ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
18 ივნისი, 2013


ომის დღე

პირველი ძია მოკლეს. სნაიპერის ტყვია გულთან ოდნავ ქვემოთ შევიდა სხეულში. ცალი ფილტვი გაუხვრიტა. მეთაური ამბობდა მთელს გულ-მუცელს დაუგლეჯდაო. საშინელი ტკივილი ეხატა სახეზე და ცრემლიანი თვალები ქონდა. სანამ გონებას დაკარგავდა გვთხოვდა რომ არ გვეტირა. ამიტომ გავაგდეთ ლამაზი ჯონი გვერდზე. ბოლო ხმაზე ზლუქუნებდა და აწუხებდა მომაკვდავს.
  ძიამ გვთხოვა რომ მასავით გმირებად მოვმკვდარიყავით ან გაგვემარჯვა.
-ჯერ ნუ ამბობ მაგას-ვუთხარი მე-იქნებ გადარჩე.
-იცი მწერალო რაზე ვოცნებობდი? ომში მოვმკვდარიყავი...-ძია ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლუღლუღებდა სიტყვებს-ერთხელაც არ მისვრია, მაგრამ მე გმირი ვარ, ჰო?-ხელი ჩამკიდა მკლავზე, რამხელა ძალა შერჩენია.
-გმირი ხარ ძია-ჩუმად ჩავილაპარაკე.
-ბიჭებო ომი უნდა მოვიგოთ-თქვა ეს და მიჩუმდა. წყალი მივაწოდე. ტუჩები ძლივს გააღო. სახეზე უკვე ბინდი ქონდა გადაკრული, გონებას კარგავდა.
-უკან ვიხევთ-დაიყვირა მეთაურმა-ეს ბრძანებაა!
-საკაცე გვინდა-აუხსნა ბურნუთამ და მომაკვდავ ძიასკენ მიანიშნა.
-დატოვეთ! მკვდრების თრევა შეგვაფერხებს.
    ბურნუთას სახეს რომ ვუყურებდი ყელში ეცემოდა ალბათ. დუმილა დროზე მოეგო გონს. მკლავში ხელი ჩაკიდა. ბურნუთას ისეთი შეშლილი სახე ქონდა კარგ დღეს არ დამართებდა ალბათ, მაგრამ რომ შემოტრიალდა და დუმილას მშვიდ თვალებს შეეჩეხა მომენტალურად დამშვიდდა თავადაც.
  მეთაურს მეტჯერ აღარ გაუმერებია. როგორც ჩანს ძალიან ეჩქარებოდა, თან უკვე საკმაოდ ახლოდან ისმოდა მტრის ტყვიამფრქვევების კაკანი.
  და ისინი წავიდნენ. წავიდნენ კი არა გაიქცნენ. ზოგმა იქვე გაიხადა ფორმა. იარაღი დაყარეს და ტყეში შევარდნენ. მეთაური გარბოდა და თან ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა:
-უკან ვიხევთ!-ამხნევებდა თანამებრძოლებს. ჩვენ კი ვიწექით სანგარში და სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტდით. გვერდით მომაკვდავი მეგობარი იწვა. ჩვენ მას ომში გამარჯვებას შევპირდით და გულში ყველას გვიხაროდა , რომ ამ სამარცხვინო გაქცევას არ უყურებდა.
-წყალი აღარაა, ამას კი ალბათ როგორ წყურია-თქვა ლამაზმა ჯონმა. დამნაშავის თვალებით გვიყურებდა-მგონი ჩვენც უნდა გავყოლოდით ხო?-ამოღერღა ბოლოს.
    ხმა არავის გაგვიღია. ყველას ჩვენი დარდი გვაწუხებდა. ბურნუთა ალბათ ძიაზე ფიქრობდა, ლამაზი ჯონი თავის გოგოებზე, მე იმაზე თუ როგორ დავწერდი ამ ამბავს, დუმილა არაფერზე. ის თითქმის ყოველთვის დუმდა. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი. სროლები აღარ ისმოდა. ირგვლივ სიწყნარემ დაისადგურა:
-წავალ დავზვერავ გარემოს-თქვა ბურნუთამ-ძია აქედან უნდა წავიყვანოთ.
თავი ამოყო სანგრიდან. გარემო მოათვალიერა და ხოხვით გაუყვა ტყისკენ მიმავალ ბილიკს. არავის დაგვიკავებია. ძიას დავხედე და ელდა მეცა. სახე გაფითრებოდა. ის უკვე აღარ სუნთქავდა.
    ის პირველი იყო, მაგრამ არა უკანასკნელი. მოვლენები იმ დაწყევლილ დღეს კალეიდოსკოპიური სისწრაფით ვითარდებოდა.
    ბურნუთა წამებით მოკლეს. ტყეში როგორც კი შევიდა მტრის მეომრები წაადგნენ თავზე. ავტომატის ერთი ჯერის გაშვება  მოასწრო და ორი იმათიანი წააწვინა. იქნებ ასე არ უნდა მოქცეულიყო და დაენდოთ კიდეც? ტყეში ხომ სხვა ჩვენიანებიც იყვნენ, თვითნებურად იარაღ და ფორმა აყრილნი, რომლებიც უბრალო მოსახლეები ეგონათ და უვნებლად გაუშვეს. ავტომატის კონდახით გაუტეხეს თავი ბურნუთას. მერე ხეზე მიაბეს და სასტიკად აწამეს. სანგარშიც კი გვესმოდა მისი განწირული ღრიალი. ლამაზმა ჯონმა ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს. სანგრიდან ამოხტა და ყვირილით გაექანა ტყისკენ.  მე და დუმილა ერთდროულად დავედევნეთ. ორივეს ერთი აზრი გვამოძრავებდა, როგორმე დაგვეკავებინა შეშლის პირამდე მისული მეგობარი. უცებ დაიგრიალა და რაღაც საშინელი სიმძლავრის ძალამ უკან სანგარში მოგვისროლა. მომენტალურად გავითიშე. როდესაც გონს მოვეგე ვიგრძენი ვიღაც მიმათრევდა. მარჯვენა ფეხი საშინლად მტეხდა, მკერდთან კი ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. დუმილამ იგრძნო, რომ გონს მოვეგე, მიწაზე ფრთხილად დამაწვინა, ჯიბიდან სიგარეტი კოლოფი ამოიღო და უხმოდ მოუკიდა:
-იმედია გავაღწევთ აქედან-თქვა მან-და შენც კარგად გახდები.
-სადაა ლამაზი ჯონი?-ძლივს ამოვილუღლუღე.
-აღარაა ლამაზი-დუმილამ მომცრო ტომარისკენ მიმითითა. შიგნით რაღაც მრგვალი, სფეროსებური საგანი იდო. კითხვის თვალებით მივაშტერდი მეგობარს, მერე უცებ ყველაფერს მივხვდი, გულის რევა დამეწყო, სასოწარკვეთისგან მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმის ამოღების ნაცვლად რაღაც ხავილის მაგვარი ამოხდა ჩემს ყელს. თანდათან შავ მორევში ჩავიძირე.

      დუმილამ საოცარი გმირობა ჩაიდინა. მთელი ღამე ზურგით მატარა ტყე-ტყე და დილით ჩვენს მაშველ ძალას გადააწყდა. მე საავადმყოფოში წამიყვანეს. ალბათ გადავრჩებოდი კიდეც , რომ არა უამრავი დაჭრილი და აქედან გამომდინარე ექიმების უყურადღებობა. მე გონზეც არ მოვსულვარ.
      დუმილა ერთ კვირაში დეზერტირობისათვის დაიჭირეს და ციხეში გაუშვეს.  ლამაზი ჯონის თავი ძალიან ბევრმა გოგომ დაიტირა. ჩვენი მეთაური ომში გამოჩენილი გმირობისათვის უმაღლესი ხარისხის ორდენით და ოფიცრის მაღალი ხარისხის ჩინით დაჯილდოვდა. ოკეი, ვინც მთელი ცხოვრება გვიმტკიცებდა, რომ ათეისტი იყო, ბერად აღიკვეცა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ მონასტერში წავიდა საცხოვრებლად. კომპერი ქვეყნიდან წავიდა და მას მერე საზღვარგარეთ ცხოვრობს. მან პროგრამირებაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. საკუთარ ქვეყანასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. დუმილა წლების მერე გამოვიდა ციხიდან და მალევე გალოთდა. ჩემგან მწერალი ვერ შედგა.

     

        დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები