ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2013


ჩემი მზე(ები)

მზე მენატრება ,
მზე გადასული ჩრდილების ბაღში,
მზე თბილზე-თბილი,
სამყაროს რომ მიხატავდა ტკბილი ამბებით.
როცა ზამთარში,
აისბერგზე უფრო მაღალი თოვლით,
მის გაკვალულ გზას მივყვებოდი,
სულ პაწაწინა წერტილებს
ვსვამდი ნაფეხურებად
და იმ ცივ სითეთრეშიც ვგრძნობდი
მის სითბოს და სინატიფეს...

მე ის მზე მიყვარს,
ნოემბრის ბოლოს, ცივ ამინდში,
უცხო თვალებში რომ აღმოვაჩინე
და აღარასდროს დამიკარგავს სინათლე მისი...

იმ მზეს ვაღმერთებ,
გულიდან რომ ამოიღო ორი ნატეხი
და სიყვარულით მისახსოვრა უკუნისამდე...

მე განა მხოლოდ ის მზე მიყვარს,
რომელიც ბედნიერებას უხვად მანიჭებს,
არა, ის მზეც, ზამთარში,
ღრუბლებიდან გამოჩენას რომ არ აპირებს,
ხოლო აპრილში, გათოშილ ზღვასაც
ნელა-ნელა უთბობს სიცივისგან დამზრალ ნაპირებს.
მე ის მზეც მიყვარს, შემოდგომაზე, ქარში,
ხმელ ფოთლებს მიწისკენ რომ ჩუმად აცილებს
და კიდევ ის მზე, ნაფერებ მტევნებს
მარანში რომ სიხარულის ცრემლით ატირებს...

ჰო, ის მზეც მიყვარს,
სარკიდან რომ თვალებს მარიდებს,
აღარ მიჩვენებს გაზაფხულს და აწი,
მხოლოდ შემოდგომის დამიყენებს მწიფე ამინდებს
და მეყვარება უსასრულოდ,
როცა მეცხრე თვალსაც გაახელს
და სიყვარულით გულში ჩამიტევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები