ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
14 ივნისი, 2013


imagine

მე შენ წარმოგთქვამ...
დო
რე
მი...
შენ მუსიკა ხარ ჩემი...
მე შენით ვთბები... საბანი ხარ ჩემი (ლურჯი, ფორთოხლისფერი ვარსკვლავებით), ჩემი ქურთუკი, ყურებიანი ქუდი... შენ მზე ხარ ჩემი, ხანდახან ზამთრისაც... ოღონდ სხვანაირი ზამთრის, ჩემთვის რომ მოიგონე – მსოფლიოში ყველაზე თბილი.
შენ ჩემი ბავშვობის ოცნება ხარ, ფუნჯითა და საღებავებით ხელში ჩემი სახლის ზღურბლზე მდგარი... ერთადერთი “ხელოვნებათმცოდნე”, ჩემი “მხატვრობის ნიჭით” აღფრთოვანებული... მე მჯერა შენი დაპირების, რომ ჩემს ნახატებს აუცილებლად გააცნობ მსოფლიოს... და მერე რა, თუ ერთმანეთის სხეულზე ვხატავთ?
შენ ჩემი თეთრი ლექსი ხარ... არცერთი რითმით მემთხვევი და მაინც ერთი ამოსუნთქვით ვიკითხებით ერთად... და მაინც ერთი მთლიანი ვართ, შეკრული, შესისხლხორცებული...
განთიადსშერეული შენი სუნთქვა ჩემი ყველაზე სასურველი “დილა მშვიდობისა”-ა...
მხოლოდ შენს თვალებში არეკლილ ჩემს სხეულს ვაღიარებ სრულყოფილებად და განა იმიტომ, რომ შენ ამბობ ასე... უბრალოდ, შენი თვალები ძალიან ჰგავს ჩემი ჯერარშობილი შვილის თვალებს, ყველაზე წრფელსა და სანდოს...
შენ ცა ხარ ჩემი...
მიწა ხარ...
ჰაერი...
ფინჯანი ჩაი ხარ, ძილის წინ...
ბავშვობის საყვარელი ზღაპარი...
კარამელიანი ნაყინი ხარ და დილის ძილი...
ლეკვი ხარ, ლაბრადორის, თეთრი...
შენ ლენონის ცნობილი “imagine” ხარ...
მიწისსუნიანი გვირილების თაიგული ხარ და ბროწეულის წვენით სავსე ჭიქა...
შენ ფერადი პარაშუტი ხარ, რომლითაც აუცილებლად გადმოვხტები ოდესმე...
შენ ყველაფერი ხარ, რაც მე სუნთქვისთვის მჭირდება... თავად სუნთქვაც შენ ხარ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც შენ შენ ხარ!
შენ ყველა ნოტი ხარ...
ფა
სოლ
ლა
სი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები