ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2013


მინი ბალადა მესტიის სახლზე

იქ, მესტიაში, ერთი სახლი დგას:
ამომავალი, ჩვენი წერტილი...
სამი ბიძა და მამა, მამიდა,
იქ დაიბადნენ; იყვნენ მეტწილად.

იქ, მესტიაში, ერთი სახლი დგას:
ეზოიანი - დიდი და ძველი.
იცის ამ სახლმა გემო ხანძრისაც,
ახსოვს მის კედლებს ყველა ნამღერი.

იქ, მესტიაში, ერთი სახლი დგას:
აწვიმს და ათოვს, ათოვს და აწვიმს...
სამი ბიძა და მამა, მამიდა,
ახსოვს ნაწილს და არ ახსოვს ნაწილს...

იქ, მესტიაში, ერთი სახლი დგას:
სამი ბიძის და მამის (მამიდის
არა...) ფესვები ხარობს, საითაც,
ვით სეზონების მწყობრი განრიგი

(სიამაყით რომ მისკენ აგვზიდავს),
გვისხამს ფოთლებად (მათ შვილებს)
და შემოდგომით, როგორც ნათიბარს,
ქალაქის ფორცხი, ეზოს აშიშვლებს.

იქ, მესტიაში, ერთი სახლი დგას:
ათოვს და აწვიმს, აწვიმს და ათოვს...
სახედარივით ზიდავს საზიდარს, -
მორჩილად მისდევს დროის მარათონს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები