ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2013


* * *

შენი ცა თითქოს აღარაა ჩემი
და მთებში ჩაკარგული ხეობებიც მევიწროება
ისევე, როგორც ხმელ საბარგულში
საგულდაგულოდ გადანახული სასკოლო კაბა
თეთრ მაქმანებში გახვეული სახელოებით.
და მდელოები, გადაშლილი აი-იებად
არაგვს მიმხედრებენ_
სანიშნედ რომ ჩაგიტოვე
ლურჯ გაზაფხულზე
იაკობის "დედაენა"-ში.

"შემინახე, დედაო მიწავ," შემინახე
მაგ სიმშვიდე მიტოვებულ სასაფლაოზე!
გლახაკის ბოხჩასავით გამომიკარი და
საგზლად გამიმზადე,
რომ ხანდახან შიგ ჩავიხედო და
ჩახერგილ მოჩვენებებს
ბავშვობისდროინდელი შიშებისას
"გუდის" ყველივით გული გამოვუფშვნა.

შემიბრალე, დედაო, მიწავ, შემიბრალე
და შემინახე მაგ სიმშვიდე ბედისწერად
შემინული სამშობლოს მიღმა.
შემატოვე, შემოდგომის ნატერფალებს შემატოვე,
რომ ფოთოლივით უშფოთველი ნეშომპალად გადავიქცე.
(იქნება, მაშინ მაინც მოგწვდე მუხლის თავამდე!..)
გამომიზამთრე, შენს კალთებზე გამომიზამთრე
სველი ლექსებით შეცივნული ჩემი სხეული,
რომ გაზაფხულზე იმ ბელტებიდან მინდვრებად იქცეს
და მაქმანებში გახვეული სახელოები
სუსტი მაჯებით ხელთავიდან
ლურჯ იებს კრეფდნენ
არაგვის პირას_
იაკობის "დედაენა"-ში.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები