ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: საბავშვო
23 აგვისტო, 2013


პატარა ვარსკვლავის მოგზაურობა

      ერთმა პატარა, ცნობისმოყვარე ვარსკვლავმა გადაწყვიტა სამყარო დაეთვალიერებინა. მოწყდა ცას და მოგზაურობას შეუდგა. მოფრინავდა ციმციმით და თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, საინტერესო არაფერი გამომეპაროსო.
      მზის სისტემაში ბზრიალით შემოფრინდა, პლანეტებს სათითაოდ ჩამოუქროლა. როცა დედამიწას მიუახლოვდა დაკვირვებით მიაპყრო მას მზერა. ეს პლანეტა ძალზე მიმზიდველი მოეჩვენა, ამიტომ გადაწყვიტა უფრო ახლოს ენახა.
        დედამიწას თეთრი ღრუბლები ბამბის ქულასავით შემოხვეოდა. ვარსკვლავი ერთ-ერთ მათგანზე მსუბუქად დაეშვა, გადაწყვიტა აქ ცოტახნით შეესვენა. მოეწონა ღრუბელი, ის ხომ თეთრი, სუფთა და ფუმფულა იყო. წამოგორდა რბილად და სივრცეს გახედა, თავისი და-ძმისთვის თვალის შევლება სურდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან დღე იყო და მზე ისე კაშკაშებდა, რომ ვარსკვლავები აღარ მოჩანდნენ.
  მსუბუქი ნაღველი შემოაწვა გულს, და-ძმის გარეშე ხომ პირველად უწევდა ყოფნა. არც ისე დიდი ხანია, რაც სამოგზაუროდ გამოეშურა, მაგრამ სახლი უკვე მოენატრა. ფიქრებმა შორს გაიტაცა და ნელ-ნელა ჩამოეძინა.
        ოქროსფერ სიზმრებში იყო, მოულოდნელმა ხმაურმა რომ გამოაღვიძა. შეშინებულმა მიმოიხედა აქეთ-იქით, მაგრამ უცბად ვერ გაერკვია რა ხდებოდა. ირგვლივ ბინდი ჩამოწოლილიყო, ცაში აქა-იქ ვარსკვლავების მკრთალი სინათლე მოჩანდა, მზე აღარ ჩანდა, დედამიწას კი გვერდში ამაყი მთვარე ამოდგომოდა, რომელიც მზისგან ნაჩუქარ სხივებს ასევე უანგაროდ უნაწილებდა მწვანე პლანეტას, მაგრამ მთვარის შუქს მიწამდე მიღწევა უჭირდა, რადგან მთელი სივრცე შავ ღრუბლებს დაეპყროთ.
        ღრუბელი, რომელზეც ჩვენს პაწაწინა მოგზაურს ჩამოეძინა სულ მთლად შეიცვალა. დილით თუ თეთრი და საყვარელი იყო, ახლა მთლად მოიქუფრა და წვიმად იღვრებოდა. ისინი თითქოს ვინმემ გააბრაზაო, მოღუშულები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ და დედამიწას ჭექა-ქუხილს აყრიდნენ თავზე.
  ვარსკვლავმა შეშფოთებულმა ჩაიხედა ქვემოთ, იფიქრა ალბათ დედამიწაზე ქვა ქვაზე აღარ დარჩაო, მაგრამ ნახა, რომ მიწას ოკეანე გამოესარჩლა. იგი ღელავდა და უზარმაზარ ტალღებს აზვირთებდა, თითქოს ცდილობდა ღრუბლებს მიწვდომოდა, დაეშალა ისინი და ამით სამაგიერო გადაეხადა.
        ნახევარი ღამე ასე ღრიალებდა დაბლა წყალი და მაღლა ჭექა-ქუხილი. შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი მიწყნარდა. ღრუბლები გაიფანტნენ და მთვარის შუქი შეუფერხებლად მოეფინა დედამიწას. ოკეანეც დამშვიდდა, წყნარად ლივლივებდა  და მთვარის ნათელს მბზინვარე მოსასხამივით იფერებდა.
  ამ სანახაობას ვარსკვლავი თვალს ვერ წყვეტდა, დიდხანს უცქერდა და უცებ მისი მზერა რაღაცამ მიიპყრო. დაინახა, რომ ოკეანის ფსკერზე მისი მსგავსი, მხოლოდ უფრო პაწაწინა, მშვენიერი ვარსკვლავი მოძრაობდა. ის მოწითალო ფერის, ძალიან ლამაზი და ნაზი იყო.
        პატარა მოგზაური ღრუბლიდან დაეშვა და იქვე ახლოს, ოკეანისპირა კლდეზე ჩამოსკუპდა. სურდა ეს სილამაზე უფრო ახლოს ეხილა. როცა დააკვირდა შენიშნა, რომ ზღვის ბინადრის მზერაც მისკენ იყო მიპყრობილი. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.
_რა მშვენიერი ხარ_ ბოლოსდაბოლოს აღმოხდა მოგზაურს.
_ვინ მე?_მორცხვად იკითხა ზღვის ვარსკვლავმა.
          ასე დაიწყო მათ შორის საუბარი. ცის პატარა მნათობი უსმენდა ზღვის მშვენებას და თან მისი სილამაზით ისე მოიხიბლა, რომ თვალს ვერ წყვეტდა. ზღვის ვარსკვლავიც აღფრთოვანებული იყო მოსაუბრის ბრწყინვალებით, რომელსაც მთელი კლდე და ოკეანის სანაპირო გაესხივოსნებინა.
  დილის მოახლოვებისთანავე მათ ერთმანეთი თვალთახედვიდან დაკარგეს. მზე ისე აკაშკაშდა, რომ ცის ვარკკვლავი მის ბრჭყვიალა სხივებში აღარ ჩანდა, ზღვისას კი წყლის ზედაპირზე არეკლილი სხივები ფარავდნენ.
          დღის განმავლობაში ისე საუბრობდნენ, რომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, ღამ-ღამობით კი სასიამოვნო საუბრის გარდა  ერთიმეორის მზერითაც ტკბებოდნენ.
    საუბრობდნენ მიწაზე, ცაზე, ოკეანეზე. ისიც კი შეიტყო ჩვენმა ცის მოგზაურმა, რომ იმდღევანდელი ავდარი თურმე ქარის ატეხილი ყოფილა. თურმე ნუ იტყვით და ეს ცელქი ქარი, როცა მოისურვებს, შემოვარდება ხოლმე ამ მშვიდობიან სივრცეში და უსინდისოდ იქცევა, ჯერ ღრუბლებს შეყრის ერთად და რაღაცას ეჩურჩულება, ოკეანის წინააღმდეგ აქეზებს, შემდეგ წყალთან ჩამოიქროლებს და მას ზეცის წინააღმდეგ აქეზებს. წაკიდებს ერთმანეთს, აჩხუბებს და აღრიალებს. მერე, გართობა რომ მობეზრდება, სიცილ-კისკისით გაეცლება არემარეს და ჯერ ვერავინ დაადგინა საით მიქრის და სად იმალება ეს უვარგისი.
  დღეს ღამე მიყვებოდა, დარს ავდარი და პირიქითაც. დრო გადიოდა. ვარსკვლავებს ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ სიყვარულით თავბრუდახვეულებს ძალიან სურდათ ერთმანეთს ჩახუტებოდნენ და  ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ზეცის ვარსკვლავი ოკეანეში ვერასდროს ჩავიდოდა, რადგან წყალში ჩასვლისთანავე  ჩაქრებოდა და მოკვდებოდა. ზღვის ვარსკვლავი კი პირიქით, წყლიდან ვერასდროს ამოვიდოდა, რადგან უწყლოდ ვერ ისუნთქებდა და ისიც უმალ მოკვდებოდა. ეს ორივემ კარგად იცოდა, მაგრამ სიყვარულს ერთმანეთისას მაინც ვერაფერი უშლიდა ხელს.
          ჩვენ პატარა მოგზაურს მოგზაურობის დრო მთლიანად ამოეწურა. არ წუხდა იმის გამო, რომ დედამიწის გარდა სხვაგან არ წასულა, რადგან აქ მან სიყვარული იპოვა. წუხდა, რომ თავის შეყვარებულთან ყოფნა არ შეეძლო, მაგრამ რადგან სხვა გამოსავალი არ ქონდათ, ამასაც შეეგუა, ის მაინც ბედნიერი იყო, რომ იპოვა თავისი სულიერი მეგობარი, გაიცნო და შეიყვარა. ბედნიერი იყო იმითაც, რომ ისიც ისევე თავდავიწყებით უყვარდა მას, ვისაც მთელი გულით ეტრფოდა.
        მას მერე ყოველ ღამე, ვარსკვლავი ადრინდელზე უფრო მეტად ბრწყინავს და თავის შორეულ სატრფოს ციმციმით სიყვარულს ეფიცება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები