ნაწარმოებები



ავტორი: აზგო
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2013


სივიწროვე. პირველი თავის დასასრული.

ეს აზრი ბავშვს მოეწონა და გადაწყვიტა, როგორც კი თევზი ისევ ამოყვინთავდა, მოესინჯა და მართლაც აექნია მისთვის ხელი. ახლა თინას იმის შიში გაუჩნდა, ვაითუ დელფინს უკვე მოსწყინდა ჩემი თვალიერება და წავიდესო. მაგრამ, მისდა გასახარად, მისი ახალი ამხანაგი ჯერ ეტყობა, არსად წასვლას არ აპირებდა.
- ნეტა რა დაინახა იმ ბავშვმა? - ნათელას ხელის მტევანი წარბებზე მიედო და ისე ირიდებდა დაისის სხივებს, - რამდენჯერაც გავხედე, სულ ქვემოთ იყურება, ასეთი საინტერესო რა ნახა წყალში?
წარმოთქვა თუ არ ეს, ნათელამ თავისი ყურადღებიანი ისევ ზღვაში თანატოლებთან მიჭყუმპალავე საკუთარ ვაჟზე გადაიტანა. ბიჭები ახლა იმით ირთობდნენ თავს, რომ ცდილობდნენ ერთმანეთი რაც შეიძლება დიდი ხნით ჩაეყურყუმალავებინათ. ამიტომ ნათელა, ვერ იშორებდა რა თავის მძიმე ფიქრებს, თითქმის არ აშორებდა შოთიკოს თვალს.
ცოლის სიტყვების გამგონე, ზღვისკენ ზურგშექცევით მწოლიარე გივი გადმოტრიალდა. ჩამავალი მზის სხივებით ალაპლაპებულ წყლის ზედაპირზე მანაც მხოლოდ თვალების მოჩრდილვის შემდეგ გაარჩია ტივტივას შორიახლოს მოქანავე ლეიბი და მასზე გულჩაღმა მწოლიარე თავისი პატარა ქალიშვილი.
- უყურე შენ, რამხელაზე გასულა ეს მაიმუნი! - სიამაყეშეპარული გაკვირვებით გამოთქვა მან თავისი ვითომდა უკმაყოფილება.
- მერე უთხარი, წამოვიდეს! - დაუყოვნებლივ და სრულიად გულწრფელად აჰყვა მას ცოლი, რომელიც შვილის ამ თავნებობაში, ქმრისგან განსხვავებით, კარგს ვერაფერს ხედავდა, - ეჰ, ნეტა მაშინ მართლა მომებრუნებინა! - დაგვიანებული სინანულით აღმოხდა მას.
... ამოყვინთა თუ არა დელფინმა, თინა მაშინვე გადაიწია ლეიბიდან, მარჯვენა ხელი გაშალა და გვერდულად აიქნია, თანაც თითებს არხევდა. დაახლოებით ასეთი რამ დაამახსოვრდა მას გუშინ ნანახიდან.
თინამ აშკარად დაინახა როგორ გააყოლა მისი ხელის მოძრაობას თვალები დელფინმა. თანაც ეს ძალიან სასაცილოდ გამოუვიდა, რადგან დელფინს სინამდვილეში მარტო თვალების გაყოლება არ შეეძლო, მას თავიც და ტანიც უნდა მიეყოლებინა მზერისთვის.
... ადამიანის მოძრაობამ ხვადი დაბნეულობიდან გამოიყვანა. აქამდე ცხოველი ვერაფრით ვერ არკვევდა ქაფშიას ხედავდა თუ ადამიანს, მაგრამ ახლა უკვე საბოლოოდ დაიჯერა - ეს არსება ნაწილობრივ თევზიაო. ყოველ შემთხვევაში, მისი სხეულის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის პატარამ წყლის ახლოს ჩამოატარა, ნამდვილად თევზით მთავრდებოდა.
შიმშილმა ახალი ძალით აატკივა კუჭი ხვადს და მან გადაწყვიტა, ის თევზი წაერთმია ადამიანისათვის. იგი გამოქანებით ამოვარდა წყლიდან და თავისი დაფჩენილი ბასრკბილებიანი ხახით ნადავლს ეძგერა. მისდა სამწუხაროდ ამჯერად ის ვერაფერს ეღირსა - ადამიანს უკვე დაემალა თევზი.
პირველ წამს თინას სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა დაინახა, რა შედეგი მოჰყვა მის მცდელობას. ხოლო მერე ბავშვი რაღაცამ დააფიქრა. მას ვერ გაეგო, რატომ ჰქონდა დელფინს ასე დიდზე დაღებული ხახა? და ამაზე უფრო დიდ უცნაურობად ის მოეჩვენა, თუ როგორ მკვეთრად, კბილების ხმამაღალი ჭახუნით დახურა ცხოველმა პირი.
„კი მაგრამ, იქ ხომ ჩემი ხელი უნდა ყოფილიყო? - გაახსენდა თინას და გაკვირვებისგან მან პირიც კი დააღო, - ეს რა, კბენას მიპირებდა?“ 
ამ აზრმა პირველად გააოგნა ბავშვი, მერე ეჭვები გაუჩინა.
„ეს ხომ გარეულია! - მოისაზრა თინამ, - შინაური არაა! და იქნება ესენი იკბინებიან კიდეც და მათთან თამაში არ შეიძლება?“
თინა ცოტა ხნით გაყუჩდა და მერე დაასკვნა:
„ჰოდა თუ მასეა, უნდა გავეცალო! ნაპირზე გავალ!“
ის იყო ბავშვმა იფიქრა ხელებს ჩავყოფ წყალში და მოვუსვამო, როცა დელფინის კბილებით გავსებული ხახა გაახსენდა.
თინას გააჟრჟოლა და მოეჩვენა, თითქოს მის გულს წამით ყინულის ნატეხი მიადეს. ბავშვმა წყალს გახედა, სადაა ცხოველიო?
დელფინი რაღაც ძალიან დაჟინებით უვლიდა გარს მის ლეიბს. თავი თითქმის სულ წყლის ზემოთ ჰქონდა და ცალ თვალს საერთოდ არ აშორებდა გოგონას.
თინა უფრო ყურადღებით დააკვირდა მას და ამჯერად სულ სხვანაირი იერიანი ეჩვენა ეს ცხოველი. ბავშვი თითქმის დარწმუნდა, რომ იგი სულ არ ჰგავდა გუშინ ნანახებს.
დელფინი ჩასაფრებულივით გამოიყურებოდა და თითქოს პირის კიდეეებიც არ ჰქონდა აწეული, თავისი „მოღიმარი“ თანამოძმეების დარად. იგი რისხვით პირმოკუმული კაცს მოგონებდა თინას.
„ თუ ხელი ვერ ჩავყავი წყალში და ვერ მოვუსვი, ნაპირზე როგორღა გავალ? - ისევ შეშფოთების ტალღამ გადაუარა ბავშვის გულს, - იქნებ მამიკოს დავუძახო?...“
ამ აზრმა თავიდან ვითომ შვება აგრძნობინა, მაგრამ უმალვე ისევ ჩააფიქრა: ხომ შეიძლება დელფინმა მამიკოსაც უკბინოსო?
თინამ ისევ ნაპირს გახედა და ცოტა მოეფონა გულზე, როცა მისკენ მომზირალი მშობლები დაინახა, თუმცა ამასთან ერთად  უსიამოვნოდ ენიშნა, რომ ისინი თურმე იმაზე გაცილებით შორს არიან, ვიდრე აქამდე ეგონა. 
უცაბედად რაღაც რუხი და უზარმაზარი წამოიმართა წყლიდან!  ელდანაცემმა თინამ გამყივანად შეჰკივლა.
ნაპირთან მდგარი გამუდმებული ჟივილ-ხივილის ფონზე, თინას შორეული შეძახილისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. ერთმა ბიჭუნამ კი შესძახა გაოცებით:
- შეხედეთ ტო, დელფინიო! - მაგრამ თამაშში გართულმა მისმა თანატოლებმა, რომელთა შორის შოთიკოც იყო, მისი შეძახილი არად ჩააგდეს.
სამაგიეროდ თინას ელდანაცემ ხმას იმავე წამს დედამისის შეშინებული შეძახილი მოჰყვა:
- გივი ეს რა არის?! - თვალებგაფართოებული, დაბნეულად შეაჩერდა იგი ქმარს.
- დელფინია, ხომ ხედავ... ეთამაშება, ეტყობა.- გივიმ ვითომ მშვიდად წარმოთქვა ეს სიტყვები, მაგრამ ამავე დროს სწრაფად წამოიწია, იდაყვებს დაეყრდნო და ყურადღებით მიაჩერდა ზღვაში საკმაოდ შორს მყოფ თავის შვილს.
- როგორ ვანიშნო ამ ბავშვს, რომ ნაპირისკენ წამოვიდეს? აქეთ სულ არ იყურება! - აღელვება სულ უფრო აშკარად ერეოდა ნათელას.
- იქ დელფინს ეთამაშება და ჩვენსკენ გამოახედებ ახლა მაგას? - უდრდელად თქვა გივიმ.
მერე ზანტად წამოიწია და ასევე აუჩქარებლად წამოჯდა შეზლონგზე, თუმცა, ამავე დროს, ერთი წამითაც არ მოუშორებია ზღვისაგან დაძაბული მზერა.
- კი ეთამაშება მაგრამ, - ვერ დააწყნარა ქმრის სიტყვებმა ნათელა, - ეს ხომ მაინც გარეული ცხოველია და არა გაწვრთნილი?
- მერე რა, დელფინები არ ესხმიან ადამიანს! - რიხიანდ და მხნედ შეახსენა გივიმ ცოლს, - შინაურმა ცხოველმა შეიძლება უკბინოს ან ურქინოს ადამიანს, მაგრამ ამათი სიავე გსმენია ოდესმე? თუ შენი აზრით, ეს დელფინი რაღაცით განსხვავებულია? - ამ დამცინავი შეხუმრებით გივიმ კიდევ ერთხელ სცადა ცოლის დამშვიდება.
ნათელა შეშფოთებულ მზერას არ აშორებდა ლეიბზე მოტივტივე შვილს და თან ქმრის სიტყვების დაჯერებას ცდილობდა. დელფინი კი იმ ნახტომის შემდეგ ისევ გაუჩინარდა.
ამან ოდნავ დააყნარა ქალი და იმის სათქმელად გაათამამა, რის თქმასაც სულ რაღაც ერთი წამის წინ ვერ ბედავდა:
- დელფინები არ ესხმიან ადამიანსო... ჰმ, გაიხსენე, აბა რამ დაგასიზმრა დღევანდელი სიზმარი? დღეს მტაცებლები სხვანაირად იქცევიან და ბოლო-ბოლო ესეც ხომ მტაცებელია? - მოაშორა რა მზერა ზღვას, შეწუხებული მოლოდინით შეაჩერდა იგი ქმარს.
გივის უნდოდა ისევ დამცინავი ღიმილით ეპასუხა ცოლისთვის, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა. მას დროულად გაახსენდა ის, რაც სინამდვილეში არც არასდროს დავიწყნია:  ნათელა სულ ახლახან დააწინაურეს კათედრის გამგის მოადგილედ ბიოქიმიის ფაკულტეტზე.
ოცდაათი წლის ქალისთვის ეს მართლაც დიდი მიღწევა იყო და გივისაც ძალიან ეამაყებოდა ცოლის წარმატება. ამასთან ერთად უკვირდა, როგორ ახერხებდა ნათელა ოჯახზე ზრუნვასაც და სამეცნიერო საქმიანობასაც.
გივი თვითონაც არ ერიდებოდა საოჯახო საქმეებს, მაგრამ მისი სამშენებელო ობიექტები საქართველოს ხან ერთ კუთხეში იყო და ხან მეორეში, რის გამოც სახლში არყოფნაც ხშირად უწევდა და ცოლსაც ამ მხრივ ბევრს ვერაფერს ეხმარებოდა.
მოისაზრა რა ეს ყველაფერი, გივიმ უმალ მოიშორა სახიდან დამცინავი გამომეტყველება და ხანმოკლე პაუზის შემდეგ თქვა:
- შენ ამბობ, ეს ამდენი სეინერი რომ დღე და ღამე თევზისგან ასუფთავებს ზღვას... ე-ე. ჰმ,  ამით დელფინებსაც აკლდებათ საკვებიო...? - კიდევ მცირე დუმილის შემდეგ, მან თავადვე უპასუხა საკუთარ კითხვას:
- თუმცაღა, რაკი ზვიგენები გამოჩნდნენ იქ, სადაც ისინი აქამდე არავის უნახია, ამათ რა შეუშლის ხელს? ესენიც ხომ ჰმ, მართლაც მონადირეები არიან? - სერიოზულად შეაცქერდა იგი ნათელას.
... თინა უკვე რამდენიმე ხანია ზღვის სიღრმეს აკვირდებოდა. ბოლოს რომ ამოხტა და სულ შხეფებში გაახვია გოგონა, დელფინი იმის მერე აღარ გამოჩენილა. თინა ამასობში დამშვიდდა კიდეც და უკვე წყენაც კი იგრძნო:
„ეტყობა მოსწყინდა ჩემთან თამაში. და სულაც არ აპირებდა ჩემს კბენას. მეც რა გავინაზე სულელივით! - უკვე ამრეზით ესაუბრებოდა იგი საკუთარ თავს, - და კიდევ, რის გაბრაზებული სახე, არა ის, სადა აქვს თევზს სახე?“
გოგონამ კიდევ ერთხელ ჩახედა წყალს, ამჯერად თავიც კი ჩაჰყო მასში, მაგრამ მაინც ვერაფერი დაინახა. მხოლოდ ბოლოს, როცა უკვე ჰაერი უთავდებოდა და ამოყვინთვა დააპირა, თინას მოეჩვენა, თითქოს სიღრმეში ისევ ნაცნობ ლანდს მოჰკრა თვალი.
იყო იქ სინამდვილეში რამე, თუ მართლა მოეჩვენა, გოგონას ამაზე ფიქრი აღარ დაუწყია, იგი წამოიწია და ხელი დაუქნია მშობლებს. მერე ისევ ჩვეულად მუცლით დააწვა ლეიბს და ჯერ მარჯვენა მტევანი მოუსვა რამდენიმეჯერ, რომ ლეიბი ზუსტად ნაპირისკენ მიემართა, და მერე ორივე ხელი აამუშავა.
სულ რამოდენიმე მეტრით დაშორდა იგი ტივტივას, როცა დაინახა როგორ ამოცურდა სიღრმიდან ცხოველის გრძელი სხეული.
გოგონამ იგი, მისი პრიალა და ციმციმა ფერის გამო, დიდ და ძალიან წაგრძელებულ ჰაერის ბუშტულას მიამსგავსა. ისეთს, რანაირებსაც ყვინთვის დროს თვითონ უშვებდა პირიდან და მერე ადევნებდა თვალს, თუ როგორ უხმოდ, სრულ სიჩუმეში მილივლივებდნენ ისინი ზედაპირისაკენ.
დელფინმა გაასწრო ლეიბს, მერე შემობრუნდა და მისკენ დაიძრა. იგი თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა თინას „ხომალდთან“ და სანამ გოგონა გაშეშებული ელოდებოდა, თუ რა მოხდებოდა, ცხოველმა წამიერად ამოყვინთა, ჰაერი ჩაისუნთქა და ისევ ლეიბის ქვეშ გაუჩინარდა.
- ფუჰ, რა ცუდი სუნი გქონია პირში! - მიადევნა თინამ დელფინს.
თუმცა ამის თქმა მან მხოლოდ იმის მერე შესძლო, როცა გაშეშებამ გაურა და გულზე ცოტა მოეშვა. ცხოველის ამ განავარდებამ საბოლოოდ დაარწმუნა ბავშვი - ეს „თევზი“ უბრალოდ მეთამაშება და არაფერ ცუდს არ მიპირებსო. მან უფრო მხნედ და თავისუფლად წარმართა თავისი ტივი ნაპირისაკენ.
უცებ თინას მოეჩვენა თითქოს მის თითს ცეცხლწაკიდებულ მუგუზალი მიადეს. გამწარებულმა ბავშვმა საშინლად დაიკივლა! ტკივილი ახლაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მაშინ, პატარობას რომ განიცადა და მერე არასოდეს დავიწყნია.
დედა სარეცხს აუთოებდა, როცა ტელეფონმა დარეკა. ნათელამ უთო ცერაღმა დააყენა და ხალათის ჯიბიდან ყურმილი ამოიღო. ქალს ცოტა გაუგრძელდა ლაპარაკი და იგი, მოშორდა რა საუთოო მაგიდას, დივანზე დაჯდა.
თინას ყოველთვის იზიდავდა უთოს პრიალა ზედაპირი, მაგრამ დედა სულ უშლიდა მასზე ხელის მიკარებას. იმ წამს კი პატარამ დრო იხელთა, მკვირცხლად მიეჭრა უთოს, ხელი ასწია და ხუთივე თითი, ლამაზ ანარეკლებიან რკინას ჩამოუსვა.
მისმა შეკივლებამ ნათელას ტელეფონიც კი გააგდებინა ხელიდან! მაშინ თინას თითქოს ცეცხლი მიეწება თითებზე და დედიკო ვერაფრით ვერ აშორებდა იმ საშინელ სიმხურვალეს. ნათელა ეფერებოდა შვილს, თითებზე სულს უბერავდა, მერე ცივ წყალშიც ჩააყოფინა, თუმცა წყალმა ძალიან ცოტა ხნით უშველა.
ცოტა ხანში იგი თითქოს ადუღდა და უკვე ვეღარ ანელებდა თითებზე მიკრულ ცეცხლს. მერე მამამ მოირბინა და წამალი მოიტანა. დედამ წაუსვა - წვას გაგიყუჩებსო. არც წამალს უშველია მაინცდამაინც - მხურვალება არა და არ შორდებოდა მის პატარა თითებს.
ახლაც ისეთივე ტკივილი იგრძნო თინამ რომელსაც ამჯერად უსაზღვრო განცვიფრებაც დაერთო. გოგონა ვერ ხვდებოდა - საიდან უნდა ყოფილიყო ზღვაში ცეცხლი?! მან მყისვე ამოიღო ხელი წყლიდან და პირთან მიიტანა - სულს შევუბერავო.
თვალისდახამხამებაში, როგორც კი თავისი ხელი დაინახა, ბავშვს ერთი წამით ყველაფერი დაუტრიალდა თვალწინ. საჩვენებელი თითის მაგიერ მას მხოლოდ ძვალიღა შერჩენოდა, რომელსაც მტევნიდან მოწანწკარე სისხლი თანდათან წითლად ღებავდა.
ერთ წამს თინა გაშტერებული უყურებდა თავის ხელს და არ სჯეროდა საკუთარი თვალების. ასეთი რამ ხომ მართლაც არ შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში!
სად წავიდა მისი თითი? მას რა, დღეიდან მართლა მარტო ძვალი ექნება საჩვენებელი თითის მაგიერ? ეს როგორ შეიძლება? არ შეიძლება. ჰო მაგრამ, აბა მისი ხორცი სადაა? ვინ დაუბრუნებს?
უცებ თინა ყველფერს მიხვდა. მიხვდა და იმწამსვე იგი შიშისა და სასოწრკვეთილების ნიაღვარმა წალეკა.
- მიშველეთ! - რაც შეეძლო ხმამაღლა შეჰკივლა მან ნაპირს.
იმავე წამს ლეიბი მკვეთრად შექანდა. თინამ, რომელიც ამ დროს ნაპირს შეჰყვიროდა და ხელს აჩვენებდა მშობლებს, თავი ვერ შეიკავა და წყალში გადავარდა.
ელდანაცემი ბავშვი რამდენიმე წამს განუძრევლად ტივტივებდა წყლის სიღრმეში, მას თვალებიც კი არ დაუხუჭავს.  მერე თინას ყურადღება მუქმა ლაქამ მიიპყრო, რომელიც სულ უფრო სქლად ეხვეოდა მის მარჯვენა მტევანს.
წამიც და გოგონა მიხვდა - ეს მისი ხელიდან გამოდენილი სისხლი იყო! შიშმა ისევ აუმოქმედა ბავშვს თავის გადარჩენის ინსტინქტი, მან ხელ-ფეხი აამოძრავა და სწრაფად ამოცურდა ზედაპირზე.
იმავდროულად წყლიდან დელფინიც ამოვარდა. თინამ ერთხელ ტელევიზორში ნახა, თუ როგორ ამოარღვია ზღვა წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა რაკეტამ. ცხოველის ახლანდელი ამოხტომა ზუსტად იმას ჰგავდა.
ბავშვმა შიშისაგან ისევ იყვირა და რაც შეეძლო სწრაფად მოუსვა ხელ-ფეხი ლეიბისკენ. იმავე წამს მან საშინელი წვა იგრძნო თეძოში. ტკივილისაგან გაგიჟებულმა თინამ ინსტინქტურად იტაცა ხელი ჭრილობაზე და მყის იგრძნო - მის ფეხს რაღაც აკლდა!
მაგრამ ამჯერად გოგონას ეს აღარ გაკვირვებია და იგი არც საოწარკვეთილებას აჰყვა. თინა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როდის გადაარჩენდა მას მამიკო. როდის მოცურდებოდა და გადენიდა ამ საშინელ ცხოველს...
როგორც კი მანძილით შესუსტებულმა ბავშვის ძახილმა მის მშობლებს მიაღწია, ისინი გულგახეთქილნი წამოხტნენ და ერთდროულად გავარდნენ წყლისკენ. შიშისაგან შეძრწუნებულმა ცოლ-ქმარმა დაინახა, რომ ლეიბზე მჯდომარე თინა მათ რაღაცას აჩვენებდა.
შორიდან დანამდვილებით ძნელი გასარჩევი იყო, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს პატარას მარჯვენა ხელზე წითელი ზონარი შემოხვეოდა. გივის ეს ძალიან ცუდად ეცნო. მერე ლეიბი უცებ შექანდა და თინა წყალში გადავარდა.
აქამდე გივი არასოდეს დაფიქრებულა, თუ რა სიშორეზეა ტივიტივა ნაპირიდან, მაგრამ ახლა თავისი შვილი სადღაც შორს, სამყაროს დასალიერში მყოფად მოეჩვენა.
სუნთქვაშეკრულმა კაცმა მიმოიხედა, იქნებ სადმე ნავი ან სკუტერიაო. მისი მზერა მსგავსს ვერფერს წააწყდა - მხოლოდ ხალხი, დიდი და პატარა ჭყუმპალაობდა და ჟრიამულობდა ნაპირთან. ქობულეთის ღრმა ზღვაში შორს ცურვას არც ისე ბევრი ვინმე ბედავდა და ახლაც არავინ იყო წყალში პლაჟიდან რამდენიმე მეტრზე შორს. მარჯვნივ, თუმცა ნაპირიდანაც და მისგანაც უიმედოდ შორს, „ბანანი“ ასეირნებდა გოგო-ბიჭებს.
ამასობაში ნათელამ შეჰკივლა და ელდანაცემმა გივიმ უმალ ისევ ლეიბისაკენ მიიხედა. დანახულმა მას ლამის გული გაუხეთქა. თინა საერთოდ აღარ ჩანდა წყლის ზედაპირზე! თითქოს რაღაც ძალამ აიტაცა გივი  და ტალღებში გადაისროლა. მან უკვე თითოჯერ მოასწრო ორივე ხელის მოსმა, როცა ცოლის სასოწარკვეთილი ხმა მოესმა:
- გივი ჩქარა რა, ჩქარა რა! მას დელფინი დაესხა!
მამაკაცი ისედაც რაც შეეძლო სწრაფად იქნევდა ხელებს და ასავსავებდა ფეხებს.  შუა გზას გაცდენილმა გივიმ უკვე სუნთქვის გაჭირვება იგრძნო და მიხვდა, რომ ძალინ დიდი, თავისთვის შეუფერებელი სიჩქარით მიცურავს. თუმცა სამაგიეროდ დაღლილობამ მას პანიკის გრძნობა გაუნელა და აზროვნების, თუნდაც არცთუ მთლად დალაგებულის, საშუალება მისცა.
„როცა მივცურდები, ნეტა დელფინი რას იზამს? შეეშინდება ჩემი და მოგვშორდება? - შეეკითხა გივი საკუთარ თავს, - არ ვიცი. არ მაინტერესებს. ჯერ მთავარია დროზე მივიდე!“
მერე სხვა ეჭვი გაუჩნდა:
„გაგიჟდა ეს დელფინი თუ რა ხდება? ნეტა დელფინების ცოფი არსებობს?“
აქ გივის ჯერ რაღაც ბუნდოვნად გაახსენდა და მერე თითქმის უმალვე აზრი მკვეთრად გამოესახა გონებაში:
„ნუთუ მართლა მშიერია?!“ - ამ მიხვედრამ გივი ისე გააოგნა, რომ მან წამით ცურვაც კი შესწყვიტა.
მაგრამ თინას ახალმა, უფრო ახლოდან გაგონილმა ყვირილმა, ლამის ისევ პანიკის მდგომარეობაში ჩააგდო მამამისი.
გულგახეთქილმა გივიმ ცურვისას წყალში სანახევროდ ჩაყოფილი თავი ამოჰყო, წინ გაიხედა და ათიოდე მეტრში თავისი ბავშვის შეძრწუნებული, გაფითრებული სახე დაინახა. თინიკოს შიშისგან თვალები გაფართოებოდა და მათში იმედის კვალიც წაშლილიყო. ბავშვი თითქოს შერიგებოდა თავის ბედს.
მამის დანახვაზე თინას თვალებში ისევ იფეთქა იმედის ნაპერწკალმა. მან ხელი ასწია და მამას დაუქნია, თან თვალს არ აშორებდა წყალს. 
გივის ჯერ გაუხარდა ბავშვი რომ რაღაცნაირად შეეხმიანა, მაგრამ როგორც კი თინიკოს ხელს კარგად დააკვირად, კაცს მოეჩვენა, თითქოს მას გულში მახათი ჩაერჭო! ერთი თითის მაგიერ თინიკოს ხელზე წყლისგან გაპრიალებული ძვალიღა დარჩენილიყო!
თვალის დახამხამებაში გივის სისხლს ადრენალინის უზომო რაოდენობა შეერია და უმალ განდევნა მისი სხეულიდან დაღლილობა და უძლურება. კაცი გიჟივით გაქანდა ბავშვისკენ.
- ნუ გეშინია, მოვედი, მამიკო, აწი ის ვერაფერს... - აქოშინებით ალაპარაკდა გივი, მიცურდა რა ბავშვთან, მაგრამ უმალვე გაჩუმდა, რადგან ამ დროს ისეთი რამ დაინახა, ეჭვიც კი შეეპარა, ისევ სიზმარში ხომ არ ვარო: საიდანღაც  სიღრმიდან დელფინი ამოვარდა და თინას ფერდში ჩაავლო ყბები! 
გოგონამ საზარლად იყვირა!
გივი ერთი წამითაც არ დაყოვნებულა და არც შიშის ან დაბნეულობის  უფლება მისცა თავს. მან სწრაფად გადახარა ტანი უკან, ხოლო ფეხები პირიქით წინ გასწია და მთელი ძალით ჩაარტყა ცხოველს გვერდში.
დელფინის სხეული ისე გაღუნა ამ მძლავრმა დარტყმამ, რომ გივის ერთი წამით მოეჩვენა ხერხემალი გადავუტეხეო და ოდნავი შვებაც კი იგრძნო - საფრთხე მოვაშორე შვილსო.
მაგრამ ცხოველის სხეულს დრეკადობის დიდი მარაგი ჰქონია. იგი ისევ გასწორდა, თუმცა ამავდროულად ბავშვსაც მოშორდა. დაინახა რა ეს, გივიმ ერთი კი შეხედა მკვდარივით გაფითრებულ თინას და მერე ლეიბი მოძებნა თვალებით, რომელიც მისგან ხელმარცხნივ, იქვე ახლოს ტივტივებდა.
გივიმ მსწრაფლ შემოისვა ბავშვი ზურგზე და უკვე ლეიბისკენ  აპირებდა გაცურვას, როცა უკანასკნელ წამს, ყოველი შემთხვევისათვის ზღვაში ჩაყო თავი და რამდენადაც შეეძლო, წყლის ბუნდოვანი მზერით სიღრმე დაზვერა. იქ, სადაც ზღვას მათი ლეიბის ჩრდილი ოდნავ აბნელებდა, მან დელფინის ლანდი შენიშნა.
გივიმ სწრაფად ამოყო თავი წყლიდან, რამდენადაც შეეძლო პირი ზურგისკენ მიიბრუნა და მშვიდი ხმით უთხრა თინას:
- მამიკო, ნუ გეშინია. მგონი ეს დელფინი ჯერ ვერ დაწყნარდა და ჩვენსკენ მოდის, მაგრამ ხომ დაინახე, წეღან როგორ ვუთავაზე? ახლა უარესს ვუზამ და მერე ლეიბზე შეგსვამ.
- ხო, მამიკო, შენ ძალიან ძლიერი ხარ, - ჩუმი სლუკუნით უპასუხა ბავშვმა. უკანასკნელმა განწირულმა კივილმა საბოლოოდ გამოაცალა თინას ძალა, - წეღან შენ კინაღამ შუაში გატეხე ის. ნეტა კიდევ რაღა უნდა? - გივი მიხვდა რომ მისი პატარა ძლივს იკავებდა ქვითინს.
თუმცა ქვითინი არ აწუხებდა გივის, მას ბავშვის ჭრილობებიდან გამოდენილი სისხლის უამრავი რაოდენობა ზარავდა. მაგრამ სასოწარკვეთის დროც აღარ იყო, გივიმ ისევ ჩასწია სახე წყალში.
ამასობაში ცხოველი მიუახლოვდა მათ. გივის არ აშინებდა არც მხეცის სისწრაფე და არც მისი ღონე. მან თავისი ფართო გულმკერდის ძლიერი კუნთები დაძაბა, ქვედა ყბა წინ წამოსწია და შვილის დასაცავად გაემზადა.
უკანასკნელ წამს დელფინმა აარიდა თავი შეტაკებისთვის გამზადებულ ადამიანს და ზღვის ზედაპირზე ასრიალდა. კაცმაც ამოჰყო თავი წყლიდან და ერთხელ ძლიერად გააქნია იგი, რათა თვალებიდან წყლის წვეთები მოეშორებინა. მერე მეტოქე მოძებნა.
დელფინი წრეზე უვლიდა მათ, მაგრამ თავდასხმას ეტყობა, ჯერ არ აპირებდა. გივიც ისე ტრიალებდა, რომ ყოველთვის ბავშვსა და ცხოველს შორის ყოფილიყო. ერთი მზერა მან ხმელეთისკენაც სტყორცნა, იქნებ რაიმე შველა მოდისო.
იქ, წყლის პირზე, ხალხშემორტყმული ნათელა წითელმაისურიან მაშველს ხელების ქნევით ეუბნებოდა რაღაცას და ამ უკანასკნელს უკვე რადიო მიეტანა ტუჩებთან. გივის კარგად ენიშნა ეს ამბავი და იგი უფრო დაჯერებით და უშიშრად შემოუბრუნდა ცხოველს.
უცებ გივის ზურგს ამოფარებულმა თინამ უცნაურად ამოიხავლა და მისი მარცხენა ხელი, რომელიც მამის ყელზე ჰქონდა შემოხვეული, უმწეოდ მოეშვა.
- რა იყო მამი, რატომ გამიშვი ხელი? - თავის მოუბრუნებლად, სწრაფად შეეკითხა იგი ბავშვს.
პასუხის მაგიერ გივიმ იგრძნო თუ როგორ მოშორდა მის ზურგს ბავშვის სხეული. იგი დაუყოვნებლივ შემობრუნდა, დელფინი საერთოდ დაავიწყდა.
თინას პირი დაეღო, თვალები გაშეშებოდა და ნელ-ნელა იძირებოდა. გივიმ კინაღამ იყვირა შიშისაგან, მაგრამ უმალ მოერია თავს. მან ხმის ამოუღებლად ამოუდო მარცხენა ხელი ბავშვს, შემდეგ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი წრეზე მოსრიალე დელფინს და ისევ ლეიბისკენ გაეშურა.
მისცურა რა თავის გასაბერ ტივთან, მან ფრთხილად შემოდო ბავშვი ზედ და უმალვე ჩაეკითხა:
- მამი, როგორ ხარ, მამი? - გივი ცდილობდა, რაც შეიძლება მშვიდი ხმა ჰქონოდა.
როცა თინამ არ იქნა და არ გასცა ხმა, გივიმ მას ყური დაადო გულზე. მშობელს ჯერ მოეჩვენა თითქოს შვილის ძალიან სუსტი გულისცემა გაიგონა, მაგრამ წყლის ტყლაპუნში დანამდვილებით მაინც ვერაფერი გაიგო.
მაშინ იგი ცოტა უკან გაიწია და მთლიანად დაათვალიერა ლეიბზე მწოლიარე უგონო ბავშვის სხეული. თინას ჭრილობებიდან მოწანწკარე სისხლის დანახვაზე გივიმ იგრძნო, თუ როგორ შეეკუმშა მას კუჭი და ყელში მოაწვა ის ყველაფერი, რაც კი იმ დღეს ჰქონდა ნაჭამი!
მამაკაცმა უკიდურესად დაძაბა ნებისყოფა და ისევ მოთოკა საკუთარი სხეული, რომელზედაც შიშმა კინაღამ დააკარგვინა კონტროლი.
ასე გივის მაშინაც არ შეშინებია, როცა ის პაჭუა, გასიებულ სახიანი მხეცი ტანკიდან ავტომატს უმიზნებდა. მაშინ მათ ჯავა უკვე დატოვებული ჰქონდათ, მოწინააღმდეგე გამალებით უტევდა და გივის თითქმის დაკარგული ჰქონდა იმ ჯოჯოხეთიდან ცოცხლად გამოაღწევის იმედი. იგი იმაზეღა ფიქრობდა, რაც შეიძლება, მეტი ნადირი წაეყოლებინა თან.
მაგრამ როცა მტერმა ავტომატის ლულის ზემოდან თავისი ღრმადჩამჯდარი, ბოროტი თვალებით მას გველივით უმოწყალოდ შეხედა, გივის მაინც კინაღამ გაუჩერდა გული იმის შიშით, რომ აწი ვეღარასოდეს ნახავდა ვერც თავის პატარებს, ვერც ნათელას და ვერც ვერავის!
გივის ბედად მის მარჯვენა ფლანგზე მყოფ ზურას ყუმბარმტყორცნში კიდევ ერთი ჭურვი შერჩენოდა. ახლო მანძილიდან გაშვებულმა ყუმბარამ ტანკის ჯავშანი იოლად გახვრიტა, თვითონც აფეთქდა და რაც იმათ ტანკში ჭურვები ქონდათ, ეტყობა ისინიც ააფეთქა.
ის სახეგასიებულიც და დანარჩენებიც, რომლებიც შიგ იყვნენ, ჭურვების ნამსხვრევებმა ნაფლეთებად აქციეს, ხოლო მათი ტანკის ჯავშანი ამჯერად გივის და ზურას მოევლინა მხსნელად. ნამსხვრევებმა მისი შიგნიდან გამორღვევა ვეღარ შესძლეს.
მაგრამ ახლანდელი შიში გაცილებით უარესი იყო, ახლა სიკვდილი მას კი არა მის პატარა გოგოს მოსდგომოდა.
გამწარებული ადამიანი ცხოველს მიუბრუნდა და გააფთრებით შესძახა:
- ეს რა ქენი, შე მხეცო?! გაეთრიე აქედან! - გავეშებულმა მან ხელიც კი მოუქნია დელფინს, თუმცაღა მოშორებით მცურავ ცხოველს ამით რას დააკლებდა?
დაკლებით მართლაც ვერაფერი დააკლო მაგრამ დელფინმა მაინც  შეწყვიტა წრეზე მოძრაობა. იგი შეჩერდა, წყლიდან ამოიწია და ჯიქურ მიაშტერდა ადამიანს.
გივიმც გაუსწორა მას თვალი. სრულიად მოულოდნელად კაცმა იგრძნო, რომ მტრის თვალებში ჩახედვამ მისი რისხვა არათუ გააძლიერა, არამედ გასაოცრად, ცოტა გაანელა კიდეც! შემდეგ წამს ცხოველი მკვეთრად მიტრიალდა და დიდი სისწრაფით გაექანა შუა ზღვისკენ.
გივიც უმალვე გამოერკვა თვალებით ამ უცნაური საუბრისგან და მყისვე თინიკოს ერთი შეხედვით უსულო სხეულს მიუბრუნდა.
როცა მამამ ბავშვი ნაპირზე გაიყვანა, იქ, პლაჟის კიდესთან, უკვე სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.
... - აბა რის ექიმები ხართ?! - გაოგნებით კითხულობდა სინამდვილეს ვერა და ვერ შეგუებული გივი, - ბავშვი მიკვდება, თქვენ კი მას უმოქმედოდ დაჰყურებთ! ქენით რამე! - მერამდენეჯერ, სასოწარკვეთით შესძახა მან ექიმს, სარეანიმაციო მანქანის კარებზე მიყრდნობილ, ორმოციოდე წლის, ჭაღარაშეპარულ ქალბატონს, - გადაუსხით სისხლი!
- სამწუხაროდ, უკვე გვიანია, ბატონო გივი... გვიანი უკვე მაშინ იყო, როცა თქვენ ნაპირზე გამოხვედით.-  ექიმს, პროფესიული გამოცდილების მიუხედავად,  მაინც ძალიან უჭირდა ყოველი შემდეგი, სიტყვა წარმოთქმა, - ბავშვმა ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, წყალში ეს განსაკუთრებით სწრაფად მოხდა...
ნათელა საკაცეზე დასვენებული შვილის გვამთან მუხლებზე დაჩოქილიყო და თავისი მჯიღისთვის მოეჭირა კბილები.  ქალი ვერც კი გრძნობდა და ვერც ხედავდა, რომ მას საკუთარი თითების კანი უკვე გაეკვინტა და ხელიდან სისხლი სდიოდა. შოთიკო დედას მიყრდნობოდა და დაბნეული სახით გაშეშებულიყო.
მათ ირგვლივ თავმოყრილ ადამიანებს სახეებზე გაოცება და უნდობლობა აღბეჭდოდათ. ისინი ვერა და ვერ იჯერებდნენ მომხდარს.  სულ რაღაც ნახევრი საათის წინ უდარდელ და ლაღ დამსვენებლებს ახლა შიში შეპარვოდათ გულებში. თავიანთ შეშფოთებულ მზერას ისინი ხან აქამდე უსაფრთხო შავი ზღვისკენ აპარებდნენ და ხან იქვე გასუსული შვილებისკენ.
გივი უძრავად ჩააშტერდა მიწას. ექიმის საბოლოო, ყველაფრისთვის აზრის დამკარგავმა პასუხმა, იგი შურის მაძიებელი კითხვების მორევში ჩაძირა:  ვისთვის უნდა მოეკითხა პასუხი შვილის სიკვდილისათვის, იმ დელფინისთვის? მაგრამ რა მოეთხოვება ცხოველს? ის ხომ უბრალოდ თავის გამოკვებას ცდილობს და არავისი მტრობა გულში არა აქვს. მაგრამ ვიღაცა ხომაა დამნაშავე?! იქნებ ბედი? თუ?...
ანაზდეულად მან ზღვას გახედა და იმწამსვე, დარდისგან განდგურებულ კაცს, დელფინის ის ჯიქური მზერა გაახსენდა. მყისვე აღიდგინა რა მეხსიერებაში ცხოველის თვალები, გივი მიხვდა, თუ რა დაინახა მაშინ: დელფინის თვალებში იყო აზრიც და გრძნობაც. აზრი უიმედობას გამოხატავდა, ხოლო გრძნობა- ტკივილს!
„ნუთუ ნამდვილად ასე დავიწროვდა დედამიწა, - გაახსენდა მას დღევანდელი ნაფიქრალი, - რომ ვეღარ გვინახავს ყველას? და რა ქნან ცხოველებმა, მართლა გადასახლდნენ? სად?...“
გივიმ თავი ასწია და დელფინის თვალებში დანახული უიმედობა და ტკივილი ზეცას აჩვენა.
ქვეყნიერების გუმბათი ამ საღამოს განსაკუთრებით ჩაშავებულიყო. თითქოს კითხვას პასუხობსო, იგი სულ უფრო მეტ ვარსკვლავს უჩენდა კაცს და თან იმასაც მიანიშნებდა პირქუშად, რომ ამ ურიცხვი მნათობის ირგვლივ კიდევ უფრო მეტი პლანეტა ბრუნავსო.
მაგრამ გივისთვის ახლა ისევე არ არსებობდნენ ის შორეული ციური სხეულები, როგორც მისი პატარა შვილისთვის არ მოიძებნა ადგილი ამ პლანეტაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები