ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2013


უკვალოდ არ ქრებიან

უკვალოდ არ ქრებიან... მოდიან, ჩერდებიან, მიდიან, მაგრამ უკვალოდ არ იკარგებიან.
დიდი ხანი ვიდექი ხისგან გამოთლილ პატარა, ადამიანისხელა სახლთან და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ზუსტად იმაზე, რაზეც ამ დროს ფიქრობენ ხოლმე. ამ პატარა სახლში იყო მოთავსებული ვისთვის პატარა, ვისთვის დიდი ადამიანი.
მკაცრი იყო, თავისებური. ის არავის არ ჰგავდა. არავინ არ ჰგავდა მას. არსებობდა, მაგრამ ამავდროულად ცხოვრობდა. მას არ ჰყავდა შვილი, მაგრამ დედა იყო, არც შვილიშვილი, მაგრამ ბებიაც იყო.
მოდიან, არსებობენ და მიდიან, მაგრამ თავისთვის. ის ყველასთვის იყო. ცხოვრობდა ყველასთვის. ცხოვრობდა იმისთვის, რომ "ყველას" მის გარშემო კარგად ეგრძნო თავი მისი არსებობით. კეთილი იყო, ძალიან კეთილი, მაგრამ არ ამჟღავნდებდა. სიკეთეს ჩუმად აწვეთებდა ყველას, უთქმელად.

ბავშვობა. ტკბილი მარწყვები. მისი ხელით დაკრეფილი მარწყვის გემო. სხვანაირი გემო ჰქონდა მის მარწყვებს, ალბათ თავისი სულის გემოს ატანდა ხოლმე კრეფისას. ტკბილი იყო საოცრად. ალბათ ვერასდროს ვიგემებ ასეთი ტკბილი მარწყვის გემოს. აფერადებდა ხოლმე ჩემს ბავშვობას, არამარტო ჩემსას. ბავშვები უყვარდა. უყვარდა მათი დასაჩუქრება, მაგრამ ისე გვჩუქნიდა საჩუქრებს, ვერც კი ვგებულობდით, რომ მან გვაჩუქა. მახსოვს, როგორ გამინაწყენდებოდა ხოლმე, როცა დიდი ხნის განმავლობაში არ მოვინახულებდი. ყველა უყვარდა. ყველას უყვარდა. ოღონდ ისე არა, როგორც დღეს "უყვართ". მას მართლა უყვარდა ყველა. მაგრამ ფარულად, გულის სიღრმეში. ისე კი, მთასავით მკაცრი იყო და პრინციპული. ყველასგან განსხვავებული პრინციპები ჰქონდა, თავისი დაწერილი და მათ საფუძველზე ააშენა თავისი ცხოვრება.
ახლა დასახლდა პატარა ხის სახლში და მოგონებები დატოვა ამ სახლის გარეთ მყოფთათვის. ზეცის უსასრულო სუნთქვას შეუერთდა თავად და დედამიწის დროებით მგზავრებს დაგვიტოვა თავისი განვლილი გზა მოსაგონებლად.

აღმართი. სიცივე სულამდე ჩადიოდა და გამოდიოდა და მე ვჩქარობდი. ვჩქარობდი, მინდოდა გამენათებინა გზა სანამ ბნელ უსასრულობაში წაიყვანდნენ. მინდოდა ამქვეყნიურობის შეგრძნება გამეღვიძებინა ისევ მასში და მეთქვა, რომ ის ცოცხალია ისევ. ის არსებობს ისევ ისე, როგორც ადრე არსებობდა და ის არამრტო არსებობს, არამედ ისევ ცხოვრობს, განსხვავება ისაა, რომ სივრცესა და დროში გაიფანტა მისი არსებობა. ვჩქარობდი და ბოლოს ვუთხარი ესეც. მგონი გამიგო. ციოდა. არ მინდოდა მასაც შესცივნოდა, რადგან სიცივის ეშინოდა. იმ წუთებშიც სციოდა, როცა უერთდებოდა ზეცის უსასრულო სუნთქვას.

ბოლოს დასრულდა ერთი დასაწყისი და სხვა დაიწყო.
ნიჩბებიანი მამაკაცები. თოვლნარევი თითქმის თეთრი მიწა. ღრმა ორმო და ერთადერთი ჭირისუფლის განწირული კივილი, ტირილი, ტკივილი. ამ დროს ყველაზე მეტად შემცივდა. მაგრამ ვიცოდი,მას აღარ სციოდადა, მე კი ისევ გავთბებოდი ოდესმე და ავიტანე ეს სიცივე.

მოვიდა, გაჩერდა და წავიდა, მაგრამ უკვალოდ არა. უკვალოდ არ ქრებიან. ზოგი ცუდ კვალს ტოვებს, ზოგი კარგს, ზოგი განსაკუთრებულს. მან განსაკუთრებული კვალი დატოვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები