ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2013


სამყურას ოთხყურა ფოთოლი ( დასასრული)

ვერაფერი ვუთხარი. სადღაც მართალიც იყო. არ უნდა გამეშვა, ან საქმეები რომ გამოსწორდა, უნდა ჩამომეყვანა, წავსულიყავი და ძალით წამომეყვანა. მე ხომ ის ძალიან მიყვარდა... - კაცს თვალებში ცრემლი ჩაუდგა – მიყვარს, არა, არ მიყვარს! მან ჩემი კაცობა ფეხქვეშ გათელა, გამანადგურა. ხვალვე რომ დაბრუნდეს, მუხლებში ჩამივარდეს, აღარც კი შევხედავ. ხომ იცით, სიყვარული რაც უფრო ძლიერია, მით უფრო ახასიათებს უკიდურესობები.
მე მხრები ავიჩეჩე.
- აბა თქვენ როგორ გიყვართ?
-მე? არანაირად.
- როგორ? უსიყვარულოდ ცხოვრობთ, თუ გაშორდით?
გამეცინა.
- იცით რა? მე არც კი გავთხოვილვარ.
კაცმა გაოცებით შემომხედა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და იჭვნეულად მკითხა:
- მაქილიკებთ, ხომ? თქვენ ალბათ არარაობად მთვლით.
- არა, არა, როგორ გეკადრებათ, ეს რამ გაფიქრებინათ?- შევწუხდი – მართლა არ გავთხოვილვარ, ალბათ, ბედი იყო ასე…...
“რატომ არ თხოვდები ნენა? – ასე იწყებოდა ყოველი საუბარი დედასთან ჩასვლისას. – დავიჯერო შენი მომოსაწონი კაზახი არ დეიარება ამ დუნიაზე? დარჩები ცა ასე, დარჩები მარტუაი და  მერე გვიან იქნება თითზე კბენანი.
გავთხოვდები დედა, გავთხოვდები, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე. არავის ვუნდივარ და ყელზე ნაწერს ხომ არ დავიკიდებ, არიქა, ქმარს ვეძებთქვა- ვამშვიდებდი დედას.

ცუდი გოგო ნამდვილად არ ვარ, სიმაღლე არ მაკლია და ტანადობა. სახეც, როგორც ამბობენ, მიმზიდველი მაქვს, მაგრამ ხასიათით ვარ უკარება. რატომღაც ვერავის გავუხსენი გული. იქ, სოფელში გათხოვება ნამდვილად არ მინდოდა. დედაჩემის შრომას რომ ვუყურებდი, ვიცოდი, ამას ვერ შევძლებდი. წამოვედი ქალაქში და სტუდენტობისას დაოჯახება არ ვისურვე, სამსახური დავიწყე და არასერიოზულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, უარს ვამბობდი, სერიოზული კი, ისეთი არავინ გამოჩენილა, რომ დაფიქრებად ღირებულიყო და დავრჩი ასე. ჩემს დაქალებს დღემდე ერთ-ერთ საქილიკო თემად აქვთ ჩემი ქალწულობა. ოცდათხუთმეტი წლის ხარ და მამაკაცის ალერსი რაა, არ იციო- დამცინიან.
- თქვენისთანა  გოგო? – გამომაფხიზლა თემოს ხმამ – ალბათ ხდება ასეც. მაპატიეთ, თავზე მოგახვიეთ ჩემი გასაჭირი.
- არაუშავს, დრო თავზე საყრელად მაქვს დღეს, არსად არ მეჩქარება. თქვენ ალბათ ცოტათი მაინც მოგეშვათ გულზე, მეც დრო გავიყვანე. – გავუღიმე.
- იცით, რა? მაპატიეთ, რა გქვიათ?
- თამუნა, თამარი.
- თამუნა, სხვანაირად არ მიმიღოთ და რა კი დროა გასაყვანი, მეც ასე ვარ. მოდით, დავსხდეთ სადმე, ვისაუზმოთ, ვისაუბროთ და დროც გავა.
დავფიქრდი. ღირდა დათანხმება? პრინციპში, რა უჭირს?ნორმალური პიროვნება ჩანს, ვისაუბრებთ და დროც გავა.
- კარგით, ვისაუზმოთ, ოღონდ ტანსაცმელს გამოვიცვლი. სპორტული კოსტიუმით ხო ვერ შევალ კაფეში?
- არა, არა, ასევე წამოდით, რა უჭირს? დღეს ვისღა უკვირს ნებისმიერი ჩაცმულობა? აი, საღამოს კი, როგორც გენებოთ ისე ჩაიცვით და რესტორანში ვივაშხმოთ.
- “ბიჭოს, ამან უკვე ვახშამიც დაგეგმა- გავბრაზდი – თუმცა, რას ვკარგავ? იყოს ვახშამიც. ხომ არ ჩამომეკიდება კისერზე?
- ვნახოთ – ორჭორფულად გავუღიმე. ოთყურა ფოთოლი გულის ჯიბეში ფრთხილად ჩავაცურე და წამოვდექი.
საუზმე-საუბარი კარგა ხანს გაგვიგრძელდა. თემო მშვენიერი მოსაუბრე, კარგი იუმორის მქონე პიროვნება აღმოჩნდა. თან ჩემსავით ჰყვარებია პოეზია და უამრავი ლექსი ცოდნია ზეპირად.
-იქნებ ბედია ჩვენი შეხვედრა, იქნებ დაგეგმა ღმერთმა,
ცხოვრების დარტყმას, ულმობელ ტკივილს უშველო ერთადერთმა – წამჩურჩულა კაფიდან გამოსვლისას.
არ ვიცოდი, გავბრაზებულვიყავი თუ არა, გამეღიმა თუ პირში მიმეხალა –შენი ადგილი იცოდეთქო. არც ერთი გავაკეთე და არც მეორე.
-ლექსებსაც წერთ?
-ხანდახან, როცა რამე ან ძალიან მეტკინება, ან პირიქით, გამიხარდება.
-ახლა რომელია? – მძლია ქალურმა ცნობისმოყვარეობამ.
-ორივე, უფრო მეორე – მიპასუხა და ხელზე მომიჭირა.
ცოტა ხანს ჩუმად ვიარეთ. თითქოს არ მეთმობოდა ასე უცნაურად ნაპოვნი მამაკაცი.
- არ მინდა თქვენი გაშვება, ასე მგონია, ძალიან, ძალიან დიდი ხანია გიცნობთ. ხომ შემხვდებით საღამოს თამუ?  თამუნია, თამუნა, თამარ ქალო – ლამაზად წაიმღერა.
არაფერი მითქვამს.
- გთხოვ, გევედრები, უარი არ მითხრა. შენ რომ მეტჯერ ვერ გნახო( უცებ გადავიდა შენობით ფორმაზე ) ალბათ გავგიჟდები. მჯერა, შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა ამ დარტყმის გადასატანად. მეტს არაფერს გთხოვ, უბრალოდ შემხვდი, ვივახშმოთ, ვისაუბროთ. მერე კი… გარემოება გვიკარნახებს.
ისეთი საწყალი თვალებით მიყურებდა, ისეთი ხმით მელაპარაკებოდა, რომ უარი ვერ ვუთხარი და თავი დავუქნიე.
მას თვალებში სხივი აუკიაფდა, ხელზე ხელი ისევ მომიჭირა.
- გმადლობ უფალო და სამყურას ოთყურა ფოთოლო – წაიჩურჩულა.
მიწისქვეშა ჩასასვლელს მივუახლოვდით. იქვე მოხუცი ქალი მინდვრის ყვავილებს ჰყიდდა ხის, ძველებური კალათით.
- რა ღირს , ბებო, შენი ყვავილები?
- ორმოცდაათი თეთრი ბებო, ნახე, რა ლამაზებია.
- კალათით რა ღირს ბებო?
- კალათიანა? რა ვიცი შვილო, ასე თორმეტი-თხუთმეტი ლარი. რამდენიც გემეტება.
თემომ ოცლარიანი დააკავა, დაიხარა, მოხუცს ლოყზე აკოცა და გაღიმებულმა კალათი გამომიწოდა.
- ამდენი ყვავილი რად გინდოდა თემო?
- აიღე შვილო, აიღე, ლამაზი ყვავილებია, მით უფრო, სიყვარულით მოძღვნილი ასმაგად გასახარია. სულ ყვავილივით ლამაზები ყოფილიყავით, იხარეთ, იდღეგრძელეთ, მზე და მთვარესავით შეაბერდით, იბედნიერეთ – გვლოცავდა გახარებული მოხუცი.
- ნახე, როგორ დაგვლოცა, ესეც ბედია – წამჩურჩულა თემომ და მხარზე ხელი გადამხვია.
შევიშმუშნე. “ რა მოგდის თამარ? შენ და კაცისთვის, მით უფრო ორიოდე საათის გაცნობილისთვის ამდენი უფლების მიცემა?”
მან ხელი ეგრევე ჩამოიღო.
- მაპატიე, ეს სიხარულმა გამაბედვინა. Aარ მიწყინო რა. Dდარწმუნებული ვარ, შენი თავი ღმერთმა და ოთხყურა ფოთოლმა გამომიგზავნა.
ყვავილების სუნთქვას მოჰყევ, ჩემი გულის სალბუნად,
წამს, რომ ღმერთმა შეგვახვედრა, შენი თავი მარგუნა.
- ნაადრევ დასკვნებს აკეთებთ, ბატონო თემურ.
- ”დაე, ვცდებოდე,მატყუებდეს ოცნება ჩემი,
აუსრულებელ მაგ ოცნებებს კვლავ მივეცემი”.- ჩაილაპარაკა და გააგრძელა -
მინდა მჯეროდეს ჩემი ოცნების,
მინდა მჯეროდეს ამ სასწაულის,
მინდა მჯეროდეს, ბედი არ მწირავს,
  ეს დღე იქნება დღესასწაული.
- იოცნებე, იოცნებე – გავუცინე – ოცნებას კაცი არ მოუკლავს. აბა, წავედი. მე აი, იმ კუთხის სახლში ვცხოვრობ. გმადლობ საუზმისთვის, ყვავილებისთვის, ლექსებისთვის.
- რას ამბობ, თამარ? მადლობა შენ, რომ მომისმინე, ეს დრო ჩემთვის რომ არ დაინანე და დაკოდილ გულში სხივი ამინთე. საღამოს შვიდზე აქ დაგელოდები. პასუხი არ მინდა, დაგელოდები – სხაპასხუპით მომაყარა, ხელზე მეამბორა და ჩქარი ნაბიჯით გასწია.
- ვიდექი კალათა გულზე ახუტებული, ყვავილებში ცხვირჩარგული, გავყურებდი დაბნეული, გაოცებული, დაფიქრებული, მაგრამ რატომღაც ბედნიერი. ერთი რამ კი დანმდვილებით ვიცოდი. საღამოს შვიდზე აუცილებლად შევხვდებოდი მას.
                       
აგვისტო. 2013 წ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები