ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2013


,,ცხრა ლახვარი"

                                    ,,ცხრა ლახვარი”
                                      ნაწილი პირველი
                              (ამონარიდი გაზეთ ,,კომუნისტიდან”)
,,ნაციონალურად განწყობილი ელემენტებისაგან წაქეზებული დემონსტრანტები, რომლებიც ქალა-
ქის ცენტრში, ქუჩაში შეიკრიბნენ, ერთობ აგრესიულად, გამომწვევად იქცეოდნენ. იყენებდნენ ანტი-
საბჭოურ ლოზუნგებს, ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ პარტიულ და საბჭოთა მუშაკებს. ბევრი
მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მთვრალები, ჯოხებით, არმატურებითა და სხვა საგნე-
ბით შეიარაღებულები იყვნენ.

  საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად მოსული შინაგანი ჯარის მეომრები გააფრთებულ
წინააღმდეგობას წააწყდნენ.
  ამ ვითარებაში ზუსტად, მარჯვედ, შეწყობილად მოქმედებდნენ ოფიცრების: გ. გრიშჩენკოს, რ.ზა-
ლადუტდინოვის, ს. რომანჩენკოს, პ. ბლუმის, ა. ვარგიანსკის ხელქვეითები. ისინი აღკვეთდნენ ბო-
როტმოქმედთა ცდებს, ჩაედინათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებანი. გადამწყვეტ ზომებს მიმართავდ-
ნენ ქალაქში მდგომარეობის ნორმალიზაციისათვის. ამასთანავე, დიდი პირადი ვაჟკაცობა, გამბედა-
ობა გამოიჩინეს: კაპიტანმა ს. მოჟაევმა, უფროსმა ლეიტენანტმა ი. ავსიანიკოვმა, სერჟანტმა ე. ბლი-
ნკოვმა.  ეფრეიტორებმა: გ. ლეუშკანოვმა, კ. ილიახობმა, ვ. დოლინინმა. რიგითებმა: დ. ხალილოვმა,
ი. ისმაილოვმა, ბ. ჯეკსემბიევმა, ჟ. მახმეტოვმა, პ. ჯურაევმა და ბევრმა სხვამ.”                       
                                . . .
  რა ცინიკოსია ერის ბედისწერა. როგორ შეუძლია იანუსის სახით ხითხითიც და ტირილიც.
თანდაყოლილ იღბალს მუდამ ,,ფეხებში” შეჰყურებს და მის დამარცხებას ესწრაფვის, რადგან მას
ისტორიის ,,მეხსიერების” შეცვლა ხელეწიფება ... დონდლო ისტორიისა ...
  გმირული შემართებით დაწერილი ,,ამონარიდი” არაფერს ამბობს ,,ორლესულ ბარზე,” ჯარის-
კაცთა იმ იარაღზე, რომელიც სანგრის გასათხრელად გამოიყენება და თავდაცვის საშუალებას
წარმოადგენს ... თავდაცვისა და არა თავდასხმისა. არ ამბობს, რადგან დონდლო ისტორიას არ აწ-
ყობს მისი ხსენება.

  ... ქეთევანი ხომ ცხელი ბარებით აწამეს ... დედა ქართვლისა ... ერის რწმენა და სინდისი ...
არც ისე დონდლო ყოფილა ისტორია ... წყეული ისტორია, ,,ბარიც” ამიტომ შემორჩენია მის მე-
ხსიერებას. მშვენივრად უწყის ,,ახალი,” რომ ,,კარგად დავიწყებული ძველია.” და გულმოდგინედ
მიჰყვება ამ სიბრძნეს.
  ... ორლესული ბარებით დაგვიხოცეს თანამემამულენი. ისევ დედებზე იყარეს ჯავრი .. ესეც ხომ
,,ახალია,” ვითომ ახალი ... საოცარია, არც სახელები გამოუცვლიათ ასკერ-ხელქვეით გადამთიელთ:
ჯურაევი, ხალილოვი, ჯეკსემბიევი ...

... მაგრამ, ეს უკვე ,,ახალი” არ არის ... დაგვცინის დონდლო ისტორია ... მურვან-ყრუს, ჯალა-
ლის, ბუღა-თურქის, თემურის, შაჰ აბასის და აღა-მაჰმადის შთამომავლები (რამდენი იყვნენ მაინც)
ბედისწერასავით ,,აგვკიდებიან” ჟამთასვლის გზაზე. სხვადასხვა დროშისქვეშ შეყუჟულთ, ჩვენსკენ   
მოერეკება ისტორია ... ტირის და იცინის ისტორია ... არა! ,,ნიანგის ცრემლებით” მოთქვამს და სა- 
ტანასავით ხითხითებს იგი ... ორსახოვანი იანუსი ...
  ... ეს ,,ცხრაც” როგორ აგვეკვიატა ქართველებს. მაგიურ-მისტიური რიცხვი ცხრა. ცხრათვალა
მზე, ცხრა მთა-ბარი, ცხრათავიანი დევი, ცხრა ლახვარი, ცხრაკლიტული, ცხრაწყარო, ცხრა ძმა-
ნი, ცხრამთავრობა და მეეცხრე ცა ... როგორც ისტორია, ,,ცხრაც" ორსახოვანი  იანუსი გამოდგა
საქართველოსთვის ...
 
  ... ორმოცდათექვსმეტის ცხრა მარტი. ბელადის მიძინებულმა სულმა მრავალი სიცოცხლე წარი-
ტაცა მაშინ. ჯიშიანი ქალ-ვაჟების სისხლით შეიღება მტკვარი ...
  ... ცხრა აპრილი ...
  ... ერთი რამ დავიწყებია ისტორიას, ან იქნებ არ სურს გახსენება. ,,ალგეთს დაზრდილი” ლეკვე-
ბის ჯიში რომ გვაძლიერებს დღენიადაგ, რომელსაც ისტორიის შემობრუნება ძალუძს. ოღონდ ეს 
არის, ამას დიდი ძალა სჭირდება ... დიდი ძალა, რომელიც მხოლოდ ერთობაშია. თუმცა ერთობა არ 
უყვართ ქართველთ ...
 
... არ უყვართ, რადგან მამლუქ იბრაგიმ ბეისა არ იყოს: ,,ერთი ქართველი უფრო ძლიერია სხვა-
გან, ვიდრე ათასი ქართველი თავის ქვეყანაში.”
  ... ქართველთა სიყვარულიც და სიძულვილიც, დონდლო ისტორიამ კარგად უწყის ... უწყის და
ამიტომაც გვეცხადება ორი სახით ...
  ... ტირის და იცინის დონდლო ისტორია ...
  ... ტირის და იცინის ...


                                      ნაწილი მეორე
  დასამთქნარებლად პირი გავაღე, ირგვლივმყოფებისა შემრცხვა და მარჯვენა ხელისგული პირზე
ავიფარე. ჩემს მეგობარს გადავხედე. ილოს, როგორც კარგ ულაყს ზეზეულად ეძინა. გვერდში მუჯ-
ლუგუნი ვუთავაზე, დაქანცულმა და ძილსმონატრებულმა ისე შემომხედა, ნამდვილად შემეცოდა.
  - წავიდეთ! - წამოიკვნესა საცოდავი ხმით.
  - ვიყოთ ცოტა ხანს - შევევედრე ყელისგამოწევით.
  - ხომ ხედავ, ხალხი გროვდება, ჩვენი აქ ყოფნა სავალდებულო არ არის.
  - ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რაღაც მოხდება. ხალხი ტყუილად არ შეგროვდება.
  - შენმა წინათგრძნობამ გუშინაც ღამე მათევინა ... თუ არ წამოხვალ, მე წავალ - ილოს სიტ-
ყვებში მუქარა გაისმა.

  მან ზურგი შემაქცია. პერანგის სახელოში წავეპოტინე და ისევ შევეხვეწე:
  - ვერ ხედავ, რამდენი ხალხია? ტრიბუნაც გაივსო, ნაღდად რაღაც მოხდება. ახლა ჩვენი წასვლა
ღალატად შეფასდება.
  ილო დამემორჩილა. თუმცა ჩემი სიტყვების \,,სიღრმეში” ჩაწვდომა არ ისურვა და ისევ დაამთქნა-
რა. ერთ ადგილზე მონუსხულივით გაქვავდა და ტრიბუნის მხარეს შებრუნდა.
  ღამის მყუდროებაში ხალხის ხმაური ფუტკრების ზუზუნს წააგავდა. მეგაფონით ნათქვამი სიტყ-
ვები ნაწყვეტ-ნაწყვეტად აღწევდა ჩვენამდე.
 
გარიჟრაჟის გრილმა ნიავმა, შორეული გრუხუნის ხმა მოიტანა. უსიამოვნო შეგრძნებამ ზუზუნი
ჩოჩქოლში გადაზარდა. შიშმა ,,დიდი თვალები” გაახილა ...
  ჩანაცრული ცეცხლივით ჩაიღვენთა და მინელდა ,,ბზუილი”. ირგვლივ ავისმომასწავებელი სიჩუ-
მე ჩამოწვა.
  გრუხუნის ხმა გაძლიერდა.
  - ტანკები! - იყვირა ისტერიული ხმით ვიღაცამ.
  - ჯარისკაცები! - აჰყვა სხვა.
  ,,დაუკარით! რომ ჩემს ხანჯალს ელდა ეცეს” - გაისმა მიკროფონში ქალის წკრიალა ხმა.
  ერთბაშად აირია  ყველაფერი.
  - არიქა, გავიქცეთ! - მკრა გვერდში მუჯლუგუნი ილომ.
  - საით? - ვთქვი შეშინებულმა, რადგან სამხედროების გამოჩენამ ჩემზე დამთრგუნველად იმოქ-
მედა.
მან ხელით ქაშუეთზე მიმანიშნა. თუმცა ხალხის აგორებულმა ნაკადმა სხვა მიმართულებით
გაგვიტაცა.
 
მოულოდნელად ჯარისკაცებიც შევნიშნე.. დამცავ ფარზე ორლესური ბარების დარტყმის ზათ- 
  ქი და განწირულთა გოდება გონებას ახშობდა. ილო ერთფეროვან მასაში, გზას ძლივს მიიკ-
ვლევდა. მე, ქამარში ჩაფრენილი უკან მივდევდი. რატომღაც წინ მიმავლები შემობრუნდნენ და ჩვე- 
ნსკენ წამოვიდნენ. მივხვდი, რომ ჯარიკაცებმა მათ გზა მოუჭრეს.
  ძლივს შევიმაგრეთ თავი, წაქცევას გადავურჩით. სხვა საშუალება არ იყო, ,,დინებას” მივყევით.
  მოულოდნელად საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ხელები თავზე წავივლე. თვალთ დამიბნელდა.
ათასი ვარსკვლავი ერთად აციმციმდა წყვდიადში. ილოს ხელი გავუშვი და წავიჩოქე. უკნიდან ვი-
ღაცამ ზურგზე გადამიარა და მეგობარს ეცა.
  - მიშველე, გიო! მგონი მომკლეს - იბღავლა განწირული ხმით.
 
კარგად დავინახე, თუ როგორ იტაცა მან თავზე ხელები და იქვე ჩაიკეცა. თვალი შევავლე ახმახ
ჯარისკაცს, რომელიც ხელკეტის ქნევით მიაპობდა ადამიანთა რიგებს. ტკივილი დავძლიე და ილო-
სთან გავჩნდი. მხარში შევუდექი.
  - ვერაფერს ვხედავ, ,,დუბინკა” მომხვდა თვალში - მას ორივე ხელი თვალზე აეფარებინა.
  წინ წავუძეხი. სასტუმრო ,,თბილისთან” ჩავუხვიე და სკვერში შევედი. მეგობარი ხესთან, ბალახზე
წამოვაწვინე. ვიგრძენი, რომ თვალები საშინლად მეწვოდა. მას კი სისხლი სდიოდა. ვაჟკაცურად
იტანდა ტკივილს. ერთიც არ დაუკვნესია.
  რამდენიმე მომიტინგემ სკვერის მხრიდან შლიგინით ჩაგვირბინა. მათ დახმარება ვთხოვე, მაგრამ
ჩვენსკენ არც მოუხედავთ.

  ფეხზე წამოვდექი და შეკრეჭილ გაზონს ამოვეფარე. ქუჩის მეორე მხარეს საცხოვრებელი კორპუ-
სი შევნიშნე. მეგობარს ვუთხარი, რომ მალე დავბრუნდებოდი. გარემო დავზვერე და იქით გავემარ-
თე. სადარბაზოში სწრაფად შევედი და პირველივე კარებზე დავაკაკუნე. მერე კი ღილაკს დავაწექი,
რომელიც მოგვიანებით შევნიშნე.
  კარებში შუახნის მამაკაცი გამოჩნდა. ვიდრე ის რამეს მეტყოდა შევეხვეწე:
  - ბიძია, მიშველე! მეგობარი მყავს დაჭრილი სკვერში.
  ჩემი უდროო ვიზიტი არ გაკვირვებია. ალბათ იცოდა რაც ხდებოდა. მან შვილს გასძახა და წინ
წაგვიძღვა.
 
ქუჩა გადავკვეთეთ. ილოსთან გავჩნდით. მთავრობის სასახლის მხრიდან ისევ ისმოდა ხმაური. ის,
  როგორც დავტოვე ისე იწვა. თვალებზე ხელი აეფარებინა და ჩუმად კვნესოდა. არ ვიცი რატომ,
მაგრამ მისაყვედურა:
  - აღარ მეგონა თუ მოხვიდოდი.
  გონება დამიბნელდა. ჩავიკეცე და ხველა ამივარდა.
  - მიშველე! - ვუთხარი ბიძა-კაცს.
  - მოწამლული ხარ! მაგ წყეულებმა გაზი გაუშვეს - მომიგო მან და შვილს დახმარება სთხოვა.
  პასუხმა გამაკვირვა, თუმცა გააზრება ვერ შევძელი, ხელ-ფეხი წამერთვა.
  გონს ნაშუადღევს მოვედი. მე და ილია ერთ პატარა ოთახში ვიწექით. თავზე დიასახლისი გვა-
დგა. ხელში ღვთისმშობლის ხატი ეჭირა და ჩუმად ლოცულობდა.

                                                                    თემური







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები