ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

ყვავილები

გოგონა დილიდანვე  გაიქცა ყვავილების მოსაგროვებლად.ის პატარა იყო, სულ 7-8 წლისა. ეს მისთვის თამაშიც იყო და სამუშაოც.დიდხანს არჩევდა ყვავილებს ებუტბუტებოდა, ჩაიმუხლებოდა, ეფერებოდა , მერე ნელა წყვეტდა და მარცხენა ხელით იხუტებდა ნაზად გულში.
მან ყვავილები კი არა, სიყვარული მოაგროვა,ბუნების  სინამდვილე, უცოდველობა, სიკეთე....

................................................................................................................................................


ის დარბოდა მდელოზე, კიდევ და კიდევ  აგროვებდა , ეჩურჩულებოდა, დასდევდა
კალიებს...პეპლებს....იღიმებოდა, მერე პატარა ხელებით შეკრა ყვავილები, მკერდზე მიიხუტა და გამოიქცა.
ქალაქში ცხელოდა ,გოგონა მიაბიჯებდა, პატარა თავს ატრიალებდა და ყვავილებს სთავაზობდა გამვლელებს, ადგილობრივებს ეს არ აინტერესებდათ,  ქვეყანა ღარიბი იყო და მხოლოდ ჩამოსულების  ხარჯზე არსებობდა.... ბოლოს დაინახა კიდეც ვიღაც ბატონი, კარგად ჩაცმული, ის მაღაზიიდან გამოვიდა და მშვენიერ პრიალა  მანქანაში  ჩაჯდომას აპირებდა.
გოგონამ მიირბინა, ყვავილები ორივე ხელით  წინ გაწია და მელოდიური ხმით უთხრა:
----ბატონო, იყიდეთ  ყვავილები...სულ, სულ ცოცხლებია, ნახეთ რა ლამაზებია?...
ბატონმა დახედა, თვალები მოწკურა და ამოიქშინა, მერე ჩაიღიმა.ის ღორს გავდა.ხვნეშოდა და მანქანაში ჩაჯდომა უჭირდა, გოგონა მოთმინებით იცდიდა, მერე ჩაჯდა და გოგონამ უკვე იმედი რომ დაკარგა  ,გაბრუნება რომ დააპირა  , უცებ ჰკითხა :
---რა ღირს?
---20 ცენტი, ბატონო...----და საცოდავად გაუღიმა.
---რა ამბავია 20 ცენტი?.....----აღშფოთდა ღორი.თან ყვავილებს ზიზღით უყურებდა, მას  გვერდზე ქალბატონი ეჯდა და ეტყობა ამან გადაარჩინა საბრალო გოგონა. ---კარგი, ვიყიდი....მაგრამ  .....15..არა, ათიც  გეყოფა.
გოგონა მოიკუნტა. მან თვალები დახუჭა და  გაიხსენა მდელო, როგორ სიყვარულით  წყვეტდა ყვავილებს...როგორ  აგროვებდა. ენანებოდა....ეს ხომ მხოლოდ ყვავილები  არ იყო და მან ეს იცოდა!....მაგრამ ამუშავებული მოტორის ხმამ ფიქრი გააწყვეტინა.ის დათანხმდა.
    ღორმა მისცა 10 ცენტი, მაგრამ ყვავილების გამორთმევა არც უფიქრია. მან გოგონას ყვავილების სასტუმროში მორთმევაც დაავალა.სასტუმრო კი ამ ადგილიდან  ხუთიოდე  კვარტლის დაშორებით აღმოჩნდა.
მანქანა  წავიდა და კვამლის შლეიფი დატოვა.
გოგონამ ფული ჯიბეში ჩაიდო, ამოისლუკუნა და სასტუმროსკენ მიმავალ გზას დაადგა.
.......სიცხე მატულობდა, გოგონას მოსწყურდა, მაგრამ  პატარა დაიკო გაახსენდა, ახლა რომ ეძინა..ან იქნებ გაეღვიძა ისევ?...არა, უნდა იჩქაროს...მერე    დედის რეცხვისაგან გაუხეშებული ხელების შეხება გაახსენდა სახეზე. ასე იშვიათად რომ ეფერებოდა. დედა  გვიან მოდიოდა ხოლმე და სულ  საპნის სუნი ასდიოდა მაგრამ გოგონას ეს ძალიან მოსწონდა.
ცოტა ხნის შემდეგ უკვე ვეღარ მიაბიჯებდა ასე მხნედ, მზე სახეს უწვავდა, დაიღალა, ყვავილები  კი რატომღაც ძალიან დამძიმდა.....
----დედა......----ჩაილაპარაკა მან და ჩაიმუხლა.
ასფალტი  გახურებულიყო. გოგონას თაიგული გაუვარდა ძალაგამოცლილი ხელებიდან  და  ძირს დავარდა.
---დედა.....----გაიმეორა მან გამშრალი ტუჩებით---- ....დედა....მაპატიე.
მან თითქმის მიაღწია, წინ სასტუმროს შენობა პრიალებდა. ისმოდა მუსიკა....ადამიანები შედიოდნენ და გამოდიოდნენ.გოგონას თვალები აუჭრელდა და გული წაუვიდა.ბოლო წამს ისევ პატარა დაიკო გაახსენდა...დილით რომ გაიღვიძა და ტირილი დაიწყო.დიდხანს არწევდა ძალაგამოცლილი ხელებით.....ძლივს დააძინა და ჩუმად გამოიპარა.
--ჩუ, ჩუ, პატარავ....ნუ ტირი, მალე მოვალ და საჭმელს მოგიტან..დაიძინე
მერე ისევ დედა. სახეზე რომ ეფერებოდა და რაღაცას ეუბნებოდა.
--ყველაფერი კარგად იქნება შვილო.მიყვარხარ....მე.....მე...
მერე.....ყველაფერი დამთავრდა.
გოგონა ნელა ჩაიკეცა  ასფალტზე.


................................................................................................................................................


  P.S.  იმ ბატონს სულაც არ გაკვირვებია რატომ არ მოუტანეს ყვავილები.
მას ეს არც კი გახსენებია .
დიახ, მას ხომ არ ეცალა, რადგან მოულოდნელად დაურეკეს და მეუღლესთან  ერთად მიიწვიეს რომელიღაცა საქველმოქმედო საღამოზე...............






ს.ნ. 2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები