ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2013


სამყურას ოთხყურა ფოთოლი

ცუდ განწყობაზე გამეღვიძა. დღეს შაბათია. არ მიყვარს შაბათ-კვირა ( ალბათ, ერთ-ერთი გამონაკლისი ვარ ), დრო ძალზე ნელა გადის. დალაგება-დასუფთავება-გარეცხვას უნდა 3-4 საათი, შემეგ მთელი დღე ტელევიზორს ან კომპიუტერს უნდა მივუჯდე. მეგობრები , რა თქმა უნდა მყავს, მაგრამ ყველა დაოჯახებულია და მთელი კვირის დაგროვილ საქმეებს შაბათ-კვირისთვის ინახავენ. აბა, რომელს წავართვა გათვლილი წუთები? მივიდე და მივეხმარო, მეზარება. დედის სიკვდილის შემდეგ ძირითადად დასთან მივდივარ მცხეთაში, მაგრამ დღეს ბავშვები მიჰყავთ სკოლიდან ესკურსიაზე კახეთში და ისიც მიჰყვება. მოკლედ, ეს ორი დღე მოწყენილობა მომკლავს.
კარგა ხანს ვინებივრე საწოლში, წიგნიც ვიკითხე, მერე ავდექი, მოვწესრიგდი, ყავა,  ნამცხვარი მივირთვი და რა კი მზე გულიანად ანათებდა, გადავწყვიტე, პარკში ჩავსულიყავი და სუფთა ჰაერზე გამეყვანა დრო.
შადრევანთან უკვე მოეყარათ თავი ბავშვებსა და მოხუცებს. სიღრმეში შევედი და ცარიელ ძელსკამზე ჩამოვჯექი. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, მტრედები მტვერში იქექებოდნენ და ერთმანეთს ეღუღუნებოდნენ, ნეტავ, რაზე? ჩემს უკან, მდელოზე სამყურა ბალახი გადაბიბინებულიყო. ბავშვობა გამახსენდა. კლასელი გოგონები დიდი გულმოდგინებით ვეძებდით სამყურას ოთხყურა ფოთოლს, რადგან გაგონილი გვქონდა, ის ბედნიერების მომტანი, სურვილების შემსრულებელი იყო. ძებნას, განსაკუთრებით, გამოცდების მოახლოებისას ვააქტიურებდით რა თქმა უნდა, ვერ ვპოულობდით, თუმც, რომც გვეპოვნა, თუ არ ვიმეცადინებდით, ფოთოლი რას გვიშველიდა? უცებ, ბავშვურმა სიანცემ მომიარა, ბალახებში გადავედი  და ოთხყურა ფოთოლის ძებნა დავიწყე. ალბათ ხუთიოდე წუთი ვიქექებოდი, რომ უცებ... აი, მართლაც საოცრება, ოთხყურა ფოთოლი, თვალები მოვიფშვნიტე, გაოგნებული დავცქეროდი და არ მჯეროდა.
- ქალბატონო, დაგეკარგათ რამე? ხომ არ დაგეხმაროთ? – შემომესმა თანაგრძნობით აღსავსე ხმა.
მოვიხედე. ძელსკამთან ორმოციოდე წლის, მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი იდგა და შეწუხებული სახით შემომცქეროდა.
გამეცინა.
- არა, არა, გმადლობთ, არაფერი დამიკარგავს, პირიქით, ვიპოვე.
ოთხყურა ფოთოლი მოვწყვიტე, წამოვდექი და მას მივუახლოვდი.
- აი, რა ვიპოვე.
მან ფოთოლი გამოართვა, შეატრიალ-შემოატრიალა, ღიმილით თავი გადაიქნია და დამიბრუნა.
- ძალიან კარგი, გამიგია, ბედნიერება მოაქვსო
- და ნატვრის ახდენაცო.
მას სახე დაუნაღვლიანდა. ჩაფიქრდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი საწყალობლად მთხოვა:
- იქნებ, თხოვოთ რამე და თქვენს მერე მე მომცეთ ნება. იქნებ ორი თხოვნის შესრულებაც შეუძლია.
გულიანად გამეცინა.
- თქვენ ამის გჯერათ? კი, ბატონო, ვცადოთ.
ძელსკამზე ჩამოვჯექი და ფოთოლი ტუჩებთან მივიტანე.
“რა ვთხოვო? “ცხოვრების ნორმალური თანამგზავრი”, ჩამძახა რაღაც ხმამ.
ინსტიქტურად გავიმეორე გულში და ფოთოლი მამაკაცს გავუწოდე.
მან რამდენიმე წინადადება წაიჩურჩულა და ფოთოლი დამიბრუნა.
- ამ ფოთოლს რა უნდა ვუყო?
- რომ არ ვიცი? მაზე არაფერი გამგია, უკანვე რომ დააბრუნოთ?
- მოწყვეტილი? არა, სახლში წავიღებ და შევინახავ.
- შეიძლება ჩამოვჯდე? ხომ არ შეგაწუხებთ?
საერთოდ არ მიყვარს მსგავს სიტუაციებში საუბრის გაგრძელება, მაგრამ ახლა გუნებაგამოკეთებულმა თანხმობა განვუცხადე.
რამდენიმე წამს ჩუმად ვისხედით.
- თუ დრო გაქვთ და არ შეგაწუხებთ, იქნებ მომისმინოთ? თუ ვინმეს არ მოვუყევი ჩემი გასაჭირი, ალბათ გავგიჟდები.
გაკვირვებით შევხედე და მხრები ავიჩეჩე.
- ახლობლები, მეგობრები განა არა მყვანან? მაგრამ ერთნი შებრალებას და დარიგებას დამიწყებენ, მეორენი დაცინვას. მე კი, ვერც ერთს ავიტან და ვერც მეორეს. უბრალოდ, მინდა ვიღაცას გული გადავუშალო.
“ ეტყობა, მთლად ვერ არი – გავიფიქრე – ილაპარაკოს, დრო მაინც გავა, მანიაკს არ ჰგავს, თან ახლოს ხალხია, რას მიზამს? ჯანდაბას, მოვუსმენ.”
- ილაპარაკეთ, დრო საკმაოდ მაქვს.
- მე და ჩემს ცოლს დაქორწინებამდე ხუთი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. არ მინდოდა მომეყვანა ისე, რომ ფინანსურად წელში გამართული არ ვყოფილიყავი. მე არქიტექტორი ვარ. კერძო ფირმაში დავიწყე მუშაობა. ზედიზედ  სამი დიდი პროექტი გავაკეთეთ. საკმაო თანხას მოვუყარე თავი. დავქორწინდით, თაფლობის თვე ბათუმში გავატარეთ, მერე კი ჩვეულ რიტმში გავაგრძელეთ ცხოვრება. თანდათან გაგვიჭირდა ფინანსურად , ის ფირმა გაკოტრდა და სამსახური დავკარგე, ახალი  ვერ ვიშოვე, ლილიკო კი მუშაობდა, მაგრამ ფარმაცევტის ხელფასი აბა რა უნდა ყოფილიყო? ლილი ყოველ დღე ახალ-ახალი მოთხოვნებს მიყენებდა, ფული კი თოვლის გუნდასავით დნებოდა. გადავწყვიტე, ფიზიკურად მემუშავა და აქაც მიმტყუნა ბედმა. მუშაობის დაწყებიდან ერთი კვირის მერე ხარაჩოდან გდმოვვარდი და ფეხი მოვიტეხე, სიმძიმის აწევა ამეკრძალა.
ჩემი ცოლის ერთ-ერთი თანამშრომელი საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. ერთ თვეში მეგობრებს იქ წასვლა ურჩია, “კარგად მიხდიან, ნორმალური პირობებია, ფულს გააკეთებთო”. განსაკუთრებით ლილიკოს შეუჩნდა.
მე ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე: “არაფრით არ გაგიშვებ, ჯერ ორი წელიც არაა რაც ერთად ვართ, როგორ უნდა დავშორდეთ, ცოტაც მოვითმინოთ, რაღაც გამოჩნდება”-მეთქი, მაგრამ დღეები გადიოდა, საქმეები კი არა და არ მიდიოდა უკეთესობისკენ. ლილიკოსაც ხასიათი შეეცვალა, ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა, ბუზღუნს უმატა, ჩემდამი სიყვარულიც გაუნელდა თითქოს.
მისი დაქალი ყოველ ღამე სკაიპით ესაუბრებოდა და იქაურ სამოთხეზე ლაპარაკით ყურებს უჭედდა. ერთად ცხოვრება უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ყოველი დილა იმით იწყებოდა, რომ საბერძნეთში ლილიკოს წასვლით ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, ცხოვრებას ავაწყობდით, მკურნალობას მაინც შევძლებდით. მას ორჯერ შეუწყდა ორსულობა, სამკურნალო ვიყავით ორივე, მაგრამ უსახსრობის გამო ვიცდიდით.
ბოლო-ბოლო, ისე მომბეზრდა ეს ყველაფერი, დავთანხმდი. ათ დღეში მოაგვარა ყველაფერი და წავიდა საბერძნეთში. პირველი თვე ყოველ ღამე ვსაუბრობდით სკაიპით, თორმეტიდან სამ-ოთხ საათამდეც გვისაუბრია, უფრო ადრე არ ჰქონდა ინტერნეტით სარგებლობის ნება. მეცოდებოდა, ვიცოდი, დილით ადრე იყო ასადგომი, მაგრამ ერთმანეთი არ გვეთმობოდა ხოლმე და სალაპარაკოც არ გველეოდა. მეორე თვიდან უკვე ყოველ მეორე ღამეს მირეკავდა, მერე-მერე, კვირაში ერთხელ – ძალიან ვიღლები და პატრონიც ბრაზობსო. ბოლო სამი თვის განმავლობაში თითოჯერ გამოჩნდა. ამ თვეში საერთოდ არ ჩაურთავს სკაიპი. ერთი კვირაა შევამჩნიე, რომ საერთოდ გაქრა კონტაქტებიდან. დღეს დამთავრდა მისი წასვლიდან ერთი წელი. წუხელ გვიანამდე ვიჯექი კომპიუტერთან, იქნებ გამოჩნდესთქო, მაგრამ უშედეგოდ. ამ დილითაც გაღვიძებისთანავე კომპიუტერი ჩავრთე და ... მამაკაცმა მუშტი მოკუმა, ბაგე მოიკვნიტა, გულიანად ამოიოხრა და გააგრძელა, ფოსტაზე წერილი დამხვდა.
“თემო, არ ვიცი ხვდებოდი თუ არა, ჩემში შენდამი სიყვარული ჩაკვდა. მენანება, მაგრამ უნდა ვიცხოვრო არა შენთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. მე გავთხოვდი, სახლის მეპატრონეს გავყევი. იმედია, ცივილიზირებული ადამიანივით მოიქცევი და გაყრას პრობლემად არ მიქცევ. მერწმუნე, შენც იპოვი საკუთარ ბედნიერებას. ჩემზე ნუ დაიბოღმები, დამიჯერე, ასე სჯობს ორივესთვის.”
გიჟივით ვეცი ტელეფონს. ჯერ მასთან ვრეკე, მაგრამ უშედეგოდ “ასეთი ნომერი არ არსებობსო”, მერე მის დაქალთან, მან არ მიპასუხა, მერე ლილიკოს ძმას დავურეკე. მან აქეთ დამადანაშაულა : “რატომ გაუშვი? რომ მიგყავდა, თუ პატრონობა არ შეგეძლო, რაღად გააწამე? შენს თავს დააბრალე ყველაფერი, მე კი, აწი დარეკვითაც არ შემაწუხოო.”

                                                              ( გაგრძელება იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები