ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პროზა
28 მარტი, 2013


ვალიკოს პარალელური რეალობა

(გაგრძელება)
ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში, ვიდრე ვალიკოს ოჯახი ქალაქში ცხოვრობდა, მშობლებს, ნათესავებს და მათ ამბებს მოწყვეტილი,  სოფელში ბევრი რამ მომხდარიყო. საწყალ გიორგი ბაბუას მაინც ბევრი ენერვიულა, რომ შვილი ასე ღვთის ანაბარად გააგდო ქუჩაში ცოლ–შვილით და არაფერი ისმოდა მისგან. არც მკვდრებისა იცოდა რამე, არც ცოცხლებისა. შვილისგან წერილის ექვსწლიანი ამაო ლოდინის შემდეგ თვითონ გამგზავრებულიყო მათი ამბების შესატყობად აღზევანს. ცოლ–შვილს დიდი პატივით დაეკრძალა მოხუცი სოფლის სასაფლაოზე. ვალიკოს უფროსი ძმის, დათოს ოჯახი მის დაბრუნებამდე ერთი წლით ადრე გადახვეწილიყო სხვა ათასობით ქართული ოჯახივით რუსეთში იღბლისა და ბედნიერი ცხოვრების საძებრად. ცხოვრობდა ნაზიკო ბებია მარინასა და მის უკვე  ტანსა და საულვაშეზე ღინღლაყრილ გიორგისთან ერთად.
ვალიკოზე დაბოღმილ მარინას, თითქოს გიორგი ბაბუას დაღუპვას ელოდაო, მოქმედება დაუწყია. დიასახლისივით დატრიალებულა გასვენების დღეებში, გამწარებულ ოჯახს გვერდში ამოდგომია, ხუთი დღის განმავლობაში სამძიმარზე მომსვლელ–წამსვლელისთვის პატივისცემა და ყურადღება არ მოუკლია. სამზადისში მიუღია აქტიური მონაწილეობა, ქვაბებიც უხეხია, ცოცხიც დაუკავებია ხელში და  თავისი კულინარიული ნიჭით ხომ ყველა გაუოცებია.  გასვენების დღეს კი მის მოთქმასა და ტირილს ისეთი თანაგრძნობა გამოუწვევია, როგორ ყვარებია მიცვალებულიო, რომ ნაზიკო ბებიას დაუტირებია ქმრისთვის, ნეტაა მარინე გვეთხოვაა ჩვენი შვილისთვიიიის, როგორ გავაუბედურეეთ და ის ეშმაკის კერძი როგორ ვუთხოვეეეთ, ისე სად გადაგვიკარგა შვილიიიი, რომ დღეს არ დაგტირიიის და ბოლო გზაზე არ მიგაცილეეებს, ჩემო გზაზე თვალდარჩენილო ქმაროო–ო.
ორმოცზეც უყოჩაღია მარინას და წლისთავზეც,  არც შუალედებში მოუკლია ნაზიკოსთვის ყურადღება, სანუგეშებლად და ორი წვეთი ცრემლის დასაღვრელად არაერთხელ გაყოლია ქმრის საფლავზე. ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი მოხუცის მკლავებში თავჩარგულს წაუტირებია, ვალიკოს მეტი კაცი არ მინახავს, ტყუილია, რასაც სოფელში ჩემზე ჭორაობენ, მისი და თქვენი ოჯახის სიყვარულით ჩემ ბავშვსაც ცხონებულის სახელი ამიტომ დავარქვიო.
ერთ მშვენიერ დღეს ნაზიკოს დათოსთვის გამოუცხადებია, მარინე ჩვენთან გადმომყავს საცხოვრებლად, როგორც ჩემი დაკარგული ბიჭის ქვრივი და ჩემი ქმრის სეხნია, ჩემი შვილიშვილის დედაო. ბევრი უკამათიათ ოჯახში. შვილს უთქვამს, ეგ კახპა ამ სახლის ზღურბლს ვერ გადმოაბიჯებს, ისიც ეყოფა, ცხონებულ მამას გასვენებაზე მაგისთვის რომ არ მეცალაო, მაგრამ ჯიუტ ნაზიკოს მაინც თავისი გაუტანია. დათოც ბედს შეგუებია და პირში წყალი ჩაუგუბებია.  ასე დასახლებულა მარინა ვალიკოს მშობლიურ სახლში.
ზურგს უკან მოჩიფჩიფე სოფლის დედაკაცებისთვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია მარინას, არც ქუჩაში გამოფენილი კაცები გამოულანძღავს, მის დანახვაზე  ხმადაბალ სტვენას რომ იწყებდნენ და მოურიდებლად რომ ათვალიერებდნენ ხოლმე მუშტრის თვალით. მოითმინა და მოიგო. მოგვიანებით სოფელში ასეთი გამოთქმაც გავრცელდა, ,,მოთმინებითა მისითა, ბოზი პატარძლად მოირთაო.“
ვალიკოს ოჯახის დაბრუნების დროს პატარა აურზაური ნამდვილად მოხდა. ნაზიკო ბებია ტირილით ჩაეხვია დაკარგულ და უკან დაბრუნებულ ცხვარს, მის ბატკანსაც, მაგრამ რძლის დანახვაზე მაინც შეკრა კოპები, თუმცა ხმა არ ამოუღია.  ზინამ და მარინამ ერთმანეთის ლანძღვა დაიწყეს უშვერი სიტყვებით, მაგრამ უკვე ოჯახში პატივით და დედა–დიასახლისის უფლებით მოსარგებლე მოხუცის მკაცრ მზერაზე ორივე გაჩუმდა, მხოლოდ თვალებით აგრძელებდნენ ბრძოლას და ცხადი გახდა, რომ ქალების ასეთი მტრული გამოხედვა არავის  უქადდა რაიმე კარგს.
ნაზიკო ბებიას სახელდახელო განკარგულებით ვალიკოს ოჯახი სახლის პირველ სართულზე მდებარე იმ ორ ოთახში დასახლდა, სადაც რუსეთში გადასახლებამდე ვალიკოს ძმა დათო ცხოვრობდა ცოლ–შვილით. მარინა და მისი გიორგი მეორე სართულზე, ბევრად უფრო კეთილმოწყობილ ოთახში რჩებოდნენ ნაზიკოს ოთახის მეზობლად. მიწის ნაკვეთიც ორად გაიყო, ბოსელიც, ეზოც. სიმბოლურ საზღვარს ეზოში სარეცხის თოკი წარმოადგენდა, ბაღში – ერთრიგად ჩარგული ვაშლის ხეები და ბოსლის გაყოფაც არ გაჭირვებიათ, – მეორე მხრიდანაც დაუყენეს კარი, საიდანაც, ერთი კვირაც არ გასულა, რომ ზინამ უბეში გამოკრულ ქისაში დიდი ხნის ნაგროვები ფულით ორი მაკე ძროხა იყიდა და ამაყად შერეკა ბოსელში. მთელ ამ მოზომვით სამუშაოებს ნაზიკო ხელმძღვანელობდა და ყველას გასაკვირად, რძლებიც მდუმარედ ემორჩილებოდნენ მის გადაწყვეტილებებს.
ვალიკო კი სრული გულგრილობით აკვირდებოდა მთელ ამ პროცესს, თითქოს ვერც ამჩნევდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. თავის ზღაპრულ სამყაროში ჩაღრმავებულიყო და ორღობეში ჩავლილ და მოთვალთვალე მეზობლის დედაკაცებში თავისი დაკარგული მზეთუნახავის ამოცნობას ცდილობდა. ინტერესით აკვირდებოდა მარინას გიორგისაც, მაგრამ ვერაფერი გაეგო და დიდად არც თავს იკლავდა იმაზე ფიქრით, ვინ იყო ეს ბიჭი, გამჭოლი მზერით რომ მისჩერებოდა.
ზინას გიორგიმ რამდენჯერმე სცადა მასზე თვეებით უფროს, სეხნია ნახევარძმასთან გამოლაპარაკება, პირველ ხანებში უხაროდა კიდეც, რომ ასე მოულოდნელად, თითქოს ღმერთმა გამოუგზავნაო, დედმამიშვილი გამოუჩნდა, თან თავისი კბილა, მაგრამ როცა სრულიად გულგრილ დამოკიდებულებას გადააწყდა, ხელი ჩაიქნია და მოეშვა. ისე აუვლიდნენ ხოლმე ერთმანეთს გვერდს, თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ ერთი–მეორის არსებობას, მაგრამ ზინას გიორგი ამ დუმილს გულში მტკივნეულად განიცდიდა, მამისგან გამოყოლილი სიკეთე და მიამიტობა არ აძლევდა ძმაზე ცუდის გაფიქრების უფლებას, მარინას გიორგი კი ყოველ ამ ჩამოთრეულების დანახვაზე, მათი ხმის, ნაბიჯების გაგონებაზე უფრო და უფრო მეტად იღუშებოდა და კაცმა არ იცის, რას იხვევდა გულის ბნელ კუნჭულებში.
ვალიკოს ჯანმრთელობაც თითქოს სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. აშკარად უხდებოდა მშობლიური სოფლის სუფთა ჰაერი. ხანდახან ზინას დაესაქმებოდა კიდეც, როცა პირი ამქვეყნისკენ ჰქონდა, როცა გამოგონილი სამეფოს ხელმწიფე არ იყო და ასეთ დროს ხან ძროხებს გაირეკავდა საძოვარზე, ხან კი ახალგამოჩეკილ  წიწილებს ყარაულობდა, კაჭკაჭებს რომ არ მოეტაცათ. იშვიათად ხვნა–თესვაშიც მონაწილეობდა.
უკვე ხშირად შეხვდებოდით ვალიკოს სოფლის ბირჟაზე, უსაქმურ თანასოფლელებთან ჩამომდგარსა და ზღაპრულ ქვეყანაზე მოლაპარაკეს. მეფეს გაუმარჯოს, მეფესაო და ახსნევინებდნენ გუდის პირს. ისიც ხალისით ყვებოდა ქალაქის ამბებს. მსმენელებს კი უჭირდათ რეალობისა და მისი ფანტაზიის ნაყოფის ერთმანეთისგან გამიჯვნა, მაინც მოჩვენებითი ინტერესით აყოლებდნენ მეფის ასულ მზეთუნახავზე, რომელიც ყვავილებს ჩუქნიდა გამვლელებს, ცხრა დევზე, ამ მეფის ასულისკენ მიმავალს გზა რომ გადაუკეტეს და აწამეს, თუმცა ამ უკანასკნელ ამბავს კი უხალისოდ და ცოტა მოღუშული ყვებოდა ხოლმე. მაინც ალაპარაკებდნენ, რომ მეტი საჭორაო მისცემოდათ, მის არყოფნაში ენა გულიანად მოეფხანათ და ეს არეული წუთისოფელი ვალიკოს ამბებზე გულის გადაყოლებით ცოტა მაინც გაეხალისებინათ.
ეს სოფელიც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, ჭორიკანა და ამავე დროს გულჩათხრობილი, უსაქმური და ამასთანავე გამრჯე ხალხით იყო დასახლებული. თითქოს მეტი სალაპარაკო და საქილიკო არაფერი ჰქონდათ, სადაც თუნდაც ორ ადამიანს დაინახავდით, ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვისზე ექნებოდათ გაჩაღებული სჯა–ბაასი და სიცილ–კისკისი. დღე ერთი იყო და სოფელში ვალიკოს ან მისი უკვე დიდი ოჯახის რომელიმე წევრის ხსენება – ათასი.
შარაზე ჩავლილი მწყემსი აივანზე გადმომდგარ თანასოფლელს ახალი დღის გათენებას ამ სიტყვებით ახარებდა: ისეთი დილა გაგთენებოდეს, ვალიკოს რომ ყოველღამ ესიზმრებაო! თანამოსაუბრე კი ომახიანად გადმოსძახებდა მწყემსს: გაიხარე და ღმერთმა ისეთი ბარაქა მოგცეს, ისე გიმრავლოს ცხენ–ძროხა, ვალიკოს თავლებში რომ არიან ათასობითაო. ორივე გადაიხარხარებდა და ახლა სხვა მხრიდან ისმოდა: თალიკო, თალიკო, შენი ჭირიმე, შენი გოგილო გამეგზავნოს, ბავშვს ვერ ვაძინებ და ვალიკო მომიყვანოს, ზღაპარს მაინც მოუყვება ბავშვს და დაეძინება, ღმერთს ეგ მაინც მეტი არაფრისთვის უქნიაო; სუფრის თამადა მშვიდობის ან სამშობლოს სადღეგრძელოზე მოღუშული თანამეინახეების შემხედვარე, მათ გასამხნეველად და გასახალისებლად მოულოდნელად დაურთავდა, ისე ტკბილად და ბედნიერად გვეცხოვროს, ისეთ აყვავებულ ქვეყანაში, ვალიკოს თავისი ტვინის უჯრედებში რომ გაუშენებიაო. მთელი სუფრა უცებ გამხიარულდებოდა და ვიღას ახსოვდა წინა საღამოს მოსმენილი ცუდი ამბები; ერთი მეზობელი მეორეს ნაღვლიანს და მოღუშულს რომ დაინახავდა, გადასძახებდა, რა კოპები შეგიკრია ვალიკოს და მარინეს გიორგისავითაო; უშნოდ გაცინებულ ან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი თანასოფლელის დანახვაზე ერთი მოერეს ეტყოდა, ამას შეხედე, რა ვალიკოს და ზინას გიორგისავით გადმოუყრია ღოჯებიო ან ერთი ამას უყურე, რა ვალიკოს და ზინას გიორგისავით მოუხერხებელიაო. სოფლის გასასვლელში მდგომი უსაქმურები მეზობელ სოფელში მიმავალ მეგობარს თუ დაინახავდნენ, ისეთი დრო გეტარებინოს, თითქოს ვალიკოს მარინეს შესწოლიხარ საბნის ქვეშაო; ქალები თავიანთ ცელქ ბიჭებს მიაწყევლიდნენ, რა იქნება, ვალიკოს ზინასნაირი ცოლი შეგხვდეს, ჩვენი ჯავრი ამოიყაროსო; ვინმეს ძაღლი თუ მოუკვდებოდა და ბირჟაზე ახალი ლეკვის გამოკითხვას დაიწყებდა, ვალიკოსთან მიდი, ეზოში ორი ისეთი ქოფაკი დაუდის, ერთს მაინც დაგითმობსო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ასეთი ლაზღანდარობით კლავდა სოფელი დროს, რაკი მეტი სასიამოვნო და კარგი არაფერი ისმოდა არსაიდან. მისდიოდა ოჯახს ეს მოარული ხმები, ქალები იწყევლებოდნენ, ნაზიკო ბებია ჩიფჩიფებდა, ვალიკო ვერც კი ხვდებოდა, რომ მასა და მისიანებზე იყო ლაპარაკი, ბიჭები კი იღუშებოდნენ და გულში იგროვებდნენ ამდენ დაცინვასა და შეურაცხყოფას.
ერთხელ, ადრიან გაზაფხულზე, მარინა ეზოში სარეცხს ფენდა. ნაზიკო ბებია ახალჩამოსვენებული, ბრმა ტყვიით მოკლული თანასოფლელის სამძიმარზე იყო გვერდით უბანში გადასული, ბიჭები კი სკოლის მერხებს უსხდნენ. ზინა წყაროზე იყო თეთრეულის გასავლებად. მის კონტროლირებად ტერიტორიაზე კუნძზე მიმჯდარი ვალიკო მზეს ეფიცხებოდა და ძვლებს ითბობდა. ყურადღებასაც კი არ აქცევდა მისი მოთვალთვალე ქალის გამომწვევ გამოხედვას. მარინა ხან ზურგით მიტრიალდა მისკენ და წინ გადაიხარა, ხან პირდაპირ თვალებში ყურებით ისე გადმოიწია წინ, რომ კინაღამ მადისაღმძვრელი ძუძუები გადმოუცვივდა მოღეღილი პერანგიდან. მისჩერებოდა ვალიკო და რეაქცია არა ჰქონდა, თითქოს არაფერი ხდებაო. ქალმა ვეღარ მოითმინა, ჯერ მიმოიხედა, თვალსაწიერზე რომ ვერავინ დალანდა, ვალიკო, ბიჭო, მოდი აქაო,–დაუძახა.  კაცი ზლაზვნით წამოიწია და მისკენ წავიდა. ცოტა მოშორებით გაჩერდა და ინტერესით მიაჩერდა. ნუ გეშინია, არ შეგჭამ, ახლოს მოიწიეო,–ქალმა. მიუახლოვდა. სარეცხის თოკს მიღმა მდგარი მარინას ცხელი სუნთქვა სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა. ქალმა უყურა, უყურა გაშეშებულ და უმოქმედო ვალიკოს, მერე ხელი გამოართვა და ნაზად მოეფერა. კაცმა გაიღიმა და ჯერ შენი მესამე დავალება არ შემისრულებია, დევები ისევ ცოცხლები დაიარებიანო, – მიუგო და თავი დახარა დარცხვენილმა. რა დროს დევებია, კაცო, სურვილით ვიწვი, ბიჭი ხომ ისევ ისეთ ჯანზე გყავსო და მარცხენა ხელი შარვალზე ამოუსვა. ვალიკოში მამაკაცმა დაიწყო გაღვიძება, მაგრამ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ჭიშკარი ზინამ შემოაღო. მხარზე შემოდებული, გავლებული თეთრეულით სავსე ტაშტი განზე მოისროლა და მათკენ გამოვარდა კივილით. ვალიკო დაფეთდა, იმდენს კი მიხვდა, რომ რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო და ეზოდან გავარდა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ტყისკენ.
ქალები ძუ ვეფხვებივით ეკვეთნენ ერთმანეთს. თმებში წაავლეს ერთი–მეორეს ხელები და სიმბოლური საზღვრის აქეთ–იქიდან დიდი წეწვა–გლეჯა ატყდა. მალე სარეცხი თოკი, გასაშრობად გაფენილი ზეწრების სიმძიმისგან ისედაც ჩაწეული, რომელსაც ხან ერთი ქალი გადაეკიდებოდა და ხან – მეორე, ჩაწყდა. წონასწორობა ვეღარ შეიკავეს და მიწაზე გაგორდნენ. ფრჩხილები და კბილები ჩართეს ბრძოლაში. მიწაზე კოტრიალობდნენ და ხან ზინა მოექცეოდა ზემოდან, ხან – მისი მეტოქე.
ხმაურსა და წივილ–კივილზე ეზოში შემოცვენილ მეზობლებს ასეთი სანახაობა გადაეშალათ თვალწინ: ძირს ჩამოყრილ, უკვე ჭუჭყიან ზეწრებში გახვეული ორი თმაგაწეწლილი ქალი ერთმანეთს სახეს ახოკავდა და ფრჩხილებითა და კბილებით ერთი–მეორის ყელისკენ იწევდა. რის ვაივაგლახით გააშველეს და ორივე თავთავიანთ ოთახებში შერეკეს.
ამ შემთხვევის შემდეგ ზინამ ვალიკოს კონტროლი დაუწყო. მეზობელთანაც კი არ გადადიოდა მის გარეშე. როგორც იტყვიან, კაბის კალთაზე გამოიბა. ტყეშიც კი არ გაარეკინებდა ძროხებს, თუ მარინა სახლიდან გასული ეგულებოდა, – ვაი–თუ ჩემ ქმარს ტყეში დაუხვდესო.
აქამდე თუ ფარული ბრძოლა მიმდინარეობდა მეტოქეებს შორის, ახლა მოქმედებაზე გადავიდნენ და აღარ ერიდებოდნენ ერთმანეთის ხმამაღლა წყევლასა და მეზობლებთან გაკიცხვას. მოკლედ სოფელს გახალისების კიდევ ერთი საბაბი მიეცა. აღარც დაჩაჩანაკებული დედამთილის ჩუმ დაცაცხანებას აქცევდნენ დიდ ყურადღებას, ქვეყანას ესმის, ოჯახს თავს ნუ ჭრითო. მის სიტყვებს ყურად როგორ იღებდნენ, როცა მოხუცს ცალი ფეხი უკვე სამარეში ჰქონდა და მართლაც, რძლების მორიგი  გაშველების დროს წნევამ დაარტყა და სული უფალს მიაბარა.
ცხოვრება კი გრძელდებოდა. აქამდე საზღვრის უკანონო გადაკვეთას თუ არ ჰქონდა ადგილი, მოხუცი დედამთლის გადანაწილებულ კარ–მიდამოს თუ ჩუმად პატრონობდნენ, თავ–თავიანთ კუთვნილს ჯერდებოდნენ, მისი სიკვდილის შემდეგ უკვე ერთმანეთს ყოველ გოჯ მიწის ნაკვეთსა თუ ყოველ ხის ნერგზე ედავებოდნენ.
მარინა ბედს შეეგუა, რომ ვალიკოს ვეღარ გადაიბირებდა და მთელი ცხოვრება ცოცხალი და არშემდგარი ქმრის ქვრივი უნდა ყოფილიყო. თანდათან ბოროტდებოდა ყველასა და ყველაფერზე. მისი ერთადერთი ნუგეში კოპებშეკრული შვილი იყო, რომელიც დედაზე მეტად ვერ იტანდა შემოხიზნულებს. ქალიც ცეცხლზე ნავთს ასხამდა, უამბობდა გიორგის ტყუილ–მართალს, ვალიკოსა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ამხედრებდა.
მიამიტი და უტვინო გოგო ვიყავი, კეთილის და ბოროტის გარჩევა არ შემეძლოო. მამაშენი მომიჯდებოდა გვერდზე და თავზე ხელს მისვამდაო. რა ვიცოდი, რომ გულში ცუდი განზრახვა ედოო. ერთ დღესაც შემაცდინა და მარტო მიმაგდოო. მუცელი რომ წამომეზარდა, მამაჩემმა თმებით მათრია და მკლავდაო. მეზობლებმა გამოსტაცეს ჩემი თავი ხელიდანო. მას შემდეგ აღარ მელაპარაკება, გული არც შენმა დაბადებამ მოულბო და მეც ამიტომ გავხდი იძულებული, შენ თავზე ჭერი მომეძებნა და ნაზიკოს კერას შემოვკედლებოდიო. როგორი იმედი მქონდა, რომ ჩემი სიკვდილის მერე შენი კუთხე გექნებოდა და შენ ადგილს იპოვიდი ცხოვრებაშიო. ახლა კი ესენი გაგვრეკავენ აქედანაც და წასასვლელი აღარსად გვექნებაო. – მიუჯდებოდა შვილს გვერდზე, გულში ჩაიკრავდა და შუბლს ცრემლებით ულბობდა. მეზიზღებიან, ეგ დებილი მამაჩემი არააო! – სულ უფრო ხშირად წამოვარდებოდა ხოლმე გიორგი და გარეთ გარბოდა. მარინა გაიღიმებდა, წინასწარ ზეიმობდა გულში გამარჯვებას და ხალისიანად იწყებდა ოთახში ფუსფუსს.
ერთ საღამოს, ვალიკოს ოჯახი რომ რამდენიმე თვის დაბრუნებული იყო სოფელში და ნელ–ნელა წელშიც იმართებოდა, ისეთი ამბავი მოხდა, სოფელს რომ პირში წყალი ჩააგუბებინა და თავიც კი გააქნევინა სინანულით.
მარინას გიორგი სახლში შეზარხოშებული ბრუნდებოდა, ორღობეში ასევე შინისკენ მიმავალი მეზობლის რძალი რომ შენიშნა. წამოეწია და ხალისიანად გაუბა ლაპარაკი. ახალგაზრდა ქალმა როცა შეამჩნია, რომ ბიჭი ნასვამი იყო, დიდად არ ესიამოვნა, ნაბიჯს აუჩქარა და ზრდილობისთვის თუ მიუგდებდა პასუხს, თან გაფაციცებით აქეთ–იქეთ იყურებოდა, თითქოს მშველელს ეძებდა და თან ის აფიქრებდა, ხალხი ხომ არ უყურებდათ. გიორგიმ ლაპარაკ–ლაპარაკში ხელ–კავის გამოდება დაუპირა, თუ წელზე ხელის შემოხვევა, რომ სახეში სილაც მოხვდა. გაფითრდა, გაცეცხლდა და ერთი გემოზე შეუკურთხა, შე ბოზო, შენი ასე და ისეო.
ყველას მოკრძალებული და თავდაჭერილი რომ ეგონა მეზობლის რძალი, პირიქით აღმოჩნდა, ისეთი ხურდა დაუბრუნა, ადგილზე გააშეშა და სახეზე მკვდრის ფერი დაედო ბიჭს. დედაშენის და გონებაჩლუნგი მამაშენის ნაბიჭვარი მე ბოზს როგორ მეუბნები, დედაშენივით კაცებს არ ვიცვლი და სადაც შენი შესაფერისი გეგულება, იმას გაებღლაძუნეო.
გამწარდა გიორგი, სისხლი თავში აუვარდა, ხმა ვეღარ ამოიღო. ერთხანს თვალი გააყოლა ნაბიჯაჩქარებულ ქალს, მერე კი გამობრუნდა და ალალბედად გაუტია, თვითონაც არ იცოდა, საით. ფეხები ერეოდა ერთმანეთში და სასმელი უფრო და უფრო ეკიდებოდა. გამწარებული იყო ყველაზე, არ იცოდა, რა ეღონა და პასუხი ვისთვის მოეთხოვა. ერთდროულად საკუთარი თავიც ეზიზღებოდა, დედაც და მთელი სოფელიც.
სად იყო და სად არა, გზაზე ჩვენი ვალიკოც გამოჩნდა. მოდიოდა ბედნიერი სახით და ქვეყანაზე არაფერი აღელვებდა. ერთმანეთს რომ მიუახლოვდნენ, ისე გულიანად შესცინა, რომ ბიჭს მოთმინების ფიალა აევსო, მთელი ამ დროის განმავლობაში ნაგროვებმა ბოღმამ ამოხეთქა და თავი ვეღარ შეიკავა. მივარდა ვალიკოს, გულიანად ურტყა და სულ თავ–პირი დაუსისხლიანა, ყველა უბედურების სათავეს უძახდა, გულიანად აგინებდა, შენი დებილი და გიჟი დედაო.
ხმაურსა და ვალიკოს ყვირილზე ხალხი გამოეფინა ქუჩაში. მიცვივდნენ და მამა გამოტაცეს ხელიდან შვილს. გიორგი შინისკენ გავარდა, ვალიკოს კი არაფრის თავი ჰქონდა, მხოლოდ ხმამაღლა კვნესოდა და ისევ დევებზე ბოდავდა რაღაცებს, ოღონდ ამჯერად მისი საცოდაობის შემყურე თანასოფლელებს აღარ ეცინებოდათ, მხოლოდ თავებს იქნევდნენ სინანულით. ორი კაცი მხრებში ამოუდგა და სახლამდე მიაცილეს.
ზინას გიორგიმ, როცა დასისხლიანებული მამა დაინახა, გამოვარდა ეზოში და ვინ გააკეთა ეს, როგორ გაბედა, თუ კაცია გამოვიდესო, – ყვიროდა. ვალიკოს სახლში მომცილებლები დუმდნენ, არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ამ დროს მეორე სართულის აივანზე მარინას გიორგი გადმოდგა, გულიანად გადაიხარხარა და აქა ვარ, აბა მითხარი, რა გინდაო, – გადმოსძახა.
დიდი გაწევ–გამოწევა ატყდა. ზინას და მარინას კივილი ცას წვდებოდა, ბიჭებს წინ ეფარებოდნენ, არ უშვებდნენ ერთმანეთისკენ, თან გულიანად იწყევლებოდნენ. ვალიკოს მომცილებლებიც არ აკლებდნენ მცდელობას, რომ მოჩხუბარი მხარეები დაეშოშმინებინათ. 
თითქმის ორი საათის განმავლობაში დიდი აყალ–მაყალი იყო ეზოში, ლამის მთელი სოფელი შემოიკრიბეს ხმაურით. ბოლოს და ბოლოს დაცხრნენ და ქალებმა შვილები ოთახებში შეირეკეს. ყველას ავისმომასწავლებელი გრძნობა დაეუფლა; ხვდებოდნენ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და რაღაც უბედურება უნდა დატრიალებულიყო.
მთელი კვირის განმავლობაში სიმშვიდე იყო, თითქოს ჩაიარა ყველაფერმა და ზინას გიორგი აღარ აპირებსო შურისძიებას, ავისმომასწავლებელი მოლოდინი გაქრა სოფელში. ახლა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდნენ, ვალიკო როგორი დაბეჟილი იყო და როგორი საცოდავი სანახავი. აღარავის ეკერა დამცინავი ღიმილი პირზე, როდესაც მას ახსენებდნენ, უფრო სინანულით გააქნევდნენ ხოლმე თავს.
მაგრამ მოსახდენი მაინც ხდება. ადვილი როდია შეურაცხყოფის და ტკივილის დავიწყება. ეშმაკი რომ შეუჩნდება ადამიანს, გინდა ძმა იყოს, გინდა მშობელი, ხელს მაინც ააწევინებს და გამოუსწორებელ საქციელს ჩაადენინებს. როგორც ხე – ფესვებს, კაცის ჭკუა–გონება მოგონებებს ეჭიდება და როგორც იმავე ხის ჩრდილს არ შეუძლია საკუთარი ფესვების დავიწყება, მათ გადაყურებს ზემოდან, ადამიანიც მოგონებებში იქექება, ახსოვს წარსული წყენა და ხის მერქანივით უხდება გული, როდესაც მოწინააღმდეგეს ხედავს.
ზინას გიორგი ტყეში იყო ძროხების მოსარეკად წასული, ძმას რომ გადაეყარა. მარინას გიორგის მოზრდილი მუხა წამოექცია და ტოტებს ასხიპავდა, თან ხალისიანად ღიღინებდა. მხარზე ჯოხგადებული ბიჭი რომ დაინახა, უფრო მეტად მოუმატა ხმას და უფრო შემართებით დაიწყო ცულის ქნევა. გამომწვევი მუქარა იგრძნობოდა მის ყოველ მოძრაობასა და გამოხედვაში. ზინას გიორგიმ ვეღარ მოითმინა და ძმისკენ გავარდა. მარინას გიორგიც დასახვედრად მოემზადა და ცული იქვე ახლოს მიაგდო.
მოსისხლე მტრებივით ეკვეთნენ ერთმანეთს ძმები, გამეტებით იქნევდნენ მუშტებს და წიხლებს. ძირს გორაობდნენ, ხან ერთი მოექცეოდა ზემოდან, ხან – მეორე. მთლიანად შემოეხათ უკვე გასისხლიანებული პერანგები. კაციშვილი არ ჩანდა, რომ გაეშველებინა ან საშველად ვინმესთვის დაეძახებინა. უსაზღვრო იყო მათი სისასტიკე და ალბათ ისე გულიანად არც იომებდნენ მტრის წინააღმდეგ, როგორც ახლა ამტვრევდნენ ერთმანეთს თავ–პირს.
ზინას გიორგიმ იმარჯვა და ძმას ზემოდან მოექცა. ვინმეს რომ ენახა, ალბათ ვერც დაიჯერებდა, რომ ეს ქალაქელი მოუხერხებელი ბიჭი ასეთი მოჩხუბარი იქნებოდა. რამდენჯერმე ზედიზედ დაარტყა ქვეშ მოქცეულ ძმას, მთლიანად შეუღება სახე სისხლით. მარინას გიორგის უკვე თითქმის სულ გამოეცალა ძალა, მალე ალბათ გონებასაც დაკარგავდა, რომ უცბად იქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე მიგდებულ თავის ცულს მოკრა თვალი. დანარჩენი ერთ წამში მოხდა: თავგაპობილი ზინას გიორგი გვერდზე უსულოდ გადავარდა.
ერთ ხანს გაუნძრევლად და თვალდახუჭული ეგდო მარინას გიორგიც მიწაზე. მერე ნელ–ნელა წამოიწია და თავი ხელებში ჩარგო. გვერდით გახედვისაც კი ეშინოდა. არავინ იცის, რამდენ ხანს იყო ასე, ან მის გულში რა ხდებოდა ამ დროს. მხოლოდ მხრები უცახცახებდა. ბოლოს წამოდგა, ფეხათრევით და მხრებში მოხრილმა გაიარა ორასიოდე მეტრი, შემდეგ ნაბიჯს მოუკლო და გაჩერდა. ერთი გაიხედა მშობლიური სოფლისკენ და უკან ტყისკენ გავარდა.
ზინას გიორგი შუაღამისას იპოვეს, როცა მთელი სოფელი ჭრაქებითა და ჩირაღდნებით ხელში ტყეს ჩხრეკდა დაკარგული ძმების საძებრად.
დიდი საცოდაობა ტრიალებდა სოფლის თავზე. უკლებლივ ყველა ტიროდა. აქეთ ზინას ასულიერებდნენ, იქით – მარინას. მხოლოდ ვალიკო ვერ ხვდებოდა ვერაფერს. გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა თანასოფლელებს, დღე და ღამე მის ეზოში რომ ტრიალებდნენ და ტირილით დასიებულ თვალებს ხელისგულებით  უფრო რომ ისრესდნენ. პანაშვიდის ღამეს კი მოულოდნელად გიორგი მოიკითხა, სად არის, ძილის წინ ზღაპარი უნდა წავუკითხოო.
ამის თქმა იყო და არგაგონილი ვაი–უშველებელი ატყდა. ყველაზე გულქვა და ათასჭირნახული ბერიკაცებიც ბოლო ხმაზე ატირდნენ. ვალიკო დაიძაბა, ყურადღებით მოათვალიერა მის ირგვლივ შეგროვილი ხალხი. თითქოს რაღაცას მიხვდა, მეხსიერება დაუბრუნდაო და სად არის გიორგიო, – დაიძახა. მერე ოთახებში სირბილს მოყვა, ვიდრე ცხონებული ნაზიკო ბებიას ოთახში დიდ ტახტზე  არ იპოვა წაბლის კუბოში ჩასვენებული და არაადამიანური ღრიალით გადაემხო ზედ.
დიდი პატივით დაკრძალა სოფელმა გიორგი. თურმე ვერც კი აცნობიერებდნენ, როგორ უყვარდათ ეს კეთილი და უბოროტო ბიჭი, ასეთი ტკივილი რომ დაატეხა თავზე ყველას. ამის შემდეგ იყო, ვალიკოს ოჯახზე ქილიკი რომ აღარავის გაუბედავს. ეგ კი არა, მათ ხსენებასაც კი გაურბოდნენ, თითქოს მათი სახელების წარმოთქმით რაღაც დიდი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებოდნენ.
გიორგის დაკრძალვიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, მარინა რომ დაინახეს ერთი პატარა ჩანთით ხელში სოფლიდან მიმავალ გზაზე დამდგარი. ამის შემდეგ მისთვის თვალიც არ მოუკრავს არავის, არც რამე სმენიათ მასზე. მარინას გიორგიზე ხმა დაირხა, ვიღაცას ომში უნახავსო, მაგრამ ვერც ის ვიღაც მოიძიეს, რომ დაწვრილებით გამოეკითხათ და ვერც ის გაიგეს, რა ბედი ეწია, მართლა იბრძოდა თუ არა და ცოცხალი თუ გადაურჩა საერთოდ ომს. ზინა კი არსებობას აგრძელებდა, დილიდან საღამომდე ცრემლებით ალტობდა შვილის სურათებს და ვალიკოს უვლიდა. თითქოს მხოლოდ იმიტომ რჩებოდა ცოცხალი, რომ უპატრონოდ არ დაეგდო საცოდავი ქმარი.
ვალიკოზე კი აბა რა გითხრათ, დადიოდა ქუჩა–ქუჩა და უფრო და უფრო გაუგებრად ლუღლუღებდა რაღაცებს, მაგრამ მის ნაბოდვარზე უკვე აღარავის ეცინებოდა, პირიქით, როგორც კეთროვანს, ისე ეცლებოდნენ გზიდან. მისი უმეტყველო ღიმილი ყველასთვის სახეში შემოლაწუნების ტოლფასი იყო, ყველას გულში დანაშაულის გრძნობას უღვიძებდა.
ადრე თუ ხანდახან მაინც გამოაღწევდა ხოლმე თავისი გამოგონილი სამყაროდან, გიორგის სიკვდილით მიღებული ტრავმის შემდეგ სამუდამოდ შეიკეტა კარი და მეტად აღარც გამოუხედავს უკან. აღარაფერი ესაქმებოდა იქ, სადაც კეთილი ფერიების არსებობის აღარავის სწამდა.
დევების დამარცხების შემდეგ ბევრი იარა თუ ცოტა იარა ვალიკომ, ერთ სასახლეს მიადგა, სადაც ოქროსნაწნავიანი მზეთუნახავი ელოდებოდა...

ჭირი იქა, ლხინი აქა,
შხამით სავსე ბროლის ჭიქა,
შეიშალა სამყარო და
სადღაც თოფმაც დაიჭექა.
                ომიც იყო, ლხინიც იყო,
                ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
თუ რამ არი ბოროტება,
სიზმარივით გამქრალიყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები