ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2013


ჩუ!

ჩუ,
ჩუმად იყავ,
არ დაგცდეს სიტყვა.
ჩუმად,
საჭიროს ვერაფერს იტყვი.
არ გიცხოვრია,
ჰოდა არ გაქვს უფლება ცხოვრებაზე ილაპარაკო.
ჩუ,
სიყვარულზე არ დაგცდეს სიტყვა,
რადგან სიკეთე ვის თვალშიც ნახე ყველა გიყვარდა,
მოგიწევს ბევრი ილაპარაკო მათ სიკეთეზე,
საკუთარზე კი ვერაფერს იტყვი,
ჰოდა ჩუ,
ჩუმად იყავ, ნუ ეტყვი სხვებსაც,
რომ შეიყვარე ყველა, ცრემლით სავსე თვალებით,
თორემ გკითხავენ, სად იყავი, სად დაიმალე,
რატომ არავის შეუმშრალე მძიმე ცრემლები?
მერე მოგიწევს თქმა,
უძლური რომ ხარ გაუკეთო ვინმეს რამე,
უძლური რომ ხარ შეებრძოლო დარდსა და სევდას
და მითუმეტეს სხვისას... და სხვისას...
მხოლოდ იტირე, ნუ იტყვი სიტყვას
და მათ ცრემლებს შეუერთე შენი ცრემლებიც,
მდინარესავით რომ ამოდიდდეს,
მშვიდად გაუყვეს თავის კალაპოტს,
ზღვას შეუერთდეს, აიწიოს მაღლა, ნისლებად
და მერე წვიმად უკან დაბრუნდეს...
მხოლოდ მდუმარედ უყურე ყვავილს,
მორიგი წვიმა რომ გაახარებს,
შენ კი გაჩუმდი,
არ დაძრა სიტყვა,
რადგან მანამდე არ თქვი არც ერთი
და არც გაბედო თავის მართლება,
მხოლოდ გაჩუმდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები