ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
25 ივნისი, 2013


ჩემი მეგობარი ზ (გაგრძელება)

  ისინი მთელი თვის განმავლობაში ერთდაიმავე დროს კაფეში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ზ-მ ბევრი რამ გაიგო თეოს შესახებ, თეომ კი მხოლოდ ის, რომ ზ დედაქალაქის რუტინულ ყოფას ზღვისპირა ქალაქში გამოექცა და ახლა სწორედ აქ კლავდა დროს: დილით ერთდაიგივე დროს მოდიოდა კაფეში, ჭამდა უგემრიელეს კერძებს (კაფე C  კი განთქმული იყო კერძებით), შემდეგ ყოველთვის აყოლებდა ერთ ღერ კუბურ სიგარას, ცოტას გაისაუბრებდა თეოსთან და შემდეგ გარეთ გადიოდა. ის ყოველთვის მარტო მოდიოდა აქ. არასდროს არავის გამოლაპარაკებია, თუ რა თქმა უნდა თეოს არ ჩავთვლით. ვფიქრობ და ვერაფრით გამიგია რამ აიძულა ჩემი მეგობარი მთელი დღეები ასე გაეტარებინა. შეიძლება ის სიმშვიდე, რომელზეც ხშირად ჩამოუგდია სიტყვა ჩემთვის, სწორედ ამ მოსაწყენ ყოფაში ჰპოვა. მე ვეცადე მისი ყოველი ნაბიჯი დაბეჯითებით შემესწავლა. საღამოობით, მის მიერ ღამის კლუბებში გაცნობილ გოგონებთან საუბრისას, ცოტა რამ გავიგე მისი ღამეული ცხოვრების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა თბილისელი მეძავი იანა თბილად და ერთგვარი აღტაცებით იხსენებდა მას. ისინი ერთად სულ სამჯერ იწვნენ. იანას თქმით ლოგინში ზ მას, როგორც საყვარელ ქალს ისე ექცეოდა, არასდროს უწუწუნია თანხაზე, ბარში ყოფნისას ყოველთვის გულუხვად უმასპინძლდებოდა გოგონას. იანა ოცდასამი წლის ნახევრად სლავური წარმოშობის ქალი იყო. ის თხუთმეტი წლის ასაკში მოიტაცეს. ჩვიდმეტი წლისა ლოთ ქმარს გაშორდა და ჩვილი ბავშვით სამყაროს წინაშე მარტოდ დარჩენილმა ერთადერთი (მისი აზრით) სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო მეძავად გახდომის ტიპიური ისტორია. დამშვიდობებისას მან მთხოვა ზ-ს მობილური ტელეფონის ნომერი მიმეცა და როდესაც თვალებში შევხედე ვიგრძენი: ეს არ იყო ფულს დახარბებული ავხორცი ქალის თვალები. არადა როდესაც პირველად ვნახე სწორედ ასეთად მეჩვენა. კიდევ ორი გოგო, სომეხი ლიუდა და ქართველი სალომე, ასევე თბილად და სიყვარულით იხსენებდნენ ზ-ს. ჩემს მეგობარზე საუბრის დროს ლიუდას ანთებული თვალები სიყვარულს და ვნებას ასხივებდნენ, სალომე კი აწითლებული და ცოტა დარცხვენითაც ლაპარაკობდა. ნამდვილად არ გამკვირვებია ამ გოგონების ქცევა. ერთი ამბავი გამახსენდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ახლავე გიამბობთ.
      ერთხელ როდესაც მე და ზ 18-19 წლის ბიჭები ვიყავით და ჩვენი მთავარი საზრუნავი გართობა და გოგონების შებმა იყო სწორედ ზღვისპირა ქალაქში ვისვენებდით. ჩვენი თან წამოღებული თანხა მკაცრად იყო განსაზღვრული და გადანაწილებული ბინაში ღამის გათევისა და საკვების შესაძენად,ცოტაც სიგარეტის საყიდლად. ასე რომ გოგონების გაცნობა და სადმე მათი დაპატიჟება ოცნების სფერო უფრო იყო. ერთ დღეს კი მოხდა ისე, რომ ორი ყველაზე სექსუალური გოგო, რომლებიც იმ ხანად ჩვენს ირგვლივ შეიმჩნეოდა სწორედ ჩვენ გავიცანით. საღამოს გოგონებმა თავად დაგვპატიჟეს რესტორანში და შემდეგ უკვე საკმაოდ შემთვრალებმა და გათამამებულებმა ეს ახალბედა ბიჭები „გვაცდუნეს“. ისინი ჩვენზე ხუთი-ექვსი წლით უფროსები იქნებოდნენ. მეორე დღესვე გაემგზავრნენ, ჩვენ კი დიდი ხნით დაგვიტოვეს განცდა იმისა თუ რა ბედნიერებაა გყავდეს ქალი, შენი ქალი თუნდაც ერთი სიშლეგემდე მისული ღამით. მეორე დღეს საწოლზე წამოწოლილი, თავქვეშ ხელებ ამოდებული, დიდხანს მივშტერებოდი ჭერს და ხმას არ ვიღებდი. ჩემს გვერდით საწოლზე იმაზე პოზაში იწვა ზ.
-იცი რა? ისინი კახპები იყვნენ. ახალგაზრდა ბიჭებთან უნდოდათ. თავისი გაისწორეს და წავიდნენ-ვთქვი მე და მეგობარს მივაშტერდი.
-ჰო-პაუზის შემდეგ თქვა მან.
-ბევრი არ იდარდო მაგათზე, ეგეთებს უამრავს ვნახავთ.
-იცი რა?-ზ ლოგინზე წამოჯდა და თვალებგაბრწყინებული მომაშტერდა-მე ჩემი ყველა ქალი მიყვარს. გქონია ასეთი შეგრძნება?
-ეგ როგორ?
-ჩვეულებრივად, როდესაც ქალთან ვარ, ვინც არ უნდა იყოს ის, ბორდელის ბოლო დონის კახპა თუ ჯერ კიდევ კდემამოსილი ასული სიგიჟემდე მიყვარს იმ წამს. ნორმალურია ეს?
-შენ გიჟი ხარ-ჩავიბურდღუნე-ერთი ქალი უნდა გიყვარდეს ძმაო. რა სისულელეებს ამბობ!
-მე ყოველთვის ერთი ქალი მიყვარს-თქვა ზ-მ. წამოწვა და ისევ ჭერს მიაშტერდა. შეკამათებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. ვერც კი გამეგო წესიერად რას ამბობდა. წინა ღამეზე ფიქრში ჩამეძინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები