ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2013


ნამდვილი ამბავი

  ,,ბომბორას აეროდრომთან მისასვლელი გზა აფხაზებს გადაეკეტათ.
რუსების დახურული მანქანა ხელის აწევით შეაჩერეს. მძღოლის
გვერდით მოკალათებულ ოფიცერს მოწიწებით მიესალმნენ და
გაუღიმეს. რუსმა ოფიცერმა სალმითვე უპასუხა და ხელი აიქნია,
რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ გზა გაეხსნათ.
  აფხაზთა რამდენიმეკაციან ჯგუფს ერთი მებრძოლი გამოეყო და
მანქანას მიუახლოვდა.
  -იქ არის ვინმე? - ანიშნა ოფიცერს ძარაზე.
  ოფიცერმა არ დააყოვნა და რიხიანად უპასუხა:
  - არავინ, ვინ უნდა იყოს? მხოლოდ სპეციალური ყუთებია.
რუსეთში უნდა გადავაგზავნოთ.

    - გააღე! -განოსცრა აფხაზმა.
    - ხომ გითხარი, არავინაა! - სცადა თავის დაძვრენა ოფიცერმა.
    მებრძოლმა თავისიანებს აფხაზურად დაუძახა და რაღაც ანიშნა.
  რამდენიმე შეიარაღებული მანქანას მიუახლოვდა.
  ოფიცერს ფერი ეცვალა.
  - გააღე! - უბრძანეს ისევ.
  ის წელმოთრეულივით გადმოვიდა მანქანიდან, ბრძანების
გამცემს წინ აეტუზა და პირდაპირ მიახალა:
  - იცი რა, ძმაო? მანდ ქართველები მყავს... ტყვეები, რუსეთში
გვინდა გადავაფრინოთ. იქ ,,ბომბორაზე ვერტმფრენი გველოდება.
  აფხაზს თვალები გაუბრწყინდა:
  - რამდენი არიან? - იკითხა ღიმილით.
  - თოთხმეტნი - მიუგო ოფიცერმა და მანქანი უკან შედგა. რკინის
სახელურებს ხელი ჩაშჭიდა, მძიმედ გადაატრიალა და კარები თა-
ვისკენ მოზიდა.
  მზის სხივებმა ერთბაშად გაანათეს ჩაბნელებული ძარა.
  ქართველები ერთ კუთხეში შეყუჟულიყვნენ.
  - გადმოეთრიეთ, ღორებო! - უყვირა აფხაზმა და ოფიცერი გვერდზე მიწია.
  არავინ განძრეულა.
  მან ბრძანება ისევ გაიმეორა და ავტომატი გააჩხაკუნა:
  - ვის ვეუბნები, გადმოეთრიეთ, ვიდრე ძალით გადმოგათრევდეთ.
  ქართველები ძარიდან უხალისოდ ჩამოხტნენ და ორრიგად მოეწყვნენ.
  აფხაზებმა რკალი შემოარტყეს.
  რუსი ოფიცერი ბრძანების გამცემთან მივიდა:
  - აქ მეთაური ვინ არის? - იკითხა ყრუდ.
  - მე! - მოუჭრა მან.
  - ესენი მართლა გვჭირდება, მეთაურო! - თქვა ოფიცერმა.
  - ჩვენც გვჭირდება - გაჯიუტდა მეთაური.
  - ნება თქვენია! - მოლბა ოფიცერი - იცოდეთ, საქმეს გაირთულებთ...
ტყვეების წართმევა თუ გინდათ, აქტზე უნდა მომიწეროთ ხელი.
  მან რაღაც ფურცელი ამოიღო ჯიბიდან და აფხაზს გაუწოდა.
  - ხელი არა, ფეხი - მიუგო მეთაურმა.
  ოფიცერმა ქაღალდი ჯიბეში ჩაიდო და ისევ დაყაბულდა:
  - კარგით, ნება თქვენია, სახელი მითხარი და მოვრჩეთ.
  მეთაურმა გვერდზე გადააფურთხა:
  - აქ ბრძანებებს მე ვიძლევი - უთხრა ოფიცერს.
  სიტუაცია დაიძაბა, საშინელი გაურკვევლობა გამეფდა ირგვლივ.
  - ეი, შენ! - თითით ანიშნა მეთაურმა ერთ-ერთ ტყვეს - ორი ნაბიჯით წინ.
  ქართველი ოდნავ შეყოვნდა და მწკრივიდან გამოვიდა.

  მზერა გაუსწორეს ერთმანეთს აფხაზმა და ქართველმა. ტყვის გამოხედვაში
საოცარი სიმშვიდე გამოკრთა, შიშზე გამარჯვებული კაცის სიმშვიდე, ისეთი,
სულიერად ამაღლებულ ადამიანს რომ გააჩნია.
  აფხაზი შეცბა და თვალი აარიდა;
  - წამოდი! - უბრძანა ქართველს.
  რუსი ოფიცერი მათ შორის ჩადგა;
  - არ გინდა, მეთაურო! - უთხრა მუდარით.
  - ის მე ვიცი! - თქვა ნეთაურმა - უშენოდ გავარკვევთ საქმეს. ჩამოგვეცალე გზიდან.
  მან ავტომატი ფერდში ატაკა ტყვეს და ანიშნა, რომ გზის გადაღმა მდებარე სასაფლაოსკენ
გაჰყოლოდა.
  ქართველი ბრძანებას დაემორჩილა. მათ გზა გადაჭრეს და მინდორზე გავიდნენ.

ასიოდ მეტრში საფლავები გამოჩნდა. იქით წავიდნენ. პირველ საფლავთან შედგნენ.
  ტყვე დინჯად შემობრუნდა და აფხაზს წინ დაუდგა.
  ისევ ჩახედეს ერთმანეთს თვალებში. ამჯერად ქართველმა აარიდა თვალი, ზეცას
ახედა და ამოიოხრა. სევდა ამოჰყვა ოხვრას.
  აფხაზმა ავტომატი გადატენა და ტყვეს სახელი ჰკითხა
  - დავითი მქვია! - მიუგო მან.
  - მე, სერგეი ვარ ხიჟბა - აფხაზმა მზერა მოავლო გარემოს - აქ ჩემი ძმები წვანან,
ძაღლივით დაგაკლავ მათ საფლავზე.
  დავითმა თვალები დახარა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა:
  - სერგეი! - თქვა საოცრად მშვიდი ხმით - დაუმარხავს ნუ დამტოვებ,
ღორებს არ დააჯიჯგნინო ჩემი სხეული... მეც ხომ შენსავით მებრძოლი ვარ,
არ მიყაჩაღია და მშვიდობიანი მოსახლეობა არ ამიწიოკებია. აქ მხოლოდ სამშო-
ბლოსათვის ვიბრძოდი.
  - გულს ვერ ამიჩუყებ - სერგეიმ ცალყბად გაიღიმა - სურვილს შეგისრულებ,
ბიჭებს დავამარხინებ შენს სხეულს - უნდოდა ეთქვა მძორსო, მაგრამ რატომღაც
აღარ ჰკადრა.

  - მაშინ ერთი თხოვნა მაქვს კიდევ - დავითმა ისევ ახედა ზეცას - სახლში დედა
მელოდება, მისამართს მოგცემ, იქნებ აცნობო... შეიძლება ოდესმე მაინც მეღირსოს
აქედან გადასვენება.
  - სახლში ყველას ელოდება დედა... ამათაც ელოდებიან დედები - სერგეიმ საფლავებს
შეხედა.
  - სერგეი! - დავითი მხრებში გასწორდა - მე მარტოხელა დედა მელოდება სახლში,
შავებში ჩაცმული დედა. აფხაზი დედა, რომელმაც ქართველად გამზარდა.
  - ნუ მევაჭრები - ხიჟბამ იარაღი დაუშვა - შეხედე ამ საფლავებს, ისინი ჩვენ
შევქმენით, აფხაზებმა. ეს საფლავებგი ჩვენს შემდგომ დარჩებიან, როგორც
თავისუფლებისათვის გაღებული სიცოცხლისა და ვაჟკაცობის სიმბოლოები.
მე მათ შექმნაში წვლილი მიმიძღვის და მეამაყება ეს... თქვენც შექმნით ასეთ
საძმო საფლავებს, მაგრამ ვერასდროს იამაყებთ ამით, რადგან ისინი ყოველ-
თვის შეგახსენებენ დამარცხების სიმწარეს. ფუჭად ჩაგეთვლებათ საქართველო-
სთვის გაღებული სიცოცხლე, გაუფასურდება თქვენი ბიჭების გმირობა...
თავჩაღუნული ივლით ამქვეყნად და სიკვდილი მოგენატრებათ იცოდეთ.

  დავითს ბურთივით მოადგა ბოღმა ყელში. შუბლი შეჭმუხნა და კბილებში
გამოსცრა;
  - დადგება დრო, შენ შეგრცხვება ამ საფლავებთან მოსვლა, რადგან ხელი აღმართეთ
ძმებზე... სხვისი წაქეზებით აღმართე...
  ავტომატის კაკანმა სივრცე შეაზანზარა და მისი სიტყვები შთანთქა.
  მკვდრისფერი დაედო სახეზე დავითს. თავსზემოთ გადაფრენილმა
ტყვიებმა სისხლი გაუყინეს ძარღვებში. საფეთქლებთან თმები ერთ-
ბაშად გათეთრდა.
  - წამოდი! - უყვირა ხიჟბამ.
  ნაბიჯი ვერ გადადგა დავითმა.
  - წამოდი! - გაიმეორა ისევ და ტყვეს წინ წაუძღვა - დედაშენისთვის მიჩუქნია
შენი სიცოცხლე... მეც მელოდება სახლში შავებში ჩაცმული მარტოხელა დედა,
ქართველი დედა, რომელმაც აფხაზად გამზარდა...

      ეს მზე შენია,
      მაგრამ შენი მაინც არ არის;
      ეს მზე ჩემია,
    მაგრამ ჩემი მაინც არ არის,
    ეს მზე ჩვენია,
  მხოლოდ ჩვენი, სხვისი არავის,
  ჩემი და შენი ჯიმა აფსუ,
  ერთი ვარამის.

:
 
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები