ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პროზა
13 ივლისი, 2013


ლ ო ლ ა ( III თავი)

                                                                                         
ორთვიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ასე თუ ისე, ბედს შევურიგდი. მივხვდი, რომ ვეღარ გიპოვიდი და გადავწყვიტე, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. უტოპიას ვერ გადავაგებდი მთელ ჩემ მომავალს, გრძნობები უნდა მომეთოკა და მეც მკაცრად ვუბრძანე ჩემ თავს, შენზე აღარ მეფიქრა და აწეწილი საქმეებისთვის მიმეხედა, - სამსახურიდან ავადმყოფობის მომიზეზებით ხშირმა გათავისუფლებებმა კინაღამ ჩემი ძლივსდაწყებული კარიერა შეიწირა, - დიდი ვაი-ვაგლახით ნაშოვნი კრედიტ-ოფიცერის ადგილი ერთ-ერთ წარმატებულ ბანკში.
მაგრამ სამსახურზე მეტად იმან მიბიძგა ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ, რომ ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც სასაცილოდ არ ყოფნიდათ,  ქიმერას რომ ვიყავი გამოდევნებული, - ვეძებდი გოგოს, რომლის არც ვინაობა ვიცოდი და არც საცხოვრებელი ადგილი. არავის გამოუხატავს თანადგომა. თვლიდნენ, რომ ღრუბლებზე დავფრინავდი და მიწაზე დაშვებისკენ მომიწოდებდნენ.
ვერ წარმოიდგენ, როგორი მძიმე დღეები გამოვიარე. ქვეცნობიერად მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ ჩემთვის იყავი გაჩენილი და ისეთ წუთებშიც კი, როცა კლიენტებს მივყვებოდი ბიზნეს-ანალიზის ჩასატარებლად ან მეგობრებთან ერთად სადმე მივდიოდი, ყოველთვის შენზე ვფიქრობდი და ხალხის ნაკადში თვალებით გეძებდი.

თითქოს ღმერთმა მისმინაო და ოქტომბრის ერთ მშვენიერ დილას თვითონ მიპოვე.
ის დღე ძალიან კარგი განწყობით დავიწყე. მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობდი და ხალისიანად წავედი სამსახურში. მოვკალათდი ჩემ სავარძელში და დიდი ყურადღებით დავიწყე წინა დღეს დაწყებული პროექტის თვალიერება. პოტენციურ კლიენტს ძვირადღირებული ავტომანქანის შესაძენად სოლიდური კრედიტი სჭირდებოდა. ყველა დეტალი კარგად უნდა ამეწონ-დამეწონა, რისკები გამომეცნო, ვიდრე პროქტს მენეჯერთან კომიტეტზე გავიტანდი  დასამტკიცებლად.
- უკაცრავად, თავისუფალი ბრძანდებით? - მომესმა ახალგაზრდა გოგონას სანდომიანი ხმა.
- დიახ, რა თქმა უნდა, დაბრძანდით! - მექანიკურად ვუპასუხე და თავი ავწიე.
ჩემ წინ შენ იჯექი, იღიმებოდი და ცნობისმოყვარე თვალებით მსწავლობდი.
ხმა ჩამივარდა და კლიენტის მომსახურეობისათვის აუცლიებელი ატრიბუტი, - ხელოვნური, მაგრამ ამავე დროს სანდომიანი ღიმილი სახეზე შემეყინა. გავშეშდი, ვეღარ ვინძრეოდი. მოულოდნელობისა და გაოგნებისაგან ვერ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულვიყავი. ჩემი მოვალეობები საერთოდ დამავიწყდა და ის-ის იყო, სავარძლიდან უნდა წამოვვარდნილვიყავი და მოგხვეოდი, რომ შენმა მოულოდნელმა სიტყვებმა გამომაფხიზლა და ისევ ბანკში, ჩემ სავარძელში დამაბრუნა.
- იცით, ბევრი ვიფიქრე, ვიდრე კრედიტის აღებას გადავწყვეტდი. აქამდე არასოდეს მქონია სესხი და გულახდილად რომ გითხრათ, საბანკო სექტორთან თანამშრომლობის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მეგობარმა დამარწმუნა, რომ თქვენი ბანკის მიერ შემოთავაზებული პირობები ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია და მეც მოვედი ყველაფრის უფრო დაწვრილებით გასაგებად.
არც კი გახსოვდი, ლოლა! ნუთუ არასოდეს დაგიჭერია სანაპიროზე ჩემი შენკენ გამოპარებული მზერა?!
საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი. ვერ წარმომედგინა, შენით დაავადებული რომ ვიყავი  და შეშლილივით რომ დაგეძებდი, - ჩემმა შემხედვარემ ეს ყველაფერი ვერც კი შეამჩნიე. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ჩვენი პირველივე შეხვედრის დროს ამას ჩემ თვალებში ამოიკითხავდი.
უხალისოდ აგიხსენი სესხის პირობები. ახლა ვერც კი ვიხსენებ ზუსტად რას გელაპარაკებოდი, რას გთავაზობდი, რამდენ პროცენტად ან რა ვადით. ყურადღებით მისმენდი და გზადაგზა მაწყვეტინებდი ლაპარაკს ლოგიკურად გაჩენილი კითხვებით.
იმედგაცრუება ჩემზე დამთრგუნველად მოქმედებდა, - უნდა გხსომებოდი, ლოლა! მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ჩემი შანსი იყო, უარით ვერ გაგისტუმრებდი, რაღაც აუცილებლად უნდა მეღონა, რომ ამჯერად მაინც აღარ დამეკარგე. მზად ვიყავი, შენი ყველაზე უტოპიური მოთხოვნაც კი შემესრულებინა, ბანკის შინაგანაწესი და წესდება დამერღვია და შენი მოთხოვნილი თანხით ხელდამშვენებული გამეშვი. უფრო სწორად, აღარ ვაპირებდი შენ სადმე გაშვებას, ლოლა!
განაცხადის შევსებისას ხმა ამიკანკალდა, როცა ტელეფონის ნომრის გრაფას მივადექით. ბედნიერების ზღვაში დავცურავდი, რომ შენთან დასაკავშირებლად ხელს აღარაფერი შემიშლიდა. თითების მარტივი მოძრაობით ნებისმიერ დროს ავკრეფდი ნომერს და შენ ხმას გავიგონებდი, როცა მონატრება აუტანელი გახდებოდა.

მანქანაში ვსხედვართ და შენი ბიზნესის მოსანახულებლად მივდივართ. მარჯვენა ხელი სიჩქარის გადამრთველზე მიდევს, მარცხენათი საჭე მიკავია. გადამრთველს ხელს ვერ ვუშვებ, - ჩემ თითებს ძალიან ცოტა აშორებთ შენი მოკლე ქვედაბოლოსგან დაუფარავ ქათქათა მუხლებამდე...
შემოხედვას ვერ გიბედავ, მაგრამ მალ-მალე დავხედავ ხოლმე ჩემ ხელს, რომელიც საოცარ ფონზე ასე მიკანკალებს. ვცდილობ, თავი გავაკონტროლო და ავარია არ მოვახდინო.
_ მოწევა შეიძლება? - მოულოდნელად მეკითხები და ისე, რომ პასუხს არც ელოდები, ფანჯარას დაბლა უშვებ და ხელის უბრალო მოძრაობით პატარა ხელჩანთიდან სიგარეტსა და სანთებელას იღებ.
,,შენთვის ყველაფერი შეიძლება!” - ვფიქრობ და პასუხად მხოლოდ დაბნეული გიღიმი.
_ ძალიან მაგარი მანქანაა! ყოველთვის ასეთზე ვოცნებობდი! - მხოლოდ ახლა ვამჩნევ, როგორი აღფრთოვანებით ათვალიერებ სალონს. – იმედია, სესხიდან დარჩენილი თანხით მეც შევძლებ ასეთის ყიდვას. - იღიმი და საოცრად გაბრწყინებული თვალებით მიყურებ.
ბედნიერი ვარ! ,,შენც გეყოლება ასეთივე მანქანა, ლოლა!” - მზად ვარ, თუნდაც ახლავე ავიღო სახელფასო სესხი და გერმანიაში მცხოვრებ ძმაკაცს ისევ ვთხოვო სამსახურის გაწევა.
აი, შენი ბიზნესიც: პატარა ყვავილების მაღაზია. საოცარი სურნელი ტრიალებს, ირგვლივ არამარტო მცენარეები ყვავიან და იღიმებიან, - კონსულტანტი გოგონაც, შენც, თითოეული მყიდველიც ბედნიერებას ასხივებთ, ერთმანეთს უღიმით, მიღიმით მეც.
თავბრუდახვეული დავდივარ რიგებს შორის. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი და მიზანი აღარც კი მახსოვს. ისე მგონია, რომ ზღვაზე ყოფნისას ამ ყვავილების სურნელს აფრქვევდი, რომელიც ზღვის მლაშე და ნოტიო ჰაერში ზავდებოდა და ჰაერის შემადგენლობის ქიმიურ ფორმულას ცვლიდა. შენზე მოშტერებული ათეულობით თვალი კი ამ ყველაფერს, ცხადია, ვერ ვგრძნობდით, უბრალოდ სიამოვნებით ვეწაფებოდით მათრობელა ელექსირს.
იქნებ სულ ეს არის სიყვარული? - ჰაერში გაზავებული თმა, ყვავილები, ტალღების ხმამაღალი სუნთქვა და შენი თვალები? ან იქნებ დედამიწაზეც არსებობს სამოთხე, მაგრამ რუტინულ ყოველდღიურობაში ჩართულ ადამიანებს დაკარგული გვაქვს ამისი აღქმის უნარი. და რამდენი პოეზიაა! - ირგვლივ ტაეპები და სტროფები ირევა, დნმ-ს ფორმულასავით ლექსად იხვევა, მაგრამ ტუჩებზე მეყინება და მხოლოდ თვალებიდან იღვრება.

ლოგინში ვწევარ და არ მეძინება. ვტრიალებ და ისევე ვარ ზეწარში გახლართული, როგორც შენში. საწოლის გვერდით, ტუმბოზე დადებულ მობილურ ტელეფონს მივჩერებივარ და გონებაში შენ ნომერს ვიმეორებ. ვეძებ საჭირო სიტყვებს, მაგრამ ვერ ვპოულობ.
როგორც იქნა ვიკრებ გამბედაობას და გირეკავ. უსასრულოდ გრძელდება ზუმერი. ხელის გული იმდენად მიოფლიანდება, რომ მეშინია, ტელეფონი ხელიდან არ გამივარდეს.
_ გისმენთ! - შენი ნამძინარევი ხმა.
_ სიგიჟემდე მიყვარხარ, ლოლა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები