ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2013


ზღვა მუდამ ღელავს, როგორც პოეტი

ზღვა ელოდება ქარს, მაცოცხლებელს,
ის მუდამ ღელავს, როგორც პოეტი,
ამოყრის ტალღებს, ამოაღელვებს
და მოეშვება, მხოლოდ დროებით,
მანამ ქარიშხალს არ შეეყრება,
ღელვის შეწყვეტას არც კი აპირებს,
ის როცა მოვა, გულს ამოიღებს,
შემოაწყვიტავს კლდოვან ნაპირებს.
ქარიშხლის მერე, როგორც ყოველთვის,
მზესა და მთვარეს ფარად ირეკლავს
და ვით პოეტი, ნაგროვებ გრძნობებს
გულის სიღრმისკენ გადაირეკავს.
პოეტიც მუზით აწეწილ ფურცლებს
მსუბუქი ლექსით ჩაეჭიდება,
უკმაყოფილოდ ამოიოხრებს
და კვლავ ქარიშხალს დაელოდება.
ის როცა მოვა, ამოისუნთქავს,
უძილობითაც ვერ იგრძნობს დაღლას,
მრავალს ამოთქვამს და მხოლოდ ერთი,
ათბალიანი იქნება ტალღა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები