ნაწარმოებები



ავტორი: აზგო
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2013


სივიწროვე. თავი პირველი(დასაწყისი).

შუადღის კაშკაშა სინათლე კოკისპირულ წვიმასავით ატყდებოდა არემარეს, თუმცა დაბურული თხილნარის ტოტებქვეშ ამ თავსხმის წვეთებიღა ჟონავდა. მათ ხალვათობას ღამესავით გაემუქებინა მიტოვებულ ბაღში მდგარი ჩრდილი.
ოთხი ადამიანი თითქმის გამოერიდა ამ ბინდბუნდს და გაშლილ, მზიან ადგილს მიადგა სადაც არც თხილი იზრდებოდა და არც სხვა რაიმე მცენარეს გაედგა ფესვი. ქვადქცეული თიხის ფილებში მხოლოდ პატარა ღელეს გამოეღრღნა კალაპოტი, რომლის მიდამოს ალაგ-ალაგ ხავსი ეფინა.
- გივი, შეხედე, შეხედე! - დაძაბულად წაუჩურჩულა ნათელამ ქმარს, როცა მათ სულ ერთი ნაბიჯიღა აშორებდა ხავსის ნოხს, - მგლის ლეკვები!
- ვხედავ, - ჩუმადვე უპასუხა ქმარმა ისე, რომ თვალი არ მოუცილებია ხასხასა მწვანე ხალიჩაზე მოთამაშე სამი პატარა ცხოველისათვის.
გივი უსიამოვნოდ გააკვირვა დანახულმა - თავისი საცხოვრებლის შემოგარენი მას რახანია გაწმენდილი ეგულებოდა მტაცებლებისაგან. და აი, ახლა ასე მოულოდნელად წაადგა მათ თავს!
თუმცაღა, არც ისე მოულოდნელად - ჯერ ერთი, აქ, ლოდებით დავიწროვებულ კალაპოტში, ღელე ხმამაღლა ჩუხჩუხებდა და იოლად ახშობდა ნაბიჯების ხმას.
მეორეც - მან, ნათელამაც და ბავშვებმაც, უკვე დიდი ხანია ისწავლეს უხმოდ სიარული. მათ ახლაც ისე ყურადღებით ამოიარეს ხშირი ბუჩქნარი, რომ ერთხელ არ შეხებიან მცენარეთა ტოტებს. შეეძლოთ სულაც გაუჩერებლივ წადგომოდნენ თავს პატარა მტაცებლებს და სწრაფადვე მოეღოთ მათთვის ბოლო, მაგრამ აჩქარებაც არ შეიძლებოდა.
„ეჰ, ბავშვები ნეტა სახლში დაგვეტოვებინა!“ - გაჰკენწლა გივის უსიამოვნო აზრმა.
თითქოს ქმრის ფიქრები ამოიცნოო, ნათელამ ჯერ მას შეხედა და მერე ტყუპებს. გივიმ ხელის აწევით დაამშვიდა ცოლი და კიდევ ერთხელ ყურადღებით დააკვირდა იქაურობას.
მერე ისევ ქალს შეხედა და შუბი მოიმარჯვა. ნათელამ თვალებით გამოჰკითხა ქმარს ჩანაფიქრი. გივიმ მას თითით მიანიშნა წელზე, სადაც ქალს ბოხჩაში პისტოლეტი ეგულებოდა.
ნათელამ, განაგრძო რა მათი უსიტყვო საუბარი, თავი დაუქნია ქმარს, თავისი შუბი იქვე თხილის სქელ ტოტს მიაყრდნო ფრთხილად, და ბოხჩა შეხსნა.
გივი ყურადღებით, მაგრამ მშვიდად ადევნებდა თვალს მეუღლის სამზადისს. თუმცა ისე ლაღად ნამდვილად ვერ გრძნობდა თავს, როგორც ცდილობდა, რომ ცოლისთვის ეჩვენებინა.
კაცს არ ასევნებდა ამ ლეკვების მშობლებზე ფიქრი. სად არიან დიდი მგლები? და, რაც მთავარია, აქ სადმე მათი ხროვა ხომ არ არის?
„არა, არც თინიკო, და მით უმეტეს არც შოთიკო არ შეშინდებიან, თუ რამე მოხდა! ისინი უკვე დიდები არიან და მაგისთანა რამეები კარგად ესმით“,- დაამშვიდა მან საკუთარი თავი.
უცებ გივიმ ახალი სუნი იგრძნო და იმწამსვე გამოერკვა ფიქრებიდან. ნათელაც და ბავშვებიც უმალვე დაიძაბნენ. მომდევნო წამს ქალმა უკვე ბოხჩიდან ამოღებულ იარაღზე უჩუმრად ჩამოსწია დამცველის ღილაკი.
ოჯახი თვალისდახამხამებაში მიხვდა თავის იღბალს. ლეკვების არ იყოს, მათაც ნაკადულის ჩუხჩუხის გამო ვერ გაიგეს, თუ როგორ მოადგა მეორე მხრიდან ბუჩქს დიდი რუხი მგელი. კიდევ კარგი, სიო ნადირისაგან მათკენ ქროდა!
ცოტაც და მძლავრი ცხოველი ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა მზით გაჩახჩახებულ მწვანე საფარზე. ლეკვები უმალვე გამოეგებნენ მას.
ნათელამ ქმარს გახედა. გივიმ დასტურის ნიშნად თავი დახარა. მაშინ ქალმა ნელა გასწია იარაღი წინ, ორივე ხელი მოჰკიდა ტარს და საგულდაგულოდ დაუმიზნა მისგან სულ რაღაც ხუთიოდე მეტრში მდგარ მტაცებელს. ისედაც განაბულმა ბავშვებმა საერთოდ შეწყვიტეს სუნთქვა.
გასროლამ მეხის ქუხილივით დაიგრგვინა!
იმავე წამს მგელი, თითქოს რაღაცამ უბიძგაო, ყირამალა გადატრიალდა. ცხოველის გახეთქილი თავის ქალიდან ტვინისა და სისხლის წვეთებმა იშხეფა და ქვის ფილები კალმახის გვერდს დაამსგავსა.
პატარები წკმუტუნ-წკმუტუნით გაექანენ ბუჩქებისაკენ.
გივი დაუყოვნებლივ გამოხტა თავისი სამალავიდან და ბუჩქისაკენ გაქცეულ ლეკვს გამეტებით ჩაჰკრა შუბი მარცხენა ბეჭის ოდნავ ზემოთ. ცხოველმა ხმის ამოუღებლად დალია სული. მეორე ლეკვს ნათელა დაეწია და ტყვიის დაზოგვის  ჩვეულებამ ისიც აიძულა შუბით მოეკლა პატარა მხეცი.
ცოცხლად ერთი ლეკვიღა დარჩენილიყო, მას არც ბუჩქებში მიმალვა უცდია და არც გაქცევა. ორ დიდ  ქვას შორის შეყუჟული, იგი ხმამაღლა წკმუტუნებდა. შუბებმომარჯვებული ცოლ-ქმარი ორი მხრიდან უახლოვდებოდა განწირულ ცხოველს. პატარა ნადირმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება და კიდევ უფრო საცოდავად აწკავწკავდა.
- მამიკო! - მკვეთრი ხმით დაიძახა თინამ.
გივის კინაღამ შუბი გაუვარდა, ისე სწრაფად მოუტრიალდა იგი ბავშვს.
- რ იყო, მამი? - ვერ შენიშნა რა ვერავითარი ხიფათი, შვებით შეეკითხა იგი შვილს.
- არ შეიძლება, ეს რომ არ მოკლათ შენ და დედიკომ?
ცოლ-ქმარმა გაკვირვებით გადახედა ერთმანეთს.
- თინა, კი მაგრამ ხომ გახსოვს, რა მოგიყვათ მამიკომ? - დაძაბული ღიმილით ჩაეკითხა გოგონას ნათელა, - რატომ ვკლავთ ჩვენ მტაცებლებს? აბა გაიხსენე.
თინა უკმაყოფილოდ დაიმანჭა. ნათელა ყურადღებით აკვირდებოდა შვილს, თუმცა ცალ თვალს დროდადრო დატყვევებული მხეცისკენაც აპარებდა. მამაც არ ტოვებდა ლეკვს უყურადღებოდ.
- მახსოვს. - ბოლოს და ბოლოს ნაძალადევად წარმოთქვა გოგონამ და მოკლედ შეკრეჭილ ხორბლისფერ თმაზე გადაისვა ხელი.
თინიკოს, მის ოვალური სახეზე, ამჟამად ერთდროულად მორიდებისა და სიჯიუტის გამომეტყველება აღბეჭდვოდა.
შოთიკოც გაკვირვებით უყურებდა დას და ნიკაპს ისერსდა. ეს ჩვეულება მას მამისგან დაჰყვა. ისევე როგორც შავი გრუზა თმა და სხეულის მომავალი მძლავრი აღნაგობა.
და-ძმა ტყუპები იყვნენ,  მაგრამ ერთმანეთს არ ჰგავდნენ. თინიკო უფრო დედის „ასლი“ იყო, მასავით ტანწერწეტა, მოქნილი, თუმცა არა სუსტი.
- მახსოვს, - უხალისოდ გაიმეორა თინამ - ახლა ჩვენ და მტაცებლები ერთი და იმავე საჭმელისათვის... ხორცისთვის ვიბრძვით... იმიტომ რომ მარტო კიტრით ე-ე, და იმით... მცენარეებით ვერ გამოვიკვებებით.
გოგონა ერთი წამით დადუმდა და მერე შეკითხვით დაამთავრა თავისი პასუხი:
- ბევრი საჭმელი რომ იყოს, არ მოვკვლავდით?
- მაშინ არა, - დაეთანხმა დედა, - უწინ ადამიანებსაც და ცხოველებსაც ჰყოფნიდათ საჭმელი დედამიწაზე, ხოლო მერე ადამიანები ძალიან გამრავლდნენ, მხეცებს არაფერი დარჩათ.
გივისაც უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ამ დროს შოთიკოს გამყივანი შეკივლება გაისმა.
მამაკაცმა მყისვე მოიხედა და საშინელმა სურათმა მას ლამის დამბლა  დასცა: ორ უზარმაზარ ხვად მგელს ჩაესო კბილები მისი შვილისათვის! ერთს ყელში და მეორეს მუცელში. სისხლი ორივე ჭრილობიდან უხვად სდიოდა შოთიკოს.
გივიმ ვერ გაიგო როგორ, მაგრამ ყელზე კბილებწაჭერილმა ბიჭუნამ შესძლო და კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ხმამაღლა იწივლა. გივიმ ელვისებურად სტყორცნა შუბი მგელს!
ამ მკვეთრმა მოძრაობამ, მოულოდნელად და საკვირველად, სრულიად შეცვალა სურათი, რომელსაც იგი  თვალის დახამხამების წინ ხედავდა.
ახლა ის მოჩუხჩუხე ღელის ნაპირზე კი აღარ იდგა, არამედ სასტუმროს ნომერში, ფართო საწოლზე წამოგორებულიყო. თხილის ბუჩქების ნაცვლად მას ოთახის ღია მწვანე კედლები შემორტყმოდნენ გარს.
გივიმ ფანჯრისაკენ მიაბრუნა თავი. მზე უკვე საკმაოდ დახრილიყო და საცაა თვალებში შეუჭყიტინებდა. როგორც იქნა, მისმა გონებამ საბოლოოდ ჩამოიფერთხა ძილი და გივიმ მოისზრა - ნასადილევს კონდიციონერის სიგრილეში ჩამძინებიაო.
ბავშვები მეზობელ ლოგინზე გასაბერ ლეიბს ეცილებოდნენ ერთმანეთს და კივილი, რომელმაც გივი გააღვიძა, შოთიკოს კი არა თინიკოს პირიდან ამოდიოდა.
გივიმ თვალები მოიფშვნიტა და ბავშვებს გახედა:
-კი მაგრამ, რა დღეში ხართ თქვენ ? - ჯერ ისევ ძილისაგან გათანგული, ნელი ხმით შეეკითხა იგი პატარებს.
- მამიკომ გაიღვიძა-ა! - პირველი აწკრიალდა თინიკო და იმწამსვე საქმეზე გადავიდა: - წავიდეთ რა უკვე ზღვაზე-ე!
- ჰო წავიდეთ, - უფრო თავშეკავებით აჰყვა მას ძმაც, - თორემ მალე დაღამდება და ბანაობასაც ვერ მოვასწრებთ და ხვალ რომ გაწვიმდეს, სულაც ტყუილად ვიქნებით ამ ქობულეთში! გუშინ კიდევ ბათუმში ვისეირნეთ, არ გვიბანავია!
გივიმ ერთ წამს დაფიქრებით უყურა მათ, მერე ტუჩები მოკუმა და ცხვირის ნესტოებიდან უხმო ხითხითი გამოუშვა. მერე მისი მზერა აივნის კარს გადაეყარა და დანახულმა ისევ, ამჯერად გულში ჩააცინა იგი:
„ეს რა ხდება? აივნის კარიც ღიაა, კონდიციონერიც მუშაობს. რა ხალხში მაქვს საქმე? ჰეჰ!“.
- გესმის ნათე, - გასძახა მან ნომრის აივანზე მჯდომ ცოლს, - ეს ხალხი ამბობს, ხვალ წარღვნა იწყება და დღეს თუ არ ვიბანავეთ, საბოლოოდ ვიღუპებითო.
ბავშვები გაკვირვებით მიაჩერდნენ მამას. ნათელამ ქმარს გაუღიმა, წამოდგა და ოთახში შემოვიდა.
- ესე იგი ვერ გადავრჩებით? - ეშმაკურად თვალმოჭუტული მიუბრუნდა იგი შვილებს.
ბავშვებს გივიმ დაასწრო:
- გამახსენდა! - წამოიძახა მან და ერთ წამს უსინათლოს მზერით მიაშტერდა ოთახის მოლისფერ კედელს.
მერე თავის გაოცებულ ცოლ-შვილს მოუბრუნდა და ოდნავ შესამჩნევი დაბნეულობით წარმოთქვა:
- იცით, რა უცნაური და საშინელი სიზმარი ვნახე?! გადამრია კაცი! ძლივს მოვდივარ ჭკუაზე!
- წამო რა, ზღვაზე მოგვიყევი-ი! - გულამოსკვნით წააგრძელა თინამ.
- გოგო, შენ თუ გასწავლე მე, უფროსებს არ გააწყვეტინო- მეთქი?! - დაღლილი ხმით შეეკითხა გივი შვილს.
- შენ მასწავლე, გაწყვეტინება საერთოდ უზრდელობააო, უფროსი არ გიხსენებია, - სერიოზული სახით შეეცადა  თავის დაძვრენას თინა.
- ბიჭოს! გესმის ეს ჭინკა როგორ მასულელებს? - ნაძალადევად გაოგნებული სახით მიუბრუნდა კაცი ცოლს.
- კარგი, გივი, - ნათელამაც გათამაშებული ტრაგიკულობით ამოიოხრა - მართლა იქ მოგვიყევი. ან გზაში, თორემ ესენი თავს გადაგვჭამენ.
ცოლის სიტყვების გამგონე გივიმ მოსიყვარულე დამცინავი ღიმილით გადახედა ტყუპებს, მერე ერთი-ორჯერ ყოყმანით გააქნია თავი და ამოოხვრით წამოდგა ლოგინიდან.
- აუ, რა ბერიკაცივით ხვნეშავ, - უზარმაზარი წუხილით გამოეხმაურა მის ძლიერ ტანჯვას ნათელა,- რამდენი წლის ბერიკაცი ხარ? გამახსენე ერთი.
- მე თუ ბერიკაცი ვარ, მაშინ შენ დედაბერი ყოფილხარ! - გამქირდავად მიუგო მას ქმარმა და სააბაზანოსკენ საცურაო საცვლის ჩასაცმელად გაეშურა.
მან ნათელას უკნიდან ჩაუარა და წამიერად გახედა რა გახარებულ, სამზადიშში მყოფ ბავშვებს, ცოლს კაი გვარიანად მოუჭირა ტორი წელს ქვემოთ, ფუმფულა და მკვრივ, როგორც თვითონ ეძახდა, „ხელის სიამოვნებაზე“.
- ესეც შენ! - თითქმის უჩუმრად მიაყოლა მან ნიშნისმოგებით.
ქალმა მყისვე, ხმაამოუღებლად და უკანმოუხედავად მოიქნია ხელი, თუმცაღა ფუჭად - იქ უკვე აღარავინ იყო, სიმაღლით თითქმის ორმეტრიან გივის სულ ერთი ნაბიჯი ეყო სააბაზანომდე.
- ჰა-ჰაა! - სასაცილო ქედმაღლურობით გადმოხედა მან ცოლს.
- დედი, მამიკო რატომ დაგცინის? - არ გამოეპარა ეს ყველაფერი თვალმახვილა თინას.
- იმიტომ რომ საკუთარი ხუმრობები ძალიან სასაცილო ჰგონია. ცოდოა, - დამწუხრებული ხმით, ქმრის გასაგონად უპასუხა ბავშვს ნათელამ.
- ვინაა ცოდო?! - თეატრალურად განრისხდა გივი.
- ვინა და შენ! - წკრიალა ხმით გადაიკისკისა თინიკომ.
- ვაი შენს დღეს! მე თქვენ გაჩვენებთ სეირს! ერთი მივიდეთ ზღვაზე! - ამ სიტყვებით უკვე სიცილთან ბრძოლაწაგებულმა გივიმ აბაზანის კარი მიიხურა.
ცოტაც და მათ თავისი, როგორც მას გივი ეძახდა  „გრანდ ჰოტელ „ციტრუსი“ უკან მოიტოვეს და ქუჩას მიადგნენ. პატარები ხელჩაკიდებით მიჰყვებოდნენ მშობლებს, მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე, სანამ ჯალაბი მანქანაუხვ, ხმაურიან აღმაშენებლის გამზირს გადაკვეთდა და პატარა, კარუსელებიან სკვერს მიადგებოდა. ამის მერე ტყუპებმა მშობლებს ხელი უშვეს და ზღვისკენ გაიქცნენ.
- მაინც რა დაგესიზმრა ისეთი საშინელი? - შეახსენა ნათელამ ქმარს ძილში ნანახი მაშინ,როცა უკვე ცოლ-ქმრის ფოსტლებმაც დააწყებინეს პლაჟის კენჭებს ხრაშუნი.
- მოიცა, ჯერ ცოტა გავგრილდე, ამ სიცხეში რა მალაპარაკებს? - იუარა კაცმა. მერე ერთი პლაჟზე მომოლოდინე ბავშვებს გახედა და მაშველებისკენ აიღო გეზი. ნათელაც აღარ ჩააცივდა ქმარს და შვილებისაკენ გაეშურა.
როცა გივიმ რახრახით ორი პლასტმასის საწოლი მოათრია, შოთა და თინა უკვე გახდილნი და საბანაოდ გამზადებულნი დახვდნენ.
- წავიდეთ რა მამი-ი! - იმწამსვე მოითხოვა თინიკომ.
- მაცალე გოგო შარვლის გახდა! აუ-უ, ეს რა სულწასულია! - ხელები გაშალა და ბოლო სიტყვები ზეცას შეჰღაღადა მამამისმა.
ბავშვების მოთმინება ის-ისაა ბუშტივით უნდა გამსკდრიყო, როცა გივიმ როგორც იქნა შორტები გაიხადა და ტალღებისკენ წაუძღვა მათ. პატარებს, რაღა თქმა უნდა, ლეიბიც თან მოჰქონდათ, რომლის დათმობას კვლავინდებურად არც ერთი მათგანი არ აპირებდა.
- მამი, გამოგყვები რა ლეიბით ტივტივამდე-ე? - ჩვეულებისამებრ გაწელა თინიკომ.
- შენ რატომ?! - იმწამსვე წარბები შეიკრა და თავისკენ მოქაჩა ლეიბი შოთამ, - ვისი ტიკი-ტომარა ხარ, ყველგან პირველი რატომ ეჩრები?
- კარგით, ბავშვებო! - გადაულაპარაკა მათ მამამ და თან შეეცადა სიმკაცრე განესახიერებინა, - იმ სიშორეზე არავინ წამოხვალთ! აქ იბანავეთ და ლეიბზეც რიგრიგობით იცურავეთ!
- მამა, გეხვეწები... - საწყალი ხმით დაიწყო თინამ, მაგრამ შოთამ უმალვე გააწყვეტინა დას: - ე-ე, ამის თხის გულისათვის...
- ჰე-ჰე! - თავის მხრივ, მასაც გააწყვეტინა გივიმ.- ნეტა მართლა თუ გადახვედით თქვენ მეორე კლასში, ასე ბაღის ბავშვებივით რომ იქცევით? - და ხანმოკლე, როგორც თვითონ ჩათვალა, პედაგოგიური პაუზის შემდეგ, დაამატა:
- მოკლედ, ან იჯერებთ, რასაც მე და დედათქვენი გეუბნებით, ან ნაპირზე „ცურაობთ“ საღამომდე!
მერე, მათი მობუზული სახეების შემხედვარემ, გივიმ ცალყბა ღიმილით დაუქნია პატარებს თითი, მოტრიალდა და წყალში გადაეშვა.
მან ჩვეულებისამებრ შემოუარა ტივტივას და ცოტა ხანში ისევ ნაპირთან აღმოჩნდა. აქ მისი ცურვის არმცოდნე ცოლი ბავშვებთან ერთად ჭყუმპალაობდა ოდნავ შესამჩნევ ტალღებში.
გივიმ მათ სამივეს პეშვით შეასხა წყალი სახეში და საპასუხო, დაუნდობელ შეტევას გამორიდებული, სირბილით ავარდა პლაჟზე.
ცოტა ხანში მას ნათელაც აჰყვა და ქმრის გვერდით, პლასტმასის ტახტრევანზე წამოწვა. ისინი ცოტა ხანს დუმდნენ, მერე კი ქალმა კაცს ისევ სიზმრის ამბავი შეახსენა.
- კი მაგრამ, - ოდნავ დამცინავით ღიმილით მოუბრუნდა მას ქმარი, - მეცნიერ ქალს მართლა ასე გაინტერესებს რაღაც სიზმარი?
- მეცნიერება და სიზმარი სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, - სერიოზულად მიუგო ნათელამ, - მე ხანდახან დამსიზმრია ისეთი რამ, რასაც უკარნახია, რა მოხდება ცხადში.
- რანაირად უკარნახია? - გაიკვირვა კაცმა.
- აი მაგალითად, - დაიწყო ახსნა ნათელამ, - თუ ვინმე ჩემთვის უსიამოვნო ადამიანი დამესიზმრა, მაშინ თითქმის უეჭველად უახლოეს დღეებში რაღაც ცუდი შემემეთხვევა. შენ არ დაგმართნია მასე?
გივი დაფიქრდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მაგრამ იმავე წამს, შეამჩნია რა ნათელას დაკვირვებული მზერა, ჩვეული დამცინავი ღიმილით ალაპარაკდა:
- ჰაჰ! ესე იგი რა? სწავლული ქალი მეუბნები, წინასწარმეტყველება და მისთანა ჯადოები არსებობსო?! ერიჰაა!
- ჯადოები არ არსებობს! - მოთმინებთ განუმარტა მას თავისი აზრი ცოლმა, - უბრალოდ, ე-ე,  რა ვქნა, ნამეტარი მეცნიერული სიტყვები უნდა დავახვავო... თუმცა შენ ხომ მაინც მიხვდები? - ეშმაკურად გაუღიმა მან ქმარს.
- ამას უყურე შენ! - მოჩვენებით აღშფოთდა გივი, - შენ ხვდები და მე ვერ მივხვდები? მიდი ერთი, მიდი!
- კი ბატონო, - სწრაფადვე დამორჩილდა ქმარს ნათელა. - მოკლედ, მეცნიერებას ჯერ არ ესმის დრო-სივრცის... ე-ე, ქსოვილის თვისებები. ანუ გაუგებარია, თუ როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან აწმყო და მომავალი. ჩვენ მხოლოდ წარსულისა და აწმყოს კავშირი ვიცით.
მცირე პაუზის შემდეგ ნათელამ დაამატა:
- არსებობს ვარაუდი, რომ ძალიან მცირე ალბათობით და ძლიერი დამახინჯებით, მომავლის ინფორმაცია აწმყოში ჟონავს.
გივიმ ცოტა ხანი დაფიქრებით უყურა ცოლს და მერე თქვა:
- მგონი, გავიგე რასაც ამბობ. მომავალის, ე-ე, ცნობები ხანდახან გადმოდის აწმყოში, მაგრამ ძალიან იშვიათად და... კაცმა არ იცის, ან გადმოდის და ან არა, - სიცილით დაამთავრა მან.
გივის ჩვეული ურწმუნობის შემხედვარე, ნათელამაც ღიმილით გააქნია თავი. მცირე დუმილის შემდეგ  კაცმა დიდ გასაჭირს შეგუებული ადამიანივით ამოიოხრა და ალაპარაკდა:
- კარგი მოვყვები, აბა მეცნიერებას ხომ ვერ ვეტყვი უარს? - ხელები გაშალა მან და მერე, სანამ მოყოლას დაიწყებდა, თავისი მძიმე, წინგამოწეული ნიკაპი მოისრისა.
დაასრულა თუ არა თხრობა, გივი ცნობიმოყვარეობით მიაჩერდა ცოლს. ნათელას წარბები შეეჭმუხნა და ჩაფიქრებით იკვნეტდა ქვედა ტუჩს. ბოლოს რაღაც ნაძალადევად გაუღიმა ქმარს:
- კი გითხარი ცნობები გადმოდის მომავლიდან-მეთქი, მაგრამ უმეტესწილად... არა, უმეტესწილად კი არა თითქმის მთლიანად, სიზმარი ცხადში განცდილის ანარეკლია.
გივიმ ჯერ დაკვირვებით შეხედა ცოლს, თითქოს რაღაცას იხსენებსო, ხოლო მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ასწია და ხმამაღლა წამოიძახა:
- მართალი ხარ. ახლა მივხვდი, რატომ დამესიზმრა ეს სისულელე: რადიოს გამო!
- რადიოს? - ვერ გაიგო ნათელამ.
- ჰო! სანამ ჩამეძინებოდა ტელეფონით მოვისმინე, კახეთში მგელმა ბავშვი დაჭამაო. ნამდვილად ეგ გამომყვა ძილში.
- უი, რას მეუბნები?! - შეიცხადა ნათელამ, - მერე როგორაა ის ბავშვი?
- გადარჩაო. მამამისმა მიუსწროო და.... - გივი წამით გაყუჩდა და თავის ქნევით დაასრულა აზრი, - იხსნაო მოკლედ.
ცოტა ხანში ნათელასაც გაახსენდა რაღაცა:
- ის გახსოვს? აი, თბილისში ვუყურეთ წამოსვლის წინ?
- რას ვუყურეთ? - ჩაეკითხა გივი და სანამ ცოლი სათქმელს ეტყოდა, ხელი გადასწია და საწოლებს შორის მყოფი პარკიდან ჯერ ისევ სიცივეშენარჩუნებული „ნაბეღლავის“ ბოთლი ამოიღო.
- აი რომ ყვებოდნენ, მგონი „კურიერში“, - დაიწყო ნათელამ, - შორეულ აღმოსავლეთში და ავსტრალიასთან ზვიგენები გამოჩნდნენო?
გივი ყურადღებით უსმენდა ცოლს და თან პირზე ბოთლმოყუდებული წყურვილს იკლავდა.
- მოკლედ, - ამასობაში აცნობდა მას ნათელა, - წელს ზვიგენებმა იმისთანა ადგილას დაჭამეს ხალხი, ადრე რომ არასდროს გამოჩენილანო.
- აა, გამახსენდა! - როგორც იქნა მოიშორა გივიმ ბოთლი და ნათელას გაწვდილ ხელში ჩადო.
ახლა ქალმა მიიდო ბოთლის პირი ტუჩებზე, კაცი კი ალაპარაკდა:
- მაშინ განმარტეს კიდეც, მტაცებლების სანადავლოს ადამიანი ისაკუთრებს და ამიტომ ხდება ეგ ამბებიო, - თქვა გივიმ და მცირე დაფიქრების შემდეგ თავისი კომენტარიც დააყოლა რადიოში გაგონილს:
- ცხრა მილიარდს გადავშორდით, არაფერი აღარ გვყოფნის ამ ხალხს და საწყალმა ცხოველებმაც რა ქნან, სად წავიდნენ?
- სადა? - ოდნავ ამრეზილი ღიმილით იკითხა ნათელამ, რომელიც ისევ პარკში დებდა ბოთლს,- ეგერ - კოსმოსში. ათასობით პლანეტა აღმოაჩინეს უკვე სხვა ე-ე, მზეებთან და არ ეყოფათ?
- რავა, აგდებ მაგ საცოდავებს? - ცალყბა ღიმილით შეეკითხა გივი ცოლს.
- არ ვაგდებ, - ამოიოხრა ნათელამ, - იმას ვამბობ, ნეტა ისე ნუ იზამენ ეგ ზვიგენები და შავ ზღვაში ნუ შემოვლენ მეთქი.
- რატომ ვერ უნდა შემოვიდნენ ვითომ? ვიზა დასჭირდებათ მე შენ გეტყვი, თუ პასპორტი? - გაიცინა გივიმ.
პასუხად ნათელამ მხოლოდ თავი გააქნია მაგრამ ქმრისთვის აღარაფერი უთქვამს, გუნებაში განაგრძნო მსჯელობა:
„არ ვიცი, როგორი ალბათობით შემოდის ჩვენს სიზმრებში მომავლის ინფორმაცია, მაგრამ შოთიკოს მეტი ყურადღება უნდა მივაქციო დღეს... ნეტა რას ნიშნავს გივის სიზმარში მგლები? ნიშნავს კი რამეს საერთოდ...? და მე რომ მოვკალი? რა კავშირი მაქვს მე ვინმეს სიკვდილთან?...“ - ამ კითხვებმა რაღაც უსიამოვნო შეგძნება გაუჩინა ტანში და მის გასაქარვებლად ქალმა, რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გივისგან მალულად საფეთქლები მოისრისა - ცუდ აზრებს მოვიშორებ თავიდანო.
ამასობაში ბავშვები ისევ ლეიბს ექაჩებოდნენ თავთავისკენ: ჩვეულებისამებრ, შოთიკო ჩუმად და თინიკო წივილ-კივილით. ბიჭუნას, როგორც იქნა, მოსწყინდა თინას წივილი და მან ბიძგით მიუგდო დას ლეიბი ისე, რომ თინა მოულოდნელობისგან ჩაყურყუმალავდა.
გოგონამ ამოყვინთვისთანავე ჩაბღუჯა ნადავლი, აძვრა ზედ და ჩქარ-ჩქარა მოუსვა ხელები. ცოტათი მოშორდა თუ არა ძმას, იგი მობრუნდა და ბრაზიანად დაიძახა:
- სულელო!
უკვე ნაპირის გასწვრივ მოცურავე შოთიკომ მოიხედა, მჯიღი მოუღერა დას და მისკენ ისკუპა. თინამ შეჰკივლა და ღრმა ზღვისკენ გააქანა თავისი ხომალდი. ბიჭუნამ იმდენი ცურვა არ იცოდა, რომ სიღრმეში გასდევნებოდა ლეიბზე მოკალათებულ დას, ამიტომ მალევე მოტრიალდა ნაპირისკენ.
დაინახა რა, რომ ძმისგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თინამ მშობლებს გახედა. დედამისმა ჯერ თითი დაუქნია და მერე ანიშნა - დაბრუნდიო. გოგონა მყისვე მიხვდა: დედაჩემი მაინცდამაინც არაფერს მაძალებსო, და საჩვენებლად ერთი კი მოაბრუნა თავისი ტივი ნაპირისკენ, მაგრამ როგორც კი ნათელამ თვალი მოაშორა, ისევ უკან, ზღვისკენ მიატრიალა. ამ დროს ნათელას თავისი მზერა უკვე შოთიკოზე გადაეტანა.
ბავშვს დიდი ხანია აინტერესებდა, თუ რისგანაა დამზადებული ის უზარმაზარი წითელი ბურთი, რომლის იქითაც ცურვა აკრძალულია, ხოლო მამა კი სულ გარშემო უვლის მას. მისი აზრით, ახლა ზუსტად შესაფერისი დრო იყო თავისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
მან კიდევ ერთხელ გახედა ლაპარაკში გართულ მშობლებს, მოჭყუმპალავე ძმას და ლეიბზე მუცლით დაწვა. მერე ხელები გვერდზე გადასწია და ნიჩბებივით აამუშავა.
იგი საკმაოდ ჩქარა მიცურდა ბურთთან და მყისვე მოუთათუნა ხელი.
- პლასტმასი ყოფილა, - იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა თინამ ისე, თითქოს ტივტივა აუცილებლად რაღაც არაჩვეულებრივი მასალისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული.
... ხვადმა თევზი დაიჭირა და შიმშილისგან გასავათებულს, უმალვე უნდოდა გადაეყლპა, მაგრამ დიდი გაჭირვებით მაინც შეიკავა თავი.
მან თავისი გამხდარი, თუმცა ჯერ ისევ ძლიერი და მოქნილი სხეული მოატრიალა და პატარა მოძებნა. ის სულ უკან დაჰყვებოდა მამას და ახლაც სადღაც თავისი კუდის სიახლოვეს ეგულებოდა ხვადს.
პატარა არსად იყო. მოულოდნელობისაგან დაბნეული ხვადი რამდენიმე წამს უაზროდ ჩააცქერდა წყალქვეშეთის უკიდეგანო, დაბინდულ სივრცეს. შემდეგ პირში თევზგაჩრილი ელვის სისწრაფით გაექანა უკან - შიმშილისაგან დასუსუტებული პატარა ხომ არ ჩამომრჩაო.
თითქმის მაშინვე, ქვემოთ, ზღვის სიღრმეში, რაღაც ათინათს მოჰკრა თვალი. წამიც და ხვადმა გაარჩია თავისი პატარა, რომელიც რატომღაც უჩვეულოდ, მუცლით ზემოთ ამობრუნებული ცურავდა.
ხვადი თვალისდახამხამებაში მიეჭრა მას და თევზი ზედ პირთან მიუტანა. მაგრამ ამჯერად პატარა არ ეძგერა  ნადავლს - თავის საყვარელ ქაფშიას. იგი ისევ უმოძრაოდ, თვალდახუჭული განაგრძობდა ჩაძირვას.
ცოტაც და ხვადი ყველაფერს მიხვდა. ასევე თვალდახუჭული და უმოძრაოდ ჩაიძირა ძუ, როცა მათ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს თევზის დაჭერა. ხვადს უმალვე თავისი მაშინდელი მუცლის ტკივილი გაახსენდა. მუცელი ახლაც სტკივა და ისევ შიმშილისგან...
მერე მათ ის ორი ქაფშია დაიჭირეს, რომლებიც იმ დიდ, ხმაურიან  და ლაქების დამტოვებელ რაღაცას გამოექცნენ, რითაც ადამიანები თევზებს იჭერენ. ის თევზები პატარას შეჭამეს, ხოლო მერე ძუ თვალდახუჭული ჩაიძირა.
ახლა პატარაც ჩაიძირა. იმიტომ რომ თევზია ცოტა - ადამიანები იჭერენ ბევრს. მათ არც მის პატარას დაუტოვეს თევზი და ისიც ჩაიძირა.
ბოლოს და ბოლოს ხვადმა მოისაზრა, პატარას თევზი აღარ სჭირდებაო და თვითონ შეჭამა. ლიფსიტაზე ოდნავ უფრო დიდმა ნადავლმა შიმშილის დაოკების მაგიერ, კიდევ უფრო გაუმწვავა იგი. დამარტოხელებული ხვადი ზედაპირისაკენ დაიძრა. მით უმეტეს, ჰაერის უკმარისობას გრძნობდა უკვე.
იგი გამოქანებით ამოხტა წყლიდან და ჰაერის ჩასუნთქვას ხმელეთისაკენ გახედვაც გამოათანიერა. იქ, როგორც ყოველთვის, როცა მზე ანათებდა და თბილოდა, ადამიანები იყვნენ წყალში. მათი ერთი პატარა სხვებზე შორს დაცილებულიყო ნაპირს. იგი იმ მრგვალ რაღაცას უტყაპუნებდა, რომელიც ფსკერზეა მიმაგრებული.
ადამიანის პატარას ეტყობა, არ შიოდა, რადგან თამაშობდა. ხვადს კი ძალიან შიოდა. მაგრამ ისინი ხომ ადამიანის პატარებს არ ჭამენ? თუმცა, ეს პატარა ახლახანს გადაყლაპულ ქაფშიასავით უსუსურად გამოიყურებოდა...
ხვადი უცქეროდა ადამიანის თამაშს და ისევ ის ქაფშია ახსენდებოდა. დროდადრო იგი საერთოდ ვეღარ ხვდებოდა, რას უყურებდა - თევზს თუ პატარა ადამიანს.
.... უცებ თინამ თავისი ლეიბის ქვეშ, ზღვის სიღრმეში მოსრიალე დიდ ლანდს მოჰკრა თვალი. გოგონას ჯერ გაოცებისაგან სუნთქვა შეეკრა, მერე კი, სულ რაღაც ერთ წამში, როცა უფრო კარგად გაარჩია ლანდის კონტურები, უზომო სიხარული იგრძნო - ეს რამოდენა თევზი დავინახეო! ცოტაც და მას უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა ნაპირზე და დაიტრაბახებდა - უზარმაზარი თევზი შემხვდაო!
თუმცა სულ მალე თინას სიხარული მწუხრებამ შეცვალა. მას მოაგონდა რომ ტელეფონი თან არა აქვს და ვიდეოს ვერ გადაიღებს! ხოლო უმაგისოდ შეიძლება არ დაუჯერონ. განსაკუთრებით იმ საზიზღარმა შოთიელამ.
ლეიბზე მწოლიარე გოგონას ისღა დარჩენოდა, წყალს ჩაშტერებოდა და თევზის ცურვისთვის მიედევნებინა თვალი. კამკამა წყალში თინა კარგად ხედავდა ცხოველის მოქნილ, სრიალა და გლუვ სხეულს. თევზი მისი ლეიბის შორიახლო ტრიალებდა და ეტყობა, ჯერ არ აპირებდა ზღვის სიღრმეში გაუჩინარებას.
ბავშვს ცოტა გაუკვირდა კიდეც - რატომ ტრიალებს ეს თევზი ამდენ ხანს მის ლეიბთან? და საერთოდ, რა თევზია ეს? თინა დაფიქრდა და სცადა გაეხსენებინა, თევზების რა სახელები იცოდა.
მოაგონდა ვეშაპი, რომელიც ძალიან დიდია. წიგნში ის გემისტოლაა და თავზე შადრევანი აქვს... არა, ეს ის არ იყო.
შემდეგი სახელი „ზვიგენი“ გაახსენდა, მაგრამ არც ის ჰგავდა ამ თევზს - ზვიგენს საშინელი, გრძელკბილებიანი ხახა აქვს.
მერე ქაფშია მოაგონდა, დედა რომ მჭადის ფქვილში წვავს ხოლმე. მასაც და შოთიელასაც ძალიან უყვართ იმ პატარა თევზების ტყემალში ამოწება და კნატუნი.
„არა! ის ერთიციდა ქაფშიები ამხელა როგორ გაიზრდებოდნენ?!“ - იქვე უარყო მან ეს აზრი, და მერე, როცა მოისაზრა, თუ რა მოხდებოდა, ასეთი რამ რომ შოთიელასთან წამოსცდენოდა, გაბრაზებით გაჰკიცხა საკუთარი თავი - რა სისულელეაო!
უცებ თინამ კინაღამ  წამოიყვირა, როცა გუშინდელი დღე გაახსენდა:
- „დელფინი, ეს დელფინია!“ 
თინამ თავმოწონებით მიმოიხედა, რომ თავისი მიხვედრილობის მოწმეები დაენახა, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ ზღვის ლურჯ-მწვანე ზედაპირი ლივლივებდა ზანტად და გულგრილად. გოგონას უმალ გაახსენდა, სადაც იმყოფებოდა და ოდნავი იმედგაცრუება იგრძნო. მერე ისევ თევზს გახედა - სწორად თუ გამოვიცანი ვინ არის ესო?
თითქოს სიბეჯითეს უწონებსო, „თევზმა“ მართლაც ამოყვინთა წამით და გოგონა საბოლოოდ დარწმუნდა რომ იგი დელფინს ხედავდა: ზუსტად ასეთი „მომღიმარ სახიანი“ თევზები ნახა მან გუშინ დელფინარიუმში.
თინას დელფინთან დაკავშირებით კიდევ რაღაც-რაღაცები გაახსენდა. ის კაცი წარმოდგენის დაწყებამდე რომ ყვებოდა. თან რა სასაცილო სახელი ჰქონდა იმ კაცს - ბერდია!
ამ სახელის გახსენებაზე თინას ახლაც გაეღიმა, მაგრამ უმალვე შეიჭმუხნა და შეეცადა მოეგონებინა, რას ყვებოდა დელფინებზე ის ბერდია, ვისაც თინა არც ისე ყურადღებით უსმენდა, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებოდა წარმოდგენა.
გოგონას გაახსენდა: ბერდიას თქმით გამოდიოდა, თითქოს დელფინები სინამდვილეში მთლად თევზები არ არიან თურმე. იმიტომ რომ... თინამ ისევ შეიჭმუხნა შუბლი და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. იგი დაძაბულად იხსენებდა, თუ რატომ არ იყვნენ ესენი თევზები.
„გამახსენდა! - რამდენიმე წამის შემდეგ, გუნებაში შესძახა მან საკუთარ თავს, - დელფინები არ არიან თევზები, რადგან მათაც ჩვენსავით ჰაერით უნდა ისუნთქონ და ამიტომ ხანდახან უნდა ამოყვინთონ!...  ნეტა ამან თუ იცის იმათსავით თამაში და მაღლა ხტომა? რა იქნება, მე რომ იმ... რა ქვია იმას... მწვრთნელივით ავუქნიო ხელი?“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები