ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2013


ქარის მენდელსონი...

ღამე იყო ატეხილი სავნებოდ თუ სამგლედ,
არც მშველოდა, არც მიშლიდა ფიქრი, მოდარაჯე.
გავიარე ფეხშიშველამ პირზე მთვარე-ნამგლის,
ბედი, წერაატანილი ჩემს თავს მივუსაჯე...
იდგა ღამე და მელოდა მზის ჩასასვლელს იქით,
წამი თავის დავიწყების იყო დასაჭერი.
ვის ახსოვდა სულ ფხიზელი, მოყოყმანე ფიქრი,
როცა მიწა ფეხზე მეცვა და ცა იყო ჭერი!
აღარ ეყო ფანტაზია ჩემს ფამულუს ფანტომს,
მზის წნულისკენ მოიწევდა ჟრჟოლვის ჭიანჭველა.
არც ერთ განცდას არ უკითხავს - რა ხდება და რატომ,
ნამგლის პირზე გავიარე ფეხის გაუჭრელად...
რიბირაბოდ თენდებოდა, ცაზე წითელ ზოლით,
სულ არ სურდა ჩანაცრება კოცონს, ჯერ ჩაუმქრალს.
არც ის იყო ჩემი ქმარი, არც მე - მისი ცოლი,
თუმცა, ქარი მენდელსონის მარშს ხმამაღლა უკრავს...
          07.05.13

ფამულუსი - ლათ. მონა, მსახური










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები