ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2013


ოქროს პარაბელუმი

`ნამდვილად ჩემი კლიენტია”, _ გავიფიქრე, როცა მაღაზიის წინ `ფორესტერი~ გაჩერდა. მთელი დღის განმავლობაში თითქმის არაფერი გამიყიდია და გული მოლოდინით ამიფანცქალდა, მაგრამ როცა მანქანიდან გადმოსულში ქალი შევიცანი, ხელი ჩავიქნიე და ტელევიზორს მივუბრუნდი.
იარაღის პატარა მაღაზიის პატრონი ვარ. ყველაფერი, რითაც ვვაჭრობ, სიკვდილს, დაჭერასა და გატყავებას ემსახურება: სანადირო თოფები, კარაბინები, პისტოლეტები, ხაფანგები და დანები. ჩემი კლიენტები კაცები არიან, თუმცა, როცა თავი მოვაბრუნე, ქალი, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა, ჩემდა გასაკვირად, დახლის წინ იდგა და პისტოლეტებს ათვალიერებდა. 
მაშინვე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა: მაღალი და თხელი იყო. ასე, ოცდაათი წლის იქნებოდა. კლასიკური ჯინსის ქურთუკი, შარვალი და მოკლედ აჭრილი თმა ბიჭის იერს ანიჭებდა.
მომწონს ამ სტილის ქალები.
როგორც მამაკაცთა უმეტესობას, მეც ორი ჰობი მაქვს: იარაღი და ქალი. თავიდან კაცებს ეს ორივე სათამაშო ჰგონია და ერთობიან, ბოლოს, კარგად რომ გაიცნობენ, აღმოაჩენენ, რომ არც ერთია თოჯინა და არც მეორე, რომ მათთან თამაში საშიშია. ამის დასტურია ჩემი გახვრეტილი წვივი და დაცხრილული ნერვები.
ნუ გაეკარები უცხო იარაღს და უცხო ქალს! _ამას ამბობს ჩემი ოცდათხუთმეტწლიანი ცხოვრების გამოცდილება, მაგრამ…
_ პისტოლეტებით ხართ დაინტერესებული, ქალბატონო? შემიძლია გირჩიოთ, _ვთქვი დაზეპირებული ფრაზა და დავუმატე, _ ძალიან კარგად ვიცნობ მათ.
შემომხედა და მის სახეზე გაკრთა ღიმილი, რამაც ტუჩის მარცხენა მხარეს ნიკაპისკენ ჩამავალი ხაზი გამოუჩინა. ეს ნაოჭი იმ ადამიანებს უჩნდებათ, რომლებიც ცდილობენ, მაგრამ საკუთარ ქცევებს ბოლომდე ვერ აკონტროლებენ. ამ ხაზს ნერვული მიმიკა აჩენს.
_ ნამდვილად კარგად იცნობთ იარაღს? _ თქვა და გამომცდელი მზერა მესროლა, რომელშიც ქალური თავდაჯერებულობა და სიკეკლუცე იყო შერეული.
_ ძალიან კარგად, _ ვთქვი და დავიწყე პისტოლეტების მარკებისა და მოდელების დახასიათება. მან მალევე გამაწყვეტინა.
_ ფერზე რას იტყვით?
ამ შეკითხვას არ მოველოდი. კლიენტი ფერს თვითონ ირჩევს. ფერი ძალიან ინტიმურია. თუმცა, ამ საკითხზე საკუთარი შეხედულება მაქვს, რომელიც ათწლიანმა გამოცდილებამ შემძინა: იარაღი ძირითადად ორი ფერისაა _ ქრომირებული და შავი. მსხვილკალიბრიან მოქრომილ პისტოლეტს  ის ყიდულობს, ვისაც იარაღი სხვის დასაშინებლად ან თავის მოსაწონებლად უნდა:
გადაიწია შავი ქურთუკის კალთა, მზეზე ალაპლაპდა ქრომი და წამის მერე თქვენ ლულის დიდი შავი ხვრელი გიმზერთ… ძალიან ეფექტურია, შეიძლება შიშისგან მარცხი მოგივიდეთ, მაგრამ მერწმუნეთ, ის მსროლელი არ არის _ უბრალოდ, ეფექტებზე მოთამაშე ფრაერია.შავ იარაღს კი მსროლელები ყიდულობენ, მნიშვნელობა არ აქვს, თავდაცვისთვის უნდათ თუ თავდასხმისთვის.

_ ფერი ძალიან სუბიექტურია... თქვენ რა ფერი გნებავთ, ქალბატონო?
სანამ პასუხს გამცემდა, შეთქმულივით, თითქოს საიდუმლოს მიმხელდა, ჩემსკენ გადმოიწია ისე, რომ მისი სუნამოს სუნი ვიგრძენი. მოყოლად არ ღირს, მაგრამ ამ სუნმა ათი წლის წინ გადამისროლა.
_ თქვენ ის არ გაქვთ, მოოქროვილი მინდა, _ მითხრა და თავი გააქნია.
ოქროსფერ იარაღს, მწარმოებლები სპეციალურიშეკვეთით უშვებენ. ასეთ იარაღს კლიენტი ნაკლებად ჰყავს. მას ორი დანიშნულებით ყიდულობენ: უმეტესობას საჩუქრად უნდა, მეორენი კი თვითმკვლელნი არიან, ამ პროცესს საკრალურად მიიჩნევენ და ოქროს იარაღს, როგორც სარიტუალო ნივთს, ისე იყენებენ.
_ თქვენ მოდელი აირჩიეთ, ქალბატონო, და შეიძლება მოოქროვილის შეკვეთა, _ ვთქვი და დაკვირვებით შევხედე.
ტუჩთან ნერვული ნაოჭი აუთამაშდა.
_ პარაბელუმი მაჩვენეთ.
_ პარაბელუმი შესანიშნავი იარაღია, ქალბატონო, _ ვთქვი, ვიტრინიდან იარაღი გადმოვიღე, ჩვეული მოძრაობით მჭიდი შევხსენი,შევაყენე, მოვსხლიტე და მივაწოდე.
როგორც კი პისტოლეტის ტარი მის თითებს  შეეხო, მაშინვე მივხვდი, რომ ამ ხელისთვის იარაღი უცხო არ იყო. გადატენა, მოსხლიტა, ხელისგულზე ლულით თავისკენ დაიდო, თითები ნაზად გადაუსვა და ისე დაუწყო ცქერა, თითქოს იუველირი იყო და სამკაულს აფასებდა.
ასე იარაღს არ იჭერენ, ყველას აშინებს მკერდისკენ მიმართული ლულა.
ალბათ თვითმკვლელობას აპირებს, _ გავიფიქრე, ერთხელ კიდევ შევათვალიერე და ვიგრძენი, რომ იმ ქალთა კატეგორიას განეკუთნებოდა, რომელთანაც სულ მცირე ხნის ნაცნობობაც კი მამაკაცს ბედნიერს ხდის. ასეთი ქალებს მე ორ ჯგუფად ვყოფ _ ერთნი გრძნობენ საკუთარ შარმს და საზრუნავად ამ ხიბლის დემონსტრირება გაუხდიათ. ამას მეორენიც გრძნობენ, მაგრამ ქცევისა და მიმიკათა სისადავით ცდილობენ მათკენ მიმართული მუშტრის მზერა არ შეიმჩნიონ და ამით საკუთარ სილამაზეს ელეგანტურობას სძენენ.
ჩემი კლიენტი მეორე ტიპის იყო, თუ არ ჩავთვლით თვალებს _ სხვები თუ მთელი სხეულით კეკლუცობენ, ის მხოლოდ მზერას იყენებდა... არასოდეს მინახავს ასეთი გამოხედვა და თუ სხვა დროს, ასეთ შემთხვევაში, ვცდილობ კლიენტი დავკერო და ვფიქრობ მხოლოდ იმ თანხაზე, რომელიც მას უნდა ავართვა, ამჯერად ჩემი საფიქრალი სხვა იყო: როგორმე ეს ქალი დიდხანს უნდა  გამეჩერებინა.
_თქვენ რამდენ ხანში გინდათ იარაღი, ქალბატონო?
მან პარაბელუმს თვალი მოაშორა და აი, ამ დროს დავიჭირე ზემოთ აღწერილი მისი მზერა. მთელ სხეულში ისეთმა შეგრძნებამ დამიარა, როგორიც მხოლოდ სიჭაბუკისას განმიცდია.
_ რაც შეიძლება მალე.
_ თუ შეიძლება, კაბინეტში შევიდეთ, ქალბატონო, მოვილაპარაკოთ დროზე, თანხაზე და ყველა წვრილმანზე.
ის წამით შეყოვნდა, ეტყობოდა, ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა და იმ შუალედში, სანამ პასუხს გამცემდა, ჩემი გონება ციბრუტივით ტრიალებდა _ ძალიან მინდოდა გამომეცნო, რისთვის სჭირდებოდა ამ ქალს ოქროს პისტოლეტი.
_ კი ბატონო, მოვილაპარაკოთ, _ თქვა მან ბოლოს, კიდევ ერთხელ გამიღიმა და კიდევ ერთხელ გაკრთა მის ტუჩთან ნერვული ნაოჭი.
კაბინეტში კი შევთავაზე შესვლა, მაგრამ, რასაც მაშინ ეს სახელი ვუწოდე, სულაც არ ჰგავდა კაბინეტს _ უფრო საწყობი იყო, საკმაოდ უწესრიგოდ დალაგებული ყუთებით, კედელზე დაკიდებული სამონადირეო ჩექმებით, თოფებით, ქურთუკებით, ათასი სხვა წვრილმანით და ამ ყველაფერს აგვირგვინებდა დათვის ფიტული, რომელიც, სანამ ჩრჩილი გაუჩნდებოდა, ვიტრინასთან მედგა.
თავაზი არ მიყვარს, სულაც არ ვთვლი ზრდილობის ნორმად, ფამილარობა კი ჭირივით მეზიზღება, მაგრამ იმ დროს, მგონი, ზედმეტად დავშვერი, ჩემს უხეშ ბუნებაში სითბო და გულისხმიერება მივქექ-მოვქექე და ისეთი სიტყვებითა და ჟესტებით გავუხსენი საწყობის კარი, რომ ქალისგან ირონიული ღიმილი დავიმსახურე. თუმცა, შეიძლება არც იყო ირონიული და მაშინ, უბრალოდ, მომეჩვენა. არ ვიცი რა იყო, დამაბნია კი...
სტუმრებისთვის ორი სკამი მაქვს _ ერთი მდიდრული, მაგრამ მორყეული, მეორე კი უშნო და ხმელი. ხან ერთი შევთავაზე, ხან მეორე. მოკლედ, ავირიე და ბოლოს ჩემს გორგოლაჭიან სავარძელში ჩავსვი, მე ხმელ სკამზე დავჯექი, სული მოვითქვი და შევეცადე, დავდინჯებულიყავი.  `არ ავარდე, გურამ, ის უბრალოდ კლიენტია,~ _ შემოვუძახე თავს.
რა თქმა უნდა, გერმანიაში არ ვაპირებდი შეკვეთის მიცემას, მოოქროვილი პარაბელუმი ძალიან ძვირი ღირს და ქართველი გაღლეტილი, ბრიყვი კლიენტისათვის სამამულო, ჩვენი ოქრომჭედლების ნაოსტატარიც უპრიანია.
მაგრამ ის რამდენადაც გაღლეტილია და ბრიყვი, იმდენად სნობიცაა, ამიტომ სჯობს კლიენტს ეგონოს, რომ იქ, სადღაც, ფირმაში მისთვის შეიქმნა ნივთი და არა აქ, ჩვენთან, ოქრომჭედელ მახარეს სარდაფში, სადაც ელექტროლიზისთვის საჭირო მჟავების მძაფრი სუნი დგას და სამუშაო მაგიდასთან მახარეს ფეხის ულაზათო პროტეზია მიყუდებული.
მახარე ჩემი მეგობარია და პარტნიორი, მაგრამ, მკითხველო, რა დროს საოქრომჭედლოა, რა დროს  მახარე და მისი საბრძოლო წარსულია, მე ხომ სხვა რამეს გიამბობთ.
ვიღაცამ შეიძლება თაღლითი მიწოდოს, მაგრამ  ჩემს თავს ასეთად არ მივიჩნევ _ კლიენტს ვაწვდი თითქმის იგივეს, თანაც ნახევარ ფასად. ამ ჯერზე კი ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა.
_ ქალბატონო, მაპატიეთ, რომ ამ შეკითხვას გისვამთ, თუ წარმოგიდგენიათ, რა ღირს მოოქროვილი იარაღი?
_ არა, ეს თქვენ უნდა მითხრათ, _ თქვა და შეტოკდა მის ტუჩთან ნერვული ნაოჭი, რაც ნიშნად მივიჩნიე იმისა, რომ ქალისთვის ფასი არც ისე უმნიშვნელო იყო.
`მახარეული უნდა შევთავაზო~, _გავიფიქრე და თვალებში შევხედე. ეს ჩემი ჩვევაა ვაჭრობისას.
_ ფასს მერე გეტყვით, ჯერ უნდა გავიგო, რა გინდათ. გრავირებაც გნებავთ? _ ვთქვი, მივხვდი რომ ქალმა ვერ გაიგო, რას ვგულისხმობდი და დავაზუსტე, _ წარწერა. აი მაგალითად: სახსოვრად ამას და ამას დიდი სიყვარულით, ან ლოგო ან გერბი.
ქალის ტუჩთან ისევ შეტოკდა ნერვული ნაოჭი.
_ არა, წარწერა და ლოგო არ მინდა.
_ კარგი, ქალბატონო, გასაგებია. თქვენ იარაღი საჩუქრად არ გინდათ. ორი ტიპის შემიძლია შემოგთავაზოთ, ჩვეულებრივი ტარითა და მოჭედილი ტარით,  _ ვთქვი და ნოუთბუქი მისკენ მივწიე, ფეხზე ავდექი და მისი სავარძლის საზურგეს ხელებით დავეყრდენი.
_ ნახეთ, ეს შედარებით ძვირია, მაგრამ მოჭედილტარიანი რა ლამაზად გამოიყურება, _ მისკენ დავიხარე და კიდევ ერთხელ ვიგრძენი სუნამოს სუნი _ ჩემი სიჭაბუკის მოგონება.
_ ძალიან ლამაზია, რა დაჯდება?
ისეთი ფასი უნდა მეთქვა, რომ ქალს არ შეშინებოდა, არ გაქცეულიყო, ამიტომ მეტი დამაჯერებლობისთვის, მიკიბ-მოკიბვით შორიდან დავიწყე:
_ ქალბატონო, ასეთს, შავ პარაბელუმს, ოცდათვრამეტის მოდელს, ორიათას ლარზე ნაკლებად ვერ იყიდით, ეს ძვირი იარაღია, მოჭედილ-მოოქროვილს კიდევ ათასი ლარი უნდა დაამატოთ, მერწმუნეთ ეს მიზერია, _ ვთქვი და ქალს თვალებში შევხედე, მინდოდა ამომეცნო, მოეწონა თუ არა ფასი. მზად ვიყავი, ორასი ლარი კიდევ დამეკლო და როცა მის ტუჩთან ნერვული ნაოჭი არ შეტოკდა, მივხვდი, რომ თანხა მისაღები იყო და გავაგრძელე, _ ხელშეკრულება დავდოთ, თქვენი პირადობის მოწმობა დამჭირდება.
არ დაველოდე პასუხს, ავდექი, ხელი გავუწოდე და ოდნავ დამარცვლით ვთქვი:
_ გურამ ნადირაშვილი.
_ სასიამოვნოა, სალომე მოდებაძე, _  და ისე შემომხედა, თითქოს რაღაც საიდუმლო გამანდო, _ ჩანთა მანქანაში დამრჩა, შემოვიტან, _ თქვა და გავიდა. მე თვალი გავაყოლე, შესანიშნავი აღნაგობა ჰქონდა. მის გრძელ ფეხებს მაღალი ქუსლები უფრო აგრძელებდა.
`მიყვარს ფიზიკურად და სულიერად რაც უფრო დაცილებულია ქალი მიწიდან~, _ ბოლო ხანებში ეს წინადადება მქონდა აჩემებული და ფრთიან გამონათქვამად მიმაჩნდა.
სანამ სალომე დაბრუნდებოდა აზრების კორიანტელი იდგა ჩემს თავში და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, უფრო ვრწმუნდებოდი, რომ იარაღი ამ ქალს თავის მოსაკლავად სჭირდებოდა.
თვითმკვლელთა უმეტესობა თავში ისვრის. ეს ყველაზე სწრაფი სიკვდილია, მაგრამ ამ სტილის ქალებისთვის გარეგნობა სიკვდილის შემდეგაც მნიშვნელოვანია.
თვალწინ დამიდგა ფართო საძინებელი ოთახი, თეთრი ავეჯით საგანგებოდ გაწყობილი, მოყვითალო-ხავერდოვნად განათებული.
ქათქათა გადასაფარებელზე ჩემი კლიენტი გულაღმა წევს. თვალები სანახევროდ გახელილი აქვს, მის ტუჩთან გამქრალა ნერვული ნაოჭი. მარცხენა ძუძუს ქვემოთ თეთრი აბრეშუმის პერანგი სისხლით არის დასვრილი, მარჯვენა ფეხი და ხელი საწოლიდან გადმოვარდნია, ხალიჩაზე გდია ყვითლად მბზინავი მახარეული. მარცხენა ხელში კი წერილი უჭირავს.
_რა შეიძლება ამ წერილში ეწეროს? _ თავში ეს კითხვა მიტრიალებდა, _ იქნებ სჯობდეს, უარი ვთქვა და ხელები დავიბანო? _ ვფიქრობდი, მაგრამ სურვილი ამ ქალთან ურთიერთობისა იმდენად ძლიერი იყო, რომ სხვასთან ვერ გავუშვებდი, თანაც `ხელების დაბანა~ ჩემი სტილი არ არის.
_ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ამ ქალმა თავი არ მოიკლას? _ ეს შეკითხვა მღრღნიდა, როცა ჩემი კლიენტი დაბრუნდა და პირადობის მოწმობა მომაწოდა.
საბუთი კარგად შევათვალიერე. ოთხი წლის წინ იყო გაცემული. მომეჩვენა, რომ ფოტოდან სხვა ქალი მიმზერდა., ამ ოთხ წელიწადში ისე გამოცვლილიყო. სანამ პირადობის მოწმობას დავასკანირებდი, თავი ავწიე, ჯიქურ შევხედე და დავიწყე:
_ შესანიშნავი იარაღია პარაბელუმი, დიდებულია ლუგერის ცხრა მილიმეტრიანი ტყვია, _ ვაზნა მისკენ მივწიე, _ ნახეთ როგორია... ლულას რომ გაივლის, მისი ტემპერატურა ას გრადუსს ასცდება, შემდეგ დაეჯახება ძვალს, საფეთქელს შეანგრევს და ტვინს გაბურღავს, ამოწვავს დარდს, ვარამს და პრობლემაც მოხსნილია. გული რამდენიმე დარტყმას კიდევ გააკეთებს, სანამ ტვინი არ ეტყვის: გაჩერდი, ჩვენი დრო დამთავრდაო და ისიც გაჩერდება. დიდებული პისტოლეტია პარაბელუმი. ამ იარაღით მოიკლეს თავი გესტაპოელებმა, ესესელებმა და კიდევ იმან, _ ვეღარ გავაგრძელე, არ ვიცოდი რა მეთქვა, შევყოვნდი და მის სახეზე აცახცახდა ნერვული ნაოჭი.
_ ... და კიდევ იმან, შეიხ მანსურის ცოლმა, აიშემ, როცა გაიგო, რომ ქმარი მის დეიდაშვილზე დაქორწინებას აპირებდა. აიშე იწვა. თეთრი ზეწარი სისხლით იყო მოთხვრილი, წინასწარ საგულდაგულოდ გაკეთებული მაკიაჟი მის სახეს ანგელოზის იერს ანიჭებდა. ამბობენ, ასეთი ლამაზი მკვდარი მთელ იემენში არავის უნახავსო და მერე რა? არაფერი... უბრალოდ ქორწილი ორმოცდაათი დღით გადაიდო.
ერთხანს კიდევ ვაგრძელებდი, ის გაფართოებული თვალებით მიყურებდა, რაც აზარტს მმატებდა, ბოლოს მზერა დათვის ფიტულზე გადაიტანა, მივხვდი, რომ შორს შევტოპე და გავჩერდი.
_ საიდან იცი ამდენი რაღაცეები? _ თქვა, ირონიული ღიმილი მესროლა, ადგა, დათვს გარშემო შემოუარა და მონოტონური ხმით გააგრძელა, _ საინტერესოა, ამან რით მოიკლა თავი? ალბათ, თორმეტკალიბრიანი ჟაკანი დაიხალა, ან მოსინის კარაბინიდან 7,62-მილიმეტრიანი ტყვია. აიშეს ანგელოზებრივი მაკიაჟისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ნახეთ, დათვს ფრჩხილებზე ლაქი უსვია, თვალები კი, თუ არ ვცდები, გიშერი უნდა იყოს.
ის დათვის კლანჭებისკენ დაიხარა, ხელით შეეხო და ამ დროს წამოეწია ქურთუკი. ელდამ ჯერ გულში გამკრა, შემდეგ ფეხებში დამიარა, მიზეზი ამ გრძნობისა არ იყო არც თეძოს სიშიშვლე, არც მისი უზადო ფორმა, არც ცისფერი ტრუსის ზონარი, არამედ ქამარი, რომელიც თეძოსთან დეფორმირებულიყო, ქამრის ამ ფორმას იარაღის ტარება აჩენს, ამაზე მეტყველებდა ოდნავ შეწითლებული თეძოც.
_ პოლიციელია, ჩემგან რა უნდა? _ გავივლე გულში და თავში ამოტივტივდა ყველა ჩემი წვრილმანი ცელქობა.
ის კი აგრძელებდა:
_ ამ დათვს მანიკიური სიკვდილის შემდეგღა ეღირსა და, საერთოდაც, რა საჭირო იყო მანიკური?
არ დაელოდა პასუხს, წელში გაიმართა, სავარძელს დაუბრუნდა და საქმიანად თქვა:
_ როდის იქნება ხელშეკრულება?
_ ძალიან მალე, ქალბატონო.
ბრიყვი არ ვარ, ყველანაირად ვიზღვევ თავს, ასეთი შემთხვევისას ხელშეკრულებაში არასოდეს მიხსენებია არც გერმანია და არც ჩამოტანა, უბრალოდ ვწერ დროს, როცა კლიენტს მოოქროვილი იარაღი ჩაბარდება.
ხელშეკრულების ტიპიურ ფორმაში მისი მონაცემები შევიტანე და გადავეცი.
გულმოდგინედ შეუდგა კითხვას. სანამ დაამთავრებდა, მისი ნერვული ნაოჭი რამდენჯერმე შეთამაშდა, ბოლოს თავი მაღლა აწია, ღიმილი მესროლა და თქვა:
_ აქ არსად წერია, რომ იარაღი გერმანიიდან მოდის.
_ ქალბატონო, თქვენთვის გზავნილის მარშრუტია მნიშვნელოვანი, თუ იარაღი?
ქალი კვლავ ხელშეკრულების ტექსტს მიაჩერდა, მაგრამ ვატყობდი, რომ არ კითხულობდა, უბრალოდ ფიქრობდა.
_ თქვენ კარგად იცნობთ იარაღს, მაგრამ, ცუდად გცნობიათ ადამიანები, თვითმკვლელი გგონივართ, არა? _ გაიცინა და თვალები შემომანათა.
მის სიცილს ღიმილით ვუპასუხე:
_ დიახ, ქალბატონო, თქვენ თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილი ადამიანი ხართ, მუშაობთ პოლიციაში, აქ იარაღის საყიდლად არ მოსულხართ და ახლა თავი მისკდება, გამოვიცნო, რა გინდათ ჩემგან.
მან კვლავ გაიცინა:
_ მე არ ვმუშაობ პოლიციაში, თვითმკვლელობაზე არასოდეს მიფიქრია და აქ იარაღის საყიდლად ვარ მოსული.
მომეჩვენა რომ ეს სიცილი ისტერიული იყო, რამაც ერთხელ კიდევ დამარწმუნა ჩემს ვარაუდში.
_ კარგი, ქალბატონო, შევრიგდეთ, ალბათ, ვცდები.
_ არა, არა, თქვენზე არ გავბრაზებულვარ. პირიქით, მიყვარს, როცა მამაკაცი მარჩიელობს, _ თქვა, მომნუსხველი თვალებით შემომხედა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბე _ სამასი ლარი მაგიდაზე დადო და დამემშვიდობა:
_ კარგად, მომავალ სამშაბათს გნახავთ.
მანქანამდე მივაცილე, პატივისცემის ნიშნად მინდოდა კარიც გამეღო, მაგრამ თავი შევიკავე _ შემეშინდა, ფამილარობაში არ ჩამთვლოდა.

იმავე საღამოს საოქრომჭედლოში მახარეს ვეწვიე. იარაღი და ლუდი მივიტანე.
დავსხედით და დავიწყეთ სმა. ცოტა ხანში გული გადავუშალე და ბევრიც ვაცინე.
_ თუ მოოქროვილი იარაღი საჩუქრად არ უნდა, შენ ფიქრობ, რომ თავის მოსაკლავად სჭირდება, არა? ამხელა კაცი ხარ და ვერ გაიგე, რომ ამ ქვეყანაზე ათასი გიჟია და ყველა გიჟი თავისებურ დანიშნულებას უძებნის ნივთს? _ ის შეუჩერებლად იცინოდა, ბოლოს კი, როცა სული მოითქვა, მითხრა: _ ეტყობა, მაგრად დაგევასა ეგ ქალი...
_ ჰო.
მას ისევ სიცილი აუვარდა და თითი დამიქნია:
_ ყურადღება მიაქციე, თავი არ მოიკლას.
ძალიან იმხიარულა, სანამ ძველ ამბებზე არ გადაიტანა საუბარი.
მას უყვარდა ომის მეგობრების გახსენება, იმ ცხოვრებით ცხოვრობდა. იქ იყო დარჩენილი, იმ დროში, როცა მუხლს ქვემოთ ფეხი ჯერ კიდევ საღი ჰქონდა. მახსოვს, ერთხელ მთვრალმა შეთქმულივით, თითქოს საიდუმლოს მანდობდა, მითხრა:
_ გურამ, სიზმარი შემიყვარდა, კოშმარიც _ კი. სიზმარში ყოველთვის ორივე ფეხი მაქვს.

მარტოხელა კაცის ცხოვრების წესია, შინ შუაღამისას დავბრუნდი, მაშინვე დავწექი და გავირინდე, ყურში ჯერ კიდევ მახარეს სიცილი მედგა და ვფიქრობდი: ნუთუ მახარე მართალია და უბრალოდ ჭაბუკივით ავცუნდრუკდი?
მეორე დღეს ძალიან მომინდა სალომესთვის დამერეკა, საბაბს ვეძებდი, როგორღაც მოვახერხე და შევთხზე:
_ ალო, ქალბატონო სალომე, გურამი ვარ, იარაღის მაღაზიიდან.
_ გისმენთ, გურამ... მოხდა რამე?
_ არა, არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე, ხომ არ გადაიფიქრა-მეთქი. ჯერ შეკვეთა არ მიმიცია და...
_ არა, არა, რა უცნაური კაცი ხარ, რატომ უნდა გადამეფიქრა?
_ კარგი, ქალბატონო სალომე.
_ კარგად იყავი, _ დამემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.

ყოველ საღამოს მახარეს ვურეკავდი, მინდოდა, გამეგო, რა მდგომარეობაში იყო იარაღი.
_ ნუ გეშინია, ვადაში ჩავეტევით, _ იტყოდა ხოლმე და სიცილით დააყოლებდა, _ რა იყო, ბიჭო, ეგრე გეჩქარება იმ ქალის ნახვა?
მართლაც ძალიან მეჩქარებოდა და როცა ორშაბათს საღამოს მახარემ იარაღი გადმომცა და დავინახე, რომ ის უზადო იყო, გული ამიფანცქალდა. მოვდიოდი შინისკენ და აკვიატებული ფიქრი არ მასვენებდა. თვალწინ მედგა თვითმკვლელობის სცენა. ნასვამი არ ვყოფილვარ, სრულ ჭკუაზე გახლდით, მაგრამ მაინც იმდენად მომეძალა, იმდენად დამიპყრო ამ აზრმა, რომ შევწუხდი, თავი მკვლელობის თანამონაწილედ წარმოვიდგინე და ისე დამთრგუნა, რომ პარაბელუმი დავშალე და ვაზნაზე დამრტყმელ ნემსას წვერი გადავუქლიბე. ახლა ეს იარაღი თავის მოსაკლავად არ გამოდგებოდა. ის ოქროთი დაფერილ სუვენირად იქცა.
სალომე მეორე დღეს თერთმეტ საათზე მოვიდა. ისევ სპორტულად ეცვა, მაგრამ ამ ჯერზე ჯინსის ქურთუკი, ტყავის ყავისფერი მოსაცმელით შეეცვალა, რომელიც მისი თმის ფერს იმეორებდა და ძალიან უხდებოდა. თმა საგულდაგულოდ დაევარცხნა, რამდენიმე ღერი მაღლა აეპრიხა, რაც უცხო იერს აძლევდა. მისკენ წავედი, კართან შევეგებე. მინდოდა, ხელი ჩამომერთმია, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, პატივისცემის ნიშნად თავი დავუკარი და წავიბუტბუტე:
_ როგორ ბრძანდებით, ქალბატონო სალომე?
_ კარგად, გურამ, შენ როგორ ხარ? _ შინაურულად მომიკითხა და მისი თვალებიდან ისეთი სითბო გამოკრთა, რომელიც იშვიათად მინახავს, _ სად არის ჩემი ფიშტო? მეჩქარება, ვნახო, _ თქვა და გაიცინა.
საწყობში შევიპატიჟე, ისევ ჩემს სავარძელში ჩავსვი, უჯრიდან პარაბელუმი ამოვიღე, შევეცადე გადაცემისთვის პომპეზური სახე მიმეცა, თეატრალური მოძრაობა გავაკეთე და ხელში ჩავუდე. მან პისტოლეტი ხელისგულზე დაიდო, ერთხანს ყურადღებით ათვალიერა, შემდეგ შეაყენა, დათვის  ფიტულს დაუმიზნა და მოსხლიტა. მერე გამომცდელი თვალით შემომხედა, ლულა  მარცხენა ძუძუს ქვემოთ მეშვიდე ნეკნთან მიიდო, კეკლუცად გამიღიმა და თქვა:
_ ძალიან ლამაზია, დიდი მადლობა.
ჩანთა სწრაფი მოძრაობით გახსნა, პარაბელუმი ნაზად ჩადო და დარჩენილი თანხა მომაწოდა. მინდოდა რამე მეთქვა, მასთან ყოფნის წუთები გამეგრძელებინა, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, აზრსა და სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და როცა ადგა და დამემშვიდობა, უთქმელად, მორჩილი მსახურივით გავყევი მანქანამდე, ამ ჯერზე გავბედე, კარი გავუღე და სანამ ჩაჯდებოდა  ბრიყვული ტრაფარეტული სიტყვები ვთქვი:
_ იარაღს მოფრთხილება უნდა, მასთან მოპყრობის წესები უნდა დაიცვათ.
მან გაიღიმა და მომეჩვენა, რომ ამაში იყო რაღაც იმდაგვარი, უფროსები ბავშვს რომ უღიმიან.
იმ დღეს კლიენტებით გაივსო ჩემი მაღაზია, ამდენი კაი ხანია არ მივაჭრია, მაგრამ შეგრძნება, რომელიც ასეთ დროს მაქვს, მაშინ არ გამკარებია, ჩემი ფიქრი სალომე მოდებაძეზე იყო მიბმული და კლიენტებთან უფრო მექანიკური ვიყავი, ვიდრე გულისხმიერი.
საღამოსღა მოვახერხე მახარესთვის დამერეკა და როცა ვუთხარი, რომ იარაღს ნემსა გადავუქლიბე, აღშფოდა:
_ ბავშური ფანტაზიებითა გაქვს ტვინი გატენილი, კლიენტს ის უნდა ჩააბარო, რაშიც ფულს იხდის!..
მოკლედ, ბევრი საყვედური მითხრა.
ჭკვიანი იყო მახარე, ჩემი უახლოესი მეგობარი, გამოცდილი კაცი და კარგი ძმა. მხოლოდ ერთხელ დაუშვა შეცდომა, როცა ფეხი იქ დააბიჯა, სადაც არ უნდა დაედგა.
მეორე საღამოსვე ამიხდა მახარეს ნათქვამი: ტელეფონმა რომ დარეკა, კაფეში ვვახშმობდი ერთ ჩემს ძველ მეგობარ ქალთან, მობილურის დისპლეიზე სალომეს სახელი რომ წავიკითხე, გული ამიჩქროლდა:
_ალო...
ის მაშინვე, შესავლის გარეშე აყვირდა:
_ უსინდისო კაცი ხარ! ეს არის იარაღი?!
_ რა? _ მოვისულელე თავი.
_ რა და, არ ისვრის!
ენა დამება და დასჯილი ბავშვივით წავილუღლუღე:
_ ყველაფერი კარგად იქნება, ცოცხლები და ჯანმრთელები ვიყოთ და ყველაფერი გამოსწორდება.
_ რა ჯანმრთელები?! რა ცოცხლები?! იარაღი არ ისვრის, გესმის?!
ეტყობა სასმელის ბრალი იყო, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ისევ, ჯანმრთელები და ცოცხლები ვიყოთო, ვლუღლუღებდი.

მეორე დილითვე მოვიდა. კლიენტები მყავდა და მათთან ვიყავი ჩართული. არ მომსალმებია, მიპატიჟებას არ დალოდებია, ჩემს კაბინეტ-საწყობისკენ წავიდა. იმდენად დამაბნია მისმა მოსვლამ, რომ კლიენტებს ბოდიშიც კი ვერ მოვუხადე, ასე ცივად მივყევი უკან.
რომ შევედი, უკვე სავარძელში იჯდა. ცდილობდა, მკაცრი ყოფილიყო, რამდენჯერმე შეუთამაშდა ნერვული ნაოჭი, პისტოლეტი ამოიღო და მაგიდაზე დადო. ხმას არ იღებდა, მივხვდი, რომ ჩემგან მოითხოვდა სიტყვის თქმას და რამდენიმე წამი უხერხული სიჩუმე სუფევდა. ბოლოს მაინც მან დაიწყო:
_ გაცოფებული ვიყავი, მერე იარაღი სპეციალისტს ვანახე, მითხრა, პისტოლეტი ახალია, მაგრამ ნემსა ვიღაცას გადაუხეხიაო. ეს რატომ ქენი, გურამ?
მხრებჩამოყრილი ვიდექი და პისტოლეტს მივჩერებოდი, ვერ გადამეწყვიტა, რა მეთქვა. ბოლოს იარაღი ავიღე, სწრაფი მოძრაობით დავშალე, სხვა პარაბელუმის მექანიზმი დავაყენე, იარაღი მაგიდაზე დავდე და მისკენ გავაცურე. ეტყობოდა, რომ სურდა, უფრო მკაცრი ყოფილიყო და თავს ებრძოდა.
პისტოლეტს მჭიდი მოარგო, გადატენა და გაისმა სროლის ხმა. ამას არაფრით არ მოველოდი, ყურები დამეხშო, უნებლიედ თავი დავღუნე და როცა ავწიე, დავინახე, რომ სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა და მის ტუჩთან ნერვული ნაოჭი გულივით ფეთქავდა, ჩემს დათვს კი ყელზე ცხრა მილიმეტრიანი ლუგერის ტყვიით ნახვრეტი გასჩენოდა და ქანაობდა.
იარაღი ძველი ბიჭივით ქამარში გაირჭო და საწყობიდან გავიდა. უკან გავყევი. მაღაზიიდან რომ გადიოდა, შევამჩნიე, დაბალქუსლიანი, სპორტული ფეხსაცმები ეცვა და მისი ფეხები ძალიან ახლოს იყო მიწასთან.
შევეცადე, კლიენტები დამემშვიდებინა _ არაფერი მომხდარა, უბრალოდ, იარაღი გამივარდაო, ვთქვი და შევძელი, მხიარული იერი მიმეღო.
იმ საღამოს, როცა შინ დავბრუნდი, დივანზე წამოვწექი და მომეძალა ფიქრი.
რაც უფრო მეტს ვაწვალებდი გონებას, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ამ ქალს თვითმკვლელობის მანია სჭირდა. ჩემი მისდამი გრძნობა, კი ეტყობა, უკვე იმდენად გამონასკვულიყო, რომ ამ მოსალოდნელ ფაქტს, საკუთარ ტრაგედიად მივიჩნევდი და  თვალწინ კვლავ აკვიატებული კადრები მედგა: თეთრი ოთახი, თეთრ ზეწარზე დასვენებული სალომე, ანგელოზებრივი სახე, სისხლი და პარაბელუმი. არც მანამდე და არც მას შემდეგ ასე  ცხადად არაფერი წარმომიდგენია. ეს იყო ყველაზე უფრო ცოცხალი სურათი, რაც კი ჩემს უხეშ, სტანდარტებით მოაზროვნე გონებას შეუქმნია.
_ ღამეა. ამ დროს ეძალება ადამიანს ემოციები, ამ დროს არის დაწყვეტაზე ნერვები, ის თავს ახლა მოიკლავს, _ ვფიქრობდი და საათის ისარი რაც უფრო უახლოვდებოდა თორმეტს, მით უფრო ძლიერდებოდა მოლოდინი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გასროლის ხმას გავიგებდი. ხომ არსებობს ადამიანებს შორის რაღაც ძაფები, აი, ზუსტად ჩემიდან მისკენ გაბმული ძაფები მეუბნებოდნენ, რომ თვითმკვლელობა გარდაუვალი იყო.
მახარეს კი ამ ძაფებზე მოსმენაც არ უნდოდა და ამ ჩემს განცდებს ჭაბუკურ ქარაფშუტობად მითვლიდა, ხან მტუქსავდა და ხანაც დამცინოდა, მაგრამ მე მახარეს გარდა სხვა არავინ მყავდა, ვისთვისაც შეიძლებოდა გულის საიდუმლო გამენდო.
ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო ეს მახარე, რომ ამდენს იღებდა საკუთარ თავზე? განა მე არ ვათრიე მაშინ ორას მეტრზე მეტი ზურგით?
პირველის ხუთ წუთზე ვიგრძენი, რომ იარღი გავარდა, ყურში გამეჭედა ტყვიის სტვენის ხმა და გულში ტკივილმა გამიარა.
ის აღარ არის, _ გავიფიქრე და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მე მომეკლას და უკვე მსაჯულთა წინაშე ვიდექი.
პირველის ნახევარზე შოკმა გადამიარა და ფიქრი დავიწყე. დავხატე რამდენიმე ვერსია და თითოეულს ჩემს გონებაში გასაქანი მივეცი. ერთი მათგანი ასეთი იყო: სალომემ ქვევიდან შვიდის მაგივრად ხუთი ნეკნი აითვალა, ტყვია გულს ასცდა და ახლა ის ისევ ცოცხალია, სისხლად იცლება და მშველელს ელის. ეს აზრი მთლად მთრგუნავდა, ყელში მიჭერდა და მახრჩობდა. ვისაც სურს გიჟად ჩამთვალოს, მაგრამ მაშინ უმოქმედობა აღარ შემეძლო, ნომერი ავკრიფე და დავრეკე. ზარი გადიოდა, მაგრამ ტელეფონს არავინ იღებდა. `მორჩა, დამთავრდა...~ _ გავიფიქრე და თავში რაღაც უცხო მძიმე ხორკლიანი სხეული შემიძვრა, რომელიც ბორგავდა და ტრიალებდა.


გაგრძელდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები