ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
16 ნოემბერი, 2013


ჭირისუფალი



    ზაირას მამამთილი გარდაეცვალა .  მართალია მამამთილი მხოლოდ ოთხჯერ ჰყავდა ნანახი , ერთხელ საკუთარ ქორწილზე და სამჯერ  მეზობლის გასვენებაში, მაგრამ  იმერული წესის თანახმად, ჭირისუფალი მიცვალებულთან უნდა იჯდეს პანაშვიდებზე და სახლიდანაც არ უნდა გადიოდეს...თმას და სახეს თუ არ დაიხოკავს, მიმსვლელ-მომსვლელს უნდა დახვდეს და ცოტა ხანდახან  წაუტიროს კიდევაც. მაგრამ ზაირა დასაქმებული ქალი არის  და სად ცალია ,  ტრადიციების შესასრულებლად  და  უსაქმურად ჯდომისთვის, თანაც თვის ბოლო და კვარტლის ბოლო ერთად დაემთხვა და ბალანსი აქვს გასაკეთებელი.  ამიტომ, გასვენებამდე ერთი დღით ადრე  სამსახურში თავის დროზე გამოცხადდა და საქმეს შუდგა...
როცა მისი თანამშრომელი ოთახში შემოვიდა, გაუკვირდა მისი  დანახვა და :
--ახლა აქ უნდა იჯდე,  გოგო შენო?---მწარედ წაკბინა
---მირანდა, მე არ მცალია და შენ თუ გცალია,  ჩემს მაგივრად  დაუჯექი ჩემს  მამამთილს ჭირისუფლად ,  მე იქ მაინც არავინ მიცნობს  (ქმარი მასთან ყავდა ჩასიძებული ) ,  გარდაიცვლება შენი მამამთილი  და    მე დავჯდები შენს მაგივრად, გადაგიხდი სამაგიეროსო---ისე მოსწრებულად უპასუხა, მირანდა  დარჩა მარჯვენაწარბაწეული, მერე სიცილი აუტყდა და სიცილის ეს ტალღა  მანამდე ვერ შევიკავეთ,  სანამდე სამძიმარზე მისულს ზაირამ არ შემოგვტირა:

---უყვარდით  ყველა, მადლობაო...

ჩვენც ევკალიპტისუნიანი ჰოლანდიური გვირილები  შესაფერის ადგილზე დავდეთ და  სიცილსუნთქვაშეკავებული
გამოვცვივდით გარეთ.

    რომელიმე  თანამშრომელს ახლობელი რომ გარდაეცვლება, ყოველთვის ერთნაირად  დავირაზმებით ხოლმე და სამძიმარზე გავდივართ...ეს დაუწერელი კანონია...ხურდა ფულებით სამ-ოთხ ლარს  სპონტანურად ავაგროვებთ და ყვავილებზე ვინმეს გვგზავნით ...

ერთხელაც, „ნაპრაზდნიკებს“, სამსახურში მივედით თუ არა,  თალიკოს  დედა გარდაეცვალა და აბა ყვავილების ფულიო, დაიძახეს. ყვავილების ყიდვა მე დამავალეს , როგორც ყველაზე უპასუხისმგებლო ადამიანს, თანამშრომელთა  შორის...მე ბაზრისაკენ წასვლა დამეზარა. ვიცოდი,  წინა დღეს  დავით კლდიაშვილის ძეგლი ახალგაზრდებმა ყვავილებით შეამკეს და  ქორფა და ლამაზი თაიგულები შეთვალიერებული მქონდა.  როცა ამ ტერიტორიას ახლოს  გავუარე, ვიფიქრე, ერთი
გვირგვინი რომ ავიღო, რა მოხდება, მაინც არ დააკლდებათ არც დარისპანს და არც პლატონს, მე კი ბაზრამდე გზას მოვიმოკლებ ...ფულიც დამრჩება და ყავასაც  ვიყიდით, შესვენებისთვის თქო.  მივიხედმოვიხედე, ახლოს  არავინ იყო,  ყვავილები უჩუმრად ავიღე და  სამსახურში  დავბრუნდი. თურმე ჩემს კოლეგებს და  დირექტორს ეს დაუნახია და ჯერ დამტუქსეს, მერე კი დამცინეს და  ისეთ  დღეში ჩამაგდეს, ცხოვრებაში პანაშვიდზე წასვლაზე დამაკომპლექსეს... 

ნინომ კიდევაც დამიწუნა:
----რა არის ეს, რა ყვავილები გიყიდია, არაა ლამაზებიო.
----გპირდები ,  შენი დედამთილი რომ გარდაიცვლება, უკეთესს გიყიდი და მოგიტან  მეთქი.(დავიდე სამომავლოდ ვალი)
----არ დაივიწყო,  იცოდეო---მომაძახა და ავტობუსშიც ავედით...


    რაც ეს ამბავი შემემთხვა, მას  შემდეგ რამდენჯერაც ვცადე, სამძიმარზე მისვლა, იმდენჯერ სიცილს ვერ ვიკავებ და მთელ ჭირისუფალს შესვლისთანავე  მხიარულ განწყობაზე ვაყენებ ...ზაირას მამამთილიც ასე „მხიარულად“ დავიტირე და ზაირას წაპუტუნებაზე, რომელი მწერლის ყვავილებია ნეტავიო,  ისეთი ხითხითი ატყდა,  მიცვალებულსაც გაეღიმა, ნამეტანი  თავდაჭერილად....

  გარეთ გამოვედით და მასპინძელმა, ქალბატონებო, წიხლი არ გვიკრათ სუფრას და ქელეხზე აუცილებლად დარჩითო...
სუფრა უკვე გაშლილი იყო და მაგიდასთან მიგვიპატიჟეს.  ცხელი ხაჭაპური და ლობიო მართლაც მადისაღმძვრელად ელაგა სუფრაზე.  მოშიებულიც ვიყავით და დავრჩით...დავრჩით  ,  მაგრამ ვინ გაცადა ჭამა...
სუფრაზე ჩვენს წინ ერთ ერთი  თანამშრომლის პირველი შეყვარებული განგებ დაგვიჯდა და დაიწყო თავის ქება, აქაოდა რახან შენ არ გამომყევიო, ქი ავაწყვე ცხოვრება და ქი ვცხოვრობ ასეო.აბა, უშენოდ ხომ არ დავიკარგებოდი ცხოვრებაშიო, გვაგრძნობინებდა თვალებით და ჟესტიკულაციით, ხან ხაშლამას დაგვიდგამდა წინ და ხანაც შილაფლავს, პატივისცემა კი არ დამვიწყებიაო...
ლუკმა ყელში გაგვეჩხირა, გადაყლაპვა გაჭირდა, ეს კაცი კი აქებს და ადიდებს  თავს და ოჯახს...
ყვავილების გამო აცრემლებულ თვალებს ახლა  სიცილისგან აცრემლებული თვალები დაემატა და ჩვენ იქ ცრემლი ვაღვარღვარეთ, შეშურდებოდა ჭირისუფალს.

    მამაკაცები კარგად  შეზარხოშდნენ, მიცვალებულს "გზა" დავულოცეთ , ზაირას გამძლეობა და ამ ამბის გადატანა ვუსურვეთ და ჩვენთვის განკუთვნილ მიკროავტობუსში ავქანდით.

ბატონმა გიზომ, "აქედანა და შენამდეო"წაიღიღინა...
---მოგუდული, ბატონო გიზო, მოგუდულიო----შევძახეთ აქეთ იქედან
პირველად შედგა, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ მეორედ რომ წამოიწყო,  აქედანა და შენამდეო, რამდენიმემ კიდევაც აუწყო ხმა და პირველს მეორე და ბანი შეაშველა...


"აქედანა და შენამდე" ---გადადო საჰაერო ხიდი ბატონმა გიზომ საიქიოსაკენ მიმავალ გზაზე და მიცვალებული საცალფეხო ბილიკით გადააცილა...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები