ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2014


გველი




ცხრასართულიანი შენობის მესამე სართულის კიბეზე  შეჩერებული თვალებში უყურებდა თხუთმეტ–თექვსმეტი წლის გოგოს, რომელიც ის-ის იყო, ერთ-ერთი ბინიდან გამოვიდა.
გოგო გაშეშდა.
თვალებს არ დაუჯერა.
მერე...
უკან შებრუნებაც ვერ მოიფიქრა, ისტერიული კივილით: „მიშველეეეთ! გველიიიი!“ „ერთ ადგილზე ფეხების ბაკუნს მოჰყვა.
გველიოო?!
მთელი სადარბაზო, ვინც იმ ჯოჯოხეთურ სიცხეს ვერსად გაასწრო, მესამე სართულთან გაჩნდა.
ის კი...
ვითომც აქ არაფერი,
არც განძრეულა.
სადარბაზოს ფანჯრიდან შემოსული მზისაგან გავარვარებულ კიბის საფეხურებზე ისე გაშეშებულიყო, თითქოს ვიღაცის დაბადების დღეზე საპატიო სტუმრად მიწვეულს გოგოს კივილმა სიარული შეაწყვეტინაო.
ცოტა გაკვირვებულსაც კი ჰგავდა.
თავი ამაყად აეწია მაღლა.
ნაძვის ხის სათამაშოსავით პრიალებდა მზეზე.
ცოცხებით, იატაკის საწმენდი ჯოხებით, ნაჯახებით შეიარაღებული მეზობლები გველთან საბრძოლო გეგმას ადგენდნე. სერგომ ორლულიანი თოფიც გამოარბენინა ხელად.
                    –საიდან მივუდგეთ, რომ მოვკლათ?
–მიდი, ჯოხი დაარტყი!
–მიდი აბა, შენ დაარტყი!
–ჯოხს რომ შემოეხვიოს და გიკბინოს? ახლოს არ მიხვიდე!
–სხვა რამ მოვიფიქროთ!
–რამხელაა, ეს წყეული!
ბიჭი კიბეზე მორბოდა.
გოგოს კიდევაც რომ არ დაეკივლა, ბიჭი ისედაც გრძნობდა, როდის გამოდიოდა გოგო ბინიდან.
გოგოსაც რა ენაღვლებოდა, დღეში ცხრაჯერ გამოდიოდა სხვადასხვა კაბით.
და რამდენჯერაც გოგოს კარი გაიღებოდა, ბიჭს იმდენჯერ უჩერდებოდა გული და იმდენჯერ ეყინებოდა ხელები.
გოგოსაც, მაგრამ გოგო არ იმჩნევდა.
როგორც იქნა აკივლებული გოგო სახლში შეიყვანეს.
გველს ვიღაცამ ცოცხი დაარტყა.
იუკადრისა ცოცხის დარტყმა. უფრო მაღლა ასწია თავი სისინით.
–მოიტა პოლისჯოხი!
–მოდი, ბენზინი გადავასხათ და აქვე დავწვათ!
–არა. ვაითუ კარებებს წაეკიდოს.
–თავი დაანებეთ, მაგას მე მოვუვლი. – თქვა ბიჭმა.
ჯოხი გველს თავთან მიუტანა. გველმა თავი ჯოხისკენ  გასწია. ამ დროს ბიჭმა თავს ქვემოთ, კისერში ხელი მოჰკიდა და დაიჭირა.
დამიჭირესო?!
ტანი ასწია და ბიჭს მკლავზე რგოლებად შემოეხვია.
ბიჭს მაგრად ეჭირა გველის კისერი.
–ეზოში ჩავიყვანოთ და იქ დავწვათ. – თქვა ერთმა.
ბიჭმა შეხედა:
–რატომ უნდა დაწვათ?! ნახეთ, რა ლამაზია – თქვა და გაეცინა.
                –ზემოთ არ ამოიყვანო! არ ამოიყვანო, ბიძია,თორემ გესვრი იცოდე! – სერგო ბიძიამ თოფი დაუმიზნა.
–გასწიე, ბიჭო ეგ თოფი, მართლა არ გავარდეს – უთხრა ნოდარიმ, კარის მეზობელმა.
–ეზოში ჩავიყვან – გაიღიმა ბიჭმა.
–ეს ბავშვი გაგიჟდა! ახლავე ჩაიყვანე ეზოში და მოვკლათ!
–გველებით გაივსო ქალაქი, ბავშვები ეზოში სათამაშოდ ვეღარ გამიშვია!
–ეზოში კი არა, სახლებში ამოდიან საპატიო სტუმრებივით. აგერ ჩემმა თანამშრომელმა თქვა, მის მეზობელს საწოლზე უნახავს, ნებივრობდა თურმე.
–გველებით კი არ გაივსო ქალაქი,გველების ქალაქი გაივსო ხალხით და რა ქნან ამათ, სად წავიდნენ? თქვა ისევ ბიჭმა, შებრუნდა და კიბეზე დაეშვა.
–ახლანდელები ყველა არანორმალურია! სად წაიყვანს ახლა, სახლში?!
მკლავზე გველშემოხვეულ ბიჭს ბავშვები შიშითა და ცნობისმოყვარეობით შორიახლო უვლიდნენ.
–აუჰ, რამხელააა!
–აქ დააგდე და მოვკლათ.
–არაა. გავუშვებ.
„ყველას შეუძლია მოკვლა?!  ერთს არ უთქვამს გაუშვიო. ყველა მკვლელია? გველობაზე უარესია ეგ.“
გაიფიქრა ბიჭმა. არავისთვის გაუცია ხმა, გორებისკენ მიმავალ გზას დაადგა.
–შენ თუ არაფერს გიშავებენ, ისე ხომ არ ერჩი არავის? თვითონ თუ ეშინიათ შენი, რა შენი ბრალია?! – ელაპარაკებოდა გველს.
ხელით ტერებით დაიღალა და უბეში ჩაისვა. გველის თავი ისევ მაგრად ეჭირა  ხალათის გარეთ.
–თეონა კი შეაშინე, მაგრამ არა უშავს, ეგ ისედაც მშიშარაა. შენს გარდა თაგვების ეშინია, ღამურებისაც, ბაყაყებისაც და ღამის პეპლებისაც.
გველი თანდათან გაიშალა ხალათში და ბიჭს წელზე შემოეხვია.
სასიამოვნო სიგრილეს გრძნობდა ბიჭი წელზე და მუცელზე... თუმცა, ეს სასიამოვნო გრძნობა რაღაც შეკავებულ შიშთან იყო არეული.
ბიჭი  მიხვდა, თეონას დანახვაზედაც ისეთივე გრძნობა ჰქონდა, როგორც ახლა...
სასიამოვნო სიგრილის...
მოსალოდნელი ტკივილის
და შიშის...
თეონას ყველა მოძრაობასაც ასე მტკივნეულად გრძნობდა, როგორც გველის.
და გულიც ისევე ეჭირა ხელით, როგორც გველის თავი ხალათის გარეთ.
თეონაც ასეტივე ლამაზი იყო. ასე უპრიალებდა თმა და სახე, როგორც გველს სხეული.
გორაზე ავიდა. გორები ქალაქს ზევიდან დაჰყურებდა. ამბობდნებ, აქ საფლავები იყოვო ადრე. ახლა კი ბუჩქნარს დაეფარა მიწა.
გველი გრილ კუდს ოდნავ აქანავებდა ბიჭის მუცელთან, ეტყობოდა, თვითონაც ეშინოდა. ხანდახან გაიბრძოლებდა, გაქცევა უნდოდა, მაგრამ, როგორც ჩანდა, მოსწონდა  კიდეც ბიჭის თბილი სხეული და რინდდებოდა.
გველი უბიდან გამოიყვანა. ჩუმი შიში საფერთქლებში ხმაურობდა. გაშვებაც ენანებოდა რატომღაც. გადაგდებაც არ უნდოდა. უნდოდა, მიწაზე დაესვა და ენახა, როგორ გასრიალდებოდა ეს მშვენიერი დაუპატიჟებელი სტუმარი.
დასვა.
უკან დაიხია.
ჩაიმუხლა.
გველმა ადგილის შეცვლა იგრძნო, ჯერ გაშეშდა მიწაზე, მერე, თითქოს არც განძრეულაო, ისე გასრიალდა. ბიჭმა კუდს ძლივს მოჰკრა თვალი. „წადი!“.
კარგა ხანს იყო ჩამუხლული.
ხმა შემოესმა.
ძლივს აღიქვა.
ხმა ზურგის მხრიდან მოდიოდა..
მობრუნდა.
„გველი!“ – გაუელვა თავში.
გველი წამომართულიყო, თითქოს კუდზე დადგომას  ლამობსო. გაღებული პირიდან ენას ასარსალებდა. სისინებდა. თავთან ყურები ხის სოკოსავით ჰქონდა გაშლილი.
„გველი!“ – იყვირა გზაზე შეკავებულმა შიშმა ფიქრში.
მუხლი ვერ გამართა..
ვერ ადგა.
გაშეშდა.
ფეხთან რაღაც გაინძრა.
დაიხედა...
_გველი!–თქვა ჩურულით. მგრამ ეს ჩურჩული მთელი ხმით ყვირილს უდრიდა.
წამომართული გველი მის ყველა მოძრაობას ზომავდა.
გვერდით გაიხედა.
„კიდევ!“.
ერთიმეორეში ირეოდნენ ფერადი თოკებივით.
„გველების ქალაქი!“
როგორც იქნა ადგა, ფრთხილად, შიშით.
თავქვე დაეშვა. ყურებში ესმოდა გველების სისინი. წელზე ისევ გრძნობდა გველის დატოვებულ სიგრილეს.
ფეხი რაღაცას წამოჰკრა და წაიქცა.
ხის ფესვი იყო გველივით დაკლაკნილი.
წამოდგა.
უკან არ მოუხედავს. გარბოდა.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები