ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პროზა
25 მარტი, 2013


ვალიკოს პარალელური რეალობა

                             
რომ არა გაჭირვება, სოფელში გაქცევას არავის ანახებდა. დარჩებოდა დედაქალაქში, იხეტიალებდა დილიდან საღამომდე ქუჩებში, თვალსაც დაალევინებდა წყალს და წარმოსახვასაც, თავის გამოგონილ სამყაროში ბედნიერად იცხოვრებდა, მაგრამ მუხთალია წუთისოფელი, – ღმერთმა გულიანად გადაიხარხარა ვალიკოს საათივით აწყობილ გეგმებზე და მშობლიური სოფლისკენ კუდი ამოაძუებინა.
მოსვენება აღარ ჰქონდა საწყალ კაცს, დილიდან საღამომდე ხან ძროხების ბღავილი ურღვევდა სულიერ სიმშვიდეს, ხან კი – ცოლის. გოჭების და მეზობლის ბავშვების ჭყვიტინზე ხომ ნუღარ იტყვით, თავის ქალა ეხდებოდა და მხოლოდ მაშინ ეხურებოდა, ტყისკენ რომ გაირეკავდა საქონელს და სადმე ხის ქვეშ რომ ჩამოჯდებოდა. აქ კი იცოცხლეთ, ისე ფეხმორთხმით იცოდა დაბრძანება, შორიდან რომ შეგეხედათ, ინდური ღმერთი ან ძლევამოსილი  ხელმწიფე გეგონებოდათ. სკიპტრა და გვირგვინი არ ამშვენებდა, არც სამეფო მოსასხამი უფარავდა ნაკერებდადებულ, გახუნებულ პერანგს, თორემ აღარაფერი უკლდა მეფობამდე.
სამფლობელო კი ისეთი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდა კაცი: მთელი თვალსაწიერი, ერთი ბოლოდან მეორემდე, მწვანედ ღაღანებდა, სამეფო კარის მუსიკოსების მაგიერ საძოვარზე გამოსული საქონლის ხმაშეწყობილი ბღავილი ისმოდა და ლანგრებზე დახვავებული, სხვადასხვა ნუგბარით ხელდამშვენებული მხევლების ნაცვლად მაყვლის ან  ასკილის საკრეფად ტყეში წამოსული სოფლის დედაკაცები თუ ჩაუვლიდნენ კალათებით. ისინიც სალამს მიუგდებდნენ, რაღაცას ჩაიბუზღუნებდნენ და თუ დაინახავდნენ, რომ მათმა უმნიშვნელო არსებობამ არც კი მიიქცია ვალიკოს მაღალი ყურადღება, ქოქოლას მიაყრიდნენ, გულიანად მიაწყევლიდნენ და ნაბიჯის აჩქარებით გაეცლებოდნენ ხოლმე.
მაგრამ ვინ დააცდიდა სამეფოს მართვას, მზეთუნახავზე დაქორწინებას და ოქროსქოჩრიანი უფლისწულის გაკეთებას, – გავასქელი ზინა, ამქვეყნიური სამეფოს დედოფალი და მთელი უბნის წიოკით ამკლები მისი ძვირფასი მეუღლე ტყისკენ მომავალი რომელიმე მწყემსის ან ბატების საძებნელად წამოსული პატარა ბიჭის პირით შემოუთვლიდა, სახლში დროზე მოეთრიოს, მანდ არ მომიყვანოს, თორემ ვაი მისი ბრალიო; მაინც მაგისი გასათოხნია ყანა, ვერ ეღირსება, ეგეც მე გავაკეთო, ისეც მთელი ჯალაბობა ჩემ კისერზე ჰკიდიაო; ის დღე დაიწვას, მაგას რომ გამაყოლეს, მამაჩემს მუთაქები ლენინის თავებით ჰქონდა სავსეო.
სამეფო შიკრიკები შორიდანვე დიდი სიამოვნებით და კრეჭა–ღმეჭით მოახსენებდნენ ვალიკოს დედოფლის შემონათვალს, ერთი სიტყვა არ გამორჩებოდათ და ვიდრე მისი უდიდებულესობის რისხვას დაიმსახურებდნენ, კუდამოძუებული გარბოდნენ საპირისპირო მიმართულებით; – ხუმრობა ხომ არაა, ხელმწიფისთვის იმის თქმა, მტერი ემზადება შენ გამოგონილ სამეფოზე თავდასასხმელად და ოჯახის საქმეებში ჩათრევას ისევ ტრაკის წამოწევა და ნებით ჩარევა გირჩევნიაო.
ვალიკო იძულებული გამოერკვოდა თავისი მეფური ზმანებებიდან, უკვე შორს გაქცეულ დესპანს გულში შეუკურთხებდა შემაძრწუნებელი ამბის მოტანისთვის და უხალისოდ წალასლასდებოდა შინისკენ, თითქოს საკუთარ ოჯახში კი არა, გილიოტინაზე მიდიოდა თავისი ფეხით.
კეთილი იყო ვალიკო, უზომოდ კეთილი. ამ სიკეთემ დამართა, ასეთ დღეში რომ იყო.  მისი ზინა ყოველ შარაზე შემხვედრთან  გულს რომ იცლიდა, ასეთი და ისეთი ოჯახიშვილი ვარ, ამდენი ჰქონდა მამაჩემს და სახლი კი არა, სასახლე ედგაო; ისეთი გოგო ვიყავი, სოფლის ყველა ბიჭს ვუყვარდიო, – ტყუილია ეს ამბავი, არ დაიჯეროთ. ერთი ჩვეულებრივი კიკინებიანი და ეზოში ფეხშიშველა მორბენალი გოგო იყო. არც დიდი სიმდიდრე არ გააჩნდა მამამის თეიმურაზს და მზითევსაც თითქმის ვერ გამოატანდა. ამის გამო იყო, რომ როცა ზინას გათხოვების ასაკი მოუვიდა, საფიქრალში ჩავარდა კაცი და თითქოს–და ღმერთმა გამოუგზავნაო, მეზობელი სოფლიდან ქალიშვილის ხელის სათხოვრად მისულ ვალიკოს აწ უკვე ცხონებულ მშობლებს, გიორგისა და ნაზიკოს თავისი ზინა ეზოში დაახვედრა, კაკლის ქვეშ მჯდარი და ხელსაქმით დაკავებული. თან იმდენი აქო და ადიდა ქალიშვილი, სტუმრები გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ ენაგაკრეფილ მასპინძელს, თავმოყვარეობა რომ დავიწყებოდა და ასე მონდომებით ცდილობდა მოეშორებინა თავიდან საყვარელი ასული. 
თავის მხრივ გიორგისა და ნაზიკოსაც თავიანთი გაჭირვებოდათ, – უკვე მთელი სოფლის საჭორაო იყო გამხდარი მათი ვაჟიშვილისა და ფრიად საეჭვო რეპუტაციის მქონე, ქალაქში გაზრდილი მარინას ხშირ–ხშირი შეხვედრები. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, ასე რომ მოფერიანდა ეს გაჩხიკული გოგო, იქნება და რამდენიმე თვეში წეროც დაფრინდეს მაგათ ეზოშიო.
მოკლედ ვალიკოს სიკეთემ დამართა ყველაფერი: ჯერ იყო და მარინას მოწერილ სასიყვარულო წერილს უარით ვერ უპასუხა, გული როგორ ვატკინოო და მერე კიდევ, როცა მისი რომანი ასე ძალიან გახმაურდა და მშობლებმა დაჟინებით მოსთხოვეს დაოჯახება წესიერ გოგოზე, ხათრი ვეღარ გაუტეხა, დიდი ყოყმანის და ნერვიულობის მერე დათანხმდა.
სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ვალიკოს მშობლების და ნათესავების მოლოდინი გამართლდა. დიდი ხელმარჯვე და მონდომებული პატარძალი გამოდგა ზინა. პირველ ხანებში მაზლის ცოლი ვერ დაასწრებდა მარდად წამოხტომას და მამამთილისთვის დოქით წყლის მირბენინებას,  კეცზე ცხელი ხაჭაპურების დაკვრას და სტუმრის ღირსეულად დახვედრა–გასტუმრებას, სარეცხის წყაროზე გასავლებად წაღებას თუ პატარა მაზლიშვილების ტაშტში გულიანად გასაპნვა–გახეხვას. ყველგან ზინა იყო, ყველაფერს ზინა აკეთებდა,  აქეთ ზინა, იქით ზინა, დაღლა არ იცოდა და დასასვენებლად ბუხართან სამფეხაზე ჩამოჯდომა ზინამ. მამამთილის მოზომილ შექებაზე ხომ საერთოდ წითლდებოდა და გვერდით ოთახში გარბოდა დარცხვენილი.
ოღონდ ეს მხოლოდ პირველ ხანობას ხდებოდა ასე. ერთ მშვენიერ ღამეს როდესაც აღმოაჩინა, რომ განსაზღვრულ დროს ქმრისთვის ცოლობის გაწევა შეეძლო, უარის თქმა არ უწევდა რიგი მიზეზების გამო, გულმა რეჩხი უყო და  ადრიან დილით დიდი მორიდებით  მიადგა სოფლის იმედსა და ძეობის პირველ მახარობელ, ამ საქმეში ჭიპმოჭრილსა და გამოცდილ ჭიპის მომჭრელ თეკლეს.
ოთახიდან რომ გამოვიდნენ და მომლოდინე თვალებით შემხედვარე ზინას რომ შეხედა, თეკლე–ქალმა გულიანად გადაიხარხარა და შენ კი ჩაქრი, ეგ რა თვალებით მიყურებ, კიდევ ერთი–ორი თვე მოიცადე და გამოჩნდება, გულთმისანი კი არა ვარო, – მიუგო.
ერთი–ორი თვეც გავიდა. ზინამ თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა, საყვარელი ვარდის ბუჩქები რომ გააკაფინა ვალიკოს, მაგათ სუნზე გულს მაზიდებსო, მერე დაიწყო, რაც დაიწყო. თითქოს ცხვრის ტყავში იყოო გახვეული, მგელმა ხახა გამოაჩინა: ჯერ მაზლსა და მაზლისცოლს გადაწვდა, უმცროსი შვილი შენა ხარ და აქ რას წამომსხდომიან, ქვეყანა დიდია და თავიანთი გზა მონახონო, მხარ–თეძოზე უყვართ მარტო კოტრიალი, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელიაო; – წარამარა ქმარს უკიჟინებდა მთელი ოჯახის გასაგონად. 
მაზლსა და მაზლისცოლზე რომ მოამთავრებდა ჩივილს, დედამთილ–მამამთილს მიადგებოდა ზინა. დედაშენი კარტოფილის გათლაშიც კი არ მეხმარება, მამაშენი კიდევ ტალახიანი ფეხებით ბოსლიდან პირდაპირ სახლში შემოდისო. ამხელა მუცლით მაგათ შვილიშვილს დავატარებ და იოტისოდენა პატივსაც კი არა მცემენო. ღმერთო, რა დავაშავე, ამ გაღლეტილების ოჯახში რომ გამამწესე შენ სამსახურად, ამათ მარტო  მოჯამაგირედ და მსახურად ვუნდივარო. – ჭერს ხდიდა თავიანთ საძინებელ ოთახს ზინა და თავზე ბალიშმიფარებულ ქმარს გემრიელ მუჯლუგუნს უთავაზებდა ხოლმე.
რა ექნათ საწყალ გიორგისა და ნაზიკოს, იქით გაგულისებულ შვილსა და რძალს ამშვიდებდნენ, აქეთ კიდევ – ერთმანეთს, მუცლადაა, ჭირვეულობს და გაუვლისო. დუმილითა და იობის მოთმინებით იტანდნენ რძლის სხეულში ჩაბუდებული ეშმაკის დაცხრომას და იმავე სხეულში ჩასახლებული ნანატრი მემკვიდრის დაბადებას. იქნებ–და რამე შეიცვალოს, დაწყნარდეს, დაჭკვიანდეს და ყურადღებას რომ ბავშვზე გადაიტანს, ჩვენკენ გული მოიბრუნოსო. 
მაგრამ გაჩნდა თუ არა გვარისა და ჯიშ–ჯილაგის გამგრძელებელი, ბაბუის სეხნია პატარა გიორგი, ჩვილის ხმის გაგონებასთან ერთად რძალმა კიდევ უფრო მეტად აიმაღლა ხმა და ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა ოჯახში.
ამის გამო იყო და კიდევ იმის გამოც, ვალიკოს რომ თავისი მეფური სიზმრების თუ ოცნებების ხმამაღლა მოყოლა რომ უყვარდა მეზობლებთან ქალაქიდან დაბრუნებულს, სოფელმა მეფე და დედოფალი შეარქვა ახალგაზრდა ცოლ–ქმარს.
ვალიკოს მშობლებმა, სიბერეში მაინც ხომ დავიმსახურეთ სიმშვიდე და სიტკბოო, ბოლო დღეებსაც ხომ არ ჩავამწარებინებთ ამ აფთარსაო და ერთ მშვენიერ და მზით გაჩახჩახებულ დღეს, მთელი სოფელი რომ ურაკპარაკზე შეყრილიყო და ძვლებს მნათობს აფიცხებდა, ვალიკოს პატარა ოჯახი ქუჩაში გამორეკეს, ერთ დიდ ბოხჩაში გამოკრული მთელი მათი ავლა–დიდება გადმოუგდეს და კარები მოუჯახუნეს.
ასე დაადგა ჩვენი მეფე–დედოფალი თავიანთი აღნავლებული უფლისწულითა და მცირე ბარგით დედაქალაქისკენ მიმავალ გზას. ფეხები უკან რჩებოდათ და ნაბიჯი ერეოდათ. ზინაც რაღაც გაურკვევობაში იყო და მისი დუმილის უჩვეულო ტონალობას ხომ სახლტად დაეტოვებინა ამ სურათის შემყურე ხალხი. თავდახრილებსა და შერცხვენილებს ხმაგაკმენდილი და სუნთქვაშეკრული მთელი სოფელი მიაცილებდა მზერით. მხოლოდ მარინას დასთამაშებდა სახეზე იქედნური ღიმილი, – დიდი შურისძიებისთვის ხელს აღარაფერი უშლიდა და მონდომებით არწევდა უკვე საკმაოდ წამოჩიტულ ბავშვს კალთაში. წინ ბუნდოვანი მომავალი იყო.
მაგრამ ზინა რის ზინა იყო, სულით რომ დაცემულიყო და ფარ–ხმალი დაეყარა. ქალაქშიც გამოიჩინა მისთვის ჩვეული მარიფათი და ჯერ კიდევ ქორწილში ნათესავების ნაჩუქარი ფულით, რომელიც ამდენი დროის განმავლობაში საგულდაგულოდ გადანახული ჰქონდა, ნახევრად სარდაფში მდებარე ბინა იქირავა ერთი ქვაწვია ქვრივისაგან, თუმცა ბინაც არ ეთქმოდა, ბნელი და ნესტიანი ოთახი იყო, ორი სკამით, მაგიდით, ორი საწოლითა და კედელზე ოდნავ დახრილად დაკიდებული გაბზარული სარკით.
ორი დღე მოანდომა ზინამ იატაკში ჩამჯდარი ლაქების მოხეხვას, ფანჯრების პერანგის ნაფლეთით მოპრიალებას, მტვრის სქელი ფენის მოსპობას და მთელი  ამ დღეებში დაგროვილი შხამის ზღაპრული დრაკონივით ქმარზე ამოფრქვევას.
ზღაპარსა და დრაკონზე გამახსენდა, სწორედ ამ პერიოდში მიეძალა ჩვენი ვალიკო ზღაპრების კითხვას. დიასახლისისგან, რომელიც ზინას ყოველ წამოკივლებაზე უარესად იწყებდა კივილს, ერთხელ თავისი გიორგის მისაძინებლად ზღაპრების წიგნი ითხოვა, როცა ცოლი სამსახურის საძებნელად გაიგულა.
,,ჭინჭრაქათი“ დაიწყეს, მერე ,,წიქარა“ მიაყოლეს, ,,ხუთკუნჭულა,“ ,,ასფურცელა.“ კითხულობდა ვალიკო მარცვალ–მარცვალ სკოლიდან როგორღაც დამახსოვრებულ ასოებს და უჩვეულოდ ლამაზ სამყაროში იძირებოდა. ვერც კი შეამჩნია, გიორგის როდის ჩაეძინა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, ზინა რომ წამოადგა თავზე და ერთი გემოზე დასჭყივლა, ადე, შე მიწადასაყრელო, აეთრიე, მე სამსახურს ვეძებ და შენ კიდევ მახათს იყრიო, იქაო.
ის დღე იყო და ის დღე. როგორც კი ცოლს სამსახურში გაიგულებდა, შემოისვამდა პატარა გიორგის გვერდზე და ზღაპრების წიგნს გადაშლიდა ხოლმე. კაციშვილი ვერ გაარკვევდა, ბავშვს უკითხავდა თუ თავს ირთობდა. სუნთქვა უხშირდებოდა, როცა რომელიმე უფლისწული მზეთუნახავს თვალს მოკრავდა; მოლოდინის განცდა უმძაფრდებოდა და უფრო გულმოდგინედ აგრძელებდა კითხვას, მაგრამ როგორც კი უფლისწული ან მისი რჩეული განსაცდელში ვარდებოდა, ხმა ეცვლებოდა, ნერვიული და მთრთოლვარე უხდებოდა. ხანდახან კითხვის პროცესში ისე შეყვირებდა ხოლმე, რომ ზღაპრის ახლად მოსმენადაწყებულზე ჩაძინებულ ბავშვს შეახტუნებდა და გიორგიც, პირს დააღებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰკიოდა. მაშინ კი საბოლოოდ ფხიზლდებოდა ვალიკო, გამოდიოდა ამ უჩვეულო სამყაროდან და შვილის მოფერება–დამშვიდებას უნდებოდა.
ყველაზე სასიამოვნოდ მოსასმენი მაშინ იყო მისი წაკითხული ზღაპრები, როცა ბოლო აბზაცებს მიადგებოდა. ბედნიერი დასასრული მის ხმას უჩვეულო ჟღერადობას სძენდა, თავის კანტურითა და თითქოს წამღერება–წაღიღინებით ამბობდა ,,ჭირი იქა, ლხინი აქას“.
ქალაქში ცხოვრების მთელი თოთხმეტი წლის მანძლზე, შეშის გამოზოგვით ანთებისგან დატრიალებულ სიცივეზე, ხშირ შემთხვევაში შიმშილზე, ცოლისა თუ ოთახის პატრონის მიერ მოწყობილ სცენებზე, ამდენი დამცირებისა თუ შეურაცხყოფის ატანაზე მეტად ვალიკოს ზღაპრებიდან მიწაზე დაბრუნება უჭირდა. როგორც კი საბოლოოდ გამოფხიზლდებოდა, თვალს გაუსწორებდა თავის არამეფურ, უფრო მეტიც, – მათხოვრულ ყოფას, მზერას მოავლებდა ჩამოხეულშპალერიან, ბნელ ოთახს, ძალიან ითრგუნებოდა და ლოგინზე მიყუჟული უფრო და უფრო პატარავდებოდა, მუხლებში ჩარგავდა თავს და საათობით გაშეშებული საწოლის გადასაფარებელზე გამოსახულ ერთმანეთის გადამკვეთ ფერად ხაზებს აშტერდებოდა, როგორც პატიმარი ციხის გისოსებს.
ზინა კი დილიდან საღამომდე წელებზე ფეხს იდგამდა, თონეში იყო ჩაყუდებული და პურს აცხობდა. ცოტას ნამდვილად არ უხდიდნენ, მაგრამ ცალკე ოთახის ქირა, ცალკე სურსათ–სანოვაგე, ოჯახის სხვადასხვა ხარჯი და უკან აღარაფერი რჩებოდა ერთი შეხედვით. ოღონდ ეს მხოლოდ  თვალის ერთი შევლებით, თორემ ზინა კისერზე დაკიდებულ ქისაში მონდომებით აგროვებდა წითელ თუმნიანებს. ძალიან მოკრძალებულ ვახშამს მიუსხდებოდნენ ხოლმე საღამოობით და მაშინაც უქნარა ქმრისთვის ლუკმის დაყვედრებას და ყბების ენერგიულად ქნევას ერთმანეთს უთავსებდა დედა–დიასახლისი.
განა ვალიკოს არ უნდოდა მუშაობა, ყელში ჰქონდა ამოსული ცოლის გაუთავებელი საყვედურები, მაგრამ ხელი არ ემართებოდა რატომღაც. როგორც კი ვინმეს მიადგებოდა ვედრებით სავსე თვალებით, კითხვაზე, რა იცი, რა გეხერხებაო, მხრებს რომ აიჩეჩავდა, მაშინვე ხელმოცარულს უკან აბრუნებდნენ. მხოლოდ ერთხელ, ზინას ხვეწნა–მუდარით საკოლმეურნეო ბაზრის გუშაგად დანიშნეს, მაგრამ სამუშაოს დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, გამთენიისას, მძინარეს თავს რომ წამოადგა შესამოწმებლად მოსული ბაზრის დირექტორი, ბევრი არც აციეს, არც აცხელეს და სახლში გაისტუმრეს. ცოლმა შავი დღე აყარა, სულ უქნარა და მუქთახორა უძახა, მაგრამ, მეორეს მხრივ, როდესაც გაიაზრა, რომ ბავშვი მის დაბრუნებამდე უპატრონოდ არ იქნებოდა, ბედსაც შეეგუა და მის კმაყოფაზე მყოფ ქმარსაც.
გიორგი რომ სკოლაში მიიყვანეს, არც მერე შეუწყვეტია კითხვა ვალიკოს. უცხოური ზღაპრების რამდენიმე კრებულიც გადაიკითხა. ახლა უფრო ფრთაგაშლილი ნავარდობდა თავის გამოგონილ სამყაროში, ხელს არავინ უშლიდა კითხვასა და ოცნებაში, ოღონდ ეგ იყო, უფრო და უფრო უჭირდა უკან გამოღწევა. წიგნებში რომ შეიკეტავდა კარს, გამოსაბრუნებლად უკვე ლაბირინთების გამოვლა ჭირდებოდა, ლაბირინთის გამოსასვლელში კი სამუშაოდან დაბრუნებული დაღლილ–დაქანცული და გამწარებული ზინა აესვეტებოდა მინოტავრის სახით.
მინოტავრი მითოლოგიის ყდამოხეული წიგნიდან დაიმახსოვრა, თორემ სოფელში ხომ ვერ მოისმენდა  ლაბირინთის ცნობილ მითს. მაგრამ ეს მითები დიდად არ ეპიტნავა, უფრო სწორად ასეთი სიკეთის მატარებელ ქრისტიან კაცს მიუღებლად მიაჩნდა ამდენი აღვირახსნილობა, ამდენი სიბილწე და ინტრიგა, პარნასის ღმერთები თუ გმირები რომ სჩადიოდნენ. მე ღმერთი ერთი ვიცი, წმინდა სამება, ჩვენი მფარველი და შემწე, ამდენი და ესეთი უნამუსოები, ეს რა უბედურებააო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მალე ბერძნული მითების კრებული განაწყენებული და უკმაყოფილო სახით სამუდამოდ დაუბრუნა დიასახლისს და რაკი ყველა ზღაპრის კრებული ასგზის გადაკითხულ–გადამღერებული ჰქონდა, მრავალფეროვნებისთვის ერთი–ორი სხვა წიგნი წამოიღო.
პირველად ვიღაც რუსის ნაცოდვილარი სქელტანიანი წიგნი მოუვარდა ხელში, მაგრამ მხოლოდ იქამდე შეძლო  წაკითხვა, ეს უნამუსო და სინდისგარეცხილი სტუდენტი, რომელიც რაღაც აბდა–უბდას ფიქრობდა და მსჯელობდა, საბრალო და დაუცველ დედაბერს  თავს რომ დაესხა და ასე ცივსისხლიანად გამოასალმა სიცოცხლეს. ცხარე ცრემლით გამოიტირა ბებერი მევახშე და წიგნი კიდევ უფრო მოღუშული სახით დაუბრუნა პატრონს.
მერე ერთი დეტექტივი შერჩა ხელში. არც ეს წიგნი იყო იმ ლამაზ სამყაროსთან ოდნავ ახლოსაც კი, რომელშიც ბოლო ორი–სამი წელი მოგზაურობდა. თითქოს მთელი ქვეყანა შეშლილიყო, აღარაფერი წმინდა აღარ არსებობდა და სულები ჯოჯოხეთის მეუფისთვის მიეყიდათ. ყველა დანაშაულს ჩადიოდა და ეს გამომძიებლები კი ისე ცივსისხლიანად იჭერდნენ დამნაშავეებს, მათი საკნის კარის გამოკეტვისას ხელიც კი არ უკანკალდებოდათ.
ეს იყო და ეს. ხალხური ზღაპრების გარდა სხვა აღარაფერი გადაუშლია ცხოვრებაში. ამ სასტიკი წიგნების უარყოფასთან ერთად უარყო ის სამყარო, მათში რომ იყო აღწერილი, მოძალადე და მატყუარა პერსონაჟები, ხანდახან ღამით რომ ესიზმრებოდნენ და ოფლად დაღვრილი, შეშინებული და აკანკალებული რომ იღვიძებდა.
გაღვიძებაზე გამახსენდა, ასეთ დროს მძინარე ზინას მიეხუტებოდა და ზინაც რის ქალი იქნებოდა, ძილდამფრთხალზე ასეთი შანსი გაეშვა ხელიდან, მუცელზე თითებით მიუხუტუნებდა ან ხელს მოუფათურებდა ერთ–ორ ადგილას ურჩხულებისგან დევნილ მეფეს, რომელსაც ხორცი და ადამიანური ბუნება ასეთ წუთებში თავს ახსენებდა და სასოწარკვეთილი დევნილიც დედოფლის სასიყვარულო სარეცელზე ჰპოვებდა შვებას, სიზმრებში ვერდამარცხებული ბოროტი არსებების ჯავრს მის მკლავებზე მისვენებული მზეთუნახავის დამარცხება–ალერსით იყრიდა.
ამის გამო იყო, ზინა რომ ინახავდა და ზურგს უკან კარს არ უჯახუნებდა. სხვა სამყაროში გაჭედილ და ცოლ–ქმრულ მოვალეობებდავიწყებულ ვალიკოს იშვიათად მაინც თავის მკერდზე მიხუტებულს რომ დაიგულებდა, დრაკონის ფრთებს შლიდა და იმდენი ხნით შემოხვევდა, ვალიკო ნახევარი ზღაპრების წიგნის გადაკითხვას რომ მოასწრებდა ამ დროში.
ძილგატეხილი ღამეების მერე  ზინა უცნაურად იქცეოდა საუზმობისას: პურის ყველაზე დიდ ნაჭერს ვალიკოს დაუდებდა თეფშზე და ჩაისაც იმ დიდ ჭიქაში უსხამდა, საიდანაც ჩვეულებრივ თვითონ სვამდა. მაგრამ რად გინდა, საღამოზე შინ დაბრუნებული ისევ ზნეშეცვლილი ალქაჯი ხდებოდა.
ვალიკო თანდათან შეეჩვია ქალაქში ცხოვრებას. ადრე თუ თვეობით იჯდა სახლში, აუცილებლობის გარეშე ცხვირს არ ყოფდა გარეთ თავიანთი სოროდან, ნამდვილ ადამიანებთან ურთიერთობას უფრთხოდა და თავს არიდებდა, ახლა თითქოს ჩვილი ბავშვიაო, აიდგა ფეხი და ნელ–ნელა დაიწყო კიდეც თბილისის ქუჩებში ხეტიალი.
რამდენიმე თვის განმავლობაში  თავისი ნახევრადსარდაფიდან თუ მხოლოდ გამვლელ–გამომვლელთა ფეხებს ხედავდა და ეგონა, რომ გარემომცველ სამყაროს მისი არსებობა ფეხებზე ეკიდა, ახლა თანდათან რწმუნდებოდა, რომ ეს ასე არ იყო, ისიც რაღაც დიდის და მნიშვნელოვანის ნაწილი იყო. ჰოდა, ნელ–ნელა უყვარდებოდა ხალხის ნაკადთან შერწყმა, თავაწეული და სახეანთებული სეირნობდა. ავიწყდებოდა ყველა და ყველაფერი, გონს რამდენიმე ქუჩის მოშორებით ეგებოდა, რის შემდეგაც ნაბიჯაჩქარებული შინისკენ გაუტევდა ხოლმე.
მერე ნელ–ნელა უფრო შორსაც დაიწყო სიარული. ნახევარ ქალაქს გაივლიდა ჩაფიქრებული. ადრე თუ მისი ოცნების არეალი წარმოსახვითი სამყარო იყო, ადამიანებს, ჯადოსნურ არსებებს თუ თვითონ ასხამდა ხორცს, სრა–სასახლეებს აგურ–აგურ თუ თავისი ყოვლისშემძლე ხელით აშენებდა, ახლა დიდი ძალდატანება აღარ ჭირდებოდა მის ფანტაზიას, ირგვლივ ყველაფერი რეალური იყო და არც თუ ისე ცუდად და საშიშად გამოიყურებოდა. ტროტუარზე მდგომი ყვავილების გამყიდველი ფერმკრთალი გოგონა ვარდებით მორთულ ფაიტონში მჯდომი მზეთუნახავი ხდებოდა, ფეხსაცმლის მწმენდავი პატარა ბიჭი მის დანახვაზე იჩოქებდა და თაყვანისმცემელთა ბრბოდ იქცეოდა, მთელი დღე წინ და უკან სიარულით  დაღლილი უბნის რწმუნებული კი გზაზე გამოჩენისთანავე მის დამცველად და იმედად, ათასკაციან არმიად გადაიქცეოდა ხოლმე.
დადიოდა ასე გაღიმებული და სახეგაბადრული ჩვენი ვალიკო ქალაქის ქუჩებში და მის–და უნებურად გამვლელ–გამომვლელთა ყურადღებას იქცევდა. ზოგი ჩერდებოდა, ინტრესით გააყოლებდა თვალს მთელი დიდებულებით, ამაყად თავაწეულ,  ძველმანებში გამოწყობილ მოსეირნე ახალგაზრდა კაცს, ხელს ჩაიქნევდა და გზას აგრძელებდა, ზოგი კი მოურიდებლად იწყებდა სიცილს და ძმა–ბიჭებს თვალის ჩაკვრით მისკენ მიანიშნებდა ხოლმე. ვალიკო კი ამდენ მასზე მიშტერებულ ადამიანს ვერ ამჩნევდა, მისეირნობდა და ტკბებოდა ბედნიერების იმ რამდენიმე საათით, რომელიც ცოლის სახლში დაბრუნებისთანავე დასრულდებოდა.
კიდევ ექვსი–შვიდი წელი გავიდა და ქვეყანაც აირია. ცოლის შეშინებული ლაპარაკიდან იმდენი კი გაიგო, რომ ომი იყო, ფრთხილად უნდა ყოფილიყო, ამდენი აღარ  უნდა ეწანწალა გარეთ. ერთი–ორჯერ თვითონაც მოკრა თვალი ვალიკომ, უწვერული ბიჭები ავტომატებით და დროშებით ხელში რომ დარბოდნენ წინ და უკან. სინდისი დავიწყებოდა ხალხს და თითქოს პირი შეუკრავთო, ყველა ერთად შეშლილიყო.
დაბნეული იყო ჩვენი ვალიკო, ძალიან დაბნეული და შეშფოთებული, მაგრამ ცოლის გაფრთხილების მიუხედავად, ჩვეულებას ვერ ღალატობდა და რამდენიმესაათიანი შეუსვენებელი კითხვის მერე ისევ სასეირნოდ გადიოდა, თვალები და წარმოსახვა ჰქონდა დასარწყულებელი.
ერთი ასეთი სეირნობის შემდეგაც ოინი მოუწყო ბედისწერამ. ამაყად რომ მიაბიჯებდა ქუჩაში, მოულოდნელად წინ ოთხი ავტომატიანი, წვერგაბურძგნული და შავსათვალეებიანი ბიჭი აესვეტა. ერთი ახედ–დახედეს და იქვე მდებარე იტალიურ ეზოში შეათრიეს. კედელს ააკრეს, ყველა ჯიბე ამოუბრუნეს და რომ ვერაფერი უნახეს, სულ იარაღის კონდახებით დაუბეგვეს გვერდები და თავ–პირი.
დასისხლიანებული და პერანგჩამოფლეთილი გამოლასლასდა ქუჩაში ვალიკო, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია, მზერაგაყინული გამვლელები მის დანახვაზე ნაბიჯს უფრო უჩქარებდნენ და მახლობელ ეზოებში უჩინარდებოდნენ.
რის ვაი–ვაგლახით მიაღწია სახლამდე. გიორგი სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. უკვე გარდატეხის ასაკში გადამდგარი მისი შემხედვარე ბიჭი ადგილზე გაშეშდა, გაფითრდა და საკუთარი უსუსურობის გრძნობის გამო იყო თუ სიმწრისგან, მუშტები მომუჭა და უხმოდ ატირდა. მერე თითქოს გამოფხიზლდაო, მოიაზრა და მამას ტაშტით წყალი მოუტანა, თავისი ხელით ჩამობანა სახიდან შემხმარი სისხლი და საწოლზე გადააწვინა.  სწრაფად და ჩუმად მოქმედებდა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ სკამზე ჩამომჯდარმა იქვე, მაგიდის ფეხზე მიყუდებული თავისი ჩანთა რომ დაინახა, თითქოს ის იყოო ყველა ბოროტების სათავე, ჯავრის ამოყრა მოუნდაო, ისეთი ძალით ამოცხო წიხლი, რომ წიგნები და რვეულები მთელ ოთახში მოიფანტა.
შინ დაბრუნებულმა ზინამ ქმრის დასიებულ და ჩალურჯებულ სახეს რომ მოკრა თვალი, ერთი წამოიკივლა და მივარდა, ხელზე დაეჯაჯგურა, თითქოს ღრმა ძილიდან უპირებსო გამოღვიძებას და რყევა დაუწყო. მაგრამ ვალიკო გაშეშებული იწვა და არც კი კვნესოდა, არა-თუ ხმას იღებდა. მიშტერებოდა ჭერზე ერთ წერტილს და  თვალსაც კი არ ახამხამებდა თითქმის.
ეს იყო და ეს.  შინიდან ფეხი აღარ გაუდგამს ზინას. სამუშაო ჭირსაც წაუღიაო და რაც აქამდე დააკლო პატივი და მოფერება ქმარს, ამ დღეებში აანაზღაურა ლამის, –თან ყვებოდა, ეფერებოდა, ცივ–ცივ საფენებს ადებდა შეშუპებულ ადგილებზე და ჩუმ–ჩუმად ტიროდა.
თვენახევრიანმა მზრუნველობამ თავისი შედეგი გამოიღო და დადუმებულმა ვალიკომ თვალშიც გამოიხედა და თანდათან ენაც ამოიდგა. ჯერ ჯოხით და მერე უჯოხოდ დაიწყო სიარული. მაგრამ რად გინდა, საფიქრალი და სანერვიულო მოემატა ოჯახს: რაღაც აბდა–უბდას ლაპარაკობდა და ვერაფერს უგებდნენ.  მზეთუნახავის გასათავისუფლებლად რომ მივდიოდი, ცხრა დევი დამესხა თავს, მუგუზალივით ელვარე თვალები ჰქონდათ, ერთიანად ბანჯგვლიანები იყვნენ და ეშმაკებივით ხარხარებდნენო; ცხრა დღე და ღამე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს, ხერხი ვიხმარე და გამოვეპარეო; ცხრა ზღვა რომ გადმოვცურე და მეცხრე მთაც რომ გადმოვლახე, მოვაღწიე ჩემ ციხე–სიმაგრემდეო; ცოტაც მოითმინე, წითელქუდა და მოვდივარ, ეგ ვაშლი არ მოკბიჩოო; გალავნის დაცვა გააძლიერეთ და ქუდზე კაცი იხმეთ, უნდა შევებრძოლო და ჩემი სამეფოდან უნდა გავდევნო მტრები, მერე მეფის ასული უნდა გავათავისუფლოო. სავარცხელს გადავაგდებ და დევები აფეთქდებიანო. – ხან დალაგებულად ყვებოდა ამბებს, ხან კი სხვადასხვა ზღაპრებს ერთმანეთში ურევდა.
ზინამ ჯერ ერთ ნაცნობ მკითხავს მიმართა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ამ ამბიდან რომ არაფერი გამოვიდა, მეზობელ სტომატოლოგს გაასინჯა. ექიმი, მე მტკივან კბილებს ვმკურნალობ, ნაღრძობ ტვინს კი არაო, არაფრის დიდებით არ იღებდა, მაგრამ ქალის დაჟინებულმა მუდარამ გაჭრა, შენი ჭირიმე, სადა მაქვს ნასწავლი პროფესორის ფული, საჭმელს ვეღარ ვყიდულობო და მანაც დაუსვა უცებ დიაგნოზი, პაციენტის გასინჯვის გარეშე და ერთი თვალის შევლებით: სუფთა ჰაერზე სეირნობა და სიმშვიდე უშველისო.
საღამოს დედა–შვილმა იმის განსჯა დაიწყო, რა ეშველათ ჭკუაზე გადამცდარი ვალიკოსთვის. ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სოფელში უნდა დაბრუნებულიყვნენ, ამ სისხლითა და დენთის სუნით მოწამლულ ჰაერზე აღარც ავადმყოფს დაედგომებოდა და აღარც ჯანმრთელს.
მაინც ძალიან ყოყმანობდნენ, ვაითუ ვალიკოს დედ–მამას ჯერ კიდევ არ განელებოდა რისხვა და ქუჩაში აღმოჩენილიყვნენ ისევ. ბოლოს ზინამ თავი იმით დაიმშვიდა, ვინ იცის, უკვე შენი ჭირიც წაიღეს, ათი წელი მაინც იქნება, რაც მათზე აღარაფერი მსმენია, ადრე მხვდებოდა ჩვენსოფლელი ქალი და ის მიყვებოდა  მათ ამბებს და ახლა კი აღარაფერი ვიცი მათზეო. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და დაბრუნება გადაწყვიტეს.
დილიდანვე შეკრა ზინამ ბარგი, დიასახლისს ანგარიში გაუსწორა თავისი გამოთვლებით, ბოლო ერთი თვის ქირა მოაკლო და ქვრივის წყევლა–კრულვის ფონზე აჩქარებით გაუყვა მთელი ოჯახი სადგურისკენ მიმავალ გზას, რომ მათი რაიონისკენ მიმავალი საღამოს მატარებლისთვის მიესწროთ.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები