერთხელაც არ შეუწუხებია ტკივილებს. ქაძუმი არ ჩანდა. ეს პირველად ხდებოდა. თუ სოფელში ჩადიოდა, აუცილებლად შუადღემდე ბრუნდებოდა, ახლა კი არ ჩანდა. ეზოშიც არ ისმოდა ხმა. მხოლოდ ტორი ფორიაქობდა გალიაში და მაშინ იურიკოს შეეშინდა. შეეშინდა, რომ ქმარს ყელში ამოუვიდა მისი ჭირვეულობა, უჟმურობა ან სულაც, ავადმყოფობა და წავიდა. ქალი ცოტათი წამოიწია საწოლიდან, იდაყვებს დაეყრდნო და გაიხედა.
იურიკოს გულში იმ ეჭვმა დაისადგურა, რომელიც აღელვებულ ადამიანში ყველაზე ცუდ ფიქრებს აღვიძებს. წარმოიდგინა, როგორ გავიდა ქაძუმი ეზოდან. გავიდა და ჭიშკარიც არ მიხურა. მაშინ იურიკოს შეეცოდა ქმარი. არა იმის გამო, რომ მუხლჩაუხრელად უვლიდა, არა იმის გამო, რომ თვითონ ცივად პასუხობდა. უბრალოდ, წარმოიდგინა ქმრის ჩამოძენძილი სახე, ლოყები, ქუთუთოები და შეეცოდა. ფანჯრიდან ეზო კარგად არ ჩანდა. ქალს შუბლი ასტკივდა და ისევ დაწვა.
კარის ხმა გაისმა. ქაძუმი შემოვიდა.
-გაიღვიძე უკვე ხო? იღიმებოდა კაცი.
და იურიკომაც გაიღიმა. პირველად ამდენი დღის მანძილზე.
-სად იყავი?
ქაძუმიმ საათს ახედა, არაფერი თქვა. ფანჯარასთან მივიდა, რადიო ჩართო და მიმღები დაატრიალა. რადიო ერთი სიხშირიდან მეორეზე დახტოდა, ბოლოს რაღაც დაიჭირა და გაჩერდა. ქაძუმი იურიკოს საწოლზე ჩამოჯდა. მალე სიმღერა მორჩა და სანამ მეორე დაიწყებოდა, ქაძუმიმ კიდევ ერთხელ ახედა საათს. უცებ საოცრად ნაცნობი მელოდია გაისმა. ამ წამს იურიკოს გულში რაღაც გამოძრავდა. რაღაც შორეული და უზომოდ ნოსტალგიური.
“ Everybody loves somebody sometimes…”
დენ მარტინი. უზრუნველი, როგორც შუქით განათებული ნიუ-იორკის ქუჩები, რომლებზეც იურიკო ახალგაზრდობაში ოცნებობდა.
"Everybody finds somebody someway…”
წვეთი აკლდა აქვითინებამდე. რაღაც უსაზღვრო სევდა უღადრავდა გულს, სევდა თავისი სიცოცხლის შესახებ.
იურიკომ ქმარს შეხედა. სახე განათებული ჰქონდა.
–რა კარგი ამინდია დღეს.
–კი, ასეა. დაეთანხმა ქაძუმი.
ამინდი მართლაც მზიანი იყო და დენ მარტინი მღეროდა. ტორიც დახტოდა და ყველაფერი იყო კარგად.
–მომავალ წელს კინკაკუჯიში წავალთ. შარშანწინ ვერ მოვასწარით, გაისად კი წავალთ. გახსოვს, შარშანწინ კიოტოში რომ ვიყავით?
–კი. საიჰოჯიშიც ვერ მოვასწარით.
–საიჰოჯიშიც წავალთ. ასე იქნება, წავალთ.
–ტორი?
–ტორის ტანაკა–სანს დავუტოვებთ. ან სულაც, წავიყვანთ. რა გვენაღვლება, წავიყვანთ.
მზე იყო. ქაძუმი და იურიკო სადგურზე იდგნენ ჩემოდნებით ხელში. ბატონმა ტანაკამ შუქი აანთო და კიოტოს მატარებელმაც ქშენა დაიწყო. ქაძუმის ტორი ჰყავდა გალიაში, დახტოდა და ძირს ნისკარტს უკაკუნებდა.
–იოშიდა–სან , მატარებელი ხუთ წუთში გავა! დაიყვირა ტანაკამ.
–ტანაკა–სან, ეს მატარებელი საიჰოჯიში ჩავა? შესძახა იურიკომ.
– ასეა ქალბატონო იოშიდა! ჯერ საიჰოჯიში ჩადის, მერე კი პირდაპირ კინკაკუჯიში!
– დიდი მადლობა ტანაკა სან!
მატარებლის ხმაურის გამო არაფერი ისმოდა, მაგრამ ტანაკამ გაიგო მაინც. ტყე არ ჩანდა. რელსების გასწვრივ მხოლოდ ვარდისფერი საკურა იყო ჩამწკრივებული კიოტომდე.
–ხომ გეუბნებოდი!
ამბობდა ქაძუმი. სადღაც შორს დენ მარტინი მღეროდა, მაგრამ იურიკოს კარგად ესმოდა.
„ ალბათ ქაძუმიმ მემანქანეს სთხოვა...“
კუპეში ქარი საკურას ყვავილებს ყრიდა და იურიკოს მოეჩვენა, თითქოს არავითარი მატარებელი არც არსებობდა და ისინი თვითონ მიფრინავდნენ რელსებზე ცოტათი ზემოთ.
„ მალე კიოტოში ვიქნებით “

ყოველთვის, როცა
ცვარი სწყდება ბალახის ღეროს,
ვიღაცა კვდება.

აღმოსავლეთიდან შავი ღრუბლები წამოვიდნენ.
ლურჯი მთა ჯერ აშრიალდა, ფოთლებმა ტკაცუნი დაიწყეს. წვიმა იწყებოდა ნელ–ნელა, მერე კი ერთბაშად წამოვიდა. ქარმა ქაძუმის სახლს ჩაუქროლა, ნათურა აათამაშა და სადგურისკენ გაეშურა. ქაძუმი საწოლიდან წამოიწია. იურიკო ახველებდა. ახველებდა მთელი ძალით და შეუჩერებლად. ხელებით თეთრეულს ეჭიდებოდა და კანკალებდა ტკივილისგან. ქაძუმი ახტა, წყალი მოარბენინა, მაგრამ საწოლის წინ დაეღვარა.
–იურიკო!
ქალს არ ესმოდა არაფერი. ყმუოდა, იგუდებოდა და ძნელად თუ ადამიანური ტირილიც აღმოხდებოდა. პირველად იყო ასე. აი უკვე რამდენიმე კვირის მანძილზე თავის აწევის ძალაც არ ჰქონდა, ახლა კი საოცარი ძალით იგრიხებოდა.
–იურიკო, გაჩერდი!
ყვიროდა ქაძუმი. ვერაფრით აკავებდა და ხელები დაუჭირა ცოლს, იურიკო კი მაინც არ ჩერდებოდა.
–გაჩერდი!
ტირილი დაიწყო კაცმა. ქალს არაფერი ესმოდა, უგონოდ იყო. მერე კი უცებ დაეგდო საწოლზე. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ქაძუმი ასე შეშინებული არასოდეს ყოფილა. უყვიროდა , ანჯღრევდა. ქალის სახეზე საშინელი გამომეტყველება აისახა. დააღო პირი და ხაოდა.
მერე კი თავიდან დაეწყო კრუნჩხვები. ქაძუმი სახეზე აფარებდა ხელებს, თვითონაც პანიკა ეწყებოდა.
–იურიკო!
მთელი სხეული უცახცახებდა ქალს. ქაძუმიც ცახცახებდა. არაფერი მოსდიოდა თავში, უბრალოდ ტიროდა პირდაღებული და ცოლის სახე ეჭირა.
წვიმდა კოკისპირულად, სახურავს ასკდებოდა.
და წამით ქაძუმის თვალთ დაუბნელდა. უეცრად სიმშვიდე იგრძნო. საშინელი სიმშვიდე.
მერე კი მთელი შიგნეული ასტკივდა. სახეზე ჩამოუცურა ცოლს ხელები და ყელში მოუჭირა. იურიკოს თვალები გაუდიდდა . ქმარს ველური მზერით უყურებდა, ქაძუმი კი სულ უფრო უჭერდა თითებს. ქალი ბიძგებით ცდილობდა ჰაერის ჩასუნთქვას, ხელები ჩაავლო ქაძუმის ხელებს, მაგრამ მალევე ნელ–ნელა დაუშვა საწოლზე და როდესაც საბოლოოდ მოულბა სხეული, მხოლოდ მაშინ მოაშორა კაცმა ხელები.
***
ტირიფი ტბაში
ხედავს საკუთარ ორეულს.
ვინ დააშორებს მათ?

წვიმა არ შეჩერებულა. ასეთი ძლიერი თქეში დიდი ხანია არ ყოფილა. ტალღებად ეხეთქებოდა.
ქაძუმი ცოლის საწოლის კიდეზე იჯდა და გაშტერებული უყურებდა იატაკს. საერთოდ არაფერს გრძნობდა. ასე იჯდა გათენებამდე.
ალიონთან ერთად წვიმა შეწყდა. ახლა მხოლოდ ხეებიდანღა წვეთავდა.
ტანაკა სადგურზე მივიდა. რამდენიმე საათში მატარებელს უნდა გამოეარა. ყოველთვის უფრო ადრე მიდიოდა, ჩაის ადუღებდა და შვილის მიერ ქალაქიდან ჩამოტანილ გაზეთებს კითხულობდა. გარდა ამისა, მაგიდის უჯრაში საკე ჰქონდა ყოველთვის. სახლში ვერ აჩერებდა, ცოლს რომ ეპოვა, საშინელ ქოქოლას დააყრიდა.
გზაზე სილუეტი გამოჩნდა. ქაძუმი იყო, ურიკა მიჰქონდა.
„ სად მიდის ნეტა? “ გაიფიქრა ტანაკამ.
ქაძუმი გზიდან სველ ბალახებში გადავიდა. ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ ლურჯი მთა უკვე იბრუნებდა სილურჯეს. ურიკაზე ქალის სხეული იდო.
ახლა ქაძუმის გონება ბურუსში იყო ჩაძირული. მხოლოდ ბალახებს ხედავდა, მიდიოდა და უცებ:
„ საიჰოჯი “
და რაღაც საშინელი იმედგაცრუება დაეუფლა, ისეთი საშინელი, რომ მუცელი აეწვა.
ურიკა დაბლა დატოვა.
იურიკოს სხეული საოცრად მსუბუქი იყო, თუმცა ქაძუმი არც არაფერს გრძნობდა. ტყე ჩუმად იყო. ფოთლები ბრწყინავდნენ. მზე ამოდიოდა და მწვერვალიც ახლოვდებოდა და როდესაც შორიდან მატარებლის კივილი გაისმა, ქაძუმიმ გვამი ლოდის წინ დადო, მერე კი ახედა და ძალიან ჩუმად თქვა.
„ კამი–სამა, მიიღე ჩემი ცოლი “
ეს იყო ქაძუმის ბოლო ლოცვა.
***
ტანაკა რელსებს ამოწმებდა. საღამოვდებოდა უკვე.
„ ნეტა ქალბატონი იოშიდა როგორ არის “
დღეს სადგურზე უნდა დარჩენილიყო. ამინდების გამო მატარებლის განრიგი შეცვალეს და ახლა უფრო ადრე უნდა გამოეარა. ძალიან არ უყვარდა ეს დღე, მაგრამ სახლშიც ეზარებოდა მისვლა, ცოლს ეჩხუბა დილით.
„ ავაკითხავ, როგორც კი ამას დავამთავრებ, ან თუ კიდევ არ გადმოწიეს განრიგი “.
–ტანაკა–სან! გაიგო ხმა.
ტანაკა შემოტრიალდა. რელსების იქით ქაძუმი იდგა, ხელში კი გალია ეჭირა.
–იოშიდა სან, ახლა ვფიქრობდი ზუსტად თქვენზე!
გაიცინა ტანაკამ.
–ტანაკა–სან, მატარებელი ხომ არ ჩანს, რომ გადავიდე?
ქაძუმი რელსებს მიშტერებოდა. ტორი გალიაში დახტოდა.
–მოხდა რამე, იოშიდა–სან?
ტანაკამ ფარანი აწია.
ქაძუმიმ ახედა. სრულიად უაზრო მზერა ჰქონდა. მერე კი შეტრიალდა და რელსების გასწვრივ იმ მხარეს წავიდა, საიდანაც კიოტოს მატარებელი უნდა მოსულიყო. ნელ–ნელა ტყის სიბნელეში დაიკარგა მოხუცის სილუეტი. ხეებს ქარმა გადაუარა.
–იოშიდა სან!
იყვირა ტანაკამ სიბნელეში და პასუხი არ მიიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები