ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
25 ნოემბერი, 2013


ცამეტი (13)

(გაგრძელება)



  ყველაზე გემრიელი დღე მაშინ დგებოდა, როცა ჩემი შეყვარებული მომწერდა. წერილს ჩუმად ავიღებდი და მერე ღამით , მარტო ვკითხულობდი ხოლმე.  არ მინდოდა ვინმეს გაეგო, რომ "ის" მყავდა, ვისზეც ვოცნებობდი...

  პასუხს  დავწერდი და გავაგზავნიდი.  მალე  მინდოდა, რომ პასუხები  მომსვლოდა და ფოსტას ყოველდღე ვაკითხავდი..,
წერილი დროზე ადრე არასდროს მოდიოდა, ამიტომ მთელი კვირა ლოდინში ვიყავი ...მთელი გულით ველოდებოდი.
მე და ნიკა  ერთმანეთს ათას სისულელეს ვწერდით, მასთან ისევ ისეთი თბილი და მგრძნობიარე ვიყავი.სწორედ ეს მომწონდა, მე მისთვის არ შევცვლილვარ და არც ის იცვლებოდა ჩემს მიმართ...ერთმანეთს ყველაფერს ვწერდით, თუმცა არასდროს ვწერდი ისეთ
რამეს, რაც მას გულს ატკენდა.  ვსწავლობდი მხოლოდ მისი ხათრით, რომ ამით ჩვენი ცალცალკე ცხოვრება  გამემართლებინა...

  ჩემში ორი განსხვავებული ადამიანი დასახლდა:  საკმაოდ უხეში გოგონა, რომელიც ვაჟებს არაფერში ჩამოუვარდება , ბიჭების მოპარულ  ფულს ხანდახან,  გამჟღავნების  შიშით  უკან  "სუფთად" აბრუნებდა და გოგონა, რომელსაც რომანტიკულად უყვარდა...

მიყვარდა და მისთვის ყველაფერს დავთმობდი. ნიკას  ერთხელაც რომ ეთქვა, უშენოდ მარი სკოლა დაცარიელდა და  მარტო  მიჭირს სკოლაში სიარულიო, მზად ვიყავი და დავთმობდი ჩემ სიჯიუტეს...მას ამის ძალა არ აღმოაჩნდა.  მან ვერ აიღო თავის თავზე ჩემი მომავალი...ყველანაირად მგულშემატკივრობდა ,  იცოდა რომ უნდა მესწავლა...

მის მაგივრადაც უნდა მესწავლა...

ასე ვიყავით "შეთანხმებული", სანაცვლოდ ის "კარგად" უნდა ყოფილიყო, რადგან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა.

   


  ჩემი ხასიათი თანდათან იწრთობოდა...მშობლებთან ფიზიკური  კავშირი  არ გამიწყვეტია, მაგრამ ყველაზე მთავარი ძაფი,
რაც მათთან მაკავშირებდა, ის გაწყდა.  მე მათი არ მესმოდა და მათ ჩემი.  სრულიად განსხვავებულ აზრზე ვიდექით და არც ვცდილობდი, რომ დედასთან დაახლოება მეცადა.  ის კი არა, ხანდახან საწინააღმდეგოსაც კი ვაკეთებდი, მგონი განგებ, ანდა
იმის გამო, რომ ძლიერი მეგონა თავი და არავის დახმარებას არ  მჭირდებოდა.
დედა და  ახლობლები ისე დავკარგე, სინამდვილეში ამას ვერავინ ხვდებოდა.

(  მხოლოდ  ხანდახან მომაწვებოდა გულზე....რა მაწვებოდა არც კი ვიცი... დახრჩობას ვერ ახერხებდა, მაგრამ მგუდავდა, ჰაერს ხელს უშლიდა, რომ ფილტვებს ესუნთქათ...  ეს ალბათ ჩემეული ნოსტალგია  იყო...)

    მე ვთქვი, რომ არასდროს დავიხევდი უკან, არასდროს ნახავდნენ ჩემ ცრემლს და არავინ მჭირდებოდა, საკუთარი თავის გარდა.
ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, რომ უნდა მესწავლა, რომ მყარად ვყოფილიყავი ფეხზე დამდგარი,  რადგან ამხელა მსხვერპლი როგორმე გამემართლებინა...
მიჭირდა, მაგრამ ვსწავლობდი.

რამდენჯერმე დედაჩემიც ჩამოვიდოდა, რომ ვენახე. გარეგნულად ყველაფერი რიგზე მქონდა, ამიტომ დამშვიდებული , იმ დღესვე ბრუნდებოოდა უკან...დალაპარაკებასაც ვერ ვასწრებდი...

    როცა თავს და ცხოვრებას ებრძვი,  მარტო ცხოვრებას ძნელად უმკლავდები და  სწორედ ამ დროს მოგდის წერილი ნიკას დედისგან, რომელშიც  წუხს, რადგან  ნიკასადმი მიწერილი შენი წერილი  წაიკითხა, რომ  ნიკა საავადმყოფოშია, რამდენიმე კვირაა ონკოლოგიურში მკურნალობს  და  ამ წერილით  ცდილობს  გაგაგებინოს პასუხის დაგვიანების მიზეზი.... რომ მასაც უხარია შენი გულთბილი დამოკიდებულება  ნიკასადმი და ასე შემდეგ...

      ეს ელდა იყო.

  ნიკას ავადმყოფობა მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მისი დიაგნოზი ახლა უფრო ცუდად ჟღერდა...17 წლის ბიჭს ასეთი დიაგნოზი სპორტისაკენ გზას უღობავდა...  უარესიც,  სიკვდილ--სიცოცხლეზე იდგა საქმე...
ონკოლოგიური საავადმყოფოს გზა პირველად და უკანასკნელად მაშინ ვნახე.  ნიკას  საავადმყოფოში მივაკითხე, მაგრამ რაღაც პროცედურების გამო, მისი ნახვა ვერ მოვახერხე...იმ დღეს პანსიონში წამოვედი,  მესამე დღეს კი საავადმყოფოდან  გაწერილი და ქუთისში დაბრუნებული დამხვდა. მას პალატაში წერილი დაუტოვებია, რომელიც ჩემთვის გადმოსაცემად  იქ გაცნობილი ბიჭისათვის  ჰქონდა მიბარებული. 
მე ნიკასთვის მიტანილი ყვავილები მათ ტუმბოზე  დავდე და გაწბილებული  უსიტყვოდ გამოვედი გარეთ...

    ნიკა  წერილში მწერდა, რომ  აღარ ვუყვარდი..

არა, მთლად ამას არ მწერდა, მაგრამ მაგრძნობინებდა...
ვიგრძენი, ამის დაწერა როგორ გაუჭირდებოდა...

  მე ვიცოდი, რომ ის ჩემზე  უარს  ავადმყოფობის გამო ამბობდა და პირველად ვიტირე , სახლიდან წამოსვლის მერე .
მან  წამოსვლის წინ დადებული ჩვენი  "შეთანხმება" დაარღვია.

მე ისეთი ძლიერი ვიყავი,  დამოუკიდებელი და აქტიური, რომ  არ შეიძლებოდა ჩემს გვერდით სუსტი მამაკაცი ყოფილიყო, ისეთი, რომელიც ჩემგან ზრუნვას მოითხოვდა. ჩემს გვერდით სუსტი მამაკაცი თვითონ დაიტანჯებოდა... მან ეს  კარგად იცოდა.  ნიკა და მე ვერ დავუშვებდით, რომ ჩვენს სიყვარულში როლები შეცვლილიყო...

    მალე  სტუდენტი გავხდი და ერთი ნაბიჯით  კიდევ დავშორდი ნიკას.

    მძულდა უნივერსიტეტი იმის გამო, რომ ნიკაზე მაღლა მაყენებდა...უთქმელადაც  ვგრძნობდი...


  ჩემი მოგზაურობა კი არ წყდებოდა....თბილისიდან სახლში და სახლიდან თბილისში...ერთხელაც მატარებელში ვიღაც უგონოდ  მთვრალი კუპეში შემომივარდა და ბღლარძუნი დამიწყო.  მე  ჩანთა ავიღე  და  მას სახეში  ვაფარე...ჩანთა გაიხა და ფული  და სტუდბილეთი გადმოვარდა...ვიღაც გამომესარჩლა...ვიღაც ფულს ეცა...ვიღაც სტუდბილეთს...არ  დავინტერესებულვარ, ვინ და როგორ,  მაგრამ ერთ-ერთმა    ჩემი გაცნობა მაინც მოახერხა. 

  ათი დღის მერე ეს ბიჭი ჩემი ქმარი გახდა,  (თუმცა მისი საგმირო საქმეებიდან ეს პირველი და  უკანასკნელი იყო.)
მე კი  მეათე  დღეს მას  ცოლად გავყევი და დავასამარე ყველაფერი  წარსული....

  თუმცა მალევე  მივხვდი, რომ ჩემ თავთან ბრძოლაში დავმარცხდი და მწარედ ვინანე...ჩემი დამოუკიდებლობაც და  ბრძოლაც საკუთარ თავთან, რომლითაც აქამდე ,  ქვეცნობიერად, ვამაყობდი,  ღრუბელმა წვიმის წვეთებივით შეისრუტა და სადღაც, სხვის თავზე უხვად გადააქცია...

ამ წასვლამ ყველა საყვარელი ადამიანი დამაკარგვინა...

(ჯობია, აღარ გავაგრძელო)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები