ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2013


ვიცი, წყალს ვნაყავ

"წერონ! იჩქარონ!
ნაყონ წყალი! ანთხიონ ღელედ!-
ნუ აჩქარდები,
იცხოვრე და ცხოვრება წერე!
მ. ლებანიძე

მადლობა უფალს, რომ მიმანიშნა
ვიწრო ბილიკი, ჩაკარგული მაღალ ბალახში,
მან მაგრძნობინა,
სავალიაო ეს ბილიკი შენი სახლისკენ,
სადაც უთუოდ იპოვიო საკუთარ თავსაც...

მივდივარ მასთან, კარსაც ვაღებ, მაგრამ ამაოდ,
სიცარიელე მისტუმრებს უკან და მეც ვბრუნდები,
აბა ცარიელ, უსინათლო სახლში რა გამაჩერებს?
უკან ვბრუნდები, მაგრამ არასდროს ვიკარგები,
წრეზე დავდივარ,
ისევ იმ ბილიკს მივუყვები, ისევ თავიდან...

დავდივარ, ვეძებ,
სიტყვებს, სტრიქონებს,
ვიცი წყალს ვნაყავ, აკი მითხარით:
ცარიელ სახლში შესატანი გაქვსო ბევრი სიტყვა,
ბევრი სინათლე, მონდომება და სიყვარული,
აი სუფთა ფურცელი კი მერე ინატრე!...

ვიცი წყალს ვნაყავ,
იქნებ იმდენი წყალიც ვნაყო, ვანთხიო ღელედ!
მაგრამ რა ვქნა, რომ სხვანაირად ვეღარ ვისუნთქებ?

თქვენ მეუბნებით: არ იჩქაროო,
იცხოვრე და ცხოვრება წერე!
აბა ცხოვრება?
სად ვეძებო ისიც მითხარით...
მე მარცვალი ვარ, ხორბლის მარცვალი,
სველ ბამბაზე, ნათელ სარკმელთან ამოზრდილი მწვანე ჯეჯილად
და ყანის გულში,
ნოყიერ მიწას მიბარებულს ვერც შევედრები.
მსუყე კიარა, ფუყეც არ მომწიფდება ჩემგან თავთავი,
ჰოდა, სხვა ცხოვრება სად ვეძებო, ესეც მითხარით...

წყლის დანაყვა კი არც მიფიქრია,
სანამ თავისით არ მესტუმრა მდუღარე წვიმად,
ან როგორ მომწვდა, ოთხ კედელში,
თავს ზევით ჭერი, იმის ზევით სამი სართული,
მე კი ოჯახის რუტინული საქმით გართული.

ვეღარ ვხვდებოდი მაშინ რა მჭირდა,
შიშით სარკეებს გავურბოდი სახედამწვარი.
მდუღარე წვიმის ნაკვალევი, უფლის საჩუქარად,
დიდხანს დამქონდა სხეულის ფარზე წითელ ფიფქებად.
მე დავიმალე, მაგრამ ხელები?
სად დავუმალო ჩემივე თვალებს,
ან იქნებ გონების თვალს ავუკრძალო ლურჯი ხილვები?

არა, საკუთარ თავს ხომ ვერ გავექცევი,
სანამ ვიქნები, მუდამ შემაწუხებს ურჩი ფიქრები,
ჰოდა ამიტომ, მარტო ამიტომ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს