იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!
ატლანტის ოკეანეში, ეკვატორული სარტყელის შუაგულში, სადაც მუდამ ზაფხულია და მზიანი ამინდები ახარებს გულს, მდებარეობს ერთი პატარა, მაღალი პალმის ხეებით უხვად გარშემორტყმული, ოქროსფერქვიშიანი კუნძული, რომელსაც ყველა მხრიდან ოკეანის მოლივლივე ტალღები აგრილებს. კუნძულის შუაგული სხვადასხვა მცენარეებისა და ფოთლოვანი ხეების სიმწვანეში ჩაფლულა. ზუსტად კუნძულის ცენტრში, მთასავით ამაღლებული ადგილია, რომლის წვერზეც სასწაულებრივად ამოუხეთქავს უსუფთავეს ნაკადულს, რომელიც ჯვარედინად დატიხრულა, ოთხი კალაპოტი გაუკეთებია და კუნძულის ყველა მხარეს პატარა მდინარეებად მოსდებია. კუნძულს არ აკლია არც ულამაზესი ფრინველების და არც იშვიათი ცხოველების მრავალფეროვნება, თუმცა ყველაზე მეტნი აქ მაინც სხვადასხვა ჯიშისა და წარმოშობის თუთიყუშები ბინადრობენ.
ამ კუნძულს ძველი დროიდან მოყოლებული “პოლიგლოტოს” ეძახიან. გადმოცემის თანახმად მეზღვაურებს კუნძულისთვის სახელი - “პოლიგლოტო” იმიტომ შეურქმევიათ, რომ თურმე ძალიან დიდი ხნის წინათ, ეს კუნძული აღმოუჩენია ერთ, ყველა მეზღვაურისათვის ცნობილ გემის კაპიტანს, ადმირალ რობერტ “ჩიკო” მარლის. ადმირალი მარლი, მრავალი ენის მცოდნე პოლიგლოტი და მოლაპარაკე თუთიყუშების დიდი მოყვარული ყოფილა. თურმე მის გემზე, ყველა ოთახში სპეციალურად იყო გაკეთებული თითო ლამაზი გალია, სადაც იგი სხვადასხვა ქვეყანაში ნაყიდ მოლაპარაკე თუთიყუშს სვამდა. ეს თუთიყუშები იმ ენაზე საუბრობდნენ, რომელ ქვეყანაშიც იყვნენ შეძენილნი. ადმირალი ყოველ დღე შედიოდა ყველა ოთახში და თუთიყუშებს მათ ენაზე ესაუბრებოდა. ამით იგი თან თუთიყუშების მიმართ დიდ სიყვარულსა და სითბოს გამოხატავდა, თან ყოველდღიურად ლაპარაკობდა იმ ენებზე, რომლებიც იცოდა, რათა არ დავიწყებოდა ისინი. რობერტ “ჩიკო” მარლის უყვარდა ხოლმე თქმა: “უცხო ენების ცოდნის საიდუმლო, მათ ხშირად გამოყენებაშიაო!”
ადმირალს განსაკუთრებულად ერთი თუთიყუში, სახელად “ჩიკო” მოსწონდა. “ჩიკო” კორელა ნიმფას ჯიშის რუხი ფერის ტანის მქონე, ყვითელ სახიანი და სტაფილოსფერ ლოყება პატარა ზომის თუთიყუში იყო, ლამაზად აწკეპილი ქოჩორით. “ჩიკო” ადმირალმა თურქეთში, ქალაქ სტამბულის ბაზარში იყიდა, როდესაც შავი ზღვიდან, ბოსფორის სრუტის გავლით ეგეოსის ზღვაში შესაცურად ემზადებოდა. სტამბულის ბაზარი წელიწადის ყველა დროს ხალხმრავალი ადგილია. იქ მუდმივად ტრიალებენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული უცხოელები და ამიტომ იშვიათია ენა, რომელსაც იქ ვერ მოჰკრავს ადამიანი ყურს. ალბათ სწორედ ეს გახდა კიდეც იმის საბაბი, რომ “ჩიკო” ძალიან ბევრ უცხო ენაზე საუბრობდა, რისთვვისაც იგი ადმირალის გამორჩეული პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობდა და მუდამ საპატიო ადგილას, ანუ მის მხარზე იჯდა.
გადმოცემისვე თანახმად, როდესაც მრავლისმნახველი ადმირალი მარლი შემთხვევით ატლნატის ოკეანეში ნაოსნობისას, ჩვენს მიერ ხსენებულ კუნძულს მისდგომია თავის გემით, იგი განუცვიფრებია კუნძულზე თუთიყუშთა სიმრავლეს, მათ სილამაზესა და განსაკუთრებულად მრავალფეროვან ხმოვანებას. ამ სილამაზითა და მრავალფეროვნებით შთაგონებულ ადმირალს გენიალური იდეა დაჰბადებია. მას გადაუწყვიტავს “ჩიკოს” და სხვა მისი თუთიყუშების დახმარებით, კუნძულზე, თუთიყუშთათვის ლაპარაკის შემსწავლელი სკოლის დაარსება. მას და მისი გემის შემადგენლობას სამი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად უშრომიათ სპეციალური გალიების დასამზადებლად, აბორიგენი თუთიყუშების მისაჩვევად და სხვა სასწავლო პირობების შესაქმნელად.
სამი წლის თავზე, კუნძულ პოლიგლოტოზე თუთიყუშთათვის განკუთვნილი “ადამიანთა ენის შემსწავლელი სკოლა” საზეიმოდ გაიხსნა. ერთადერთი სამწუხარო რამ იყო ის, რომ თავად ადმირალი მარლი იმ ლამაზ დღეს ვერ მოესწრო. იგი იმხანად უკვე ღრმა მოხუცი გახლდათ და სკოლის გახსნამდე 3 დღით ადრე, როდესაც მან ჩათვალა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი და სასარგებლო საქმე უკვე გაკეთებული იყო, სული უფალს შეავედრა.
დღეს-დღეობით კუნძულ პოლიგლოტოს მრავალრიცხვოვან ტურისტს აკვირვებს ადამიანის სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე თუთიყუშების არსებობა. ზოგს ის მსოფლიოს მერვე საოცრებადაც მიაჩნია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რატომღაც მეგონა, რომ "ჩიკო" ქართულ სიტყვებს იტყოდა :)
"ჩუნგა ჩანგა" მოუხდებოდა ამას მუსიკალურ ფონად :)
რატომღაც მეგონა, რომ "ჩიკო" ქართულ სიტყვებს იტყოდა :)
"ჩუნგა ჩანგა" მოუხდებოდა ამას მუსიკალურ ფონად :)
1. ჟანრის შეცვლა დამავიწყდა, ადმინისტრაციას ვთხოვ საბავშვო ჟანრში განათავსოს. წინასწარ დიდი მადლობა! ჟანრის შეცვლა დამავიწყდა, ადმინისტრაციას ვთხოვ საბავშვო ჟანრში განათავსოს. წინასწარ დიდი მადლობა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|