ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2013


არავინ...

თავიდან დაიწყე, ან იქნებ დაიწყო ბოლოდან.
ან წადი სოფელში, მწვანილი დათესე და წერე:
რა კარგად იხარა თალგამმა ან თუნდაც ბოლოკმა
ან როგორ კენკავენ ქათმები დღეების ნარჩენებს.

საღამოს დაჯექი დაღლილი გადაჭრილ ჯირკოზე,
უყურე მთვარეს და ვარსკვლავებს, გასროლილს საფანტით.
ან ვიდრე მამალი ყივილით ნაკაწრ ყელს იხორცებს
შენ, მტრედებს შეაბი ტყუილად ნაწერი ბარათი:

“კარგად ვარ, რა მიჭირს, არ გინდა ჩემზე არ იდარდო,
მე ჩემს თავს მივხედავ, აქაც არ მაკლია მნახველი…
ძილი მაქვს მშვიდი და თან ერთისული მაქვს ინათოს!..
ხო, თვალებს არ ვხუჭავ,- რატომღაც შიში მაქვს გახელის.”

მერე კი იფიქრე მტრედი თუ მიაგნებს მისამართს,
ადრესატს, სახელი არა აქვს, ან ჰქვია: “არავინ”
ან მერე მიდი და თავი კვლავ ბავშვივით იმართლე,
რომ მაინც გჭირდება ძილის წინ “ოხერი” წამალი.

მზე, როცა თითებით დამარცვლის სისხლისფერ ბროწეულს
და კუზად იქცევა, მთვარისგან, ნარჩენი,  აქლემის.
წახვალ და დატოვებ სამყაროს, შენგან გაოცებულს,
თუ მერე, შიგნიდან,ურდულით ჩარაზე კარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები