ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2013


რა არის საჭირო ბედნიერებისთვის

-რა ბედნიერია ის, მას არ აქვს იმდენი საზრუნავი, რაც ჩვენ, უზარმაზარი, ულამაზესი სახლი აქვს,  არ უხდება იმაზე ფიქრი, რით არჩინოს შვილები, ძალიან ლამაზად გამოიყურება ყოველდღე , არ აქვს ცხოვრებისეული პრობლემები... მეც მინდა მის ადგილზე ყოფნა...
- მე შენ დაგიმტკიცებ, რომ მასზე ბედნიერი ხარ...
- დამცინი? მე სიზმარშიც არ დამესიზმრება იმდენი ფული ან ისეთი უზარმაზარი სახლი, მას რომ აქვს...
- მე დაგიმტკიცებ, რომ შენ მასზე ბედნიერი ხარ. ახლავე დაგიმტკიცებ. მისი სახლი იმიტომ გეჩვენება უზარმაზარი, რომ ის ცარიელია და ჩუმია მასავით... შენი სახლი კი სავსეა და ხმაურიანი. შენს სახლში შენი ოჯახი ცხოვრობს, ეს უკვე ბედნიერების სუნია...
- კი, მაგრამ მე არ ვარ ისეთი მდიდარი, როგორიც ის არის, მე იმის საშუალებაც არ გამაჩნია, რომ მეგობარს დაბადების დღეზე კარგი საჩუქარი ვუყიდო... ის მაინც ჩემზე ბედნიერია...
- შენ მართალი ხარ, მას შეუძლია ძვირადღირებული საჩუქრის გაკეთება თავისი მეგობრისთვის, მაგრამ მას არ ჰყავს მეგობრები... შენ ისინი გყავს... შენ იცი რის ფასად დაუჯდა მას ამ სიმდიდრის მოპოვება? ადამიანების დაკარგვის ფასად... ის ყოველდღე ზის დალაქავებულ ფანჯარასთან და იყურება გარეთ... იყურება და ყველა ლაქებით დახუნძლული ეჩვენება... საკუთარ თავს კი კრიალა სარკეში უყურებს და ულამაზესია თითქოს... იმდენი უცხოვრია, იმდენი გამოუვლია, ვის არ შეხვედრილა, ვინ არ შეხვედრია, რამდენი მეგობარი ჰყოლია ოდესმე და ახლა ზის მარტო მდიდრულ სავარძელში და ფანჯრიდან იყურება... იყურება ცარიელი თვალებით, რომელშიც მხოლოდ შურს და ბოღმას ამოიკითხავ... შენ ამბობ, რომ ის შენზე ბედნიერია და მისი გშურს, მას კი შურს ყველასი, მათ შორის შენიც... მას შურს ყველასი, რადგან სხვებისგან განსხვავებით, სახლში მისვლისას არ ელოდება ოჯახი, სხვებისგან განსხვავებით, მას არასდროს არავინ არ სტუმრობს, სხვებისგან განსხვავებით მას საფიქრალი არ გააჩნია, სხვებისგან განსხვავებით ის მარტოა და ცარიელი... მას შურს ყველასი, რადგან არასწორი გზა აირჩია, ამ გზის გავლა უკვე დაამთავრა და ახლა უკან დაბრუნება შეუძლებელია, მას კი უკან დაბრუნება სურს...
- მესმის, უკან ვერანაირი შემოვლითი გზით ვერ დაბრუნდება ალბათ...
- არის ერთი გზა... მას სინანული ჰქვია და იქნებ იპოვოს ოდესმე ეს გზა...
- მე მაინც მგონია, რომ ის ჩემზე ბედნიერია, ის არასდროს იღლება, შეუძლია ყველაფრის კეთება რაც მოესურვება, მე კი, ყოველდღე დაღლილი ვარ, დაქანცული.  ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება ჩემს ცხოვრებაში, არანაირი სიახლე. ამას ცხოვრება ჰქვია?
- დიახ, ამას ჰქვია ცხოვრება... შენ ვერ წარმოიდგენ ის როგორი დაღლილია... ის დაღალა იმ გზამ, რომელიც ფუჭად გაიარა. დიდი გზა გამოიარა, სანამ აქამდე მოვიდოდა, ახლა კი საკუთარი სტუმრის როლი მოირგო,  სტუმარიც თვითონ არის და მასპინძელიც...
- და მაინც, მე რომ ამდენი ფული მქონდეს, ყოველდღე ისე ლამაზად ჩაცმული ვივლიდი, როგორც ის დადის, ჩემს შვილებს უფრო მეტ ფინანსურ მხარდაჭერას გავუწევდი, უფრო მეტს მივცემდი მათ...
- ის ლამაზია, ძალიან ლამაზი, მაგრამ მთავარი აკლია, მშვენიერება... ჩასაცმელი კი მშვენიერებას არ მოუტანს...  მშვენიერებას ფულით ვერ იყიდის... მის ოდესღაც დანაოჭებულ სახეს თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის კვალიც ატყვია, გალამაზდა, თუმცა მშვენიერება აკლია... მაგ სილამაზეს კი მიწა გახრწნის სამუდამოდ... რაც შეეხება შვილებს... შენ შენს შვილებს ყველაზე მთავარი რამ მიეცი, სამ ადამიანს სიცოცხლე აჩუქე, მან კი, თავისი ფულით მხოლოდ საკუთარ თავს აჩუქა უბედურება, დიახ, უბედურება... ეს ტანჯავს ყოველდღე, უღრღნის მთელ სხეულს... მოვიდა აქამდე და მხოლოდ ახლაღა უყურებს თავის განვლილ ცხოვრებას, როგორც გაურკვეველი ჟანრის ფილმს...
არ ვიცი, სინანულია, ტკივილია, სიცარიელეა, ალბათ უფრო შიშია... ეშინია მარტოობის, მარტო სიკვდილის... შენ ყოველდღე, სახლში მისვლისას იცი, რომ გელოდება თბილი ოჯახი, შვილები, მეუღლე... ის კი სულ მარტოა... შენ ახლა ღმერთს საყვედურობ და არ გესმის ბედნიერების არსი, ის კი ვერ საყვედურობს, რადგან სწორედ ის მიეცა, რაც ისურვა... როგორ უნდოდა სიმდიდრე და კეთილდღეობა, ღმერთმა მისცა ეს ყველაფერი... მისცა უზარმაზარი სახლი, მაგრამ სახლი რაც უფრო დიდია, მით მეტი სიცარიელეა მასში... ეს პროპორციულად უნდა გაეთვალა თავის დროზე... მაშინ, როცა ადამიანები გადათელა, მიატოვა, მოატყუა, უღალატა იმისთვის, რომ ახლა ამ ცარიელ, უზარმაზარ სახლში მთელი ცხოვრების სიცარიელე დაეტია... ახლა მისჩერებია უსასრულობას ცარიელი თვალებით და საკუთარი ლაქებით დასვრილი მინიდან უყურებს სხვებს... უყურებს და ხედავს ლაქებს საკუთარ მინაზე რომ ატყვია, იმ ლაქებს... ითვლის ამ ლაქებს და ატევს მარტოობას, თავის უზარმაზარ სახლში...
  მიეცა ის, რაც ინატრა... წაერთვა ის, რაზეც უარი თქვა... ყველაფერი მოხდა სამართლიანად და კანონზომიერად... მიიღო თითქოს ყველაფერი მატერიალურად ღირებული, მაგრამ დაკარგა ყველაზე ძვირფასი - ადამიანობა, სიყვარული, მეგობრობა... ფულით ვეღარ იყიდის მათ... ცარიელია და ყოველ დღე ავსებს სიცარიელით თავის უზარმაზარ სახლს... ცარიელია და ამ სიცარიელის ავტორიც თავად არის...
  ჩვენ თვითონ ვირჩევთ ცხოვრების გზას, ჩვენ თვითონ ვართ საკუთარი ცხოვრების ავტორები, ჩვენვთვითონ ვთხოვთ ღმერთს იმას, რაც გვსურს და მერე ჩვენ თვითონვე ამ სურვილის შედეგს ვსაყვედურობთ ღმერთს... ახლაც არ გჯერა, რომ შენ მასზე მდიდარი ხარ?
- მჯერა, მჯერა... მე ბრმა ვიყავი და ახლა ამეხილა თვალი...
- შენ უკვე იცი, მან რა ინატრა და აუსრულა ღმერთმა, ახლა მიპასუხე, შენ რას სთხოვ ხოლმე ღმერთს? ოდესმე გინატრია რომ მატერიალური კეთილდღეობა გქონოდა?
- არა, მე ვინატრე, რომ ვყოფილიყავი ბედნიერი...
-მადლობა გადაგიხდია იმისთვის, რომ ეს ნატვრა აგიხდა?
- არა, მე ხომ აქამდე ვერ ვხვდებოდი, რომ ეს ნატვრა ამიხდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები