ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
17 ივლისი, 2013


სიყვარული

მეტროში ვარ. ვზივარ თავდახრილი....ტელეფონს ჩავკირკიტებ .

ჩემს წინ სკამზე წყვილი ჯდება, თვალებში უყურებენ ერთმანეთს, უხარიათ.

ტელეფონი სულ მავიწყდება...კლავბლოკს არც ვაჭერ, ეგრევე ვაგდებ ჩანთაში და ვაკვირდები .

ვფიქრობ...რა მაგარია! სიყვარული!

მერე ბიჭი ჩადის, ერთმანეთს მაგრად ჩაკოცნიან, ისე რომ ხმას, "შემდეგი სადგური...."ვერ ვარჩევ...

გოგონა სკამზე რჩება, გაღიმებული, თვალები მისკენ აქვს, ვინც ახლა გავიდა და სადგურზე დარჩა... მერე წამოიწევა და ჰაეროვან კოცნას უგზავნის...ისევ ვფიქრობ....სიყვარული! რა მაგარი რამეა!..

შემდეგ მატარებელი სადგურს გაივლის, აკრეფს სიჩქარეს და ბორბლების გუგუნში მათს გულისცემას შევიგრძნობ...უყვართ.

გოგონა სკამზე გასწორდება , მიმოიხედავს დაბნეული, სახე ნელ-ნელა უწყნარდება, ნეტარი ღიმილიდან ეგრევე გადადის სერიოზულში...დახედავს საათს.

შემდეგ რაღაც ალოგიკური (?) რამ ხდება, ის იღებს ტელეფონს, ცვლის კარტას, მერე ელოდება შემდეგ სადგურს, რეკავს და....

----საყვარელო! სახლში ხარ? ვაიმე, გშია?...მომიკვდა თავი, მაპატიე სიხარულო! სამსახურში გამაჩერეს..ჰო...თვის ბოლოა! მთელი ბუღალტერია გადავწერე...რააა?ვერ დავტენე! არ მეცალა.... კაი..მიყვარხარ! მიყვარხარ!

მერე ტელეფონს ჩანთაში დებს....სახე საოცრად დაბნეული აქვს....ეტყობა რომ ახლა აქ არაა....ის სახლშია ახლა, ფიქრობს...ფიქრობს...სცენარს წერს, როგორ შეხვდება ქმარს..რას ეტყვის....ღიმილი...კოცნა..მომენატრე...ოჰ!

სიყვარული. რა საოცარი რამეა.

ჯერ ტანსაცმლის სახელოს სუნავს..მერე იღებს დეზადორს და ნერვიული მოძრაობით ისხამს ყველგან...

დიახ, მე ახლა მას ვუყურებ და ვხვდები, სიყვარული გადაარჩენს სამყაროს.





ს.ნ.2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები