ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
25 აპრილი, 2008


სასიამოვნო მოულოდნელობა


        ამოხვნეშამ გამომაღვიძა.ბაბუა მაგიდასთან დამჯდარიყო,სურათები გაეშალა და დრო და დრო ისე ამოიოხრებდა,თითქოს გულიც თან ამოატანაო.ნაცნობი სიტუაცია იყო.ბაბუ თვეში ერთხელ მაინც,განსაკუთრებით მაშინ,როცა ბებია დაესიზმრებოდა,დილით ადრე გაშლიდა სურათებს,უყურებდა.იგონებდა ერთად ყოფნის წლებს.ხანდახან ელაპარაკებოდა კიდეც.
    თვალები ისევ დავხუჭე.ეს გარინდება ერთ საათს მაინც გრძელდებოდა.შემდეგ ბაბუა მე მაღვიძებდა,ვისაუზმებდით და თუ შაბათი ან კვირა იყო,ერთად  მივდიოდით სასაფლაოზე.
  ბებო უკვე ექვსი წელია გარდაიცვალა და მე ბაბუს ოთახში გადავსახლდი.ისე,საკმაოდ თანამედროვე ბაბუა მყავს.არც მესიჯობას მიშლის,არც ტელეფონზე გვიანამდე საუბარს,არც კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას.ჩემი მესაიდუმლე,დამცველი და შეძლებისდაგვარად დამფინანსებელიცაა.ხშირად მიყვება თავისი ცხოვრებიდან ამბებს(ჭკუის სასწავლად).
  ბებოს გარდაცვალებიდან ორი წლის მერე საიდანღაც საოცრად ეშხიანი,ლამაზი გოგოს ორი სურათი გამოაჩინა და ასეთი რამ მიამბო;
  "მეოთხე კურსზე ვიყავი ეს გოგონა,ქეთი,ქეთევან მინდელი რომ შემიყვარდა.ისიც არ იყო გულგრილი ჩემს მიმართ.მომავალს ლამაზ ფერებსი ვხატავდით.მე მასზე ხუთი წლით ვიყავი უფროსი.ქეთის ჩემი ტოლი ძმა ჰყავდა.ის პოლიტექნიკურის სტუდენტი იყო,მე უნივერსიტეტის.იმ წელს სტუდენტური ოლიმპიადა ტარდებოდა.მე,როგორც წარმატებული მოკრივე,უნივერსიტეტის ღირსებას ვიცავდი.ბედის ირონიით ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მე და ქეთის ძმა უნდა შევბრძოლებოდით.არ ვიცოდი რა მექნა.გამარჯვება ჩემთვის ბედის საჩუქარი იყო.სოფლიდან ჩამოსული ბიჭისთვის (გამარჯვების შემთხვევაში)ფულადი ჯილდო,მონაწილეობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოსკოვში გამართულ სტუდენტურ ოლიმპიადაზე,ერთკვირიანი საგზური პოლონეთში,სამი თვის სტიპენდია საჩუქრად...აღარაფერს ვამბობ აღიარებაზე.მეორეს მხრივ,მეშინოდა,ვაი,თუ ქეთის წყენოდა და დამშორებოდა.
  ჩემს ყოყმანს ქეთიმ მოუღო ბოლო."ეს სპორტია და დაე,ღირსეულმა გაიმარჯვოსო.“
  მე გავიმარჯვე და თორნიკემ რომ დაინახა,როგორ ჩამომეკიდა სახალხოდ კისერზე მისი და,სიბრაზისგან გალურჯდა თურმე და მეგობრებმა ძლივს მოაშორეს იქაურობას.არ ვიცი,რა მოხდა შემდეგ,მაგრამ მალე ქეთიმ თავის არიდება დაიწყო.
  სექტემბერში კი,უნივერსიტეტში დაბრუნებისას გავიგე,რომ ქეთი სასწავლებლად მოსკოვში გადასულიყო.
    მიუხედავად ჩემი ათასგვარი მცდელობისა,ვერაფრით შევძელი მასთან დაკავშირება.ასე ძვირად დამიჯდა ის გამარჯვება.
    უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე,სამსახურიც თბილისში დავიწყე.მერე ნატოსაც შევხვდი,ოჯახიც შევქმენით,მაგრამ ქეთის დავიწყება ვერ შევძელი.მხოლოდ ათი წლის შემდეგ გავიგე,რომ თორნიკე ტრაგიკულად დაღუპულიყო.ქეთი მოსკოვში გათხოვილა და მშობლებიც იქით გადაეყვანა.ქეთი,ვიმედოვნებ,ჯანმრთელი და ბედნიერია,მე კი...ნატოსთან ერთად ვიგონებ,როგორც ჩემ გარდაცვლილ,პირველ სიყვარულს.
    მე მიკვირდა იმ გრძნობის ასეთი სიღრმე და სიწრფელე.
    ფიქრებიდან ბაბუას ხმამ გამომაფხიზლა"
    -დათო!წამომყვები სასაფლაოზე?
    -კი,ბაბუ.ახლავე ავდგები,ვისაუზმოთ და წავიდეთ.
    ჩვენ ჩვეულებისამებრ ვიყიდეთ ყვავილები.ავედით ბებოს სასაფლაოზე.ყვავილები მიმოვფანტეთ(ასე დაიბარა ბებომ),ჭიქა წავუქციეთ.მერე მე საფლავების თვალიერებას შევუდექი და ბაბუა ბებოსთან სასაუბროდ დავტოვე.ნახევარი საათის შემდეგ უკანვე დავადექით გზას.ბაბუ სახლში წავიდა,მე კი მეგობრების შესახვედრად დავუყევი ქუჩას.რადგან ჯერ დრო საკმაოდ მქონდა,ნელ-ნელა მივდიოდი.გამვლელ-გამომვლელს ,მაღაზიათა ვიტრინებს ვათვალიერებდი.გაზაფხულის სუნთქვაშეპარულ მიდამოს ვაკვირდებოდი.
    უნივერსიტეტთან,მიწისქვეშა გადასასვლელის თავში მოხუც ქალს ძველმოდურ,პატარა კალათში იების,ფურუსულებისა და ყოჩივარდების თაიგულები ლამაზად ჩაელაგებინა.სიცივისგან გალურჯებულ თითებს დაორთქვლით ითბობდა,თან ახალგაზრდებსა და ქალბატონებს თაიგულებს თავაზობდა.მასთან ელეგანტურად ჩაცმული,სიმპატიური ქალი შეჩერდა და თაიგულის არჩევა დაიწყო.რაღაცამ შემაჩერა.საოცრად ნაცნობი მეჩვენა მისი სახე.ჩემდაუნებურად მივაშტერდი.მან თითქოს იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა.შემომხედა.მე თავი მივაბრუნე.
    ღმერთო!ვინაა?საიდან მეცნობა?საიდან?ისევ შემოვბრუნდი.ქალს უკვე ეყიდა იების კონა და მშორდებოდა.ნაბიჯს ავუჩქარე,დავეწიე და ისევ მივაჩერდი.ქალმა გაკვირვებით შემომხედა.
    -მაპატიეთ,თქვენ...თქვენ ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ და...
    მან ინტერესით ამხედ-დამხედა და მხრები აიჩეჩა.
    -ქეთევან,ქეთი მინდელი?-ძალაუნებურად აღმომხდა მე.
    -დიახ-გაოცებით დამიდასტურა-თქვენ?
    -მე?მე დათო ჯაიანი ვარ.
    -დათო ჯაიანი?-რაღაცნაირი შეშფოთებით დამეკითხა ის.
    -დიახ,დათო,დავით  ჯაიანი და ეს სახელი ბაბუას საპატივცემულოდ მქვია.
    ქალი შეტორტმანდა,ჯერ გაფითრდა,მერე გაწითლდა,იები აცახცახდნენ.
    -ბაბუა...
    -ბაბუა კარგადაა და ხშირად გიგონებთ.მეც იმ სურათებით გიცანით მას რომ უსახსოვრეთ და  დღემდე სათუთუთად ინახავს.
    -რა საოცარი მოულოდნელობაა-ქალი თანდათან მოდიოდა გონზე-სასიამოვნო მოულოდნელობა.არაფრით არ ველოდი,თუ დათოს ამხელა შვილიშვილი ეყოლებოდა და ის მე...ძველი ფოტოსურათებით მიცნობდა.
    მე გამეცინა.
    -მეც არ მეგონა.მით უფრო,ვიცოდი,რომ თქვენ მოსკოვში ცხოვრობთ.
    -ჰო...ვცხოვრობდი.ორი თვეა დავბრუნდი.სამი წელია მეუღლე გარდამეცვალა.დედ-მამაც კარგა ხანია ცოცხლები აღარ არიან.ბიჭი ოჯახით ამერიკაში ცხოვრობს.მე კი...ამერიკაში წასვლას აქ დაბრუნება ვარჩიე.ნოსტალგიამ მძლია.
    -ქალბატონო ქეთევან,იქნებ კაფეში შევსულიყავით,გვესაუბრა.
    მან თავი გადააქნია.
    -გმადლობ ,დათო.მიხარია,რომ კარგ ბაბუას კარგი შვილიშვილი ყოლიხარ.
    -მაშინ,იქნებ მობილურის ნომერი მომცეთ,ბაბუას გაუხარდება.
    ქალს პატარა გოგოსავით აუწითლდა ლოყები.
    -ბებო ექვსი წელია რაც გარდაიცვალა-მივაყოლე მე.
    ის შეჩერდა,თვალები დაუნაღვლიანდა.
    -კარგი ბიჭი ხარ,დათუნა,კარგი-ჩუმად მითხრა.
    -არა,არა,ასე ვერ...მომეცით ნომერი-ისევ ვთხოვე მე.
    -რა კი ასე გინდა...191-291 მაგთი
    -ჩვენ დაგირეკავთ ,მე და ბაბუა-გავუცინე ქალს.
    მან ისევ გამიღიმა,უცებ თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე მაკოცა,შემდეგ შეტრიალდა და გზა გააგრძელა.
    მე ვიდექი და ვუყურებდი გრაციოზულად მიმავალ ქალს.ვუყურებდი გაღიმებული და ვცდილობდი ,წარმოწედგინა ბაბუას გახარებული სახე,აკანკალებული ხელები,როცა ის ამ ციფრებს აკრეფდა მობილურზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები